განჩინება N 3ბ-1991-16
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე №330310116001313857
საქმე №3ბ-1991-16
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
9 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია ქუთათელაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი -შპს -------------
წარმომადგენელი - ------------
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭო, სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენლები -
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.
1.აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება სასაწჩელო მოთხოვნა სრულად.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს ------------------ სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ-1; ს.ფ. 177-186).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 14 ივლისს, 09:12 საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შპს ---------------- მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №134581, ოქმის შდგენის ადგილია თბილის, --------- ს გზატკეცილი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი 2015 წლის 14 ივლისის №134581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად 2015 წლის 14 ივლისს, 08:57 საათზე გადამოწმდა ოპელის მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით ...., რა დროსაც დადგინდა, რომ ა. ც. ახორციელებდა შპს -------- სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1349 (ათასსამასორმოცდაცხრა) ლარის ღირებულების ძეხვეულის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რითაც დაარღვია საქართვლოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შპს -------- დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარით.
2.1.2. 2015 წლის 29 ივლისს, 11:15 საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს --- მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №118979, ოქმის შედგენის ადგილია ------- ს ქუჩა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი 2015 წლის 29 ივლისის №118979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად 2015 წლის 29 ივლისს, 10:54 საათზე, -------ში, -------ის ქუჩაზე გადამოწმდა მერსედესის მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით ......, რა დროსაც დადგინდა, რომ ზ. კ. ახორციელებდა შპს ---------- სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (უკანდაბრუნებული, ვადაგასული, 500 ლარამდე ღირებულების ძეხვეულის) ტრანსპორტირებას ზედნადების გარეშე, რითაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შპს ------- დაჯარიმდა 5000 (ხუთიათასი) ლარით.
2.1.3. 2015 წლის 29 ივლისს შპს ------------ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 2015 წლის 14 ივლისის N134581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმება მოითხოვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 აგვისტოს N30665 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.1.4. 2015 წლის 6 აგვისტოს, შპს -------------საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივლისის №118979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმება მოითხოვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს №31361 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.1.5. შპს „----------“ 2015 წლის 01 სექტემბრის N11107/2/15 საჩივრითა და 2016 წლის 17 მარტის 11106/2/15 საჩივრით მიმართა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს. განმცხადებელმა მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 14 ივლისის N134581 და 2015 წლის 29 ივლისის N118979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 აგვისტოს N30665 და 2015 წლის 19 აგვისტოს N31361 ბრძანებების გაუქმება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ნაწილობრივ გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 14 ივლისის N134581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა 2015 წლის 14 ივლისის N134581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.1.6. სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 14 ივლისს შპს --------- მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, სადაც ავტომობილის ნომრად მითითებულია ......., ტრანსპორტირების დაწყების დროდ - 2015 წლის 14 ივლისი, 09:00 საათი, ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია - თბილისი, ------- ს ქ. ხოლო დასრულების ადგილად --------.
2015 წლის 14 ივლისს, ასევე, გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, სადაც ავტომობილის ნომერია ....., ტრანსპორტირების დაწყების დრო - 2015 წლის 14 ივლისი, 09::00 საათი, ხოლო ტრანსპორტირების დაწყების ადგილი --------, დასრულების ადგილი -------,დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 14 ივლისის N134581 და 2015 წლის 29 ივლისის N118979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 აგვისტოს N30665 და 19 აგვისტოს N31361 ბრძანებები. ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულო კოდექსის მეორე მუხლის, პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილვევი დავის ფარგლებში.
