გადაწყვეტილება №20752/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20752/2/2023
08 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 4.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20752/2/2023).
დავის საგანი:
1. მიწის ნაკვეთის მიწოდების სანაცვლოდ ფართების აშენების მომსახურების ბარტერად დაკვალიფიცირება და გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში საბაზრო ფასით დაბეგვრა;
2. მოგების გადასახადის ჩათვლებში გათვალისწინება;
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №006-649 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17858 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 267 857 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 258 584
დღგ - 199 159
ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) - 495
საშემოსავლო გადასახადი - 1 058 930
ჯარიმა - 628 881
საურავი - 380 392
პროცედურული გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 27.12.2022 წლის №33055 ბრძანება და №006-649 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17858 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17858 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. მიწის ნაკვეთის მიწოდების სანაცვლოდ ფართების აშენების მომსახურების ბარტერად დაკვალიფიცირება და გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში საბაზრო ფასით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
მომჩივანსა და ფიზიკურ პირ ---ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას გადასცა უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ აიღო ასაშენებელ მრავალსართულიან კომპლექსში ფართების გადაცემის ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მშენებლობა დაიწყო 2015 წელს და დამთავრდა 2019 წელს (გრძელვადიანი კონტრაქტი). ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მიზანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ფართების მიწოდება, ხოლო მეორე მხარისთვის ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის საკუთრებაში მიღება. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების საფუძველზე კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის განხორციელებისას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კომპანიის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურება საბაზრო ფასით, რომელიც გაანგარიშდა კალენდარული წლისთვის განსაზღვრული ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ გაანგარიშდა გაწეული ხარჯების პროპორციულად, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს დეკემბრის თვე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დავის განმხილველმა ორგანომ არასწორად შეაფასა მომჩივნის პოზიცია სადავო საკითხთან მიმართებაში. ხელახლა უნდა მოხდეს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ბარტერის ოპერაციის შესწავლა, ვინაიდან 2022 წლის 27 დეკემბერს გამოცემული №006-649 საგადასახადო მოთხოვნა დაფუძნებულია 2022 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტზე, რომლითაც მოცული იყო 1.01.2019-1.03.2021 საანგარიშო პერიოდები, ხოლო ზემოაღნიშნული ბარტერის ოპერაცია წარმოადგენს 2019 წლის 2 დეკემბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული №006- 1025 მოთხოვნით მოცულ ოპერაციას, სადაც იქნა დადგენილი ბარტერის ოპერაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ზღუდავს დაიცვას კანონიერი ინტერესები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
შესაბამის პერიოდში მოქმედი კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი.
შემოწმებით დადგინდა, რომ ფიზიკურმა პირმა ---მ მომჩივანს გადასცა უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ საწარმომ აიღო ასაშენებელ მრავალსართულიან კომპლექსში ფართების გადაცემის ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული ხელშეკრულება საგადასახადო ორგანომ შეაფასა ბარტერულ ხელშეკრულებად, ვინაიდან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მიზანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ფართების მიღება, ხოლო მეორე მხარისთვის ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის საკუთრებაში მიღება.
მშენებლობა დაიწყო 2015 წელს და დამთავრდა 2019 წელს (გრძელვადიანი კონტრაქტი). ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების საფუძველზე, კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის განხორციელებისას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კომპანიის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურება საბაზრო ფასით, რომელიც გაანგარიშდა კალენდარული წლისთვის განსაზღვრული ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ გაანგარიშდა გაწეული ხარჯების პროპორციულად, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს დეკემბრის თვე.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ ნაწილში ძირითადი დარიცხვა განხორციელდა, 2.12.2019 წლის აქტის საფუძველზე, რომლითაც შემოწმდა 1.01.2016 წლიდან 1.09.2018 წლამდე საანგარიშო პერიოდი, ხოლო შესამოწმებელ (განსახილველ) სადავო პერიოდზე კომპანიის მიერ ხარჯი გაწეულია მინიმალური ოდენობით და შესაბამისად, გაწეული მიმდინარე ხარჯის მიხედვით (პროპორციულად) მოხდა გადასახადით დაბეგვრა.
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას ოპერაციის მონაწილე მხარეებს შორის, მიწის სანაცვლოდ გადაცემული ფართების გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად განხილვასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. მოგების გადასახადის ჩათვლებში გათვალისწინება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ამ ნაწილში დარიცხვა არ განხორციელებულა, მომჩივანი ითხოვს მოგების გადასახადის ჩათვლებში გათვალისწინებას. 2016 წლის წლიური მოგების გადასახადის ნაწილში კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი 20 526 ლარის ოდენობით. ითხოვს, რომ სალაროში „აღმოჩენილი“ ვირტუალური თანხის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ჩაითვალოს მოგების განაწილებად და გადამხდელს მიეცეს უფლება ჩაითვალოს დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, მე-8 მუხლის მე-12 და 43-ე ნაწილებით, 309-ე მუხლის 92-ე ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ვინაიდან არც გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და არც საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასახადის ნაწილში არ არის დარიცხული/განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, არ არის დაფიქსირებული მოგების განაწილება, შემოწმების მიერ მოგების გადასახადის ნაწილში ჩათვლა (2017 წლამდე დარიცხული და გადახდილი მოგების განაწილების კუთხით) არ ექვემდებარება გათვალისწინებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მოგების გადასახადის ნაწილში არ არის დეკლარირებული და ასევე, საგადასახადო შემოწმების შედეგად არ არის დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, არ არის დაფიქსირებული მოგების განაწილება. შესაბამისად, მოგების გადასახადის ნაწილში ჩათვლა (2017 წლამდე დარიცხული და გადახდილი მოგების განაწილების კუთხით) არ ექვემდებარება გათვალისწინებას. ამასთან, როგორც წინა პერიოდების, ისე შემდგომი საგადასახადო შემოწმების აქტებით გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მოგების გადასახადის ჩათვლებში გათვალისწინებაზე უარის შესახებ და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №006-649 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 628 881 ლარი და საურავი - 380 392 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გამომდინარე იქიდან რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს სანქციებისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მიწის ნაკვეთის მიწოდების სანაცვლოდ ფართების აშენების მომსახურების ბარტერად დაკვალიფიცირება და გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში საბაზრო ფასით დაბეგვრა;
2. მოგების გადასახადის ჩათვლებში გათვალისწინება;
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 27.12.2022 წლის №33055 ბრძანება და №006-649 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17858 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17858 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
16; 18; 8 (10); 97; 981; 8 (12); 309 (92, 107); 269 (7).
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
160; 161.