გადაწყვეტილება №24918/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24918/2/2025
14 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ის 15.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24918/2/2025).
დავის საგანი:
1. შემოწმების განახლების და შემოწმების ბრძანებაში ცვლილების შეტანის მართლზომიერება;
2. შპს „ეს-ემ-ბი“-ს წილის შეძენისას, გამსხვისებელ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხების დივიდენდად კვალიფიცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის №26286 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №006-546 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 19.02.2025 წლის №2939 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 3 967 391.70 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 797 170
დღგ - 837
მოგების გადასახადი -1 399 740
საშემოსავლო გადასახადი - 396 593
ჯარიმა - 898 250
საურავი - 1 271 971.70
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 და 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2020 წლიდან 1.10.2023 წლამდე პერიოდის, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №27231 ბრძანება და №006-546 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.02.2025 წლის №2939 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმების განახლების და შემოწმების ბრძანებაში ცვლილების შეტანის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 ბრძანებით დაინიშნა მომჩივანის (ს/ნ "-------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. ხოლო 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანების საფუძველზე განახლდა შემოწმების მიმდინარეობა და ცვლილება შევიდა 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 ბრძანებაში. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის პირველ, მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებზე, 262-ე მუხლზე, 264-ე მუხლის პირველ-მე-6 და მე-9 ნაწილებზე, აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 ბრძანებით დაინიშნა მომჩივანის (ს/ნ "-------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. ხოლო 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანების საფუძველზე განახლდა შემოწმების მიმდინარეობა და ცვლილება შევიდა 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 ბრძანებაში. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, 2020 წლის ხანდაზმულობასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ კომპანიამ 2023 წლის დეკემბრის თვეში დააზუსტა 2020 წლის მაისის თვის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ამდენად, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, შემოწმებამ მოიცვა 2020 წლის საანგარიშო პერიოდიც. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 ბრძანებით დანიშნული მოჩივანის (ს/ნ "-------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების განახლების და მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაგეგმვის თაობაზე, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №------- შეტყობინების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამავე შეტყობინებით განისაზღვრა პირთა (აუდიტორთა) წრე, რომლებიც უფლებამოსილნი იყვნენ განეხორციელებინათ შემოწმება და განისაზღვრა ვადა საგადასახადო შემოწმების დასაწყებად.
კომპანიის მენეჯმენტმა, 2023 წლის 1 და 2 ნოემბერს, საგადასახადო შემოწმებაზე უფლებამოსილ პირს გადაუგზავნა მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, 2023 წლის 21 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის №28666 ბრძანებით დაიწყო კომპანიის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდი, ხოლო თავად შემოწმების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 21 ნოემბრიდან 2024 წლის 13 თებერვლამდე პერიოდი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბერის № 32259 ბრძანებით ცვლილება შევიდა ამავე სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 ბრძანებაში, კომპანიის გასვლითი საგადასახადო შემოწმებისთვის შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე.
2023 წლის 27 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის №33347 ბრძანებით შეჩერდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 ბრძანებით დაწყებული გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადის დინება.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანებით განახლდა კომპანიის გასვლითი საგადასახდო შემოწმება და იმავდროულად შეტანილ იქნა ცვლილება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 ბრძანებაში და შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდი.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32259 ბრძანების გამოცემით, რომლითაც შეიცვალა კომპანიის საგადასახადო შემოწმების პერიოდი და ნაცვლად 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდისა, შემოწმების პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდი, ფაქტიურად დასრულდა (შეწყდა) 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდის შემოწმება, რომელიც დაწყებული იყო შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 ბრძანებით და რომლის ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიღებული ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია;
ბ) შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა უფლებამოსილება, 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანებით, განეახლებინა საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდზე იმის გამო, რომ 2024 წლის 13 დეკემბრისათვის 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდის შემოწმება იყო დასრულებული (შეწყვეტილი), შესაბამისად, შეწყვეტილი და დასრულებული ქმედების განახლების უფლება ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა. აღნიშნულით ადმინისტრაციული ორგანო გასცდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს და დაარღვია კანონის მოთხოვნა;
გ) 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანებით შემოსავლების სამსახურმა ფაქტიურად გააუქმა მისივე 2023 წლის 27 დეკემბრის №33347 ბრძანება, რომლითაც შეჩერდა კომპანიის საგადასახადო შემოწმების ვადის დინება და განაახლა შეჩერებული საგადასახადო შემოწმება. ამასთან, 2023 წლის 21 დეკემბრის შემდეგ, შემოსავლების სამსახური ახორციელებდა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის შემოწმებას და სწორედ, ეს შემოწმება იქნა შეჩერებული 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა უფლებამოსილება განეახლებინა ის მოქმედება (საგადასახადო შემოწმება), რომელიც რეალურად შეჩერებულიც კი არ ყოფილა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.
საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი-მე-6 და მე-9 ნაწილების თანახმად:
1. გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. 3. შემოწმება უნდა დაიწყოს გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება.
4. გასვლითი საგადასახადო შემოწმებით შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრული ან თემატური შემოწმება.
5. გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება მოიცავდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურებსაც.
6. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა.
9. თუ დაწყებული საგადასახადო შემოწმების გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების გამო, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შემოწმების შეჩერების შესახებ. საგადასახადო შემოწმება განახლდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების აღმოფხვრისთანავე. საგადასახადო შემოწმების ვადის დინება განახლდება აღნიშნული შემოწმების გაგრძელების დღიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. ხოლო, 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანების საფუძველზე განახლდა შემოწმების მიმდინარეობა და ცვლილება შევიდა 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 ბრძანებაში. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანებით შემოსავლების სამსახურმა ფაქტიურად გააუქმა მისივე 2023 წლის 27 დეკემბრის №33347 ბრძანება, რომლითაც შეჩერდა კომპანიის საგადასახადო შემოწმების ვადის დინება და განაახლა შეჩერებული საგადასახადო შემოწმება. ამასთან, 2023 წლის 21 დეკემბრის შემდეგ, შემოსავლების სამსახური ახორციელებდა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის შემოწმებას და სწორედ, ეს შემოწმება იქნა შეჩერებული 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა უფლებამოსილება განეახლებინა ის საგადასახადო შემოწმება, რომელიც რეალურად შეჩერებულიც კი არ ყოფილა.
საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში მითითებული აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტება, 2020 წლის ხანდაზმულობასთან მიმართებით, რომ კომპანიამ 2023 წლის დეკემბრის თვეში დააზუსტა 2020 წლის მაისის თვის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ამდენად, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, შემოწმებამ მოიცვა 2020 წლის საანგარიშო პერიოდიც.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 ბრძანებით დანიშნული მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების განახლების და მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. შპს „--------“-ს წილის შეძენისას, გამსხვისებელ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხების დივიდენდად კვალიფიცირება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებულია 2018 წლის 18 ოქტომბერს. 2020 წლის 30 ოქტომბერს მოხდა შპს „-------“-ს (ს/ნ "-------") შერწყმა მომჩივანთან. შერწყმის მომენტში, კომპანიის გაუნაწილებელი მოგების ნაშთი შეადგენდა 5 022 224 ლარს. 2021 წლის 24 მარტამდე კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო "-------", რომელიც ასევე ფლობდა შპს „-------“-ს 50 %-იან წილს. 2020 წლის 11 სექტემბერს "-------"-ს , შპს „-------“-ს წილის სანაცვლოდ, მომჩივანმა გადაუხადა 7 535 271 ლარი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემდეგი პრინციპებით:
ა) სამეურნეო ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის ექვემდებარება ანალიზს, შეფასებას და კვალიფიცირებას მისი შინაარსის (ნამდვილი ნების/მიზნის) მიხედვით და არა გაცხადებული ფორმის შესაბამისად, რათა აღმოიფხვრას გადასახადებისგან თავის არიდება, დამალვა ან/და შეღავათით არამართლზომიერად სარგებლობა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის არსი და მიზანი, აგრეთვე, სხვა თანმდევი პროცესები და ქმედებები უნდა იყოს მკაფიო და ორმხრივად განჭვრეტადი (იგულისხმება საგადასახადო ორგანო და გადასახადის გადამხდელი). ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს მომჩივანი საწარმოს 100%-იან წილს, რეალურად არ ხდება განხილული ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება. შემოწმების მიერ, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა, როგორ ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდი და საგადასახადო კოდექსის 981 და 130-ე მუხლების თანახმად დაექვემდებარა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომ ვინაიდან, წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი სრულად ფლობდა მომჩივანის 100%-იან წილს, რეალურად არ მომხდარა განხილული ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება და აღნიშნული წილის შეძენას არ გააჩნდა ეკონომიკური გავლენა ან/და ეკონომიკური შინაარსი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის საფუძვლით გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია არ ეთანხმება განხორციელებულ დარიცხვას შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) ხანდაზმული პერიოდის შემოწმება
აღსანიშნავია, რომ კომპანიის საგადასახადო შემოწმება დაიწყო 2023 წლის 21 ნოემბრის №28666 ბრძანებით, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდი. აღნიშნულ ბრძანებაში 2023 წლის 21 დეკემბერს შეტანილი იქნა ცვლილება (ბრძანება №32259) და შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდი.
