გადაწყვეტილება №20917/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20917/2/2023
30 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 25.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20917/2/2023).
დავის საგანი:
წილის ნასყიდობის საფასურის გადახდის დივიდენდის გადახდად დაკვალიფიცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №024-15 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21733 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 81 233,12 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 52 025
დღგ - (- 1 277)
მოგების გადასახადი - 37 151
საშემოსავლო გადასახადი - 15 045
ქონების გადასახადი - 1 106
ჯარიმა - 26 423
საურავი - 2 785,12
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.07.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის მიხედვით, შპს ------ს დამფუძნებელი არის ფიზიკური პირი ------, რომელიც ამასთანავე ფლობდა შპს -----ს (ს/ნ ----) 75%-იან წილს და იყო ამავე კომპანიის დირექტორიც. 14.11.2022 წელს ------მა გაყიდა თავისი წილი და ამ წილის 65% მიჰყიდა შპს -------ს. ნასყიდობის თანხა შეადგენს 200 000 ლარს, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი აქვს საწარმოს. საწარმოს დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს ------ს დამფუძნებელსა და დირექტორს საბანკო ანგარიშიდან პერიოდულად გაჰქონდა თანხა და ნოემბრის თვეში განხორციელდა წილის სანაცვლოდ -------თვის თანხის გადახდა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. შესაბამისად, ვინაიდან ორივე კომპანიის დამფუძნებელი არის ერთი და იგივე პირი, ხოლო 14.11.2022 წელს შპს ------მ შეისყიდა შპს -----ს 65%-იანი წილი, -------- ირიბად კვლავ ფლობს შპს ------ს 65%-იან წილს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 981 მუხლის პირველი ნაწილის, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის, 130-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 53-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ განსახილველი ოპერაციის ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ გამოხატავს იმ ნებას, რომელიც უშუალოდ მიმართული იქნებოდა არჩეული ოპერაციის ფორმის შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ, კერძოდ წილის ნასყიდობის შედეგად შესაბამისი აქტივის გასხვისებისკენ, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, -------სა და შპს -------ს შორის გაფორმებული შპს --------ს წილის 65%-ის ნასყიდობის ხელშეკრულება არ იქნება მიღებული მხედველობაში, რამდენადაც ამ სამეურნეო ოპერაციას არ გააჩნია რეალური ეკონომიკური გავლენა. კერძოდ, აღნიშნული ოპერაციის ერთადერთ რეალურ შედეგს წარმოადგენს შპს -------ს მიერ განაწილებული მოგების გადასახადისგან გათავისუფლება. ამრიგად, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს ------ს მიერ -------თვის შპს ------ს წილის 65%- ის ნასყიდობის საფასურის გადახდა, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, განხილულ იქნა დივიდენდის გადახდად და შესაბამისად, მოგების განაწილებად. აქედან გამომდინარე, მოცემული თანხის გადახდამ საწარმოსთვის წარმოშვა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და ასევე, საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი დივიდენდის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება. შედეგად, საწარმოს განესაზღვრა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №024-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21733 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 23.08.2023 წელს 13:00 სთ-ზე, თუმცა მომჩივანი საჩივრის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დასაბუთებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რადგან მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა არ შეიცავს ნორმას, რომელიც შპს ------ს მიერ ------ს კუთვნილი წილის შეძენის გარიგებას აქცევდა გადასახადებისაგან თავის არიდების მცდელობად. აღნიშნავს, რომ შპს ------ს 65%-იანი წილის მესაკუთრე არის შპს -------, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშიც. მიუთითებს, რომ თუ შპს ------ შემდგომში გაასხვისებს აღნიშნულ წილს და ------- გადაწყვეტს ამ თანხის დივიდენდად მიღებას მოხდება აღნიშნული თანხის ორჯერ დაბეგვრა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შპს ------ს დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა -------მა, რომელიც ამასთანავე ფლობდა შპს -------ს (ს/ნ -----) 75%-იან წილს და იყო ამავე კომპანიის დირექტორიც, 2022 წლის 14 ნოემბერს გაყიდა თავისი წილი და ამ წილის 65% მიჰყიდა შპს ------ს. ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული ნასყიდობის თანხა 200 000 ლარი გადახდილი ჰქონდა საწარმოს. საწარმოს დირექტორის მიერ შემოწმებისათვის მიწოდებული ინფორმაციით, შპს ------ს დამფუძნებელსა და დირექტორს საბანკო ანგარიშიდან პერიოდულად გაჰქონდა თანხა და ნოემბრის თვეში განხორციელდა წილის სანაცვლოდ ამ თანხის მისთვის გადახდა. ორივე კომპანიის დამფუძნებელს წარმოადგენდა ფ/პ -------, რომელიც ოპერაციის განხორციელების შემდეგაც კვლავ დარჩა შპს -------ს არაპირდაპირ მესაკუთრედ. შემოწმების მიერ, ვინაიდან, განსახილველი ოპერაციის ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ იყო უშუალოდ მიმართული წილის ნასყიდობის შედეგად შესაბამისი აქტივის გასხვისებისკენ, აღნიშნული ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განხილულ იქნა დივიდენდის გადახდად და შესაბამისად, მოგების განაწილებად.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებითა და „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 28.07.2022 წლის №20231 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მისივე დამფუძნებლებისათვის შპს -------ს (ს/ნ ------) 65%-იანი წილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დივიდენდად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით გაიზიარა საგადასახადო შემოწმების პოზიცია და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილება განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური საჩივარზე მსჯელობას იწყებს შემდეგი ინფორმაციით: „შემოსავლების სამსახურის აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 23.08.2023 წელს 13:00 საათზე, თუმცა მომჩივანი საჩივრის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით“.
ეს არასწორი ინფორმაციაა, კომპანიის დირექტორი ------- ტელეფონით ესაუბრა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს (რომელმაც აცნობა სხდომის თარიღის შესახებ), უთხრა, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში და ფიზიკურად არ ჰქონდა შესაძლებლობა, გაეცა მინდობილობა წარმომადგენლისათვის, ან სხვა ფორმით ეცნობებინა შემოსავლების სამსახურისათვის მისი მდგომარეობა. ასევე სთხოვა, გადადებულიყო სხდომა მოკლე ვადით. პასუხად მიიღო, რომ ამ საკითხზე იმსჯელებდნენ სხდომაზე.
შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21733 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე არის 10.05.2023 წლის საჩივრის მართებულობის აღიარება! ამ მოკლე ბრძანების მოკლე შინაარსი არის შემდეგი - ვეთანხმები აუდიტის დეპარტამენტს. გასაჩივრებულ ბრძანებაში არ არის მსჯელობა, დასაბუთება, არგუმენტების უარყოფა - ასეთ გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს ადმინისტრაციული ორგანო, მით უმეტეს საგადასახადო ორგანო.
გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულია: „დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს“. დავა სამართლებრივი შეფასების საკითხია და არა მტკიცებულებების მეტ-ნაკლებობის. როდესაც კერძო სამართლის სუბიექტები ასეთ „წელსქვემოთ“ ილეთს იყენებენ, ეს გარკვეულწილად გასაგებია, მაგრამ როდესაც ასეთ მეთოდს მიმართავს ადმინისტრაციული ორგანო (საგადასახადო ორგანო), ეს დაუშვებელია და იმავდროულად იმ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის დაუსაბუთებლობის და სისუსტის აღიარებაა.
10.05.2023 წლის საჩივარი განხილული უნდა იყოს წინამდებარე საჩივრის განუყოფელ ნაწილად. შემოსავლების სამსახური პასუხს არ სცემს დასმულ კითხვებს. ეს ნიშნავს, რომ ის ვერ აქარწყლებს და შესაბამისად აღიარებს მომჩივნის პოზიციას, კერძოდ:
- შპს -------ს (ს/ნ -----) 65%-იანი წილის მესაკუთრე არის შპს ------- (ს/ნ -----) და არა ------- (პ/ნ ------);
- შპს ------ს (ს/ნ ------) და ------ს (პ/ნ -----) შორის გაფორმებული 11.11.2022 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება კანონიერია;
- -------მა 10%-იანი წილი იმავე 11.11.2022 წელს მიყიდა ------ს (პ/ნ -----), ეს გარიგებაც კანონიერია;
- -------ს თავისი წილი სხვა პირისათვის, რომ მიეყიდა, ის გარიგებაც კანონიერი იქნებოდა;
- შპს ------ს წილი -------გან რომ შეეძინა, რა თქმა უნდა ის გარიგებაც კანონიერი იქნებოდა;
- არ არსებობს კანონი, რომელიც აწესებს, რომ ფიზიკურ პირს უფლება არ აქვს, გარიგება დადოს მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირთან!
