ბრძანება N 17091
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17091
30 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 9 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 9 ივლისის №96714/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის №001-142 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ვერ დაადასტურა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება ნაწარმოები აქვს საბუღალტრო პროგრამა „ორისში“, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან. აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტი არ აფიქსირებს, თუ რომელი ოპერაცია არის არალოგიკური და რითი არ დასტურდება, რომ კომპანია ეწეოდა საბითუმო რეალიზაციას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 იანვრის №927 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 დეკემბრის №001-220 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 27 დეკემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება აღნიშნული მეთოდის გამოყენების მართლზომიერება, ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 იანვრის №927 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 30 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 7 ივლისის №001-142 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამეტის მიერ შესწავლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი. ცალკეულ შემთხვევაში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის N22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №10 „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, განსაზღვრულია დაბეგვრის ობიექტის დაუდგენლობა, რომელიც მათ შორის, გულისხმობს, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეიძლება დადგინდეს სამეურნეო ოპერაციის დაწყებას, მიმდინარეობასა და დასრულებას (შედეგს) შორის კავშირი, თუმცა ამავე სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული დაბეგვრის ობიექტთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაცია არ შეესაბამებოდეს რეალობას ან/და იყოს არალოგიკური, შეიცავდეს არსებით ტექნიკურ უზუსტობებს ან/და შინაარსობრივ შეცდომებს, ჩაითვლება, რომ აღნიშნული ნაწილში ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწარმოებ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას და იყო არალოგიკური, ასევე, იდენტიფიცირებული ფასნამატის განსაზღვრა ვერ ხდებოდა და ის არალოგიკურად აცდენილი იყო შესამოწმებელ პერიოდში ბაზარზე არსებულ ფასნამატებთან, ამასთან, გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია იყო არაარსებითი მთლიან ბრუნვაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზე იყო არაპირდაპირ მეთოდის გამოყენების საფუძვლები. რაც შეეხება მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებულ ინფორმაციას, აღნიშნული მოძიებულ იქნა შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ, თუმცა გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით არ დადასტურდა საბითუმო რეალიზაცია და არ იძლეოდა საბითუმო რეალიზაციის იდენტიფიცირების საშუალებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ ექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 იანვრის №927 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა აღნიშნული მეთოდის გამოყენების მართლზომიერება, ფასნამატის განსაზღვრისას ეხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მთოდური მითითების შესაბამისად, რის შედეგადაც დადასტურდა აღნიშნული მეთოდის გამოყენების მართლზომიერება. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწარმოებ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას და იყო არალოგიკური, ასევე, იდენტიფიცირებული ფასნამატის განსაზღვრა ვერ ხდებოდა და ის არალოგიკურად აცდენილი იყო შესამოწმებელ პერიოდში ბაზარზე არსებულ ფასნამატებთან, ამასთან, გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია იყო არაარსებითი მთლიან ბრუნვაში. რაც შეეხება მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებულ ინფორმაციას, აღნიშნული მოძიებულ იქნა შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ, თუმცა გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით არ დადასტურდა საბითუმო რეალიზაცია და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და ბუღალტრულ პროგრამაში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები. ხოლო, ვინაიდან დადასტურდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება, აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის განსაზღვრისას უნდა ეხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის ბრძანება. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 იანვრის №927 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამეტის მიერ შესწავლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი. გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწარმოებ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას და იყო არალოგიკური, ასევე, იდენტიფიცირებული ფასნამატის განსაზღვრა ვერ ხდებოდა და ის არალოგიკურად აცდენილი იყო შესამოწმებელ პერიოდში ბაზარზე არსებულ ფასნამატებთან, ამასთან, გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია იყო არაარსებითი მთლიან ბრუნვაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზე იყო არაპირდაპირ მეთოდის გამოყენების საფუძვლები. რაც შეეხება მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებულ ინფორმაციას, აღნიშნული მოძიებულ იქნა შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ, თუმცა გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით არ დადასტურდა საბითუმო რეალიზაცია და არ იძლეოდა საბითუმო რეალიზაციის იდენტიფიცირების საშუალებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ ექვემდებარა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 105;