ბრძანება N 338

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.01.2024
№ დოკუმენტი 338
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 338

15 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------- (პ/ნ -----)

(მის: ქ. ------)

2023 წლის 20 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა ------ს (პ/ნ -----) №86165/1/2023 და №86166/1/2023 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №ELC26454, №ELC26455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და 27 ოქტომბრის №EL7777/409 (№005-409) საგადასახადო მოთხოვნას და ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ოქტომბრის „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ №005-18846 შეტყობინებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი სადავო ადმინისტრაციულ აქტებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოში შემოიყვანა სატრანსპორტო საშუალება, რომლის დეკლარირების ვადის ამოწურვამდე, მინდობილობის საფუძველზე განახორციელა მისი რეალიზაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. შეთანხმების თანახმად, მყიდველს უნდა განეხორციელებინა საბაჟო პროცედურები და უნდა გაეწია მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. მომჩივნის მტკიცებით, შეცდომაში იქნა შეყვანილი, ვინაიდან მინდობილობა იყო შედგენილი უცხო ენაზე და შინაარსი მისთვის უცნობი იყო. სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას და იგი გამოწვეულია მყიდველის არაკეთილსინდისიერი ზრახვებით. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 და მე-15 ნაწილებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან სამართალდარღვევა ჩადენილია პირველად და იგი გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით, მას უნდა დაკისრებოდა გაფრთხილება.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ------) -------ს (პასპორტის №------) წარმომადგენლის -----ს (პ/ნ -----) მიერ 2022 წლის 9 ივლისს ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (№-----) დადეკლარირდა რეექსპორტში და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა – 2022 წლის 22 აგვისტო.

ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის 26 ოქტომბერს შედგენილ იქნა №ELC26455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------ს (პ/ნ -----) ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო რეექსპორტის პირობების დარღვევისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილ იქნა №ELC26454 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამასთან ერთად, 2023 წლის 26 ოქტომბერს გამოიცა №7777/409 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც -----ს (პ/ნ -----) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი გადასახდელები, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით -----ს (პ/ნ -----) 2023 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 31 301.14 ლარი.

შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, -----ს (პ/ნ ----) ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (2023 წლის 27 ოქტომბრის №005–18846 შეტყობინება).

------ს (პ/ნ -----) 2023 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 31 711.63 ლარი.

მომჩივანს მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა სადავო აქტები, რომელთაც ადრესატი გაეცნო 2023 წლის 22 ნოემბერს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

ამავე ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი აზუსტებს, რომ რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის თანახმად, კი რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს:

1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობებით დადეკლარირდა რეექსპორტში და მისი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარული დღით, თუმცა სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის და ასევე რეექსპორტის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი და 172-ე მუხლის) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რომელიც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას. ამდენად, მომჩივანზე დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია, ხოლო საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, მომჩივნის ქონებაზე წარმოშობილი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით გამოყენებული იქნეს გაფრთხილება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ნორმის განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის ზომის – გაფრთხილების ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოყენების ვალდებულებას კანონი არ ადგენს და საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას და არა ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტებით დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატურია და შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სადავო აქტებით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------ (პ/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №ELC26454, №ELC26455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და 27 ოქტომბრის №EL7777/409 (№005-409) საგადასახადო მოთხოვნა და ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ოქტომბრის „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ №005-18846 შეტყობინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება მომჩივნის მიერ 2022 წლის 9 ივლისს ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით დადეკლარირდა რეექსპორტში და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა – 2022 წლის 22 აგვისტო. ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის 26 ოქტომბერს შედგენილ იქნა №ELC26455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო რეექსპორტის პირობების დარღვევისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილ იქნა №ELC26454 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამასთან ერთად, 2023 წლის 26 ოქტომბერს გამოიცა №7777/409 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი გადასახდელები, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს 2023 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 31 301.14 ლარი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (2023 წლის 27 ოქტომბრის №005–18846 შეტყობინება).

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239(1)(2).

საქართველოს საბაჟო კოდექსი: 165, 172.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.