2.2.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო მართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადებები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადებების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადებების გარეშე შენახვა. ამავე კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს - იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით - იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო მე-8 ნაწილის თანახმად კი ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, სქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების, უფლებამოსილი პირები, ხოლო მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე Nბს-222-219(კ-14), რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდარღვევითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე. ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი - საგადასახადო სამართალდარღვევა, ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი. კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციის საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 14 ივლისის N134581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შპს -------- დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარით, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივლისის N118979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შპს ------- დაჯარიმდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით. ამასთან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 14 აგვისტოს №30665 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 14 ივლისის N134581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა 2015 წლის 14 ივლისის N134581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისაგან.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2015 წლის 14 ივლისს მის მიერ ადგილი არ ჰქონია სამართალდარღვევის ჩადენას, რადგან 2015 წლის 14 ივლისს, 01;00 საათზე გამოწერილი ჰქონდა ელექტრონული ზედნადები, ამასთან, საქონელსაც ახლდა ამობეჭდილი ზედნადები, მართალია ზედნადების გააქტიურების დრო იყო 09:00 საათი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება გადამოწმდა 08:57 საათზე, როდესაც გააქტიურებული არ იყო ზედნადები, მაგრამ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოწერისას 09:12 საათზე უკვე გააქტიურებული იყო სასაქონლო ზედნადები და გადასახადის გადამხდელის ქმედებას გადასახადების აღურიცხაობა არ მოჰყოლია შედეგად და არსებითი მნიშვნელობა არ უნდა მინიჭებოდა იმ ფაქტს, რომ საქონლის ტრანსპორტირება 3 წუთით ადრე დაიწყო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამასთან დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არცერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, ხოლო მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.
აღნიშნული ბრძანების 25¹ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე; ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მესამე სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება) დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის, ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის უკან დაბრუნება); ე. მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილი, მისამართი); ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე. ვ.ა) საავტომობილო; ვ.ბ) სარკინიგზო; ვ.გ) საავიაციო; ვ.დ) სხვა; ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა: ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი; ზ.გ) მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველი/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება; თ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ბ“- „ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მე-10 მე-12 სტრიქონები არ ივსება; ი) ზედნადების ცხრილში იწერება: ი.ა) I სვეტში - საქონლის რიგითი ნომერი; ი.ბ) II სვეტში საქონლის დასახელება; ი.გ) III სვეტში - საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი); ი.დ) IV სვეტში - საქონლის ზომის ერთეული; ი.ე) V სვეტში - საქონლის რაოდენობა; ი.ვ) VI სვეტში- საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის, დღგ-ს ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); ი.ზ) VII სვეტში - საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის, დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად); ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა. სახელი და გვარი, ხოლო მე-16 სტრიქონში - გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, როლო მე-17 სტრიქონში - მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); ო) მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა; პ) მე-14 და მე-19 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 25¹ მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქონლის ტრანსპორტირებისას ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილი ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის. აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს სამართალდარღვევას და პირს არ დაეკისრება ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებლობით ცალსახადაა დადგენილი ტრანსპორტირებით დაწყებისთანავე, ზედნადების გამოწერების ვალდებულება. ვინაიდან ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, მისი გამოწერა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო მიზნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, რამეთუ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები სწორედ გადასახადების დროულად და ჯეროვნად გადახდასთან არის დაკავშირებული.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2015 წლის 14 ივლისს გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, სადაც ავტომობილის ნომრად მითითებულია ......., ტრანსპორტირების დაწყების დროს - 2015 წლის 14 ივლისი, 09:00 საათი, ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია - თბილისი, ------- ს ქ. ხოლო დასრულების ადგილად --------. ამასთან, იმავე დღეს გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში, სადაც ავტომობილის ნომრად აღნიშნულია, ასევე ...., ხოლო ტრანსპორტირების დაწყების დროდ -2015 წლის 14 ივლისი, 09:00 საათი, ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია -------, ხოლო დასრულების ადგილად - თბილისი.
