დაქირავებულზე უპროცენტოდ გაცემული სესხი N 2137

2137 დაქირავებულზე უპროცენტოდ გაცემული სესხი 12.02.2018
№ დოკუმენტი 2137
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დაქირავებულზე უპროცენტოდ გაცემული სესხი N 2137

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ 2015 წლის 1 იანვარს დირექტორზე გასცა უპროცენტოდ სესხი, რომელიც წლის ბოლომდე არ დაბრუნებულა.

· I ვარიანტი: საწარმომ 20%-იანი განაკვეთით დაანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩათვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად, რომელიც შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, პროცენტის თანხა ამავე ოდენობით ჩართო 2015 წლის ერთობლივ შემოსავალში და ამავე თანხით გაზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხელფასის ხარჯი.

· II ვარიანტი: საწარმომ 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩათვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად, რომელიც შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და ამავე თანხით გაზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხელფასის ხარჯი. ამასთან, სესხის სახეობის, ვადიანობის, უზრუნველყოფის სახის და სხვა პირობების გათვალისწინებით განსაზღვრული შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტის სათანადო თანხა ჩართო 2015 წლის ერთობლივ შემოსავალში.

შეფასება

· სსკ-ის მე-15 მუხლის გათვალისწინებით, სესხის გაცემა განეკუთვნება ფინანსურ მომსახურებას. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ მომსახურების საბაზრო ფასი. სსკ-ის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. სსკ-ის 101-ე მუხლის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, როგორც სარგებელი, განიხილება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წ. №34 ბრძანებით, სსკ-ის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით. სსკ-ის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

· ნორმათა ერთობლიობიდან გამომდინარე საწარმოს მიერ უსასყიდლოდ (უპროცენტოდ) გაცემულ სესხზე, დამქირავებლის მიერ შესაძლებელია ერთობლივ შემოსავალში შესატანი თანხა განისაზღვროს 20%-იანი განაკვეთით. შესაბამისად, ორივე ვარიანტში გადამხდელის მიერ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების აუცილებლობა არ წარმოიშობა.

ღონისძიებები

· ორივე ვარიანტში: პირის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო ვრცელდება იმ საწარმოების მიმართ, რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება სსკის კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 30 იანვრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით