გადაწყვეტილება № 27297/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27297/2/2026
03 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---- 5.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27297/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 დეკემბრის №159-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5344 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 395 876.18 ლარი
მათ შორის
დღგ - 230 263.96
ჯარიმა - 64 299.70
საურავი - 101 312.52
პროცედურული გარემოებები
მეწარმე ახორციელებს ხის სხვადასხვა ინვენტარის დამზადებას ქ. -----ში. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2005 წლის 23 ივნისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2011 წლის 19 დეკემბერს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონედ დარეგისტრირდა 2023 წლის 1 თებერვალს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №22190 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 დეკემბრის №27989 ბრძანება და №159-7 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 395 876.18 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 11 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 11 მარტის №5344 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5344 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი პროდუქციის მიწოდებას უმეტესად ახდენდა ქ. ----- არსებულ საბავშვო ბაღებზე, რასთან დაკავშირებითაც უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია (ელ. სასაქონლო ზედნადები) 621 210 ლარის ოდენობით. ასევე, მომჩივნის მიერ მიწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ მეწარმეს შემოსავლის მიღება უფიქსირდება კერძო შეკვეთების (გარდა საბავშვო ბაღებისა) საფუძველზეც.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადასახადი გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დგინდება, რომ 2022 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით მომჩივანმა გადააჭარბა საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლით განსაზღვრულ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციისთვის დადგენილ 100 000 ლარიან ზღვარს. აღნიშნულის საფუძველზე, მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 30 დეკემბერი.
მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2025 წლის 31 მაისისთვის (ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში) არ აღემატება 100 000 ლარს. გადასახადის გადამხდელი წარდგენილი განცხადებით ითხოვს დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმებას საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, 2025 წლის 1 ივნისიდან დღგ-ის რეგისტრაცია დაექვემდებარა გაუქმებას.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეულ ხარჯზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჯამური ღირებულებით 7 987 ლარი (დღგ - 1 215 ლარი), რომელიც დაექვემდებარა ჩათვლას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 92-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 163- ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, პირადი სახის ჩარიცხვების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვასთან მიმართებით, ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ორგანომ სრულად გაითვალისწინა იდენტიფიცირებული პირადი ჩარიცხვები, რომელიც არ ჩართულა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხებით და დაადგინა, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია მომჩივანს უწევდა 2022 წლის 30 დეკემბერს, თუმცა საბანკო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ 2022 წელს ჩარიცხული თანხებიდან პირადი დანიშნულებით ჩარიცხული თანხა არის 342 871,60 ლარი, ხოლო კერძო შეკვეთებიდან - 3 850 ლარი. შესაბამისად, 2022 წლის 30 დეკემბერს არ ჰქონდა სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება. მომჩივნის გადაანგარიშებით, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი არის 2023 წლის 16 თებერვალი, 16 თებერვლიდან დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 662 229,02 ლარს, სადაც ნაწილი არის დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია (ელ. სასაქონლო ზედნადებით) 561 770 ლარი და ნაწილი არის საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული კერძო შეკვეთების ტრანზაქციები 100 459,02 ლარი. ასევე, 2023 წელს ფიქსირდება სხვადასხვა პირადი დანიშნულების ჩარიცხვები (ტერმინალზე შეტანილი თანხები), რომელიც არ უნდა იქნეს განხილული როგორც საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და არც დღგ-ით დაბეგვრაში არ უნდა მონაწილეობდეს.
წარმოადგენს ექსელის ცხრილს, სადაც შენიშვნაში უწერია რომელი ჩარიცხვაა ეკონომიკური საქმიანობიდან განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და რომელი ჩარიცხვა არის მხოლოდ პირადი დანიშნულების, ანუ არაეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. ითხოვს მოხდეს თანხების გამიჯვნა და ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დარიცხული თანხის კორექტირება. ასევე, პირველად შემოტანილი საჩივრის განხილვისას შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ვერ დაარწმუნა იმ საკითხში, რომ პირადი გადარიცხვის თანხები არანაირ კავშირში არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან. ნათლად ჩანს, რომ როგორც მიხეილ კიკნაძეს, ასევე მიხეილ კორძაიას დამკვეთები იყვნენ ძირითადად საბავშვო-ბაღები და საბავშვო-ბაღები ურიცხავდნენ თანხებს ორივე მეწარმეს, ხოლო მიხეილ კორძაიას თანხა პირადი გადარიცხვის დანიშნულებით გადაჰქონდა მის მეგობართან მიხეილ კიკნაძესთან და მიხეილ კიკნაძე ახორციელებდა უკვე ამ თანხების ბანკიდან გამოტანას, ასევე არის სხვა პირადი გადარიცხვების შემთხვევებში და აღნიშნულთან დაკავშირებით განხილვაზე წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ ურთიერთშეთანხმებებს, რომ ეს პირადი გადარიცხვები არ უკავშირდებოდა ეკონომიკურ საქმიანობას.
