ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის მიხედვით ვადის დარღვევით განხორციელებული ანგარიშგება N 2326
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის მიხედვით ვადის დარღვევით განხორციელებული ანგარიშგება N 2326
ფაქტობრივი გარემოებები
· ფიზიკურმა პირმა თავად დაადგინა, რომ 2014-2016 წლების მიხედვით, მის (მისი ოჯახის) მიერ მიღებული შემოსავლები აღემატება 40000 ლარს და შესაბამისად, 2015-2017 წლებში მას პირველად წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება მის საკუთრებაში არსებულ დასაბეგრ ქონებაზე.
· ვარიანტი I ფიზიკურმა პირმა 2017 წლის 22 ოქტომბერს წარადგინა 2015-2017 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები.
· ვარიანტი II ფიზიკურმა პირმა 2017 წლის 22 ოქტომბერს, წარადგინა მხოლოდ 2015 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია, რადაგნ ქონება არ შესცვლია და ჩათვალა, რომ მომდევნო წლებზე ავტომატურ რეჟიმში დაერიცხებოდა გადასახადი
შეფასება
· სსკ-ის 205-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. სსკ-ის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია.
· ვარიანტი I იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკურ პირს 2015 წლამდე პერიოდების მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება არ ჰქონია და არც საგადასახადო ორგანოს მიერ ყოფილა დარიცხული ქონების გადასახადი, პირის მიერ წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები 2015 და 2016 წლების მიხედვით განხილული უნდა იქნას, როგორც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილად, 2017 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია წარმოდგენილია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
· ვარიანტი II იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკურმა პირმა დაგვიანებით წარმოადგინა 2015 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია, და ამ დეკლარაციის საფუძველზე დაგვიანებით განხორციელდა 2016 წლის ქონების გადასახადის დარიცხვა, ითვლება, რომ მან განახორციელა 2015 წლის დეკლარაციის წარდგენა 24 თვის დაგვიანებით და 2016 წლის ქონების გადასახადის ანგარიშგება 12 თვის დაგვიანებით.
ღონისძიებები
· ორივე ვარიანტში ითვლება რომ ფიზიკურმა პირმა საგადასახადო კანონდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით განახორციელა 2015 და 2016 წლის ქონების გადასახადის ანგარიშგება. შესაბამისად, დაჯარიმდება სსკ-ის 274- ე მუხლით
სახელმძღვანელო შემუშავებულია 2018 წლის 6 აგვისტოსათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
II ვარიანტში ფიზიკურ პირს საგადასახადო ორგანოსათვის არ უცნობებია, რომ მომდევნო საანგარიშო პერიოდებში არ ექნებოდა ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი