გადაწყვეტილება №22035/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22035/2/2024
21 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს„-------“-ის 22.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22035/2/2024).
დავის საგანი:
ავანსის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება ოპერაციის გაუქმების საანგარიშო პერიოდში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-617 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33863 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 207 394,51 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 102 733
ჯარიმა - 51 367
საურავი - 53 294,51
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.12.2019 წლიდან 1.01.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანს 2019 წლის აპრილის თვეში გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება შპს N1-თან (ს/ნ "------"). ნასყიდობის საგანია მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის შეძენა. ბინის ღირებულება შეადგენს 250 000 აშშ დოლარს (გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით).
ხელშეკრულების მიხედვით გამყიდველმა იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულოს 30.12.2019 წლამდე. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით. იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მხრიდან ადგილი ექნება პირობის დარღვევას, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს თანხა დარიცხული წლიური 15% მოცულობით.
მომჩივანმა შპს N1-ს გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ღირებულება 673 475 ლარი. აღნიშნულ ოპერაციაზე მომჩივანმა მიიღო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მის საფუძველზე განახორციელა ჩათვლა 2019 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.10.2010 წლის №996 ბრძანების 481 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირობები - საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი, ღირებულება და ცნობილია, რომ განსახორციელებელი ოპერაცია წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი და შედეგად ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული ჩათვლა 2019 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში მართლზომიერია.
დამატებითი შესწავლით დგინდება, რომ შპს N1-ის მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება (შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაციით), ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის გადაცემული სამშენებლო ნებართვის განახლება არ მომხდარა. 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას მომჩივანისთვის ცნობილ გახდა, რომ გადახდილი ავანსი არ წარმოადგენს კონკრეტული, იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, მოცემული ფაქტობრივი გარემოებით შეუძლებელია განსაზღვრა მოხდება თუ არა საქონლის მიწოდება ან/და გადახდილი თანხის დაბრუნება.
საგადასახადო კოდექსის 174-ე და 179-ე მუხლების საფუძველზე, მოხდა ჩათვლის გაუქმება იმ საანგარიშო პერიოდში, როცა მხარისთვის ცნობილი იქნა დათქმული ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-617 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19724 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.11.2023 წლის №20801/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19724 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 2.11.2023 წლის №20801/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 29.12.2023 წლის №33863 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 179-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად,მომჩივანსა და შპს N1-ს (ს/ნ "------") შორის 2019 წლის აპრილის თვეში გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის შეძენასთან დაკავშირებით. ბინის ღირებულებამ შეადგინა 250 000 აშშ დოლარი (გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით), რაც გადამხდელის მიერ გადახდილ იქნა და აღნიშნულ ოპერაციაზე ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე
განახორციელა დღგ-ის თანხის ჩათვლა 2019 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში. ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულოს 30.12.2019 წლამდე. აგრეთვე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით. იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მხრიდან ადგილი ექნება პირობის დარღვევას, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება, ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს თანხა დარიცხული წლიური 15%-ის მოცულობით. შემოწმებით დგინდება, რომ შპს „N1-ის “ მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ის თანხის ჩათვლის გაუქმება 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას, როდესაც მხარეთათვის ცნობილ იქნა დათქმული ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის პოზიცია მიუღებელია იმის გამო, რომ საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;
გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
აქედან გამომდინარე, როდესაც კომპანიას უუქმებენ ჩასათვლელ დღგ-ის თანხას, რომელიც ჩათვლილია საავანსო ანგარიშ-ფაქტურით და გამოწერილია და ჩათვლილია საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით, ედავებიან იმას, რომ უნდა მომხდარიყო ანგარიშ-ფაქტურის კორექტირება, ხოლო კორექტირების განხორციელება შპს N1-ის მიერ არ მომხდარა (საგადასახადო კოდექსის თანახმად ახდენს მისი გამომწერი, ამ შემთხვევაში შპს N1), ასევე აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შპს N1-ის საგადასახადო შემოწმება, მაგრამ კომპანიაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვიდან არ ამოუღია, არამედ ჩათვალა რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა არის საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაბეგრილი, თუ შპს N1-ის მიერ გამოწერილი საავანსო ანგარიშფაქტურა კანონიერად არის დაბეგრილი და შესაბამისი თანხა მიღებული აქვს ბიუჯეტს, რატომ უქმდება კომპანიის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა და იგივე ანგარიშ-ფაქტურა შემოსავლების სამსახურის მიერ უკანონოდ?