- არ არსებობს კანონი, რომელიც აწესებს ვალდებულებას, რომ ------ს რაიმე პირადი ქონება რომ ჰქონდეს, რომელიც მის მიერ დაფუძნებულ საწარმოს ესაჭიროება (მაგალითად უძრავი ქონება, რომელიც იურიდიულ პირს სჭირდება ოფისის მოსაწყობად), უფლება არ აქვს მიყიდოს და აუცილებლად უნდა აჩუქოს;
- საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ - ქართულ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს კანონი, რომელიც ამბობს, რომ:
ა) ფიზიკური პირი და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი ერთი და იგივე პირია;
ბ) რომ ამ ფიზიკურ პირს უფლება არ აქვს, საკუთარი ქონება მიყიდოს მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს!
აუდიტის დეპარტამენტის, შემოსავლების სამსახურის და ბოლოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ამიერიდან „დაკანონდა“, რომ ფიზიკურ პირს უფლება არ აქვს, საკუთარი ქონება მიყიდოს მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს?!
ამ კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი, ეს არის მთელი ამ დავის არსი! პასუხის გაუცემლობა ნიშნავს პრეტენზიის აღიარებას (რაც უკვე გააკეთა შემოსავლების სამსახურმა).
შემოსავლების სამსახურში საჩივარი არც წაუკითხავთ, ან წაიკითხეს და ყურადღების მიღმა დატოვეს - ასეთი შთაბეჭდილება დარჩება ნებისმიერს, ვინც წაიკითხავს 10.05.2023 წლის საჩივარს და შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21733 ბრძანებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ეს ერთგვარად გასაგებიცაა, როგორც ჩანს შემოსავლების სამსახური თავადაც მონაწილეობდა აუდიტის დეპარტამენტის სადავო აქტების მიღების პროცესში, ამდენად იგი არ არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო და „ზემოთ“ გაუშვა საკითხი, პასუხისმგებლობა „აირიდა“ ერთგვარად ...
აუდიტის დეპარტამენტის და შემდეგ შემოსავლების სამსახურის მიერ უაპელაციოდ კოპირებული „მსჯელობით“ ირკვევა, რომ კვალიფიკაციის შეცვლას საფუძვლად უდევს -------ს მონაწილეობა შპს -----ში და შპს -----ში. საგადასახადო კოდექსის მიხედვით ეს არის ურთიერთდამოკიდებული პირების საკითხი. ამ საფუძვლით სადავო შეიძლება გახდეს გარიგების ფასი. ასევე შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს საგადასახადო ვალდებულებებისგან ქონების განრიდებას, რაც თავის მხრივ რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის და საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით (ამ შემთხვევაში კი ადგილი აქვს ქონების „შემორიდებას“, საგადასახადო კონტროლის ქვეშ მოქცევას).
აუდიტის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის მითითება აბსურდია, წილი გასხვისდა!
მხარეთა გამოხატული ნება და დამდგარი შედეგი არ არის შესაბამისობაში? -------მა გაასხვისა შპს -------ში 65%-იანი საკუთარი წილი და ამ წილის მესაკუთრე ამჟამად არის შპს -------!
მხარეთა გამოხატული ნება, გარიგების შინაარსი და დამდგარი შედეგი არის შესაბამისობაში და არის კანონიერი!
აუდიტის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური ერთმანეთში ურევს გარიგების შინაარსისა და მისი შესრულების შედეგს გადასახადების დაბეგვრის კუთხით მისთვის სასურველი შედეგის დადგომასთან!