მხარეთა შორის სადავოდ არ არის ქცეული ის ფაქტი, რომ სასაქონლო ზედნადების ატვირთვა და მისი გააქტიურება არ არის იდენტური ქმედება. სასაქონლო ზედნადების ატვირთვა, მისი შემადგენელი ყველა სტრიქონის შევსება ავტომატურად არ გულისხმობს მის გააქტიურებას. ამასთან საგადასახადო მიზნებისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებისას განსაზღვრულია სწორედ სასაქონლო ზედნადების გააქტიურების დრო, 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებაში პირდაპირაა მითითებული, რომ ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს, რასაც მოცემულ შემთხვევაშია ადგილი არ ჰქონია. მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც გულისხმობს როგორც სასაქონლო ზედნადების არარსებობას, ასევე სასაქონლო ზედნადების გამოწერის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და მისი სათანადო წესით აუმოქმედებლობას. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ელექტრონულ ბაზაში ამოწმებს, რამდენად არის გააქტიურებული სასაქონლო ზედნადები, ხოლო მისი გააქტიურება სწორედ გადასახადი გადამხდელის მიერ ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ღილაკის დაჭერითაა შესაძლებელი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალების მიერ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისას სასაქონლო ზედნადები გააქტიურებული არ იყო. არ გამორიცხავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობას. სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ 2015 წლის 14 ივლისს მოსარჩელის მიერ ატვირთულ სასაქონლო ზედნადებში საქონლის ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია თბილისი, ------- ს ქუჩა, ხოლო გადამოწმებისას, 08:57 საათზე. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია თბილისში, -------ის გზატკეცილზე, რაც ასევე მოწმობს იმ ფაქტს, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება დაიწყო ზედნადებში მითითებულ დროზე ადრე და გარკვეული დროის განმავლობაში საქონლის ტრანსპორტირება მოხდა ზედნადების გარეშე, რამეთუ იგი ამოქმედებული არ ყოფილა 2015 წლის 14 ივლისის 09:00 საათამდე. გარდაა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა დაკავშირებულია ცალკეული პროცედურების განხორციელებასთან და საჭიროებს გარკვეულ დროს, რომლის განმავლობაშიც გადასახადის გადამხდელმა შესაძლებელია, მოახდინოს სასაქონლო ზედნადების გააქტიურება. სწორედ აღნიშნული განაპირობებს იმ ფაქტს, რომ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ტრანსპორტირების განხორციელებისას ელექტრონული სასაქონლო ზედნადების არსებობას და ტრანსპორტირების დაწყების დრო წინ არ უნდა უსწრებდეს სასაქონლო ზედნადების გააქტიურების დროს. შესაბამისად, მოსარჩელემ ჩაიდინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა.
რაც შეეხება 2015 წლის 29 ივლისის N118979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავოდ არ ხდიდა იმ ფაქტს, რომ 29 ივლისს განხორციელებულ ოპერაციებზე საჭირო იყო სასაქონლო ზედნადების გამოწერა. ამასთან 2015 წლის 29 ივლისს გამოწერილი სასაქონლო ზედნადები არ შეიცავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მითითებას, რომლითაც მოხდა საქონლის ტრანსპორტირება. შესაბამისად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მხარის მიერ ადგილი ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 14 ივლისს გაცემული სამართალდარღვევის ოქმი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, კანონიერია 2015 წლის 29 ივლისს მოსარჩელისთვის ჯარიმის განსაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რამეთუ ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ 3.1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უდავოდ მიჩნევისას არასწორად მიიჩნია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის არმქონედ ის გარემოება, რომ 2015 წლის 14 ივლისს 09:12 საათზე შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს „--------“ მიმართ სამართალდარღვევის ოქმის N134581 გამოწერა მოხდა ქ. თბილისში, -------ის გზატკეცილზე, უფრო კონკრეტულად -------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სასაქონლო ზედნადების გააქტიურების თარიღი პროგრამაშ განსაზღვრული იყო 09:00 საათად, ხოლო დღის იმ პერიოდში, როდესაც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააჩერეს შპს ---------- ავტომობილი ტრანსპორტირების დაწყების ადგილიდან გაჩერების ადგილამდე ავტომობილი დაახლოებით 5-7 წთ-ში მივიდოდა. აღნიშნულ ფაქტს არსებითი მნიშვნელობა აქვს ქმედების სამართალდარღვევად შეფასებისათვის და ამიტომ სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა აღნიშნულ გარემოებაზე. ასევე სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის არმქონედ ის გარემოება, რომ შპს ---------- წარმომადგენელს არ დაურეკია არავისთან ზედნადების ატვირთვის თხოვნით. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდეგენილი ვიდეომასალით.
3.1.2. სასამართლომ საქმისთვის მინშვნელობის მქონედ არასწორად მიიჩნია 3.1.6. პუნქტში უდავოდ დადგენილი გარემოება, რომელიც ეხება შპს ------------- მიერ გამოწერილ ზედნადებებში, რომლებიც ეხება ერთი და იგივე ავტომობილს და ტრანსპორტირების ადგილად ერთ შემთხვევაში განსაზღვრულია ქ. თბილისი -------ს ქ. N4, ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. -------, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ს.ფ. 104-112) დასტურდება, რომ სასაქონლო ზედნადებების სიაში მითითებულია აღნიშნული ავტომობილის მიერ ტრანსპორტირებული და უკანდაბრუნებული ზედნადებების სია. უკანდაბრუნებული სასაქონლო ზედნადებების ტრანსპორტირების ადგილი იყო ქ. ------- და შპს ------------- სათაო ოფისიდან დილით გასულ ავტომობილს სავაჭრო ქსელიდან უნდა დაებრუნებინა აღნიშნული ზედნადებების საფუძველზე პროდუქცია. გარდა ამისა, 2015 წლის 14 ივლისის სამართალდარღვევის ოქმი N134581 ეხება სასაქონლო ზედნადების გარეშე პროდუქციის ტრანსპორტირებას და აღნიშნული სია მასთან კავშირში არაა.
3.1.3. სასამართლომ საქმისთვის მნიშვნელობის არმქონედ არასწორად მიიჩნია ის უდავო გარემოება, რომ მხარეები დავის განხილვისას ადასტურებდნენ, რომ 2015 წლის 14 ივლისს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს ------- მიმართ სამართალდარღვევის ოქმის N134581 შედგენისას ტრანსპორტირებული პროდუქცია შეესაბამებოდა თან მქონე სასაქონლო ზედნადებებს და ასევე 09:00 საათზე გააქტიურებულ სასაქონლო ზედნადებებს. რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს --------------- მიერ ადგილი არ ჰქონია შემოსაველბის დამალვის ფაქტს. ასევე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის არმქონედ არასწორად მიიჩნია ასევე ის გარემოება, რომ ყველა სასაქოლო ზედნადებები გააქტიურებული იყო 09:00 საათზე და არ დასტურდება ის გარემოება, რომ ზედნადებები გააქტიურებულია ავტომობილის გადამოწმების მერე. ამ შემთხვევაში ყველა ზედნადები გააქტიურდებოდა სათითაოდ და გააქტიურების თარიღი იქნებოდა სხვადასხვა.
