გადაწყვეტილება №25410/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.07.2025
№ დოკუმენტი 25410/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25410/2/2025

21 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 3.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25410/2/2025).

 

დავის საგანი:

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 7.05.2025 წლის №EL284286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 19.06.2025 წლის №13165 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 14 203.11 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

25.04.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების უფლებამოსილი პირის მიერ შევსებული №--- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, გაფორმების ეკონომიკური ზონა თბილისის დანიშნულებით №--- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით გაშვებულ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი, სხვადასხვა მიმღების (მათ შორის, მომჩივნის) კუთვნილი საქონლისგან შემდგარი სასაქონლო პარტიათა ნაკრები (7 სატრანსპორტო ზედნადები (CMR), საერთო წონით 15 928 კგ). საქონლის დათვალიერების და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, საქონლის საბაჟო დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში, კომპანიის მიერ დეკლარირებულ საქონელთან (ბრუტო წონა 300 კგ, ნეტო წონა 250 კგ) ერთად, განთავსებული იყო არადეკლარირებული საქონელი – მინა (93.18 მ 2 , 3 485.15 კგ), რომლის საბაჟო ღირებულებამ, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 6.05.2025 წლის №004532/2025 ექსპერტიზის დასკვნით, შეადგინა 5 166.27 აშშ დოლარი (14 203.11 ლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში). გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის 7.05.2025 წლის №EL284286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველით ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 14 203.11 ლარის ოდენობით. აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.06.2025 წლის №13165 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 213-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, 163-ე მუხლზე, 168-ე მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე და მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საბაჟო კოდექსის 168- ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე11 ნაწილზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ჩვეულებისამებრ, თურქეთიდან საქართველოში, კანონის სრული დაცვით შემოჰქონდა ტვირთი. მათთვის ხელმისაწვდომი იყო და მათ ხელში გაიარა ინვოისმა, საქონლის დატვირთვის ფურცელმა და ექსპორტის დეკლარაციამ, რაც ერთმანეთთან და საქართველოს საბაჟო წესებთან შესაბამისობაში იყო. ტვირთის განბაჟების ბაზას, ამ შემთხვევაში, წარმოადგენდა ტვირთის ღირებულება და მითუმეტეს, თუ გათვალისწინებული იქნება ის ფაქტი, რომ ყველა სხვა დოკუმენტი ერთანეთთან შესაბამისობაშია, თვალსაჩინოა, კომპანია მოქმედებდა კანონის სრული დაცვით. ხარვეზი დაფიქსირდა მხოლოდ სატრანსპორტო ზედნადებში (CMR), სადაც ტვირთის წონა შეცდომით იქნა მითითებული.

აღსანიშნავია, რომ მითითებულ დოკუმენტს იმპორტიორი არ ადგენს და კომპანიისთვის რეალურად ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ საბუთების ფიზიკურად მიღების შემდგომ, საბაჟო ტერმინალში (იმ შემთხვევაში, თუკი არ ხდება ტვირთის წინასწარ დეკლარირება). კომპანიის მხრიდან ზემოხსენებული შეცდომის აღმოჩენისთანავე, 5.05.2025 წელს წარდგენილი №68789-21-10-21 განცხადებით განმარტავდა, რომ აღნიშნული შეცდომა გავლენას არ ახდენდა დასაბეგრ ბაზაზე და იმპორტის დროს გადასახდელი დღგ-ის მოცულობაზე. მომჩივანი ითხოვს ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, მით უფრო, რომ აღნიშნული შეცდომა არ ამცირებს დასაბეგრ ბაზასა და გადასახადის მოცულობას, გაუქმდეს №EL284286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.

საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება სახმელეთო საბაჟო გამშვებ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ, საქონლის ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენითა და საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით. ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირება ხორციელდება სატრანსპორტო დოკუმენტით (საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი).

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ სატრანსპორტო ზედნადები (CMR) წარდგენილ იქნა მომჩივნის კუთვნილ ნაწილ საქონელზე და სატრანსპორტო საშუალებაში, დეკლარირებულ საქონელთან ერთად, განთავსებული იყო მომჩივნის კუთვნილი არადეკლარირებული საქონელი. მომჩივანი განმარტავს, რომ ინვოისი, დატვირთვის ფურცელი და ექსპორტის დეკლარაცია, სრულად თანხვედრაშია ერთმანეთთან და შესაბამისობაში საქართველოს საბაჟო წესებთან. ტვირთის განბაჟებისთვის მნიშვნელოვანია ტვირთის ღირებულება. ხარვეზი ფიქსირდება მხოლოდ CMR-ში, სადაც ტვირთის წონა ჩაწერილია შეცდომით, რომელიც გავლენას არ ახდენს დასაბეგრ ბაზაზე და იმპორტისას გადასახდელი დღგ-ის მოცულობაზე. აღნიშნული დოკუმენტი არ დგება იმპორტიორის მიერ და კომპანიისთვის ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ საბუთების ფიზიკურად მიღებისას, საბაჟო ტერმინალში. სადავო საკითხზე წარმოდგენილი საბაჟო დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №59952-21-10 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 25.04.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების უფლებამოსილი პირის მიერ შევსებული №--- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, გაფორმების ეკონომიკური ზონა თბილისის დანიშნულებით №--- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით გაშვებულ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი, სხვადასხვა მიმღების (მათ შორის, შპს ---ს) კუთვნილი საქონლისგან შემდგარი სასაქონლო პარტიათა ნაკრები (გათვალისწინებული 7 სატრანსპორტო ზედნადები – CMR, საერთო წონით 15 928 კგ).

აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ შეირჩა „წითელი დერეფანი“. დანიშნულების ორგანოში გამოცხადების შემდეგ, საქონლის საბაჟო დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში, დეკლარირებულ საქონელთან (ბრუტო წონა 300 კგ, ნეტო წონა 250 კგ) ერთად, განთავსებული იყო შპს ---ის კუთვნილი არადეკლარირებული საქონელი – მინა (93.18 მ 2 , 3 485.15 კგ) რომლის საბაჟო ღირებულებამ 6.05.2025 წლის №004532/2025 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგინა 5 166.27 აშშ დოლარი (14 203.11 ლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში). აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქონლის დათვალიერების და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, საქონლის საბაჟო დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში, კომპანიის მიერ დეკლარირებულ საქონელთან (ბრუტო წონა 300 კგ, ნეტო წონა 250 კგ) ერთად, განთავსებული იყო არადეკლარირებული საქონელი – მინა (93.18 მ 2 , 3 485.15 კგ), რომლის საბაჟო ღირებულებამ, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 6.05.2025 წლის №004532/2025 ექსპერტიზის დასკვნით, შეადგინა 5 166.27 აშშ დოლარი (14 203.11 ლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში). გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის 7.05.2025 წლის №EL284286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველით ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 14 203.11 ლარის ოდენობით.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.06.2025 წლის №13165 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168 (1)