ითხოვს სადავო აქტების ნაწილობრივ გაუქმებას და დარიცხული თანხის კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2026 წლის №---- წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოწმების ფარგლებში დამუშავდა ფინანსთა სამინისტროს ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც დადგინა, რომ მეწარმეს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია (ელ. სასაქონლო ზედნადებით). ამასთან, წარდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით, მიღებული აქვს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლები. შემოწმების ფარგლებში დამუშავდა მომჩივნის საბანკო ამონაწერები, რა დროსაც დაიდენტიფიცირდნენ ის პიროვნებები, რომელთაგანაც უფიქსირდებოდა როგორც უშუალოდ პროდუქციის დასახელებებით მიღებული შემოსავლები, ასევე „პირადი გადარიცხვა“ დანიშნულებით მიღებული შემოსავლები. ფინანსთა სამინისტროს ერთიან ელექტრონული ბაზებში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ის პიროვნებები, რომლებისგანაც ერიცხებოდა თანხები დანიშნულებით „პირადი გადარიცხვა“, ასევე წარმოადგენენ მეწარმე სუბიექტებს და მათი საქმიანობის სფეროა ასევე ხის ინვენტარის შეძენა/წარმოება შემდგომი მიწოდების მიზნით. გარდა აღნიშნულისა, შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელი ზეპირსიტყვიერად განმარტავდა, რომ დანიშნულებით „პირადი ჩარიცხვები“ უკავშირდებოდა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს. შესაბამისად, შემდგომში მითითებას იმაზე, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს პირადი დანიშნულებით ჩარიცხულს და არ უნდა იქნეს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შეყვანილი, აუდიტის დეპარტამენტი მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით ვერ გაითვალისწინებდა.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება
ფაქტების აღწერა
მომჩივანი ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლებას დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში დაფიქსირებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, რომელზეც შეუძლია მოითხოვოს საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილები შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საქმის ზეპირი განხილვისას და საჩივარში მითითებულ არგუმენტზე, რომლის თანახმად, შეუძლია მოითხოვოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და მოახდინოს დღგ-ის თანხის ჩათვლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში უფიქსირდება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომელზეც აქვს უფლება მოითხოვოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მოახდინოს დღგ-ის თანხის ჩათვლა.
შეძენის ხარჯებზე არის გამოწერილი ზედნადებები 2023-2024 წლის პერიოდებზე და მომწოდებლებს რომ უკავშირდება, დიდი ნაწილი ტექნიკურად ვერ ახორციელებს ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას, რათა გამოიყენოს უფლება დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით. ითხოვს დახმარებას კუთვნილი ჩათვლების მიღებაში (ჩასათვლელი თანხა ----- ლარი). ასევე, არის გარკვეული ნაწილი რომელმა მომწოდებელმაც უკვე შეძლო და გამოუწერა ანგარიშ-ფაქტურები, ამაზეც ითხოვს ჩათვლების მიღებას, რადგან მომჩივანი ვერ შეძლებს არაკვალიფიციურის სტატუსის შემთხვევაში მოახდინოს ანგარიშ-ფაქტურების დეკლარაციაზე მიბმა და ჩათვლა (ჩასათვლელი თანხა 8 221,65 ლარი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ახლიდან მოხდეს შემოსავლების და ჩასათვლელი თანხების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში უფიქსირდება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომელზეც აქვს უფლება მოითხოვოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მოახდინოს დღგ-ის თანხის ჩათვლა. ითხოვს ჩასათვლელი თანხების გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მისცა შესაძლებლობა, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, ამ ნაწილში საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
მეწარმე ახორციელებს ხის სხვადასხვა ინვენტარის დამზადებას.
შემოწმებით, დადგინდა რომ 2022 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით მომჩივანმა გადააჭარბა საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლით განსაზღვრულ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციისთვის დადგენილ 100 000 ლარიან ზღვარს. აღნიშნულის საფუძველზე, მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 30 დეკემბერი. მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2025 წლის 31 მაისისთვის (ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში) არ აღემატება 100 000 ლარს. გადასახადის გადამხდელი წარდგენილი განცხადებით ითხოვს დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმებას.
მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეულ ხარჯზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც დაექვემდებარა ჩათვლას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, ამ ნაწილში საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 175;176;