3.1.4. სასამართლომ სამართლებრივი შეფასებისას არასწორად განმარტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 286-ე და 269-ე მუხლები და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის, აღნიშნული ნორმების განმარტებისას მნიშვნელოვანია მათი ერთბლიობაში განხილვა და საგადასახადო კოდექსის მიზნების შესაბამისად მისი განმარტება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ქმედების შეფასებისას გათვალისწინებული იყოს მისი შესაბამისობა სადასახადო კანომდებლობის მიზნებთან და რამდენად ირღვევა, პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება საგადასახადო კანონმდებლობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ფინანსთა სამინისტროთან არსებული დავების განხივის საბჭოს მიერ საჩივრის განხილვისას, დავების განხივის საბჭომ მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით“. ამისტომ საბჭომ მიიჩნია, რომ შპს ----“ ცდილობდა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვას და მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით, იგი მოქმედებდა იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია მისი გათავისუფლება დაკისრებული სანქციისგან. ისევე, როგროც ფინანსთა სამინისტროთან არსებული დავების განხივის საბჭომ, ასევე სასამართლომ არასწორად შეაფასა 2016 წლის 14 ივლისს შპს ------ მიერ პროდუქციის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სამართალდარღვევად. მოცემულ შემთხვევაში შპს -------- ქმედება, რომ განისაზღვროს, როგორც სამართალდარღვევა მნიშვნელოვანია შპს ----------- მიზანი. ამ შემთხვევაში არ იკვეთება ის მიზანი, რომ გადასახადის გადამხდელს დაერღვია საგადასახადო კოდექსით ნაკისრი ვალდებულებები. განხილვის საბჭო უთითებს შპს ----------- არაბრალეულ ქმედებებზე და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დოკუმენტებში, რომლებიც ახლდა პროდუქციას სრულად შეესაბამებოდა ავტომობილში განთავსებულ ტვირთს და ასევე ელექტრონულ ზედნადებებს. ამიტომ შპს ------ მიზნის - დამალოს შემოსავლები, არ არსებობის გამო, აღნიშნული დარღვევა არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
2016 წლის 14 ივლისს არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ----------------- მიერ დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-3 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები და სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, 2015 წლის 14 ივლისის N134581 სამართალდარღვევის ოქმი ეხება, პროდუქციის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპოერტირებას, რაც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სამართალდარღვევის ოქმის გამოწერის დროისათვის სასაქონლო ზედნადებების სისტემაში გააქტიურებული იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გადაემოწმებინათ ზედნადების ატვირთვისა და გააქტიურების თარიღი. როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდედბა, შპს ------- წარმომადგენელს არ ჰქონია შესაძლებლობა შეტყობინება გაეგზავნა შპს -------- ოფისში, რათა გადამოწმების შემდეგ ატვირთულიყო ზედნადებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ „საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა დაკავშირებულია ცალკეული პროცედურის განხორციელებასთან და საჭიროებს გარკვეულ დროს , რომლის განმავლობაშიც გადასახადი გადამხდელმა შესაძლებელია, მოახდინოს სასაქონლო ზედნადებების გააქტიურება, რაც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ არებით მნიშვნელობა ენიჭება ტრანსპორტირების განხორციელებისას ელექტრონულის სასაქონლო ზედნადების არსებობას და ტრანსპორტირების დაწყების დროს წინ უნდა უსწრებდეს სასაქონლო ზედნადების გააქტიურების დროს“. მოცემულ შემთხვევაში არარსებითია, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ზედნადებები სისტემის მეშვეობით ავტომატურად გააქტიურდა 09:00 საათზე.
ასევე არ იკვეთება გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ შპს ------- დარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას. ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ტრანსპორტირებული პრდუქცია შეესაბამებოდა, როგორც ამობეჭდილი სახით წარმოდგენილ სასაქონლო ზედნადებებს, ასევე 09:00 საათზე გააქტიურებულ ზედნადებებს. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი სასამართლოსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში და სადავოდ არ ხდის ამ გარემოებას.
