ბრძანება N 15195
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15195
28 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 16 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 აპრილის, 16 მაისისა და 20 ივნისის სხდომებზე (ოქმი №36, №51 და №66) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 მარტის №21453/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 16 აპრილის №80388/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №007-51 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი ფიზიკური პირებისაგან მისაღები შემოსავლების, არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ თანხების მიღება რეალურად არ მომხდარა, ასევე, რეალიზებული საქონლის ღირებულების მიღებულად აღიარება მოხდა იმ შემთხვევაშიც, რა დროსაც პარტნიორი კომპანიის მიერ მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, არ მომხდარა თანხის ანაზღაურება კომპანიაზე და აღნიშნულზე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა. აცხადებს, რომ არ მიეცათ შესაძლებლობა შემოწმების აქტის გადაგზავნამდე გასცნობოდნენ გადასახადის გამოანგარიშების სამუშაო ფაილებს და წარედგინათ შესაბამისი არგუმენტები, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით.
2. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების მართებულობას. მიუთითებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება მიწოდებული საქონლის დღგით დაბეგვრასთან დაკავშირებით. ამასთან, ვინაიდან არ მიეცათ აქტის გავლის და არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა, ნაწილობრივ არასწორად მოხდა დღგ-ის თანხის დარიცხვა.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებების დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემოწმებას საერთოდ არ უნახავს არარეზიდენტ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები და არ მოუხდენიათ არსებითი გარემოებების გათვალისწინება, რაც ამ ნაწილში არასწორი დარიცხვის საფუძველი გახდა.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების აქტში არის სხვადასხვა ხარვეზი, რომლის აღმოჩენაც მოხდა საგადასახდო აქტის შემმოწმებელთან დეტალურად გავლის გარეშე და საჩივრის განხილვისას დამატებით წარმოადგენს მტკიცებულებებს ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №31573 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 27 მაისიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 17 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 17 მარტის №5235 ბრძანება და ამავე თარიღის №007-51 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 078 999 ლარი, მათ შორის, გადასახადი 643 852 ლარი, ჯარიმა 322 529 ლარი, საურავი 112 618 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26112 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 16 აპრილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26112 ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 25 მარტის №21453/2/2023 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26112 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 მარტის №21453/2/2023 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„მომჩივანი განმარტავს, რომ საწარმოს დირექტორის მიერ გაფრთხილებული იყო კომპანიის წარმომადგენელი ბატონი ----------, მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტისა და მინდობილობის მოქმედების გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, მისი წარმომადგენელი არ გახლდათ უფლებამოსილი შემოსავლების სამსახურის მიერ მასთან განხორციელებული ზარის ფარგლებში დაგეგმილ განხილვაში სამართლებრივ მონაწილეობაზე. მოითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს და მისი უშუალო ან წარმომადგენლის მეშვეობით მიეცეს პოზიციის და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26112 ბრძანებაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას არ მიეცა არგუმენტების და დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარდგენილ არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე, რომლის თანახმად, განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს არგუმენტები და დასკვნები ცალმხრივი და დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
1. შემოწმების მსვლელობისას, პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა არარეზიდენტ კომპანიასთან, რომელიც უწევდა მარკეტინგულ მომსახურებას ----------, კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს სთავაზობდა კომპანიის გასაყიდ პროდუქტს: საქართველოში არსებულ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და სხვა უძრავ ქონებებს (ბინებს). აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, არარეზიდენტი კომპანიის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირებისგან მიღებული თანხების მოცულობა 3 432 442 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე შპს „----------“ არც ნაღდი ანგარიშსწორებით და არც საბანკო ანგარიშზე არ ჰქონდა მიღებული. საგამოძიებო სამსახურის მიერ გადამხდელისგან ამოღებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ შეიცავდა სრულ ინფორმაციას საწარმოს განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების შესახებ. აღნიშნული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამითა და გადასახადის გადამხდელისგან შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და ზემოხსენებული თანხა დააკვალიფიცირა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები), ავანსის სახით, როგორც შპს „----------“ საბანკო ანგარიშებზე, ასევე, მის კონტარქტორ არარეზიდენტ კომპანიებთან საზღვარგარეთ გადახდილი ჰქონდათ ფულადი სახსრები, ჯამურად 1 389 018 ლარის ოდენობით, რომელთან დაკავშირებითაც შპს „----------“ და მყიდველებს შორის გაფორმებული იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია. ასევე, აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლინდა გარკვეული უზუსტობები. ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებამ მხედველობაში მიიღო საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები და გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. საგამოძიებო ორგანოების მიერ, გადასახადის გადამხდელისგან ამოღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები) ანალიზისას აღმოჩნდა, რომ საწარმოს უძრავი ქონების რეალიზაციის პროცესში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანაზღაურების სანაცვლოდ (მაგ.: ----------) მარკეტინგულ მომსახურებას უწევდა მისი კონტრაქტორი არარეზიდენტი კომპანიები. ამ საკითხთან მიმართებით, არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადასახდელი მომსახურების ღირებულებებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გადამხდელს შემოწმებისთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში საწარმოს სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან მიღებული ჰქონდა სარეკლამო და სხვადასხვა სახის მომსახურება, რომელთან დაკავშირებითაც დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სრულყოფილად არ განუხორციელებია. ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახდო კოდექსის 161-ე, 73-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშდა არარეზიდენტი პირებისგან მიღებული მომსახურების ღირებულების მოცულობა, ასევე შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადამხდელი თანამშრომლობს არარეზიდენტ კომპანიასთან, რომელიც უწევს მარკეტინგულ მომსახურებას. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, არარეზიდენტ კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირებისგან მიღებული აქვს თანხები (3 432 442 ლარი), რომელიც შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე შპს „----------“ არ აქვს მიღებული არც ნაღდი ანგარიშსწორებით და არც საბანკო ანგარიშით. შემოწმებით, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადამხდელმა შემოწმებას განუმარტა, რომ ზემოაღნიშნულ უცხოელ ფიზიკურ პირებთან საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა უცხოური კომპანიის, „----------“-ის, მეშვეობით (გარდა ამ კომპანიისა კიდევ თანამშრომლობდა 2 სხვა უცხოურ კომპანიასთან), რის დასტურადაც შემოწმებას წარუდგინა ---------- თან არსებული ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი ცხრილი-გაანგარიშება. მოწოდებული დოკუმენტაცია შეიცავდა ინფორმაციას კონკრეტულ ფიზიკური პირებზე, რომლებსაც „----------“-მა შესთავაზა შპს „----------“ სარეალიზაციო პროდუქტი და მათგან მიიღო გარკვეული მოცულობის ანაზღაურება.
შემოწმებამ შეისწავლა წარმოდგენილ ცხრილში ასახულ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა ანალიზითაც გამოვლინდა შემდეგი:
ცხრილში დაფიქსირებული ფიზიკური პირებისგან ერთ ნაწილზე გაფორმებული იყო უძრავი ქონების ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულებები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 591 266 აშშ დოლარი. ხელშეკრულებებში არსებული ჩანაწერის მიხედვით - მხარეების მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში სრულად იყო ფიზიკური პირების მიერ ანაზღაურებული ნასყიდობის ღირებულების თანხები, თუმცა გადამხდელის განმარტებითა და წარდგენილი ცხრილის მიხედვით, ამ ფიზიკურ პირებმა „----------“-ში გადაიხადეს მხოლოდ 521 886 აშშ დოლარი, დანარჩენი კი ბანკით ან/და შპს „----------“ სხვა კონტრაქტორ კომპანიებთან იქნა გადახდილი.
ცხრილში დაფიქსირებული ფიზიკური პირებისგან მეორე ნაწილზე გაფორმებული იყო უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები (ცხრილში ასახული ფიზიკური პირებიდან გარკვეულ ნაწილზე ვერ იქნა მოძიებული ვერც ძირითადი და ვერც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის გამოც ცხრილის მიხედვით მსგავსი ფიზიკური პირებისგან მიღებული თანხები, 328 962 აშშ დოლარის ოდენობით, შემოწმების მიერ დარიცხვის კალკულაციისას არ იქნა მხედველობაში მიღებული). წინარე ნასყიდობების ხელშეკრულებებში არსებული ჩანაწერის მიხედვით - მხარეების მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში ანაზღაურებული იყო ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი თანხა.
მაგალითისთვის: „----------“-თან 2021 წლის 29 სექტემბერს შპს „----------“ მიერ გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 18 480 აშშ დოლარზე, რომლიდანაც ხელშეკრულების შინაარსის მიხედვით მხარეების მიერ ხელმოწერის მომენტისთვის ფიზიკურმა პირმა გადაიხადა 3 685 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. ამ კონკრეტულ ფიზიკურ პირთან მიმართებით გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ცხრილი) თანახმად გაირკვა, რომ ფიზიკურ პირს 18 480 აშშ დოლარიდან გადახდილი ჰქონდა („----------“-ში ჰქონდა მიტანილი) 12 725 აშშ დოლარი. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელმა თავადვე წარადგინა ცხრილი, რომელიც ასახავდა „----------“-ის მიერ შპს „----------“ გადმოსარიცხი თანხის მოცულობას და გადამხდელის პოზიციას „----------“-გან მისაღებ თანხებთან დაკავშირებით, შემოწმებამ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოება და მაგალითისთვის ფიზიკური პირი ----------ის შემთხვევაში ნაცვლად 18 480 აშშ დოლარისა დარიცხვის მიზნებისთვის მხედველობაში მიიღო 12 725 აშშ დოლარი.
წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით (რომელთა მოძიებაც შეძლო შემოწმებამ), გადამხდელის განმარტებითვე „----------“-ის მიერ შპს „----------“ გადმოსარიცხი თანხების ჯამურმა მოცულობა შეადგინა 653 608 აშშ დოლარი.
სულ ჯამში ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებებითა და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით „----------“-გან მისაღებმა თანხების ჯამმა შეადგინა 1 175 494 აშშ დოლარის ექვივალენტი 3 432 442 ლარი, რაც შემოწმების მიერ დაიბეგრა მოგების გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირებისგან მისაღები შემოსავლები, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხს და მისი მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით ავანსის სახით, როგორც საწარმოს საბანკო ანგარიშებზე ასევე, მის კონტრაქტორ არარეზიდენტ კომპანიებთან საზღვარგარეთ გადახდილი აქვთ ფულადი სახსრები, რომელთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელსა და მყიდველებს შორის გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია. შესაბამისად, შემოწმებამ მხედველობაში მიიღო საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები და გამოვლენილი სხვაობის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია, რომლის თანახმად არ მიეცათ შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტთან ერთად დეტალურად გაევლოთ დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადამხდელის წარმომადგენლებთან (ბუღალტერთან და აუდიტორთან) შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა, რა დროსაც დეტალურად იქნა განხილული საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული ყველა საკითხი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით იბეგრება, საგადასახადო აგენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა დასაბეგრი პირის მიერ, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში, ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ამ მომსახურების გაწევაში.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნისთვის საგადასახადო აგენტად განიხილება, ნებისმიერი პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თიზ-ის საწარმოსი) ან საქართველოში აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლის მეშვეობით განხორციელდა ამ მომსახურების შეძენა. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას მომსახურებისთვის გასაცემ თანხაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არის დასაბეგრი პირი. ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების მიმღების ფიქსირებული დაწესებულებისთვის, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების მიმღებია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი. დაფუძნების ადგილის ან ფიქსირებული დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღებს აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანაზღაურების სანაცვლოდ მარკეტინგულ მომსახურებას უწევს კონტრაქტორი არარეზიდენტი კომპანიები. ამასთან, არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადასახდელი მომსახურების ღირებულებებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. ასევე, საწარმოს სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან მიღებულ სარეკლამო და სხვადასხვა სახის მომსახურებებთან დაკავშირებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში სრულყოფილად არ აქვს შესრულებული. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მოხდა არარეზიდენტი პირებისაგან მიღებული მომსახურების მოცულობის დადგენა და გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების გათვალისწინებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი ფიზიკური პირებისაგან მისაღები შემოსავლების, არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
2. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების მართებულობას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებების დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადამხდელი თანამშრომლობს არარეზიდენტ კომპანიასთან, რომელიც უწევს მარკეტინგულ მომსახურებას. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, არარეზიდენტ კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირებისგან მიღებული აქვს თანხები (3 432 442 ლარი), რომელიც შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე მომჩივანს არ აქვს მიღებული არც ნაღდი ანგარიშსწორებით და არც საბანკო ანგარიშით. შემოწმებით, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით ავანსის სახით, როგორც საწარმოს საბანკო ანგარიშებზე ასევე, მის კონტრაქტორ არარეზიდენტ კომპანიებთან საზღვარგარეთ გადახდილი აქვთ ფულადი სახსრები, რომელთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელსა და მყიდველებს შორის გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია. შესაბამისად, შემოწმებამ მხედველობაში მიიღო საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები და გამოვლენილი სხვაობის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ.
3. გადასახადის გადამხდელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანაზღაურების სანაცვლოდ მარკეტინგულ მომსახურებას უწევს კონტრაქტორი არარეზიდენტი კომპანიები. ამასთან, არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადასახდელი მომსახურების ღირებულებებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. ასევე, საწარმოს სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირებისგან მიღებულ სარეკლამო და სხვადასხვა სახის მომსახურებებთან დაკავშირებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში სრულყოფილად არ აქვს შესრულებული. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მოხდა არარეზიდენტი პირებისაგან მიღებული მომსახურების მოცულობის დადგენა და გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების გათვალისწინებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირებისგან მისაღები შემოსავლები, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხს და მისი მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982; 159; 161(1); 1621(3); 163(1); 164(1); 275.