გადაწყვეტილება № 18963/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.03.2023
№ დოკუმენტი 18963/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18963/2/2023

31.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი:შპს„----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 31.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 25.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18963/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ფულადი სახსრების დანაკლისის გაანგარიშება;

2. დღგ-ით დასაბეგრი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშება;

3. დეკლარირებულ და შემოწმებით განსაზღვრულ სახელფასო განაცემებს შორის სხვაობის გაანგარიშება;

4. არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი იჯარის თანხების გაანგარიშება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №007-162 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №253 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 121 736,18 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 31 824

დღგ - 11 635

მოგების გადასახადი - 14 052

საშემოსავლო გადასახადი - 6 137

ჯარიმა - 78 105

საურავი - 11 807,18

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 7.02.2019 წლიდან 21.09.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №007-162 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №253 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1.ფულადი სახსრების დანაკლისის გაანგარიშება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემების (პროგრამული რეპორტების), საბანკო ამონაწერების, პირველადი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც საწარმოს გამოუვლინდა ფულადი სახსრების დანაკლისი. გადასახადის გადამხდელის წერილობითი განმარტებით, აღნიშნული თანხა კომპანიის დამფუძნებელს გატანილი აქვს საწარმოდან დივიდენდის სახით.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის და 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით. გამოვლენილი სხვაობა შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე, ---------ზე (პ/ნ --------), გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. საზოგადოებას დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 309-ე მუხლის 92-ე ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი აცხადებს, რომ ახორციელებს საშუამავლო საქმიანობას, გადასახადის გადამხდელს შპს ---------- გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ---------- ვალდებული იყო დახმარებოდა შპს ---------- საზედამხედველო ზომების განხორციელებაში, კერძოდ: პროგრამული უზრუნველყოფა ( ---------- აპლიკაციის გამართვა მობილურებში ან/და სმარტფონებში), მგზავრის ტრანსპორტირების ხარისხის შემოწმება, მათ შორის, ავტომობილის „ტაქსის“ ადგილმდებარეობის GPS თვალყურის დევნება. ასევე, შპს ---------- მიერ შპს ---------- ის ანგარიშსწორების ანგარიშზე ჩარიცხული თანხების (მძღოლებისთვის) განაწილება.

განმარტავს, რომ აღნიშნული ოპერაციებიდან შპს --------ის შემოსავალს წარმოადგენდა მძღოლების მიერ შპს ----------ის მიმართ შესრულებული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის 5 პროცენტი. აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციიდან გამომდინარე ვინაიდან შპს ------ წარმოადგენდა ახლად რეგისტრირებულ კომპანიას საწყის ეტაპზე შპს -------- გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმადაც საწარმოს მიეცა გამოსაცდელი ვადა და აღნიშნულ ვადაში კომპანიას ფულადი სახსრებიდან შემოსავალი არ მიუღია (მარკეტინგული ხარჯი).

საკითხის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწყის ეტაპზე (გამოსაცდელ პერიოდში) შპს -----------ის მიერ შპს --------- ანგარიშსწორების ანგარიშზე ჩარიცხული თანხები საწარმომ სრულად გაუნაწილა მძღოლებს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადამხდელს შპს ----------- გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრული ჰქონდა გამოსაცდელი ვადა და შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში საწარმოს შემოსავალი არ მიუღია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის მხარეებთან გაფორმებული შედარების აქტები).

განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარმოდგენილი პოზიციის გათვალისწინება გავლენას მოახდენს ზემოაღნიშნულ საკითხზე და გამოიწვევს ბიუჯეტის წინაშე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას/შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემების (პროგრამული რეპორტების), საბანკო ამონაწერების, პირველადი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე დადგინდა ფულადი სახსრების დანაკლისი. გადასახადის გადამხდელის წერილობითი განმარტებით, აღნიშნული თანხა კომპანიის დამფუძნებელს გატანილი აქვს დივიდენდის სახით.

შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №253 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის მხარეებთან გაფორმებული შედარების აქტები). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №253 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. დღგ-ით დასაბეგრი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 7.02.2019 წელს. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტაქსების მომსახურება. კერძოდ, საერთაშორისო კომპანია --------თან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ---------ის პროგრამული და ტექნიკური პაკეტის გამოყენებაზე და შემდეგ აღნიშნული პროგრამით (---------ის აპლიკაცია) უზრუნველყოფს ფიზიკურ პირებს (-----------), რომლებიც აწარმოებენ მგზავრების საავტომობილო გადაყვანას ტაქსით. მგზავრს -----------ის მომსახურების თანხის გადახდა შეუძლია ნაღდი ანგარიშსწორებით უშუალოდ მძღოლთან, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით, მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან. სწორედ აღნიშნული გზით გადარიცხული თანხა, შემდგომში გადმოირიცხება გადამხდელის საბანკო ანგარიშზე. თანხა მოიცავს, როგორც კომპანიის შემოსავალს (საკომისიოს), ასევე მძღოლებისთვის ასანაზღაურებელ გამომუშავებულ თანხებს, საიდანაც კომპანია უბრუნებს კუთვნილ თანხას მძღოლებს. მგზავრის მიერ გადახდილი მგზავრობის საფასურის 5% წარმოადგენს კომპანიის საკომისიოს/შემოსავალს. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა პროგრამის რეპორტები, სადაც სრულად არის ასახული ინფორმაცია განხორციელებული შეკვეთების რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემების (მგზავრთა საავტომობილო გადაყვანის), ასევე კომპანიის კუთვნილი საკომისიოს შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზით დგინდება, რომ საწარმო დღგ-ით სრულად არ ბეგრავს აღნიშნული მომსახურების გაწევით მიღებულ შემოსავლებს.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. გამოვლენილი სხვაობებით დაკორექტირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საწარმოს დღგ-ით სრულად არ აქვს დაბეგრილი მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები. ასევე, საგადასახადო შემოწმების მიერ გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ სახელფასო განაცემებსა და შემოწმებით განსაზღვრულ თანხებს შორის. აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან ფიზიკურ პირებზე გაცემული იჯარის თანხა

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ დასაბეგრი ბრუნვა/ბაზა განსაზღვრულ იქნა სრულად გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული პროგრამული რეპორტების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილებში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანოს მიმართ მოთხოვნილ იქნა გაანგარიშებები/ცხრილები, რომლითაც განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულება. დღეის მდგომარეობით აღნიშნული ცხრილები/გაანგარიშებები წარმოდგენილი არ არის.

კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დამატებით გავლილ უნდა იქნეს ზემოაღნიშნული ცხრილები/გაანგარიშებები, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა შესწავლის შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხა დაექვემდებაროს კორექტირებას/შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მომსახურების გაწევა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ პროგრამის რეპორტებში სრულად არის ასახული ინფორმაცია განხორციელებული შეკვეთების რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემების (მგზავრთა საავტომობილო გადაყვანის), ასევე კომპანიის კუთვნილი საკომისიოს შესახებ. ხოლო, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზით დგინდება, რომ საწარმო დღგ-ით სრულად არ ბეგრავს აღნიშნული მომსახურების გაწევით მიღებულ შემოსავლებს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, წარმოდგენილი იყო პროგრამის რეპორტები, რომლითაც დაფიქსირებული იყო კონკრეტული ოპერაციები, ტაქსის მომსახურებები, აღრიცხული იყო რა საკომისიო ეკუთვნოდა მომჩივანს, რა ეკუთვნოდა მძღოლს და რა ეკუთვნოდა უცხოურ კომპანიას. მგზავრის გადახდილი თანხები ამ კუთხით სრულად იშიფრებოდა. დღგ-ით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრული იქნა კონკრეტულად მომჩივნის კუთვნილი საკომისიოს მიხედვით, რაც აღემატებოდა დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბაზას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. დეკლარირებულ და შემოწმებით განსაზღვრულ სახელფასო განაცემებს შორის სხვაობის გაანგარიშება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს სააღრიცხვო მონაცემების და საბანკო ამონაწერების ანალიზით, გარკვეულ საანგარიშო პერიოდებში გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ სახელფასო განაცემებსა და შემოწმებით განსაზღვრულ თანხებს შორის.

გამოვლენილი სხვაობებით, შემოწმებით დაკორექტირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ხელფასის სახით განაცემები. საგადასახადო კოდექსის 154-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების განაცემები დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია მე-2 დავის საგნის ნაწილში

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანოს მიმართ მოთხოვნილ იქნა გაანგარიშებები/ცხრილები, რომლითაც განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულება. დღეის მდგომარეობით აღნიშნული ცხრილები/გაანგარიშებები წარმოდგენილი არ არის.

კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დამატებით გავლილ უნდა იქნეს ზემოაღნიშნული ცხრილები/გაანგარიშებები, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა შესწავლის შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხა დაექვემდებაროს კორექტირებას/შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საწარმოს სააღრიცხვო მონაცემების და საბანკო ანგარიშების ამონაწერების ანალიზით გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ სახელფასო განაცემებსა და შემოწმებით განსაზღვრულ თანხებს შორის.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახელფასო განაცემების ოდენობა განსაზღვრულია საბანკო ანგარიშების ამონაწერების საფუძველზე, ხოლო საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც დადგინდება შემოწმებისგან განსხვავებული მონაცემები და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი იჯარის თანხების გაანგარიშება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საბანკო ამონაწერებით ირკვევა, რომ კომპანიას გაცემული აქვს იჯარის თანხა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი გადასახადის გადამხდელად. აღნიშნული განაცემი საწარმოს მიერ არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.

კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული იჯარის თანხა, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია მე-2 დავის საგნის ნაწილში

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანოს მიმართ მოთხოვნილ იქნა გაანგარიშებები/ცხრილები, რომლითაც განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულება. დღეის მდგომარეობით აღნიშნული ცხრილები/გაანგარიშებები წარმოდგენილი არ არის.

კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დამატებით გავლილ უნდა იქნეს ზემოაღნიშნული ცხრილები/გაანგარიშებები, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა შესწავლის შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხა დაექვემდებაროს კორექტირებას/შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

შემოწმების შედეგად, საბანკო ანგარიშების ამონაწერებით ირკვევა, რომ კომპანიას გაცემული აქვს იჯარის თანხა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი გადასახადის გადამხდელად. აღნიშნული განაცემი საწარმოს მიერ არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფიზიკურ პირებზე გაცემული საიჯარო თანხის ოდენობა განსაზღვრულია საბანკო ანგარიშების ამონაწერების საფუძველზე, ხოლო საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც დადგინდება შემოწმებისგან განსხვავებული მონაცემები და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.