ფიქრობს, აღნიშნული ცვლილება გამოიწვია იმ მომენტისათვის 2020 საგადასახადო წელზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის თარიღის მოახლოებამ (2023 წლის 31 დეკემბერი) და რადგანაც იმ მომენტისათვის შემმოწმებლებს არანაირი დამატებით დასარიცხი თანხები არ ქონდათ, შეამცირეს შესამოწმებელი პერიოდი, რათა არ დაეწერათ ნულოვანი (დარიცხვის გარეშე) შუალედური აქტი. აღნიშნულზე, პასუხს იძლევა დოკუმენტი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის შემცირების საფუძვლადაა მითითებული თავად ბრძანებაში, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების №9 სამმართველოს 20.12.2023წ. №-------- მოხსენებითი ბარათი.
კომპანიის მიერ, 2023 წლის 22 დეკემბერს მოხდა 2020 წლის მაისის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის დაზუსტება. კერძოდ, პირველადი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარდგენილი იყო 75 ლარის გადასახადის თანხაზე, ხოლო დაზუსტებული დეკლარაციით გადასახადის თანხა შეადგენს 75.75 ლარს. ანუ, გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი გაზრდილია 75 თეთრით.
2024 წლის 13 დეკემბრის №26286 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება წინა ბრძანებაში და შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა კვლავ 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე საგადასახადო პერიოდი. პერიოდის გაზრდის საფუძვლად მითითებულია აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორების 2024 წლის 13 დეკემბრის №--------- მოხსენებითი ბარათი.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. ხოლო, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად - „ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“
ანუ, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილი, თავისი არსით ზღუდავს გადასახადის გადამხდელისათვის მცდელობის შესაძლებლობას, რათა მოეხდინა გადასახდელი თანხების შემცირება ან განულება ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე დარჩენილ მცირე ვადაში, ხოლო ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირების დრო აღარ დარჩენოდა საგადასახადო ორგანოს. ამ ჩანაწერით საგადასახადო ორგანოს მიეცა შემოწმების ხანდაზმულობის ვადის დამატებით 1 წლით გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ არა ყველაფერზე, არამედ იმ საკითხებზე რაზედაც გადასახადის გადამხდელმა გააკეთა დეკლარაციის კორექტირება.
გამოდის, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი 2020 წლის მაისის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის 75 ლარიანი გადასახადის თანხის გაზრდა 75 თეთრით გახდა ფორმალური საფუძველი შემოწმების პერიოდის გაზრდისა (ამაზე დეტალური პასუხი ალბათ მოცემული იქნება ზემოთ მითითებულ შემმოწმებელთა მოხსენებით ბარათში).
მიუხედავად ფორმალური საფუძვლისა, შესამოწმებელი პერიოდის გაზრდაზე შემმოწმებელს უნდა შეემოწმებინა მხოლოდ კორექტირებული დეკლარაცია, თუ რატომ გაზარდეს გადასახადი 75 თეთრით და არა 2020 წლის სხვა სამურნეო ოპერაციები, მით უმეტეს შეეცვალა ამ ოპერაციებზე კვალიფიკაცია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით. კერძოდ, არ მიიჩნია კომპანიის მხრიდან "-------"-სგან 50%-იანი წილის შეძენა ეკონომიკური გავლენის მქონედ ანუ, ანულირება გაუკეთა ამ სამეურნეო ოპერაციას და გადახდილი თანხები განიხილა დივიდენდებად, ხოლო"-------"-სგან 50%-იანი წილის შეძენა მიიჩნია ეკონომიკური გავლენის მქონედ.
2020 წლის სამეურნეო ოპერაციების შესწავლის საშუალება და საფუძვლები შემმოწმებლებს თავდაპირველივე ბრძანებითვე შეეძლოთ, რაც არ გააკეთეს და შეამცირეს შესამოწმებელი პერიოდი, გაუშვეს ხანდაზმულობის ვადა და მიიჩნიეს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილი საშუალებად, რათა კვლავ გაეცოცხლებინათ მთელი 2020 წლის შესამოწმებელი პერიოდი, რაც ასე არ არის და მხოლოდ ფორმალური საფუძველი გააჩნდათ მხოლოდ 2020 წლის მაისის თვის საშემოსავლო გადასახადის შემოწმებისა;
ბ) ოპერაციაზე კვალიფიკაციის არასწორი შეცვლა
თუ დავუშვებთ, რომ შემმოწმებლებმა სწორად შეამოწმეს ხანდაზმული პერიოდი, მაშინ უნდა შეფასდეს სამართლებრივად ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა რამდენად სწორად მოხდა:
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „მოგების განაწილებად ითვლება:
ა) საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:
ა.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;
ა.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს;“
აღსანიშნავია, რომ კომპანია შპს „---------“-ს დამფუძნებლებისაგან წილების შეძენით ოპერაციას ახორციელებს, გარიგებას დებს, როგორც ურთიერთდამოკიდებულ, ისე არა ურთიერთდამოკიდებულ პირთან,მაგრამ აღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ოპერაციის განხორციელებამდე მოხდა წილების შეფასება საბაზრო ფასად და ნასყიდობის ღირებულება გადახდილი იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის შესაბამისად.
გამომდინარე აქედან, განხორციელებული გადახდები ვერ ჩაითვალა, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოგების განაწილებად და აღნიშნულ ნაწილში ვერ მოხდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების და ჯარიმების დარიცხვა.
ანუ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილი არ კრძალავს ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის დადებულ გარიგებებს და აქცენტია გაკეთებული მხოლოდ გარიგების საბაზრო ფასზე.
გარდა ამისა, საყურადღებოა არსებული სასამართლო პრაქტიკა განხორციელებული ოპერაციებისას კვალიფიკაციის შეცვლაზე:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისს Nბს-854-846(კ-16) საქმეზე მიღებული გაწყვეტილებით განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს; მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსის და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დგინდება. მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში.
ხელშეკრულების ფორმისა და მხარეთა ნებას შორის შესაბამისობის გარკვევა ხდება იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომლითაც რეგულირდება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ფორმა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი - მხარეთა რეალურ ნებას. ამასთან, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს. დაუშვებელია პასუხისმგებლობის დაწესება გადამხდელის ისეთი მოქმედებისთვის, რომელიც იდება გადამხდელის კანონიერი უფლებების, მიკუთვნებული კანონიერი შეღავათების ფარგლებში. ამდენად, მოცემული სამართლებრივი თავისუფლების ფარგლებში მიზნის მიღწევის (გადასახადების ოპტიმიზაცია) ერთ-ერთი კანონიერი გზის არჩევა (2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებაზე საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათი) არ უნდა იწვევდეს მის ავტომატურ მოდიფიცირებას დაბეგვრას დაქვემდებარებული ხელშეკრულების სახეობად, მითუმეტეს კანონსაწინააღმდეგო მიზნისა და ფორმის არსებობის შემთხვევაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ უნდა გამოკვეთოს/დაადასტუროს ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც მიუთითებს ნების გამოვლენის ნაკლზე, ეკონომიკური რეალობის, შინაარსის და სამართლებრივი ფორმის შეუსაბამობაზე, რაც კომპანიის შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებით თვლის, რომ არ დგინდება.
