გადაწყვეტილება №22168/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22168/2/2024
24 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 6.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22168/2/2024).
დავის საგანი:
სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №006-519 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33107 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 155 258,37 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 118 300
ჯარიმა - 32 861
საურავი - 4 097,37
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების შესწავლისას დადგინდა შემდეგი: გადამხდელის მიერ 2023 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში სასაქონლო ზედნადებით (№-------) შპს ------- შეძენილია 68,8 ტონა ნუში და ლობიო. გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის რეალიზაცია/დეკლარირება არ განხორციელებულა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 9.08.2023 წელს ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით სმფ-ების ნაშთი არ გამოვლინდა. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ბუღალტერია.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას. აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული საბაზრო ფასები და აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა პირის დასაბეგრი შემოსავლები, კერძოდ 1 კგ ნუშის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 38,5 ლარით, ხოლო 1 კგ ლობიოს საბაზრო ფასი 5,38 ლარით.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 14.06.2023 წლიდან და საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით დაერიცხა დღგ. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა - იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით პირს დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №006-519 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33107 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში სასაქონლო ზედნადებით შეძენილია 68,8 ტონა ნუში და ლობიო, რომლის რეალიზაცია/დეკლარირება არ განხორციელებულა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 9.08.2023 წელს ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით სმფ-ების ნაშთი არ გამოვლინდა.
გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არაა წარმოდგენილი საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ბუღალტერია. შედეგად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული საბაზრო ფასები და აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა პირის დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული საბაზრო ფასების გამოყენება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან 12 უწყვეტი თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია პირის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია.
ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში სასაქონლო ზედნადებით (№-------) შპს ------- პირადი მიზნებისათვის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად შეიძინა 68,8 ტონა ნუში და ლობიო, თუმცა იმის გამო, რომ შეძენილ საქონელს დაეკარგა იერსახე, გაუვარგისდა და შეეცვალა თვისობრიობა აღნიშნული საქონელი ვერც პირადი მიზნებისთვის გამოიყენა და მისი რეალიზაციაც შეუძლებელი გახდა. არც შემოწმების მიმდინარეობის ეტაპზე და არც შემდგომ პერიოდში შემოწმებას არ გააჩნია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შეძენილი საქონლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტს. უფრო მეტიც, შემმოწმებელი შემოწმების აქტში თავად ადასტურებს და აღნიშნავს, რომ „გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის რეალიზაცია/დეკლარირება არ განხორციელებულა“. თუ საქონლის რეალიზაცია არ განხორციელებულა და პირმა შეძენილი საქონელი გამოიყენა თავისი შეხედულებისამებრ არაეკონომიკური მიზნებისათვის, ეკონომიკური საქმიანობა არც განხორციელებულა. შესაბამისად, დარიცხვაც უკანონო და არასამართლიანია.
მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით ეფუძნება არსებულ საგადასახადო კანონმდებლობას:
დღგ-ის მიზნებისათვის ოპერაცია ეკონომიკურ საქმიანობად რომ დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
დღგ-ის კარის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება:
ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;
გ) ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით.
ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლები უნდა იყოს გამოყენებული საგადასახადო ორგანოს მიერ იმის დასადგენად, განხორციელებული ოპერაცია აკმაყოფილებს თუ არა ეკონომიკურ საქმიანობად დაკვალიფიცირების პირობებს. როგორც ვხედავთ დღგ-ის მიზნებისთვის კი ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება სამეწარმეო საქმიანობა საქონლის მიწოდების/მომსახურების გამწევი პირების საქმიანობა ქონების გამოყენება, რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით, ხოლო ერთჯერადი, არარეგულარული ხასიათის ოპერაციები (გარდა, არასაცხოვრებელი დანიშნულების ქონების მიწოდებისა) ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება და შესაბამისად არ დაიბეგრება დღგ-ით.