მოკლედ, რომ ვთქვათ, არ გადავიხადო გადასახადი - ეს მიზანი ცალკე აღებულად კანონიერია და დასაძრახი არაფერია. თუ ამ მიზნის მისაღწევად გამოვიყენებ კანონიერ საშუალებას (გარიგებას), ასევე კანონიერი იქნება შედეგიც - არ ვიხდი გადასახადს. ხოლო, თუ მიზნის მისაღწევად გამოვიყენებ კანონსაწინააღმდეგო საშუალებას (გარიგებას), ამაში საფუძველი, მიზანი და შედეგიც იქნება უკანონო. თუ გარიგება სამოქალაქო კუთხით კანონიერია, ის კანონიერია საგადასახადო კუთხითაც!
- რეალურად აუდიტის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური ბეგრავს -------ს შპს -----დან მის მიერ წილის მიყიდვის შედეგად აღებული თანხის გამო. გადასახადი დაეკისრა შპს -------ს, რადგან ეს თანხა ჩაითვალა დივიდენდებად.
რის დაკანონების მცდელობაა:
--------ს შეეძლო, ეს წილი გაეყიდა სხვა პირზე (თუნდაც მილიონად) და არ დაიბეგრებოდა!
შპს ------მ ხვალ რომ გაყიდოს ეს წილი და მიღებული თანხა -------მა აიღოს, ეს ნასყიდობის თანხა უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით და დივიდენდზე საშემოსავლო გადასახადით (ამჯერად უკვე კანონიერად) - ასეა ხომ? ერთი და იგივე თანხას 2-ჯერ ვბეგრავთ? ამას ამბობს გადასახადის გადამხდელების გადასახადებით დაფინანსებული საგადასახადო ორგანო?
მაშასადამე, ------ს ერთმევა საკუთარი წილის გადასახადების გარეშე გაყიდვის უფლება? უფრო მეტიც, -----მა უბრალოდ დაკარგა წილი? შპს -----მ უსასყიდლოდ მიიღო საკუთრებაში წილი?
გაგვარკვიეთ, ------ს უსაფუძვლოდ ვბეგრავთ (სისხლის სამართლის კოდექსში უფრო მძიმე ტერმინია ასეთი მოქმედებისთვის), თუ უბრალოდ არ გვადარდებს და წავიდეს, სასამართლოში არკვიოს...
საინტერესოა როგორ მოიქცეოდა საგადასახადო ორგანო, შპს -------ში -------ს მხოლოდ 50%-იანი წილი რომ ჰქონოდა საკუთრებაში და იქ კიდევ სხვა პარტნიორიც ყოფილიყო.
უფრო მარტივად, აუდიტის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის ლოგიკით, გარიგების მონაწილე მხარეთა ნება და გარიგების შინაარსი შეუსაბამოა, თუ ის არ ემთხვევა საგადასახადო ორგანოსათვის სასურველ დაბეგვრის შედეგს?! ეს კატასტროფაა ...
როდესაც ვსაუბრობთ კვალიფიკაციის შეცვლაზე, ეს ტერმინი ჯადოსნური და ყოვლისმომცველი არ არის. საუბარია მხოლოდ სამეურნეო ოპერაციის (გარიგების) კვალიფიკაციის შეცვლაზე. მკაფიოდ ვკითხულობთ და ასევე მკაფიოდ უნდა გაეცეს პასუხი - კვალიფიკაცია რომ შეიცვალა, წილის ნასყიდობის ნაცვლად რეალურად დადებული რა სამეურნეო ოპერაციის არსებობა დადგინდა? მაგალითად, უძრავი ქონების ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების ნაცვლად დადგინდა, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა სესხის ხელშეკრულებას. ეს გასაგებია. ამ შემთხვევაში რა მოხდა?
როდესაც ვსაუბრობთ სამურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლაზე, უნდა დავასაბუთოთ და მივუთითოთ, ქაღალდზე დაწერილი გარიგებით რომელი სხვა გარიგება დაიფარა, რომლის რეალურად გაფორმების შემთხვევაშიც წარმოიშობოდა საგადასახადო ვალდებულებები! ამ კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი.
ასეთი „წარმატებით“ ხვალ საგადასახადო ორგანო იტყვის შემდეგს: ფიზიკურმა პირმა (ან პირებმა) რომ გაყიდოს კომპანიაში მისი კუთვნილი 100%-იანი წილი, რეალურად კომპანიის ქონების გაყიდვად და დივიდენდის გაცემად ჩაითვლება ეს ოპერაციაც (შესაძლებელია დღგ-ის საკითხიც დააყენოთ...)
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: „საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს“.
„ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს“ - სამწუხაროა, რომ ამის ახსნა გვჭირდება. აქ უნდა არსებობდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული მოცემულობა. ეს შემთხვევაც რომ არსებობდეს, ადმინისტრაციული ორგანო მაინც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, ისევ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მაგრამ კანონს ადმინისტრაციული ორგანო ადგენს - ეს დაუშვებელია!
11.11.2022 წლის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ბიუჯეტს კანონით რა ეკუთვნოდა და რა ვერ მიიღო?
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად:
1. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძვლები.
3. უფლებამოსილების დამატებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არ აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს“.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შპს ------ს დამფუძნებელი არის ფიზიკური პირი -------, რომელიც ამასთანავე ფლობდა შპს ------ს (ს/ნ -----) 75%-იან წილს და იყო ამავე კომპანიის დირექტორიც. 14.11.2022 წელს -------მა გაყიდა თავისი წილი და ამ წილის 65% მიჰყიდა შპს ------ს. ნასყიდობის თანხა შეადგენს 200 000 ლარს, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი აქვს საწარმოს. შპს -----ს დამფუძნებელსა და დირექტორს საბანკო ანგარიშიდან პერიოდულად გაჰქონდა თანხა და ნოემბრის თვეში განხორციელდა წილის სანაცვლოდ ------თვის თანხის გადახდა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შპს -----ს დამფუძნებელსა და დირექტორს საბანკო ანგარიშიდან თანხა გაჰქონდა მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. გატანილი თანხების ნაშთის წარმოშობის შემდეგ, 2022 წლის ნოემბერში კომპანიის დამფუძნებელთან გაფორმებულია სხვა კომპანიაში მისი კუთვნილი წილის ნასყიდობა, ხოლო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ღირებულება მომჩივანს გადახდილი აქვს.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას, რომ -------სა და შპს ------ს შორის გაფორმებული შპს ------ს წილის 65%-ის ნასყიდობის ხელშეკრულება არ იქნა მიღებული მხედველობაში, რამდენადაც ამ სამეურნეო ოპერაციას არ გააჩნია რეალური ეკონომიკური გავლენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
წილის ნასყიდობის საფასურის გადახდის დივიდენდის გადახდად დაკვალიფიცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ერთი შპს -ს დამფუძნებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც ამასთანავე ფლობდა მეორე შპს -ს 75%-იან წილს და იყო ამავე კომპანიის დირექტორიც. 14.11.2022 წელს ფ/პ-მა გაყიდა თავისი წილი და ამ წილის 65% მიჰყიდა პირველ შპს -ს. ნასყიდობის თანხა შეადგენს 200 000 ლარს, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი აქვს საწარმოს. პირველი შპს -ს დამფუძნებელსა და დირექტორს საბანკო ანგარიშიდან პერიოდულად გაჰქონდა თანხა და ნოემბრის თვეში განხორციელდა წილის სანაცვლოდ ფ/პ-თვის თანხის გადახდა. ორივე კომპანიის დამფუძნებელს წარმოადგენდა ერთიდაიგივე ფ/პ, რომელიც ოპერაციის განხორციელების შემდეგაც კვლავ დარჩა მეორე შპს -ს არაპირდაპირ მესაკუთრედ. შემოწმების მიერ, ვინაიდან, განსახილველი ოპერაციის ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ იყო უშუალოდ მიმართული წილის ნასყიდობის შედეგად შესაბამისი აქტივის გასხვისებისკენ, აღნიშნული ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განხილულ იქნა დივიდენდის გადახდად და შესაბამისად, მოგების განაწილებად.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9"ა""ბ"), 97(1"ა"), 981(1), 8(12), 130(1), 154(1"ზ").