2015 წლის 14 ივლისის 09:12 საათისთვის არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ შპს -------- მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შედგენილიყო სამართალდარღვევის იქმი, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ ტრანსპორტირების დაწყების ადგილიდან ოქმის შედგენის ადგილამდე (-------) დღის იმ მონაკვეთში ავტომობილს ტრანსპორტირებისთვის ესაჭიროება დაახლოებით 5-7 წუთი. გაურკვეველია, რამ გამოიწვია ტრანსპორტირების 10 წუთით ადრე დაწყება, რაც წარმოადგენს გაუფრთხილებელ ქმედებას და არა მიზანმიმართულ ქმედებას საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის მიზნით, როგორც სასამართლომ მიუთითა, მხარეთა შორის სადავოდ არ ქცეულა ის გარემოება, რომ სასაქონლო ზედნადების ატვირთვა და მისი გააქტიურება არ არის ერთმანეთის იდენტური ქმედება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი გარემოება ხელს უწყობს შემოსავლების დამალვას. აღნიშნული გარემოება ეხება მხოლოდ ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, რომელიც შეიძლება არ ემთხვევოდეს სასაქონლო ზედნადების გააქტიურების თარიღს. შპს -------- ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და დღის განმავლობაში სადისტრიბუციო ქსელში ასობით მყიდველს აწვდის პროდუქციას. ამიტომ სასაქონლო ზედნადებები სისტემაში იტვირთება წინასწარ, საქმიაონობის ოპერატიულად განხორციელების მიზნით, რათა დილით მუშაობას ხელი არ შეეშალოს გაუთვალისწინებელი მიზეზებით. მოცემულ შემთხვევაში შპს -------- მიზანი შემოსავლების დამალვა არ ყოფილა. მას ისევე, როგროც ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს. ჰქონდა შესაძლებლობა გააქტიურებული ზედნადებები შემოსავლების დაფარვის მიზნით სისტემაში გაეუქმებინა, რაც არ დაფიქსირებულა.
იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილის ტრანსპორტირება დაიწყო სასაქონლო ზედნადების გააქტიურებიდან 10 წუთით ადრე, ხოლო ავტომობილის მძღოლს არ ჰქონდა შესაძლებლობა ეცნობებინა შპს ------- წარმომადგენლებისთვის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შემოწმების შესახებ და სასაქონლო ზედნადებები ავტომატურა გააქტიურა 09:00 საათზე და შეესაბამებოდა როგორც თან არსებულ ზედნადებებს, ასევე პროდუქციას, არ არსებობს შპს -------- მიერ სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელი გარემოებები, რასაც ადასტურებს გადასახადი გადამხდელის მიზანი, მისი ქმედებები შეესაბამებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნებს.
3.1.5. რაც შეხება 2015 წლის 29 ივლისის N118979 სამართალარღვევის ოქმს, გამომდინარე იქიდან, რომ 2015 წლის 14 ივლისის სამართალარღვევის ოქმი უკანონო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული სამართალდარღვევა არ ითვლება განმეორებით ჩადენილად, ამიტომ არ არებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შპს -------- დაჯარიმების საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილების დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულს საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. საქმის ამ მასალებით დადგენილია, რომ შპს ------- სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 14 ივლისის №134581 და 2015 წლის 29 ივლისის №118979 საგასახადო სამართალდარღვევის ოქმების ბათლად ცნობა;
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 აგვისტოს №30665 და 2015 წლის 19 აგვისტოს №31361 ბრძანებების ბათილად ცნობა;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთანა არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტლების (საჩივარი №11107/2/15 და №11106/2/15) ბათილად ცნობა (ტ-1; ს.ფ. 1-11).
4.1.2. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ 2015 წლის 14 ივლისს, 09:12 საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს „------“ ის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N134581. ოქმის შეგენის ადგილია თბილისი, -------ის გზატკეცილი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 14 ივლისის N134581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2015 წლის 14 ივლისს, 08:57 საათზე, გადამოწმდა ოპელის მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით ....., რა დროსაც დადგინდა, რომ (მძღოლი)... ახორციელებდა შპს „-----“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1349 (ათასსამასორმოცდაცხრა) ლარის ღირებულების ძეხვეულის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. რითაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შპს „-------“ დაჯარიმა 500 (ხუთასი) ლარით (ტ-1; ს.ფ. 155).
4.1.3. 2015 წლის 29 ივლისს, 11:15 საათზე სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს „--------“ მიმართ შედგა საგადსახადო სამართალდარღვევის ოქმი №118979. ოქმის შედგენის ადგილია -------, -------ის ქუჩა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივლისის №118979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2015 წლის 29 ივლისს, 10:54 საათზე, -------ში, -------ის ქუჩაზე, გადამოწმდა მერსედესის მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით ....., რა დროსაც დადგინდა, რომ ზ. კ. ახორციელებდა შპს „----" სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (უკანდაბრუნებული, ვადაგასული, 500 ლარამდე ღირებულების ძეხვეულის) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რითიც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შპს „-------“ დაჯარიმდა 5000 (ხუთიათასი) ლარით (ტ-1; ს.ფ. 117).