7.06.2023 წელს ერთჯერადად შეიძინა საქონელი, რომელიც ვერც კი განკარგა, შესაბამისად აღნიშნული საქონლის გამოყენება ატარებს ერთჯერად/არარეგულარულ ხასიათს და საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას.
დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად კი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლი, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიწოდებას განიხილავს.
გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. 7.06.2023 წელს ერთჯერადად შეძენილ საქონელზე დღგ-ის ჩათვლა არ მიუღია.
მაშასადამე, შემოწმების მასალებით:
1. დოკუმენტურად დადასტურებულია შესყიდვის ერთჯერადი ოპერაცია;
2. შეძენილი საქონლის რეალიზაცია/დეკლარირება არ განხორციელებულა;
3. შეძენილ საქონელზე დღგ არ აქვს ჩათვლილი.
საკუთრების უფლება აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. სახელმწიფო ვალდებულია არ ჩაერიოს და ხელყოს კერძო მესაკუთრის ინტერესები, ამასთან სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ხელი შეუწყოს უფლებით მშვიდობიან სარგებლობას და მის ფაქტობრივ რეალიზაციას.
პირის მიერ საქონლის მიწოდების შედეგად ქონების შემძენზე გადადის მესაკუთრის უფლებები, საკუთრება თავის თავში სამ კომპონენტს მოიცავს: ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას. მაშასადამე საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ პირი/მყიდველი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს ქონებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით სრულიად არაკონსტიტუციურია შემმოწმებლის პოზიცია აკონტროლოს ------- (ს/ნ -------) მიერ შეძენილი საქონელი, მისი შემდგომი განკარგვა-გამოყენება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც აღნიშნული შეძენა არ უკავშირდება პირის ეკონომიკურ საქმიანობას.
არსებული საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით ------- მიერ პირადი მიზნებისთვის საქონლის შეძენა განხილული არ უნდა იქნას ეკონომიკურ საქმიანობის ჭრილში, ვინაიდან ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება, მიწოდება და არა შეძენა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც შემმოწმებელი ეფუძნება არა მტკიცებულებათა ერთობლიობას, არამედ თავის მოსაზრებას, ეჭვებს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 9.08.2023 წელს ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით სმფ-ების ნაშთი არ გამოვლინდა. მაშასადამე არც მანამდე და არც შემდგომ პერიოდში საქონელი ვერ იქნება გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისთვის.
რაც შეეხება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პირობებს, აღნიშნული დარეგულირებულია საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლით, რომლის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით არ წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 14.06.2023 წლიდან, ვინაიდან მის მიერ არ განხორციელებულია დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციები, რომელთა ჯამური თანხა 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში აჭარბებს 100 000 ლარს. შესაბამისად შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხვა საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით კანონთან შეუსაბამოა. შეუსაბამოა ასევე საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად დარიცხული სანქცია, რომელიც ითვალისწინებს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობას, რომელიც იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
აღნიშნული საქონლის მიწოდება შპს ------- მიერ დაბეგრილია 2023 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციით, ხოლო ------- ახორციელებს შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდას მომწოდებლისთვის (შპს ------- 2023 წლის ივნისის თვის დეკლარაცია და გადახდის ქვითრები).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ შპს ------- 2023 წლის ივნისში სასაქონლო ზედნადებით შეძენილია 68,8 ტონა ნუში და ლობიო. აღნიშნული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების დეკლარირება არ განხორციელებულა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 9.08.2023 წელს ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით სმფ-ების ნაშთი არ გამოვლინდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ დიდი რაოდენობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილია იურიდიული პირისგან პირველადი საგადასახადო დოკუმენტის საფუძველზე.
ვინაიდან ინვენტარიზაციით დადგენილია, რომ მომჩივანს არ გააჩნია შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი, ხოლო აღნიშნული საქონელის რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ შეძენილი საქონელის მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული საბაზრო ფასებით რეალიზებულად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33107 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შეძენილი საქონელის მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული საბაზრო ფასებით რეალიზებულად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 165; 282;