ბრძანება N 8046

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 8046
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8046

10 აპრილი 2024

ბრძანება

შპს „------- -ის “ (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.: "------")

2024 წლის 25 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის (ოქმი №15) და 21 მარტის (ოქმი №30) სხდომებზე განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") №87160/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №225-31 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილ, შპს „------ -ის “ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული სატრანსპორტო მომსახურებების ოდენობას და აღნიშნულზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მის ძირითად საქმიანობას წარმოადგეს მარცვლეულით ვაჭრობა. კომპანიის საკუთრებაში არის 5 სპეციალიზირებული სატვირთო ავტომანქანა თავისი მისაბმელით და 2 სპეციალიზირებული ნაქირავები მანქანა, რომელთა საშუალებითაც ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას. პროდუქციის მიწოდება ხდება ზემოაღნიშნული სპეციალიზებული ავტომანქანებით, ვინაიდან, მარცვლეულის სხვაგვარად მიწოდება შეუძლებელია. გადასახადის გადამხდელისთვის ძირითად საქმიანობას არ წარმოადგენს ადგილობრივი გადაზიდვები, სატრანსპორტო მომსახურეობას ახორციელებს ძირითადად იმ შემთხვევაში, როდესაც მანქანა ცარიელი მიდის კონკრეტულ ლოკაციაზე. ამას ადასტურებს გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლებიც მთლიან ბრუნვაში (0,4%). რაც შეეხება შემოწმების მიერ განხორციელებულ დარიცხვას, კომპანიას დეკლარირებული აქვს აღნიშნული გადაზიდვები. შემმოწმებლის მიერ მიწოდებული 132 გადაზიდვიდან, 102-ზე გადამხდელის მხრიდან გადაგზავნილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომრები და განმარტებები, რომ აღნიშნული გადაზიდვები დეკლარირებულია, რაც არ იქნა გათვალისწინებული. ხოლო 30 სატრანსპორტო გადაზიდვა ნამდვილად არ არის დაბეგრილი, აღნიშნულიდან სამი გადაზიდვა არის პირადი მოხმარებისთვის (საყოფაცხოვრებო ნივთები), სადაც დაფიქსირებულია შპს „------- -ის “ ავტოსატრანსპორტო საშუალება.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ისგან გათავისუფლებული მარცვლეულის რეალიზაციისა და ტრანსპორტირების შემთხვევებში, შემოწმებით გადაზიდვის მომსახურების გამიჯვნას და აღნიშნულზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. აცხადებს, რომ კომპანია ახორციელებს როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას. ადგილობრივი წარმოშობის პროდუქცია გათავისუფლებულია დღგ-ისგან, შესაბამისად, გადამხდელის ყველა მიწოდება, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციას გათავისუფლებული იყო დღგ-ისგან. ძირითადი მიწოდების პროდუქტს წარმოადგენდა კონკრეტულად ის პროდუქცია, რაზეც შეთანხმებული იყო მყიდველთან და ცალკე ტრანსპორტირების მომსახურეობა არ გაუწევია. მარცვლეულის მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე წარმოუდგენელია და წარმოადგენს მიწოდებასთან დაკავშირებულ ოპერაციას, რომლის გამიჯვნა შეუძლებელია. აღსანიშნავია ასევე, რომ შემმოწმებელი ხაზს უსვამს კონკრეტულად ქართული წარმოშობის პროდუქციის მიწოდებაზე და განიხილავს ორ ოპერაციად - საქონლის მიწოდებად და მომსახურეობის გაწევად. ამასთან, არაფერს ამბობს იმპორტირებული პროდუქციის მიწოდებაზე. თუ სადავო ოპერაცია უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა გაიმიჯნოს იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლში მკაფიოდ არის განმარტება გაკეთებული მომსახურეობის შესახებ - „მომსახურეობის გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება“. გადამხდელის მიერ გამოწერილი ყველა ზემოაღნიშნული ზედნადები წარმოადგენდა საქონლის მიწოდებას და გაუგებარია, რატომ თვლის შემმოწმებელი, რომ აღნიშნული საქონლის მიწოდება უნდა გაიმიჯნოს. ასევე აღსანიშნავია, რომ ყოველი მიწოდება ხდება სხვადასხვა ლოკაციიდან და შემმოწმებლის არგუმენტი, რომ ტრანსპორტირება გამიჯვნადია არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულ შემთხვევაში როგორც გამყიდველმა, ასევე მყიდველმა არ იციან რა შეიძლება იყოს უშუალოდ გადაზიდვის ღირებულება და არსებული მომსახურეობის გაწევა იქნება ბუნდოვანი და დამატებით დავის საგანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი მაისის №9459 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 27 დეკემბრის №33193 ბრძანება და №225-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 158 807 ლარი, მათ შორის, გადასახადი 91 633 ლარი, ჯარიმა 35 087 ლარი, საურავი 32 087 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელს ჰყავს საკუთრებაში 5 და იჯარით აღებული 2 სატვირთო მანქანა თავიანთი მისაბმელებით, რომელთა საშუალებებითაც ახორციელებს ქვეყნის შიგნით სატრანსპორტო მომსახურებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მანქანის ნომრების) მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული ისეთი გადაზიდვების რაოდენობა, სადაც არც მყიდველად და არც გამყიდველად დაფიქსირებული შპს „-------“ არ არის, რამაც შეადგინა შესამოწმებელ პერიოდში სულ 286 გადაზიდვა. გადასახადის გადამხდელს აღრიცხული და დღგ-ით დაბეგრილი აქვს 151 გადაზიდვის მიხედვით მიღებული შემოსავალი. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობის, დამატებით განხორციელებული 135 რეისის მიხედვით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დამატებით მიღებული შემოსავალი სულ 85 741 ლარი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული შემოსავლის დარიცხული თანხა, 126 468 ლარი, შემოწმების შედეგად ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2. გადასახადის გადამხდელს ჰყავს საკუთრებაში 5 და იჯარით აღებული 2 სატვირთო მანქანა თავიანთი მისაბმელებით, რომელთა საშუალებებითაც ახორციელებს ქვეყნის შიგნით სატრანსპორტო მომსახურებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მანქანის ნომრების) მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ დაუბეგრავი მარცვლის რეალიზაციის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, სადაც გადამზიდად დაფიქსირებულია შპს „------ -ის “ სატვირთო მანქანები. აღნიშნულ სიტუაციებში, საქონლის ღირებულებიდან გამიჯნული არ არის გადაზიდვის მომსახურების ღირებულება. ვინაიდან, დაუბეგრავი მარცვლის რეალიზაცია და მისი ტრანსპორტირება ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები არ არის, შემოწმების შედეგად აღნიშნული რეალიზაციის დროს განხორციელებული 505 სატრანსპორტო გადაზიდვის მიხედვით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ ტრანსპორტირების მომსახურებიდან დამატებით მიღებული შემოსავალი სულ 283 001 ლარი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ერთობლივად დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა განიხილება დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის ცალკე ოპერაციებად, გარდა ძირითადი საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან ერთად მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევისა.

