გადაწყვეტილება №20712/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20712/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20712/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-----" (ს/ნ "-----")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-----" -ის 30.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20712/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №081-144 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.08.2023 წლის №19993 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 25 149 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 14 457

ჯარიმა - 7 228

საურავი - 3 464

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

2020, 2021, 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში:

შემოწმებისას გაანალიზდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მომჩივნის და მისი მეუღლის ("-----"-ის (პ/ნ "-----")) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილია მათ საკუთრებაში რეგისტრირებული მოძრავი ქონება, სატრანსპორტო საშუალებები (სეს ესნ 8703). აღნიშნულის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს და მის მეუღლეს შესამოწმებელ პერიოდში "-----"-სა და "-----"-ში გააჩნიათ უძრავი ქონება, ასევე სატრანსპორტო საშუალება, მსუბუქი ავტომანქანა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ბაზების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ "-----"-ის და მისი მეუღლის "-----"-ის ყოველწლიური შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ქალაქ "-----"-ში , "-----"-ის ქუჩა №13-15-ში გააჩნია ორი საცხოვრებელი ფართი და ერთი სარდაფი, საიდანაც ერთი საცხოვრებელი ფართი შეძენილი აქვს 23.01.2019 წელს და რეალიზებული აქვს 15.06.2022 წელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქონების გადასახადის მიზნებისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა ნასყიდობის ხელშეკრულებების ფასის მიხედვით და განისაზღვრა "-----"-ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება (ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული ღირებულებების საშუალო ღირებულების შესაბამისად).

ასევე, მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გააჩნდა საცხოვრებელი ფართი "------"-ში , რომელიც რეალიზებული აქვს 17.08.2021 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 43 500 დოლარად. აღნიშნულის მიხედვით, განისაზღვრა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება.

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გააჩნია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება (BMW "-----" VIN: "-----"), რომლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნითაც შემოწმებამ იხელმძღვანელა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ელექტრონულ პლათფორმებზე რეგისტრირებული იდენტური მახასიათებლის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გაცხადებული ფასების მიხედვით.

იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის ოჯახის შემოსავალმა 2019 წელს შეადგინა 121 044 ლარი, 2020 წელს 129 365 ლარი და 2021 წელს 106 419 ლარი, ხოლო "-----"-ის და "-----"-ს ქონების გადასახადის დეკლარირება არ განუხორციელებიათ, შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 205-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 19.07.2023 წლის №17563 ბრძანება და ამავე თარიღის №081- 144 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 3.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.08.2023 წლის №19993 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურმა ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად და აღნიშნულიდან გამომდინარე სამ წელზე დაერიცხა ფიზიკური პირის ქონების გადასახადი (საბაზრო ღირებულებიდან დათვლილი).

მისთვის ცნობილი არ იყო რომ უნდა დაედეკლარირებინა და გადაეხადა ქონების გადასახადი და შესაბამისად ფინანსურად მეტად მძიმე იქნება მისი ოჯახისათვის აღნიშნული თანხის გადახდა, მით უმეტეს ოჯახს გააჩნია საბანკო კრედიტი და კრედიტის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხები ოჯახისთვის საარსებო მინიმუმს შეადგენს.

ითხოვს საბჭომ ისარგებლოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და გაათავისუფლოს დაკისრებული ჯარიმისა და საურავისგან.

 

დავების განხილვისსაბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საბჭომ ისარგებლოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და გაათავისუფლოს დაკისრებული ჯარიმისა და საურავისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებისას გაანალიზდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მომჩივნის და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილია მათ საკუთრებაში რეგისტრირებული მოძრავი ქონება, სატრანსპორტო საშუალებები (სეს ესნ 8703). აღნიშნულის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს და მის მეუღლეს შესამოწმებელ პერიოდში გააჩნიათ უძრავი ქონება, ასევე სატრანსპორტო საშუალება, მსუბუქი ავტომანქანა.

შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 205-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

201,205,269(7).