ბრძანება N 6054

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2024
№ დოკუმენტი 6054
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6054

20 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----ის“ (ს/ნ -------------)

(ფაქტ. მის.: -------------------,იურ. მის.: ---------------------)

2024 წლის 22 და 23 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „-----ის“ (ს/ნ -------------) 2024 წლის 22 იანვრის №86979/1/2024 და 23 იანვრის N9913/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №001-310 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას. აღნიშნავს, რომ კომპანიას გაფორმებული აქვს ექსკლუზიური მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულება სხვადასხვა კომპანიასთან 20% და 30%-იან ფასდათმობებზე, რაზეც ყოველთვიურად იწერება და იბეგრება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა და აღნიშნული რეალიზაცია დაბეგრა ორმაგად, შემოწმებით დადგენილი ფასნამატით. ამასთან, მიუთითებს, რომ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა და საშუალო ფასნამატმა შეადგინა 2,9%, რაც არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების მიერ;

2. არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორის ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6470 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი ივლისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 25 დეკემბრის №32602 ბრძანება და ამავე თარიღის №001-310 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 007 177 ლარი, მათ შორის, გადასახადი 590 495 ლარი, ჯარიმა 288 431 ლარი და საურავი 128 251 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „----ის“ საქმიანობის სახეს წარმოადგენს სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტების შეძენა-რეალიზაცია (ძირითადად ყავა, ტკბილეული, საღეჭი რეზინი). სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც დოკუმენტური, ასევე, საცალო რეალიზაციები. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის იჯარით აქვს აღებული ფართი იურიდიული პირისაგან ქ. თბილისში, ---- ქ. №--ში. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები ნაწარმოები აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონულ პროგრამა ორისში, თუმცა აღნიშნული არ არის წარმოებული სრულყოფილი სახით. შესაბამისად, ვერ ხორციელდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 25 ივნისის №16972 ბრძანების საფუძველზე შპს „---ის“ ობიექტზე ჩატარებულია სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლითაც საქონლის ნაშთის თვითღირებულებამ 2020 წლის 25 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 1 529 411 ლარი. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 12 დეკემბრის №31237 ბრძანების საფუძველზე კომპანიის ობიექტზე კვლავ ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის თანახმად სმფ-ების თვითღირებულებამ შეადგინა 1 784 807 ლარი. კომპანიას ინვენტარიზაციებს შორის პერიოდში (25.06.2020-12.12.2022წწ.) შეძენილი აქვს სულ 4 809 073 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ამავე პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 2 682 574 ლარს.

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში.

არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იძლეოდა საშუალებას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულიყო სრულად, კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შეძენა-რეალიზაციის დოკუმეტებზე დაყრდნობით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისი ჯგუფების მიხედვით, რომელიც გავრცელებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, ასევე, გადასახადის გადამხდელის მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, ასევე, გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გაწეული ხარჯები (აღნიშნული განსაზღვრულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად), ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, შემდეგი:

. საცალო რეალიზაციების შემთხვევაში სმფ-ების ჩამოწერა გადამხდელის მიერ განხორციელებულია ყოველდღიურად, თუმცა შესაბამისი შემოსავალი პროგრამულად აღიარებულია ჯამურად, საანგარიშო პერიოდების ბოლოს, შესაბამისად, საცალო რეალიზაციის ნაწილში ვერ განხორციელდა ჩამოწერილი საქონლის თვითღირებულებისა და აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დაკავშირება. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაციის წილი გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვაში შეადგენს სრულ შესამოწმებელ პერიოდში 15%-ს (საწარმო რეალიზაციისას პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გამოწერას ახორციელებდა მხოლოდ 2022 წლის თებერვლის თვის ჩათვლით);

. ინფორმაცია გადამხდელის მიერ გაწეული მარკეტინგული მომსახურებების შესახებ შესწავლილ იქნა შემოწმების პროცესში და შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა შემოწმების შედეგებში. კერძოდ, თითოეული მარკის საქონელი, რომლებთან დაკავშირებითაც გადამხდელს სხვადასხვა კომპანიასთან დადებული ჰქონდა მარკეტინგული მომსახურების ექსკლუზიური ხელშეკრულება, შემოწმებით რეალიზებულად ჩათვლილ იქნა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად, კერძოდ, აღნიშნული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა იმ უარყოფითი მნიშვნელობის მქონე ფასნამატების გათვალისწინებით, რაც დაუდგინდა თითოეული მარკის საქონელს დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას;

. გადამხდელის მიერ მითითებული ფასნამატი არ არის შესაბამისობაში არც ინვენტარიზაციის შედეგად განსაზღვრულ ფასნამატთან, არც შემოწმებით დადგენილ დოკუმენტურ ფასნამატთან. ამასთან, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლები არ თანამშრომლობდნენ შემმოწმებელ პირებთან, შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილი სახით, რის გამოც შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები ნაწარმოები აქვს არასრულყოფილი სახით, ვერ ხორციელდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სმფ-ების ინვენტარიზაციებს შორის პერიოდში შეძენილი აქვს სულ 4 809 073 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ამავე პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 2 682 574 ლარს, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შეძენა-რეალიზაციის დოკუმეტებზე დაყრდნობით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისი ჯგუფების მიხედვით, რომელიც გავრცელებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ხოლო ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----ის“ (ს/ნ -------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორის ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6470 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი ივლისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №32602 ბრძანება და №001-310 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 007 177 ლარი.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები ნაწარმოები აქვს არასრულყოფილი სახით, ვერ ხორციელდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სმფ-ების ინვენტარიზაციებს შორის პერიოდში შეძენილი აქვს სულ 4 809 073 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ამავე პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 2 682 574 ლარს, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით .

ხოლო ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1);