ბრძანება N 4405

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.03.2023
№ დოკუმენტი 4405
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4405

09.03.2023

ი/მ "----------" (ს/ნ ----------)

(მის.: --------------------------)

2022 წლის 14 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა ი/მ --------------- (ს/ნ ---------------) 2022 წლის 14 დეკემბრის №77285/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №005-177 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. განმარტავს, რომ დასაბეგრი ბრუნვების დაანგარიშებისას დაშვებულია ტექნიკური (სავარაუდოდ) შეცდომა. კერძოდ, ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით შესრულებული სამუშაოები არის დაჯამებული და ასევე, ამავე ტენდერის ფარგლებში ჩარიცხული თანხები ორჯერაა გათვალისწინებული შემოსავალში.

2. არ ეთანხმება გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას. განმარტავს, რომ არ არის გათვალისწინებული საბანკო ანგარიშებიდან გაწეული ისეთი ხარჯები როგორიცაა სატენდერო ხარჯი, საბანკო საკომისიო ხარჯი, საპროცენტო ხარჯები, ასევე, სხვა ხარჯებში მის მიერ შეყვანილი ხარჯები, რომლებიც გადახდილია საბანკო გადარიცხვებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ივლისის №20078 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---------------ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 25 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 ნოემბრის №29828 ბრძანება და 30 ნოემბრის №005-177 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 71 918 ლარი, მათ შორის, გადასახადი 44 683 ლარი, ჯარიმა 16 497 ლარი, საურავი 10 738 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით 18%-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 55 030 ლარი. შემოწმების შედეგად, სატენდერო ხელშეკრულებებიდან, მიღება-ჩაბარების აქტებიდან, საბანკო ანგარიშებიდან და პირველადი დოკუმენტებიდან გამომდინარე 18%-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 154 354 ლარი. გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის პირველი აპრილიდან, თუმცა, შემოწმების შედეგად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია დაუდგინდა 2021 წლის 20 ივლისის თარიღით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.

2. გადამხდელის მიერ დეკლარირებული გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები შეადგენს 154 604 ლარს. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, დოკუმენტურად დადასტურებულმა სხვა ხარჯებმა შეადგინა 47 992 ლარი, დეკლარირებულზე 106 612 ლარით ნაკლები. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით გადამხდელის პოზიცია, რომელშიც განმარტავს რომ აუდიტორს დაანგარიშებისას მოუვიდა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ხელშეკრულებები და მიღებაჩაბარების აქტის მიხედვით შესრულებული სამუშაოები არის დაჯამებული, არ შეესაბამება რეალობას, რადგან შემოწმების პროცესში არ მომხდარა ხელშეკრულების თანხების და მიღება-ჩაბარების აქტის თანხების დაჯამება. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დასაანგარიშებლად გამოყენებულია მხოლოდ მიღებაჩაბარების აქტში ასახული თანხები. კერძოდ: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე ტენდერებში ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კერძო მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, კერძოდ:

 გადამხდელის პოზიცია, რომ გამოსაქვით ხარჯებში არ არის გათვალისწინებული საპროცენტო ხარჯები არ შეესაბამება სიმართლეს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით დასტურდება 7 796 ლარის ოდენობით სესხის პროცენტის დაფარვა, რაც გათვალისწინებულია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში, ხოლო სხვა დამატებითი დოკუმენტები გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია.

 საბანკო ამონაწერების მიხედვით გადახდილი ტენდერის ხარჯები (საფასურები) გადამხდელს ისევ უკან აქვს დაბრუნებული. რაც შეეხება სხვა ხარჯებს, რომლებიც მომჩივნის განმარტებით არ იყო გათვალისწინებული, აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელს არ წარმოუდგენია არანაირი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო გაწეული ხარჯები და გათვალისწინებულიყო შემოწმების პროცესში.

 საბანკო გადარიცხვებთან დაკავშირებით, ბანკის ამონაწერებით დასტურდება, რომ პირს უფიქსირდება როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი ოპერაციები. ვინაიდან გადამხდელი წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს და არ აქვს გამიჯნული პირადი მოხმარების და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი ოპერაციები, შემოწმებით შეუძლებელი იყო წარმოდგენილი ბანკის ამონაწერებით სხვა დამატებითი ხარჯების გამიჯვნა. გადამხდელს დაევალა წარმოედგინა და გაემიჯნა ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლის გათვალისწინებაც შესაძლებელია მომხდარიყო შემოწმების პროცესში, თუმცა გადამხდელმა წარმოადგინა ისეთი ექსელის ცხრილი, სადაც უბრალოდ თანხები იყო მითითებული და არ არსებობდა ამ თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------------ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა დამატებით გადასახადი, ჯარიმა, საურავი. აღსანიშნავია, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72; 105; 106; 136; 159; 163; 164; 275;