4.1.4. 2015 წლის 29 ივლისს, შპს „--------“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 14 ივლისის №134581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმება მოითხოვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 აგვისტოს №30665 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ- I; ს.ფ. 18-19).
4.1.5. 2015 წლის 6 აგვისტოს, შპს „-----“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მოწიტორინბის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივლისის N118979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმება მოითხოვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 19 აგვისტოს N31361 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა ((ტ-1; ს.ფ 20-21).
4.1.6. შპს „------“. 2015 წლის პირველ სექტემბერს №11107/2/15 საჩივრითა და 2016 წლის 17 მარტს №I11106/2/15 საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 14 ივლისის №134581 და 2015 წლის 29 ივლისის №118979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 აგვისტოს №3065 და 2015 წლის 19 აგვისტოს №31361 ბრძანებების გაუქმება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ნაწილობრივ გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 აგვისტოს №30665 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 14 ივლისის №134581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადახდელი გათავისუფლდა 2015 წლის 14 ივლისის N134581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისაგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ-I1; ს.ფ. 27-33).
4.1.7. საქმის მასალებით ასევე დადგეწილია, რომ 2015 წლის 14 ივლისს, შპს „----“ მიერ გამოწერილია სასაქონლო %ედნადებები, სადაც ავტობომილის ნომრად მითითებულია ----, ტრანსპორტირების დაწყების დროდ - 2015 წლის 14 ივლისი, 09:00 საათი. ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია - თბილისი, -------ს ქ., ხოლო დასრულების ადგილად - -------ი,2015 წლის 14 ივლისს, ასევე, გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, სადაც ავტომობილის ნომერია -----, ტრანსპორტირების დაწყების დრო - 2015 წლის 14 ივლისი, 09:00 საათი, ხოლო ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - -------, დასრულების ადგილი - თბილისი (ტ-1; ს.ფ. 102-114).
სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1, სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილის სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენლ ფაქტობრივ გარემოებებს ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო სასამართლო იზიარებს სასაქონლო ზედნადების ატვირთა და მისი გააქტიურება არ არის ერთმანეთის იდენტური ქმედება. სასაქონლო ზედნადების ატვირთვა, მისი შემადგენელი ყველა სტრიქონის შევსება ავტომატურად არ გულისხმობს მის გააქტიურებას. ამასთან, საგადასახადო მიზნებისთვის, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებისას განმსაზღვრელია სწორედ სასაქონლო ზედნადების გააქტიურების დრო. 2010 წლის 31 დეკემზრის N996 ბრძანებაში პირდაპირაა მითითებული, რომ ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც გულისხმობს როგორც სასაქონლო ზედნადების არარსებობას, ისე სასაქონლო ზედნადების გამოწერის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და მისი სათანადო წესით აუმოქმედებლობას. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ელექტროწულ ბაზაში ამოწმებს, რამდენად არის გააქტიურებული სასაქონლო 'ზედნადები, ხოლო მისი გააქტიურება სწორედ გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ღილაკის დაჭერითაა შესაძლებელი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სატრანსპორტო საშუალების მიერ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისას სასაქონლო ზედნადები გააქტიურებული არ ყოფილა, ხოლო მისი ამობეჭდილი სახით წარდგენა საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლისთვის, როდესაც ელექტრონულად სასაქონლო ზედნადები ამოქმედებული არ იყო, არ გამორიცხავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწიწებული სამართალდარღვევის არსებობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თელის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
სასამართლო ხარჯები:
5.2..2. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს „-----"-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. .უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაცკიო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ თბილისი ძმები ზუბალაშვილების ქ. №132, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. როზაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
თავმჯდომარე ნათია ქუთათელამე
მოსამართლეები ქეთევან დუგლაძე
გიორგი ტყავაძე