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის საფუძველზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს ჩასათვლელი დღგ-ის გაუქმების კანონიერებას, მაგრამ საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის არცერთი ნაწილი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ გაუქმებული იყოს მიღებული დღგ-ის ჩათვლა.
აქვე წარმოადგენს საჩივარს, რომელიც წარდგენილი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში 11.09.2023 წელს. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19724 ბრძანებით არ იქნა დაკმაყოფილებული და აღნიშნულ ბრძანებაში დაფიქსირდა, რომ შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მომჩივანსა და შპს N1-ს(ს/ნ "------") შორის 2019 წლის აპრილის თვეში გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის შეძენასთან დაკავშირებით. ბინის ღირებულებამ შეადგინა 250 000 აშშ დოლარი (გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით), რაც გადამხდელის მიერ გადახდილ იქნა და აღნიშნულ ოპერაციაზე ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განახორციელა დღგ-ის თანხის ჩათვლა 2019 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში. ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულოს 30.12.2019 წლამდე. აგრეთვე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით. იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მხრიდან ადგილი ექნება პირობის დარღვევას, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება, ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს თანხა დარიცხული წლიური 15%-ის მოცულობით. შემოწმებით დგინდება, რომ შპს N1-ის მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ის თანხის ჩათვლის გაუქმება 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას, როდესაც მხარეთათვის ცნობილ იქნა დათქმული ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოთ აღნიშნულ შემოსავლების სამსახურის პოზიციაში საერთოდ არ არის დაფიქსირებული ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე შპს N1-ის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და მომჩივანი პროკურატურის მიერ ცნობილია როგორც დაზარალებული კომპანია, აღნიშნული ფაქტი იგნორირებული აქვს შემოსავლების სამსახურს (შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილია შემოსავლების სამსახურში და ასევე თანდართულია საჩივარზე) და არანაირი პოზიცია შესაბამის ბრძანებაში არ დაუფიქსირებია, ასევე წარმოდგენილია იგივე საჩივარი, რაც წარდგენილი იყო შემოსავლების სამსახურში.
აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია მიუღებელია, იმის გამო, რომ საწარმოს მიერ 2019 წლის აპრილის თვეში შპს N1-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად უძრავი ქონების შესაძენად გადახდილია ავანსის თანხა 250 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, შპს N1-ის მიერ აღნიშნულ თანხაზე გამოწერილია საავანსო დღგ-ის ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმადაც საწარმომ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდში, აღნიშნული ჩათვლა აუდიტის დეპარტამენტმა ჩათვალა მართლზომიერად, მაგრამ 2019 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში მოახდინა დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და დამატებით დარიცხვა ბიუჯეტის სასარგებლოდ სანქცია საურავთან ერთად, ხოლო გაუქმების საფუძვლად მიუთითა, რომ 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას მომჩივანისთვის ცნობილი იქნა, რომ გადახდილი ავანსი არ წარმოადგენს კონკრეტული იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, მოცემული ფაქტობრივი გარემოებით შეუძლებელია მოხდეს განსაზღვრა მოხდება თუ არა საქონლის მიწოდება ან და გადახდილი თანხის დაბრუნება.
აღნიშნული მიზეზით დღგ-ის ჩათვლის საფუძველი არ არსებობს, როცა საწარმომ მიმართა საქართველოს პროკურატურას, რომ შპს N1 არ აბრუნებდა გადახდილ თანხას და არც ხელშეკრულებით ნაკისრ უძრავ ქონებას აწვდიდა საწარმოს, საქართველოს პროკურატურის მიერ საწარმო ცნობილია დაზარალებულად (შესაბამისი გადაწყვეტილება თან ერთვის საჩივარს), რის გამოც საწარმო არის დაზარალებული და შპს N1-ის მიერ მოხდება ზარალის ანაზღაურება, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ მითითებული საფუძველი საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლი საერთოდ არ ესადაგება ამ შემთხვევას და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების კანონიერი საფუძველი აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონია. აქედან გამომდინარე აღდგენილი უნდა იქნას დღგ-ის ჩათვლა და შესაბამისად გაუქმებული იქნას დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა, სანქცია-საურავთან ერთად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;
გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შპს N1-თან (ს/ნ "------" ) 2019 წლის აპრილში გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანია მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის შეძენა. ბინის ღირებულება შეადგენს 250 000 აშშ დოლარს (გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით). ხელშეკრულების მიხედვით გამყიდველმა იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულოს 30.12.2019 წლამდე. ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით. იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მხრიდან ადგილი ექნება პირობის დარღვევას, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს თანხა დარიცხული წლიური 15% მოცულობით. შპს N1-სგადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ღირებულება 673 475 ლარი, მიიღო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მის საფუძველზე განახორციელა ჩათვლა 2019 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში. შპს N1-ის მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ხელშეკრულების მიხედვით გამყიდველმა იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულოს 30.12.2019 წლამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს ითვალისწინებდა ხელშეკრულება და ეს იყო დამოკიდებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ვადაში დაუსრულებლობაზე. ამის შემდეგ მომჩივანს რჩებოდა უფლება მომწოდებელი მხარისთვის მოეთხოვა თავის მიერ გადახდილი თანხა და დარიცხული 15%. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე გადამხდელს ეთხოვა წარმოედგინა ინფორმაცია რა იყო მისი სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოში, რაც არ წარმოადგინა არც დავების ეტაპზე. ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არც საგადასახადო შემოწმების ეტაპზე ყოფილა წარმოდგენილი, შესაბამისად გაურკვეველია მომჩივნის მოთხოვნა სასამართლოში, ასევე უცნობია აღნიშნული პროცესის დასრულების შესახებ ინფორმაცია. რაც ამ ეტაპზე ცნობილია არის ის, რომ მომწოდებელ მხარეს მშენებლობა არ დაუმთავრებია და მომჩივნისთვის ფართი არ მიუწოდებია. აღნიშნულის შესაბამისად, ჩაითვალა რომ ოპერაცია გაუქმდა.
დადგენილია, რომ მომჩივანმა შპს N1-ს გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ღირებულება 673 475 ლარი. თანხა რეალურად წარმოადგენს ავანსის თანხას. მომჩივანს ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს დღგ-ის თანხა, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ოპერაცია საეჭვოდ არ ჩათვლილა. მომწოდებელმა გადაიხადა დღგ-ის თანხა. მომჩივნის მიერ განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა მიჩნეულია კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულად. შპს N1-ის ხელმძღვანელობის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე მომჩივანი პროკურატურის მიერ ცნობილია როგორც დაზარალებული კომპანია.
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოებებით და საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ დღგის ჩასათვლელი თანხის შემცირება საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ხოლო, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან აღნიშნული საფუძვლით საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს ,რომ საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლი საერთოდ არ ესადაგება ამ შემთხვევას და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების კანონიერი საფუძველი აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონია. აქედან გამომდინარე აღდგენილი უნდა იქნას დღგ-ის ჩათვლა და შესაბამისად გაუქმებული იქნას დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა, სანქცია-საურავთან ერთად.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს 2019 წლის აპრილის თვეში გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება შპს-სთან.ნასყიდობის საგანია მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის შეძენა.ხელშეკრულების მიხედვით გამყიდველმა იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულოს 30.12.2019 წლამდე. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით.
იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მხრიდან ადგილი ექნება პირობის დარღვევას, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს თანხა დარიცხული წლიური 15% მოცულობით.
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი და შედეგად ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული ჩათვლა 2019 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში მართლზომიერია. დამატებითი შესწავლით დგინდება, რომ შპს-ს მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება,ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის გადაცემული სამშენებლო ნებართვის განახლება არ მომხდარა.
2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას მომჩივანისთვის ცნობილ გახდა, რომ გადახდილი ავანსი არ წარმოადგენს კონკრეტული, იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, მოცემული ფაქტობრივი გარემოებით შეუძლებელია განსაზღვრა მოხდება თუ არა საქონლის მიწოდება ან/და გადახდილი თანხის დაბრუნება. სსკ-ის 174-ე და 179-ე მუხლების საფუძველზე, მოხდა ჩათვლის გაუქმება იმ საანგარიშო პერიოდში, როცა მხარისთვის ცნობილი იქნა დათქმული ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ.მომჩივანს 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოებებით და საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ დღგის ჩასათვლელი თანხის შემცირება საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ხოლო, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან აღნიშნული საფუძვლით საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით 173,174,269(7).