გადაწყვეტილება №21481/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.02.2024
№ დოკუმენტი 21481/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21481/2/2023

15 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 4.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21481/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

2. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. მოგების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №068-19 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №------- ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 85 654 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 46 461

დღგ - 22 587

მოგების გადასახადი - 1 258

საშემოსავლო გადასახადი - 22 616

ჯარიმა - 23 945

საურავი - 15 248

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა ------- ------- მუნიციპალიტეტში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივნისის №------- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №------- ბრძანება და №068-19 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 85 654 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 2 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 19 ოქტომბრის №------- ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა ფაქტების აღწერა საგადასახადო შემოწმების ეტაპზე წარდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები და ხელშეკრულებები, რომელთა მონაცემებით დასაბეგრი ბრუნვა აჭარბებს დეკლარირებულს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობაზე, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აქტის მიხედვით ირკვევა, რომ აუდიტორმა დასაბეგრი ოპერაციების განსაზღვრისთვის გამოიყენა საბანკო ამონაწერები და დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები. შემოწმების აქტის მიხედვით, 2020 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილია დასაბეგრი ბრუნვა 7 998 ლარი, რის საფუძველზეც დამატებით გადასახდელად დაერიცხათ დღგ. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში დასაბეგრი ოპერაცია არ განხორციელებულა. შესაბამისად, ექვემდებარება შემცირებას. 2021 წლის თებერვლის თვეში დასაბეგრად წარმოდგენილია 61 ლარი და დღგ - 11 ლარი, რომელიც ასევე არ წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს დირექტორის მიერ 8.02.2021 წელს ბანკომატის მეშვეობით საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხას (ამონაწერშია შეცდომით შინაარსი მითითებული „ნავაჭრი თანხის შეტანა“). ანალოგიურადაა 2021 აგვისტოს თვეში დაბეგრილი 13.08.2023 წლის საბანკო შენატანი - 280 ლარი. 2021 წლის სექტემბრის თვეში შემოწმებით წარმოდგენილია დასაბეგრი ბრუნვა 1 797 ლარი, რომელიც ასევე არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, ვინაიდან აღნიშნული თანხიდან 1 300 ლარი 19.09.2021 წელს ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე შეცდომით, პირადი ვალი მოქალაქე იაღუბ ისმაილის მიერ, ასევე შეცდომითაა ჩარიცხული 520 ლარი 27.09.2021 წელს ბექა ხორგუაშვილის მიერ, ხოლო სხვაობა - 300 ლარი წარმოადგენს ბანკომატით დირექტორის მიერ (1430 ანგ) საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხას და არა „ნავაჭრს“. შესაბამისად, სრულადაა სექტემბრის თვის დარიცხვა შესამცირებელი. 2021 წლის ნოემბრის პერიოდზე დასაბეგრად წარმოდგენილია 4 ლარი, რაც ასევე არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს ერთი ანგარიშიდან მეორეზე თანხის გადატანას. აღნიშნული ოპერაციების დასაბეგრი ოპერაციებიდან გამორიცხვის შედეგად, 294 482 ლარის ნაცვლად მივიღებთ საერთო შემოსავალს - 282 568 ლარს, საიდანაც შეძენილ მასალებზე დანახარჯები მთელ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგენს 170 522.37 ლარს, სხვაობა შეადგენს - 112 045,6 ლარს, საიდანაც ასევე უნდა გამოიქვითოს დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მიღებულ მომსახურებაზე გადახდილი საფასურის თანხა - 3 427.56 ლარი და სხვა გასათვალისწინებელი საბანკო ოპერაციები (დაბრუნებები, საკომისიოები, პირადი შენატანები), რის შემდგომაც შესაბამისად შემცირდება დარიცხული საშემოსავლო გადასახადი სანქცია/საურავებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებისას წარდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები და ხელშეკრულებები, რომელთა შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აჭარბებს დეკლარირებულ მონაცემს. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილ დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობაზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა პოზიცია დამატებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებების შესახებ, რაზეც ინფორმაცია/დოკუმენტაცია მომჩივანს სრულად არ წარუდგენია. შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენის ეტაპზე ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

2. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №------- ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სალაროს ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის საფუძველზეც სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმების მიერ ჩატარდა საწარმოს ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი, მომჩივნის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერის, გაფორმებული ხელშეკრულებებისა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას გაწეული მომსახურების საფუძველზე მისაღები ანაზღაურება სრულად ერიცხება საბანკო ანგარიშებზე, შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო თვეების მიხედვით გაანგარიშდა საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხების ოდენობა მიღებული ზედნადებებისა და დამოწმებული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით. საბოლოოდ, საბანკო ანგარიშიდან გატანილი ის თანხები, რასაც არ უკავშირდება შესაბამისი ხარჯის გაწევის დოკუმენტაცია, ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ სარგებლად. ამდენად, შემოწმების მიერ გაანგარიშებული ნაშთად არსებული ფულადი სახსრები ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად საანგარიშო პერიოდის მიხედვით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული ნაშთად არსებული ფულადი სახსრების საანგარიშო პერიოდის მიხედვით, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №------- ბრძანების შესაბამისად, ჩატარდა სალაროს ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის საფუძველზეც სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა განისაზღვრა 0 ლარით. ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა საწარმოს ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი. გადასახადის გადამხდელს გაწეული მომსახურების საფუძველზე მისაღები ანაზღაურება სრულად ერიცხება საბანკო ანგარიშებზე. ამდენად, საბანკო ანგარიშიდან გატანილი ის თანხები, რასაც არ უკავშირდება შესაბამისი ხარჯის გაწევის დოკუმენტაცია, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა პოზიცია დამატებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებების შესახებ, რაზეც ინფორმაცია/დოკუმენტაცია მომჩივანს სრულად არ წარუდგენია. შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენის ეტაპზე ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

3. მოგების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ზოგიერთ პერიოდში დამოწმებული ხარჯთაღრიცხვით საქონლის ღირებულება აჭარბებს სასაქონლო ზედნადებებით დადასტურებული საქონლის შეძენის ღირებულებას. შემოწმებამ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განსაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში. კერძოდ, საანგარიშო წელს ხარჯთაღრიცხვით დადასტურებულსა და მიღებულ ზედნადებს შორის სხვაობის თანხის 25% ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 96-ე, 97-ე, 982 , 105-ე, 72-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმებიან მოგების გადასახადში დარიცხულ გადასახდელებს, რომლის მოტივადაც წარმოდგენილია ხარჯთაღრიცხვებსა და ფაქტიურად ზედნადებებით შეძენილი მასალების შეძენის ღირებულებებს შორის სხვაობა (რაოდენობების სხვაობა არაა გამოვლენილი), რაც არასწორია ვინაიდან ხარჯთაღრიცხვის შედგენიდან მასალების ფაქტიურ შეძენამდე ფასთა სხვაობები მერყეობს მეტნაკლებობით და მასალების ფასები ვერ დაემთხვევა ხარჯთაღიცხვებს. შესაბამისად, ეს არგუმენტი ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ მასალების შეძენა მოხდა საწარმოს მიერ დოკუმენტების გარეშე, რის გამოც 7 130 ლარი დაუდასტურებელ ხარჯად იქნა განხილული და მოგების გადასახადით დაბეგრილი.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები, შესწავლილი იქნას ზემოთხსენებული საკითხები და დაკორექტირდეს საგადასახადო შემოწმების აქტი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების შესწავლის შედეგად, ზოგიერთ პერიოდში დამოწმებული ხარჯთაღრიცხვით საქონლის ღირებულება აჭარბებს სასაქონლო ზედნადებებით დადასტურებული საქონლის შეძენის ღირებულებას. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განსაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში. ამდენად, საანგარიშო წელს ხარჯთაღრიცხვით დადასტურებულსა და მიღებულ ზედნადებს შორის სხვაობის თანხის 25% ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა პოზიცია დამატებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებების შესახებ, რაზეც ინფორმაცია/დოკუმენტაცია მომჩივანს სრულად არ წარუდგენია. შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენის ეტაპზე ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №------- ბრძანება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

2. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. მოგების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 2023 წლის 19 ოქტომბრის №25928 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(1-ა); 101; 154; 159; 275; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161(1-ა);