აქვე საინტერესოა ერთი საკითხი: კომპანიის მხრიდან განხორციელებული ზუსტად ერთი და იგივე ოპერაცია, 50%-იანი წილის შეძენა "-------"-სგან და 50%-იანი წილის შეძენა "-------"-სგან, რატომ იქნა კვალიფიცირებული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სხვადასხვანაირად, როდესაც ფორმაც და შინაარსიც ერთი და იგივეა,გარდა ამისა, თუ "-------" იქნებოდა წილის მფლობელი 2 წლამდე ვადით, ფაქტია მას წარმოექმნებოდა ნამეტ მიღებულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, ერთსა და იმავე თანხაზე 2-ჯერ უნდა გადახდილიყო გადასახადი, თუ ამ შემთხვევაში შინაარსი და ფორმა ერთი და იგივე იქნებოდა და მხოლოდ "-------"-ს უნდა გადაეხადა? თუ შემმოწმებელთა მხრიდან პასუხი დადებითია, მაშინ გამოდის, რომ მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის შეღავათი ყოფილა ოპერაციებზე კვალიფიკაციის შეცვლის მიზეზიც და მიზანიც - გადასახადის გადამხდელებს როგორმე არ ვასარგებლოთ შეღავათით, რაც კანონში შესაბამისი ცვლილებით უნდა მოხდეს (გაუქმდეს შეღავათი) და არა გემოვნებიანი მიდგომით შემმოწმებლის მხრიდან.
ასევე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი განმარტებულია - „აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე“. აღსანიშნავია, რომ კომპანიას წილის შეძენის მომენტში გააჩნდა გაუნაწილებელი მოგება 1.7 მლნ ლარი, რაც განთავსებული ქონდა ფულადი სახსრების სახით საბანკო ანგარიშებზე, ხოლო წილების შეძენა მოხდა ჯამურად 15 მლნ ლარად, რაც სესხის სახით იქნა აღებული ბანკში და ყველა ოპერაცია განხორციელდა საბანკო გადარიცხვების სახით. საინტერესოა შემმოწმებლის დასაბუთება, როგორ მიანიჭა საბანკო სესხს მოგების განაწილებისა და შემდგომ გადახდილი დივიდენდის კვალიფიკაცია კომპანიისათვის;
გ) 2020 წელში განხორციელებულ ოპერაციაზე 2022 წელს მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოყენება
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შემმოწმებელს დარიცხვის საფუძვლად მოყავს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანება „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“, რომელიც ძალაში შევიდა 2022 წლის 1 აგვისტოს. ამ მეთოდური მითითების მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, რა შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია შემდეგი პრინციპები: ა) სამეურნეო ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ექვემდებარება ანალიზს, შეფასებას და კვალიფიცირებას მისი შინაარსის (ნამდვილი ნების/მიზნის) მიხედვით და არა გაცხადებული ფორმის შესაბამისად, რათა აღმოიფხვრას გადასახადებისაგან თავის არიდება, დამალვა ან/და შეღავათით არამართლზომიერად სარგებლობა, ბ) სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის არსი და მიზანი, აგრეთვე, სხვა თანმდევი პროცესები და ქმედებები უნდა იყოს მკაფიო და ორმხრივად განჭვრეტადი (იგულისხმება საგადასახადო ორგანო და გადასახადის გადამხდელი).
ვინაიდან, წილის ნასყიდობების ოპერაციები განხორციელდა 2020 წელს, მასზე ვერ გავრცელდება 2 წლის შემდეგ მიღებული ბრძანება „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“. ამის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამ ბრძანების დამტკიცებამდე, აღნიშნულ ოპერაციას არეგულირებდა მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც, როგორც ზემოთ აღნიშნა არ კრძალავს ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის გარიგებებს და აქცენტია გაკეთებული მხოლოდ გარიგების ფასზე.
მათი აზრით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებამ „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ უფუნქციოდ დატოვა საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის ეს ნაწილი და ფაქტიურად აკრძალა „საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაციები“.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
დადგენილია, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს მოხდა შპს „--------“-ს შერწყმა მომჩივანთან და რომ შერწყმის მომენტში, კომპანიის გაუნაწილებელი მოგების ნაშთი შეადგენდა 5 022 224 ლარს. 2021 წლის 24 მარტამდე კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო "-------", რომელიც ასევე ფლობდა შპს „-------“-ს 50%-იან წილს. 2020 წლის 11 სექტემბერს "-------"-ს, შპს „-------“-ს წილის სანაცვლოდ, მომჩივანმა გადაუხადა 7 535 271 ლარი.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/გარემოებები წარმოადგინა. ამასთან, აღნიშნა, რომ გაუგებარია რის საფუძველზე მოხდა შემოწმების მიერ კვალიფიკაციის ცვლილება, რადგან მოხდა ჩვეულებრივ წილის ნასყიდობა და ისარგებლა იმ შეღავათით, რაც საგადასახადო კანონმდებლობითაა დაშვებული და სასამართლო პრაქტიკითაა განსაზღვრული. არ შეიძლება დივიდენდად დაკვალიფიცირება, როცა მოგება არ აქვს, კომპანიამ წილის შესაძენად ბანკიდან აიღო სესხი და საბანკო სესხისთვის მოგების განაწილების, შემდგომ დივიდენდის კვალიფიკაციის მინიჭება მისთვის გაუგებარია. რაც შეეხება პერიოდს, მოხდა ხანდაზმული პერიოდის შემოწმება და საფუძვლად მოყვანილია ის გარემოება, რომ კომპანიამ წარადგინა საშემოსავლო გადასახადის დაზუსტებული დეკლარაცია, აღნიშნულთან მიმართებით მიიჩნევს, რომ ორაზროვანია საგადასახადო კოდექსის ჩანაწერი, მაგრამ არ შეიძლება ერთი საანგარიშო პერიოდის (თვის) დაზუსტებული დეკლარაცია გახდეს შემოწმების მიზეზი. კერძოდ, კომპანიის მიერ წარდგენილი 2020 წლის მაისის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის, 75 ლარიანი გადასახადის თანხის 75 თეთრით გაზრდა გახდა შემოწმების და შესამოწმებელი პერიოდის გაზრდის მიზეზი. ამგვარად, ერთია, რომ კვალიფიკაციის შეცვლას არ ეთანხმება და მეორე, რომ საერთოდ არ უნდა შემოწმებულიყო 2020 წელი მხოლოდ ამ ერთი პერიოდის დაზუსტებული დეკლარაციის საფუძველზე, კომპანიამ დააზუსტა მაისის თვის პერიოდი და უნდა შემოწმებულიყო არა მთლიანი პერიოდი, არამედ ის ეპიზოდი რომლის დაზუსტებაც მოხდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი სრულად ფლობდა მომჩივანის 100%-იან წილს, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ რეალურად არ მომხდარა ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება და აღნიშნული წილის შეძენას არ გააჩნდა ეკონომიკური გავლენა ან/და ეკონომიკური შინაარსი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის საფუძვლით გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს ისეთ დოკუმენტაცია/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
2.კომპანია არ ეთანხმება განხორციელებულ დარიცხვას
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებით დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები.
2.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებულია 2018 წლის 18 ოქტომბერს. 2020 წლის 30 ოქტომბერს მოხდა ერთ-ერთი საწარმოს შერწყმა მომჩივან საწარმოსთან. შერწყმის მომენტში, კომპანიის გაუნაწილებელი მოგების ნაშთი შეადგენდა 5 022 224 ლარს. 2021 წლის 24 მარტამდე კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო ფიზიკური პირი, რომელიც ასევე ფლობდა მეორე შპს-ს 50 %-იან წილს. ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს მომჩივანი შპს-ს 100%-იან წილს, რეალურად არ ხდება განხილული ქონების მესაკუთრის ცვლილება. შემოწმების მიერ, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა, როგორ ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდი და სსკ-ის 981 და 130-ე მუხლების თანახმად დაექვემდებარა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიიჩნევს, რომ , შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2.საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),981,130,154.