ამავე კოდექსის 156-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება/საქონელი არის მომსახურება/საქონელი, რომლის მიწოდება ხორციელდება ძირითადი მომსახურების/საქონლის მიწოდების უზრუნველსაყოფად და რომლის განხორციელება აუცილებელია ამ ძირითადი ოპერაციის შესრულებისთვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სატრანსპორტო მომსახურებას ახორციელებს საკუთრებაში არსებული ხუთი და იჯარით აღებული ორი სატვირთო მანქანით. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მანქანის ნომრების) მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული ისეთი გადაზიდვების რაოდენობა, სადაც არც მყიდველად და არც გამყიდველად დაფიქსირებული შპს „-------“ არ არის, სულ 286 გადაზიდვა. გადასახადის გადამხდელს აღრიცხული და დღგ-ით დაბეგრილი აქვს 151 გადაზიდვის მიხედვით მიღებული შემოსავალი. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობის, დამატებით განხორციელებული 135 რეისის მიხედვით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დამატებით მიღებული შემოსავალი და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით, ამასთან, აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული თანხა შემოწმების შედეგად ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, სადავო საკითხთან დაკავშირებული შესაბამისი გაანგარიშება გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს და კომპანიისგან მიღებული მონაცემები გათვალისწინებული იქნა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, კერძოდ, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მანქანის ნომრების) მიხედვით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ისგან გათავისუფლებული მარცვლეულის რეალიზაციის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, სადაც გადამზიდად დაფიქსირებულია შპს „------ -ის “ სატვირთო მანქანები. აღნიშნულ შემთხვევებში, საქონლის ღირებულებიდან გამიჯნული არ არის გადაზიდვის მომსახურების ღირებულება. ვინაიდან, მარცვლის რეალიზაცია და მისი ტრანსპორტირება ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები არ არის, შემოწმების შედეგად აღნიშნული რეალიზაციის დროს განხორციელებული 505 სატრანსპორტო გადაზიდვის მიხედვით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ ტრანსპორტირების მომსახურებიდან დამატებით მიღებული შემოსავალი, რაც დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება, კერძოდ, დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება/გადაზიდვა, არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაცია, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილ,სატრანსპორტო მომსახურებების ოდენობას და აღნიშნულზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ისგან გათავისუფლებული მარცვლეულის რეალიზაციისა და ტრანსპორტირების შემთხვევებში, შემოწმებით გადაზიდვის მომსახურების გამიჯვნას და აღნიშნულზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. გადამხდელი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.განისაზღვრა გადამხდელის სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული ისეთი გადაზიდვების რაოდენობა, სადაც არც მყიდველად და არც გამყიდველად დაფიქსირებული არ არის, რამაც შეადგინა შესამოწმებელ პერიოდში სულ 286 გადაზიდვა. გადამხდელს აღრიცხული და დღგ-ით დაბეგრილი აქვს 151 გადაზიდვის მიხედვით მიღებული შემოსავალი.გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დამატებით მიღებული შემოსავალი ,რომელიც დაიბეგრა დღგ-ით. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული შემოსავლის დარიცხული თანხა, შემოწმების შედეგად ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადამხდელი დაჯარიმდა.

2. გადამხდელს ჰყავს საკუთრებაში 5 და იჯარით აღებული 2 სატვირთო მანქანა თავიანთი მისაბმელებით, რომელთა საშუალებებითაც ახორციელებს ქვეყნის შიგნით სატრანსპორტო მომსახურებას. განისაზღვრა გადამხდელის მიერ დაუბეგრავი მარცვლის რეალიზაციის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, სადაც გადამზიდად დაფიქსირებულია შპს-ს სატვირთო მანქანები. აღნიშნულ სიტუაციებში, საქონლის ღირებულებიდან გამიჯნული არ არის გადაზიდვის მომსახურების ღირებულება. ვინაიდან, დაუბეგრავი მარცვლის რეალიზაცია და მისი ტრანსპორტირება ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები არ არის, შემოწმების შედეგად აღნიშნული რეალიზაციის დროს განხორციელებული სატრანსპორტო გადაზიდვის მიხედვით გაანგარიშდა გადამხდელის მიერ ტრანსპორტირების მომსახურებიდან დამატებით მიღებული შემოსავალი რაც დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან,გადამხდელი დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება, კერძოდ, დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება/გადაზიდვა, არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაცია, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154,160,161,163.