გადაწყვეტილება №21279/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 01.02.2024
№ დოკუმენტი 21279/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21279/2/2023

01 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 9.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21279/2/2023).

 

დავის საგანი:

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დავის განახლებაზე უარი, საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 06.10.2022 წლის №061-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16951 ბრძანება;

3. შემოსავლების სამსახურის 26.10.2023 წლის №26421 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 388 123.63 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 212 571

დღგ - 120 946

საშემოსავლო გადასახადი - 91 625

ჯარიმა - 105 665

საურავი - 69 887.63

 

პროცედურული გარემოებები

ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით საგადასახადო დავის განახლების მოთხოვნით, მომჩივანმა, 23.06.2023 წელს, მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16951 ბრძანებით საჩივარი, დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №061-2 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

23.10.2023 წელს მომჩივანმა იგივე მოთხოვნით საჩივარი წარედგინა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.10.2023 წლის №26421 ბრძანებით საჩივარი განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის განახლების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრის მიხედვით ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, თუმცა საჩივარში არ არის განმარტებული, კონკრეტულად რა გარემოება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილს/გამოვლენილს. წარმოდგენილი საჩივრის შინაარსი მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში 3.11.2022 წელს წარმოდგენილი საჩივრის იდენტურია.

საჩივარში არ არის მითითებული გარემოება, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნას ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ ისეთ გარემოებად ან მტკიცებულებად, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი, დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საჩივარს აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №061-2 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №061- 2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებობს შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4382 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს „------- ს“ (ს/კ ------) ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო მიეცეს საჩივრის წარდგენის უფლება ვინაიდან გაერკვა დეტალებში და გადახედა საჩივრებს და აღმოაჩინა, რომ ადვოკატს არასრულად ჰქონდა გამოგზავნილი საჩივრები და არ ჰქონდა დასაბუთებული თუ რისთვის ითხოვდა საჩივრის დაბრუნებას.

მომჩივანი თვლის, რომ საჩივრის განხილვა ხელახლა უნდა მოხდეს იმიტომ, რომ არაპირდაპირი მეთოდი არ შესაბამებოდა აღნიშნულ დროს. დღგ-ის 120946, საშემოსავლოს 91625 ლარის ოდენობით. ვინაიდან პანდემია იყო და საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული იყო ყველა კომპანია შპს „-------” მუშაობდა ხოფის ბაზრობაზე და არ ჰყავდა დაქირავებული მუშახელი სიდუხჭირის გამო. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და შესაძლებლობას, მიეცეს საშუალება კვლავ მიმართოს აუდიტის დეპარტამენტს. არ ეთანხმება დარიცხვებს, მოითხოვს გონივრულ გადაწყვეტილების მიღებას.

მის კომპანიაში აუდიტის წერილის მისვლისთანავე აიყვანა ადვოკატი თუ აუდიტი ზუსტად მის კვალიფიკაციაში გარკვეული არ არის მას უნდა ჰქონოდა კონტაქტი აუდიტორთან ასევე ყველა წერილს და პასუხს უნდა გაცნობოდა ვინაიდან მისი გაჭირვების მიუხედავად 5000 ლარი წამებით და პროცენტიანი ვალებით გადაუხადა. მის მერე თვითონ არ დაინტერესებულა, როცა ფინანსურში დაიბარეს ეგონა რომ დავებთან დაკავშირებით იბარებდნენ, ვინაიდან არჩილ ბოლქვაძე მას არ ეკონტაქტებოდა 23.06.2023 წლის №107364/21 6.10.2022 წლის №061-2 გადაწყვეტილების შემდგომ ჰქონდათ ფინანასთა სამინიტროში გასაჩივრების უფლება, რომელიც საერთოდ არ გამოიყენა და გაუშვა წერილიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე მან, დარეჯან ფუტკარაძემ, არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა ვინაიდან ამდენი განათლება არ გააჩნდა. მას მისთვის არც კი აუხსნია თუ რისი უფლება მქონდა და რისი არა. არის ბევრი სადაო საკითები რასთან დაკავშირებითაც მოახდენს კონტაქტს თუ ექნება სამართლიანი აუდიტის ჩატარების უფლება.

მის აყვანილ ადვოკატს თავისი საცხოვრებელი ბინის კარებზე უწერია აუდიტორულიბუღალტრული მომსახურება. ის აღმოჩნდა სრულიად თაღლითი იმიტომ, რომ თავის გაგზავნილ საჩივრებში არც გამომგზავნის და არც არავის ტელეფონის ნომერს არ უთითებდა. მომჩივანი ითხოვს მოხდეს მის აუდიტორთან დაკავშირება რადგან აინტერესებს ამ პიროვნებას თუ აქვს მის კომპანიასთან დაკავშირებით ოდესმე დანარეკი, როდესაც ვალდებული იყო მოეთხოვა ცხრილები თუ რა ფასნამატით მოხდა ჯარიმის დაწერა. ითხოვს მისი როგორც ასაკიანი ქალის თხოვნების გათვალისწინებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16951 ბრძანების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო, შემოსავლების სამსახურის 26.10.2023 წლის №26421 ბრძანების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული

შემოსავლების სამსახურის 16.11.2023 წლის №116628-21-04 წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16951 ბრძანებას, გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 23.08.2023 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 12.09.2023 წელი. დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 9.11.2023 წელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია არგუმენტები/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16951 ბრძანების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

რაც შეეხება საჩივარს შემოსავლების სამსახურის 26.10.2023 წლის №26421 ბრძანების ნაწილში, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №061-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებობს შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16951 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 26.10.2023 წლის №26421 ბრძანება, საჩივრის საგადასახადო კოდექსის „ზ“ ქვეპუნქტით განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16951 ბრძანების ნაწილში, დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი თვლის, რომ საჩივრის განხილვა ხელახლა უნდა მოხდეს.არ ეთანხმება დარიცხვებს, მოითხოვს გონივრულ გადაწყვეტილების მიღებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით საგადასახადო დავის განახლების მოთხოვნით, მომჩივანმა, 23.06.2023 წელს, მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16951 ბრძანებით საჩივარი, დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №061-2 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

23.10.2023 წელს მომჩივანმა იგივე მოთხოვნით საჩივარი წარედგინა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.10.2023 წლის №26421 ბრძანებით საჩივარი განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 26.10.2023 წლის №26421 ბრძანება, საჩივრის საგადასახადო კოდექსის „ზ“ ქვეპუნქტით განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301,305.