საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაწეული განათლების მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა N 1184

1184 საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაწეული განათლების მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა 21.05.2015
№ დოკუმენტი 1184
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაწეული განათლების მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა N 1184

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, რომელიც წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მქონე პირს და კანონმდებლობის შესაბამისად გავლილი აქვს ავტორიზაცია, ახორციელებს აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამას და ასევე, ისეთ საქმიანობას, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად არ საჭიროებს აკრედიტაციას.

· პირმა აღნიშნული მომსახურებები არ ჩათვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და შესაბამისად, არ დაბეგრა დღგ-ით.

შეფასება

· სსკ-ის 168 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ნ" ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება. "უმაღლესი განათლების შესახებ " საქართველოს კანონის 121 მუხლის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში. ამასთან, პირისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას.

· კანონმდებლობა არც საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მქონე პირებს უკრძალავს განახორციელოს საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს ავტორიზაციას. მაგრამ ამ შემთხევაში პირი აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს არა როგორც ავტორიზებული პირი (საგანმანათლებლო დაწესებულება). შესაბამისად, ასეთი საქმიანობა უნდა იქნეს განხილული დამატებით საქმიანობად, რომელიც არ არის დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსთან. სსკ-ის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ნ" ქვეპუნქტის მიზნებისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ განათლების მომსახურებას წარმოადგენს ავტორიზაციის ფარგლებში განხორციელებული აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამით მოცული განათლების მომსახურება, ვინაიდან სწორედ ამ საქმიანობის ნაწილში პირი ითვლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. შესაბამისად, აღნიშნული მუხლი არ ათავისუფლებს გადამხდელს დღგ-ის გადახდის ვალდებულებისაგან საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ საჭიროებს ავტორიზაციას.

ღონისძიებები

· პირი დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმით.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 15 მაისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით