საქონლის მიწოდებამდე თანხის გადახდისას დღგ-ის ჩათვლა N 11108
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საქონლის მიწოდებამდე თანხის გადახდისას დღგ-ის ჩათვლა N 11108
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელი საწარმოები A და B შეთანხმდნენ 1 000 ლარის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) საქონლის მიწოდებაზე. საწარმო B-მ საწარმო A-ს 2017 წლის მაისის თვეში გადაუხადა 300 ლარი, ხოლო საწარმო A-მ 1 000 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა 2017 წლის ივნისის თვეში და გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სრულ თანხაზე. საწარმო B-ს საწარმო A-სთვის წინასწარ გადახდილ თანხაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა არ მოუთხოვია.
· საწარმო A-მ წინასწარ მიღებული თანხა - 300 ლარი მაისის თვეში დაბეგრა დღგ-ით (დღგ-ის თანხა 45.7 ლარი), ხოლო დარჩენილი თანხა დაბეგრა მიწოდებისას - ივნისის თვეში - დღგ-ის თანხა 134.3 ლარი (1,000*18%-45.7). საწარმო B-მ ჩასათვლელი თანხა (180 ლარი) სრულად ასახა ივნისის თვის დეკლარაციაში.
შეფასება
· სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშფაქტურა. ამასთან, ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის თანხმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორცილების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
· ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, A და B საწარმოების ქმედებები მართლზომიერია.
ღონისძიებები
· როგორც A, ასევე B პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღ ვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული მიდგომა ვრცელდება ასევე მომსახურების გაწევის მიმართაც
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 14 ნოემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით