გადაწყვეტილება №24726/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24726/2/2025
05 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 10.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24726/2/2025).
დავის საგანი:
ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 28.11.2024 წლის №EL268705 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 20.12.2024 წლის №26777 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
28.11.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში ---------- რესპუბლიკის მხრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო ნომერი ----------) შემოსულმა მომჩივანმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ საკვები პროდუქტები და პირადი მოხმარების ნივთები. დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული/დამალული სიგარეტი – „KING“ – 800 ღერი (40 კოლოფი), რომლის ნაწილი დამალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების სავარძლებს უკან, საკვებ პროდუქტებთან ერთად და აუდიოსისტემის ქვედა მხარეს წინა სათავსოში, ხოლო ნაწილი ხელჩანთაში.
გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის 28.11.2024 წლის №EL268705 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა (საქონლის ჩამორთმევის ოქმი №№----------).
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი, საბაჟო დეპარტამენტის 28.11.2024 წლის №AL058121 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან ერთად, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.12.2024 წლის №26777 ბრძანებით საჩივარი 28.11.2024 წლის №AL058121 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.12.2024 წლის №26777 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 73 -ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის“ (დანართი №1) პირვველი მუხლის მე-2 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა (ჯარიმა და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) მართლზომიერია.
საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან, უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისა და საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ფაქტები თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის სრულყოფილად იყო ცნობილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 28.11.2024 წლის №EL268705 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №---------- ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიიჩნევს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ასევე შემოსავლების სამსახურის ბრძანება არის უკანონო და უნდა გაუქმდეს. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ცნეს საბაჟო სამართალდამრღვევად და მის მიმართ გამოყენებული იქნა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. ამავდროულად, მის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის №AL058121 ოქმი. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში და მიუხედავად დასაბუთებული საჩივრისა, მომჩივნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ განიხილა შემოსავლების სამსახურის მიმართვა ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებით, შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით და მომჩივანი გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
28.11.2024 წელს თანმხლებ ორ ქალბატონთან ერთად ---------- რესპუბლიკიდან გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. საზღვრის კვეთის მიზანი იყო პროდუქტების შეძენა. პროდუქტებთან ერთად შეიძინა ორი შეკვრა სიგარეტი, ასევე მისმა თანმხლებმა ქალბატონებმაც შეიძინეს იგივე რაოდენობის სიგარეტი, რომელიც განათავსეს ხილულ ადგილას. საბაჟო პუნქტის გავლისას თანმხლები ქალბატონები საზღვარზე გადავიდნენ ფეხით, მომჩივანი კი კუთვნილი ავტომობილით კვეთდა საზღვარს. ქალბატონებმა თან წაიღეს მხოლოდ ხელბარგი და მათი კუთვნილი ორი შეკვრა სიგარეტი ავტომობილში დატოვეს, რის თაობაზეც მომჩივანი არ იყო ინფორმირებული.
აღნიშნული სიგარეტის შეკვრებიდან მას მეკუთვნოდა მხოლოდ ნებადართული რაოდენობა, დარჩენილი ორი შეკვრა სიგარეტი კი მისი თანმხლები ქალბატონების კუთვნილება იყო. შესაბამისად, მომჩივნის სამართალდამრღვევ პირად ცნობა და სახდელის დაკისრება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ამას გარდა, აღნიშნული სიგარეტები იმყოფებოდა ხილულ, გამოსაჩენ ადგილას და სახეზე არაა საქონლის უკანონო, საბაჟო კონტროლის გვერდით ავლით და მისგან მალულად გადმოტანის ფაქტი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტულ საქმეში სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმის დეტალები და შესაბამისად არსებობს სადავო ოქმის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. სახეზე რომც ყოფილიყო ზემოაღნიშნული სამართალდარღვევა, ერთი და იმავე ქმედებისთვის პირისთვის სხვადასხვა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციასა და შიდა კანონმდებლობას.
მომჩივანი ითხოვს, რომ მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ დღემდე არ დაკისრებია არანაირი პასუხისმგებლობა რაიმე სახის დარღვევის ჩადენის გამო. აღნიშნულზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს, საჩივრის წარმოებაში მიღებას, დაკმაყოფილებას, საჩივრის განხილვისა და დროის შეტყობინებას და სადავო აქტების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:
ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;
ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეოდა აუდიოჩაწერა);
გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;
ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;
ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
მომჩივნის განმარტებით, 28.11.2024 წელს თანმხლებ ორ ქალბატონთან ერთად ---------- რესპუბლიკიდან გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. საზღვრის კვეთის მიზანი იყო პროდუქტების შეძენა. პროდუქტებთან ერთად შეიძინა ორი შეკვრა სიგარეტი, ასევე მისმა თანმხლებმა ქალბატონებმაც შეიძინეს იგივე რაოდენობის სიგარეტი, რომელიც განათავსეს ხილულ ადგილას. საბაჟო პუნქტის გავლისას თანმხლები ქალბატონები საზღვარზე გადავიდნენ ფეხით, მომჩივანი კი კუთვნილი ავტომობილით კვეთდა საზღვარს. ქალბატონებმა თან წაიღეს მხოლოდ ხელბარგი და მათი კუთვნილი ორი შეკვრა სიგარეტი ავტომობილში დატოვეს, რის თაობაზეც იგი არ იყო ინფორმირებული.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 13.02.2025 წლის №---------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდებოდა (15.01.2024 წლიდან 12.12.2024 წლამდე – 29 შესვლა/გასვლა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე. მას ასევე უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 2 ფაქტი (22.01.2020წ.; 16.02.2024წ.) თამბაქოს ნაწარმზე. ასევე უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სიგარეტის დეკლარირებისა და შემოტანის 1 ფაქტი (16.04.2024წ.), სადაც საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმის“ საფუძველზე ჩამორთმეული იქნა 800 ღერი (40 კოლოფი) სიგარეტი. შესაბამისად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივანი სრულყოფილად ფლობდა ინფორმაციას აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანისა და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი გასატარებელი საბაჟო პროცედურების თაობაზე. აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას.
საბჭო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას, გაითვალისწინა თითოეული ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 13.02.2025 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდებოდა (15.01.2024 წლიდან 12.12.2024 წლამდე – 29 შესვლა/გასვლა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე. მას ასევე უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 2 ფაქტი (22.01.2020წ.; 16.02.2024წ.) თამბაქოს ნაწარმზე. ასევე უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სიგარეტის დეკლარირებისა და შემოტანის 1 ფაქტი (16.04.2024წ.), სადაც საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმის“ საფუძველზე ჩამორთმეული იქნა 800 ღერი (40 კოლოფი) სიგარეტი. შესაბამისად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივანი სრულყოფილად ფლობდა ინფორმაციას აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანისა და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი გასატარებელი საბაჟო პროცედურების თაობაზე. აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(3).