გადაწყვეტილება №18099/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18099/2/2022
22.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 28.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18099/2/2022).
დავის საგანი:
საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 3.08.2022 წლის №EL178002 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 12.10.2022 წლის №25969 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 16 669,87 ლარი.
ფაქტების აღწერა
შპს „----------“-ს 14.06.2022 წლის №104875/21-10-20 განცხადებით ცნობილი გახდა, რომ №„----------“ და №„----------“ ავიაზედდებულებით შემოტანილ და №„----------“ საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეულ საქონელთან ერთად, მომჩივნის საბაჟო საწყობიდან შეცდომით გატანილია №„----------“ ავიაზედდებულით ჩამოსული საქონელიც (საბაჟო ღირებულება – 16 669,87 ლარი), რაც დასტურდება შპს „----------“-ს 17.06.2022 წლის №107641/21-10-20 წერილით.
საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, მომჩივანს, 3.08.2022 წლის №EL178002 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შპს „----------“-თან (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL178006 (3.08.2022 წ.)), სოლიდარულად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 16 669,87 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
საბაჟო დეპარტამენტის 3.08.2022 წლის №EL178002 სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.10.2022 წლის №25969 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული ქმედება კი წარმოადგენს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი მოქმედებები მომჩივნის მხრიდან არ განხორციელებულა.
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში არასწორად განმარტავს კომპანიის არგუმენტაციას. შემოსავლების სამსახურის შეხედულებით კომპანიის საჩივარი ეფუძნება იმას, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სანქციის სოლიდარულად დაკისრება იწვევს მის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას, თუმცა საჩივარში მსგავსი პოზიცია არ არის დაფიქსირებული.
საჩივარში მითითებული პოზიცია იყო შემდეგი:
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სოლიდარულად დაჯარიმდა შპს „----------“ და შპს „----------“. ჯარიმის ჯამურმა თანხამ შეადგინა 16 666,89 ლარი.
სანქციის თანხა შედგება იმ საბაჟო მოსაკრებლისგან, რომელიც დაკავშირებული იყო შპს „----------“-ს კუთვნილ ტვირთთან და რომელიც შპს „----------“-მა განკარგა კიდეც და სარგებელიც მიიღო.
სოლიდარულად დაკისრებული თანხა შემოსავლების სამსახურის მიერ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე ჩამოეჭრა მხოლოდ შპს „----------“-ს, ხოლო „----------“-მა საერთოდ არანაირი პასუხისმგებლობა არ გაიზიარა. ამასთან, მიიღო შემოსავალიც.
კომპანია განმარტავდა, რომ იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ ვინაიდან თანხა უკვე მთლიანად ჩამოიწერა მისი ანგარიშიდან, ხოლო შპს „----------“-მა არანაირი პასუხისმგებლობა არ გაიზიარა, შპს „----------“-მ დაკარგა კანონიერი ურთიერთთანასწორობის ბერკეტი და ერთადერთი გზა, რათა მოლაპარაკების გზით ეიძულებინა შპს „----------“, რომ მას აეღო თანაპასუხისმგებლობა. შესაბამისად შპს „----------“-თან დავის განხილვის მხოლოდ ერთი გზა - სასამართლო დარჩა. ეს კი გამოიწვევს დამატებით არაგონივრულ ხარჯებს და სახელმწიფო და კერძო ადამიანური რესურსისა და დროის ფლანგვას.
შპს „----------“-ს არ მოუთხოვია სადავო ოქმის ბათილად ცნობა არაკანონიერების გამო, არამედ მოითხოვა სანქციის არა შპს „----------“-ზე, არამედ შპს „----------“-ზე დაკისრება იმის გამო, რომ შპს „----------“-მა მოახდინა საქონლის რეალიზაცია, შემოსავლის მიღება, ჯარიმის თავისი კუთვნილი წილის არ გადახდა და მოხდა ჯარიმის თანხის მთლიანად შპს „----------“-გან ამოღება ანუ შპს „----------“-ს არ ჰქონდა არგუმენტაცია მასზედ, რომ სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული სოლიდარობა უნდა მოხსნილიყო და აღნიშნული მთლიანად უნდა გადაეხადა შპს „----------“-ს. ეს გარემოება კი შემოსავლების სამსახურმა მთლიანად უგულებელყო და ბრძანებაში იმსჯელა იმგვარად, თითქოს შპს „----------“ ამტკიცებდა, რომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობდა.
შპს „----------“ თავიდანვე მზად იყო თანაბარწილად ეგო პასუხი სამართალდარღვევაზე, მითუმეტეს, რომ სანქცია იყო სოლიდარული, მაგრამ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მომხდარა აღნიშნული სანქციის სოლიდარულად აღსრულება და თანხა მხოლოდ შპს „----------“-გან ამოიღო, რის გამოც მოითხოვა, რომ თანხის გადახდა მას მთლიანად არ უნდა დაკისრებოდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი დამე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
ამავე კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:
1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს, რომ კომპანიის საბაჟო საწყობიდან - საბაჟო კონტროლის ზონიდან საქონელი გატანილია საბაჟო პროცედურაში მოქცევის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქონლის მიმართ განხორციელდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის განმარტებით კომპანიამ თავად აღმოაჩინა, რომ საბაჟო საწყობიდან გატანილია განუბაჟებელი საქონელი. კომპანია ეთანხმება საბაჟო ორგანოს, რომ განხორციელდა საქონლის განკარგვა, გარკვეული (ადამიანური ფაქტორის) მიზეზით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტვირთის მფლობელმა მიიღო ის სარგებელი (საქონლის რეალიზაციით), რასაც ისედაც მიიღებდა იმპორტის გადასახდელების გადახდის შემთხვევაში, თუმცა უსამართლოდ სოლიდარული პასუხისმგებლობის ქვეშ მთლიანი ჯარიმის თანხის გადახდა საბაჟო ორგანომ განახორციელა მხოლოდ შპს „----------“-ს საბანკო ანგარიშების დაყადაღების და თანხის ჩამოჭრის გზით, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება, კერძოდ ჯარიმის გადახდის აღსრულება უნდა მომხდარიყო სხვაგვარად ანუ თანაბარწილად ჩამოჭროდა ორივე კომპანიას და შპს „----------“-ს არ უნდა გადაეხადა სხვა კომპანიის მიერ გადასახდელი იმპორტის გადასახდელების 100%, რაც ისედაც უნდა გადაეხადა მეორე კომპანიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ კომპანიებს თანაბარწილად უნდა ეგოთ პასუხი სამართალდარღვევაზე და საბაჟო ორგანოს მიერ ჯარიმის მთლიანი თანხის ამოღება მხოლოდ შპს „----------“-გან არ უნდა მომხდარიყო.
საბჭო განმარტავს, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობა არის შემთხვევა, როდესაც თითოეული პასუხისმგებელი პირი პასუხისმგებელია მთლიან ვალდებულებაზე სრულად, ხოლო საბაჟო ორგანოს შეეძლო სოლიდარულად პასუხისმგებელი პირებისთვის მოეთხოვა ჯარიმის გადახდა როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.