გადაწყვეტილება №18097/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18097/2/2022
8.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---------- (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 29.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18097/2/2022).
დავის საგანი:
1. ხელფასის სახით გაცემული დასაბეგრი ბაზის გაზრდა;
2. სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. უცხოელი კრედიტორებისათვის საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადახდილი თანხის 75%-ის ჩათვლა ანაზღაურებულად და სხვაობის თანხის დაკვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ სესხად;
4. დებიტორული დავალიანების თანხის მიღებულად მიჩნევა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;
5. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №002-369 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.07.2022 წლის №19077 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 406 669 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 208 337
დღგ - 3 835 მოგების გადასახადი - 9 175
საშემოსავლო გადასახადი - 195 327
ჯარიმა - 104 547
საურავი - 93 785
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ცენტრალური გათბობის რადიატორების და ქვაბების წარმოება, ამწე-სატრანსპორტო, სატვირთავ-გასატვირთავი და სასაწყობო მოწყობილობების წარმოება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 15.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №38929 ბრძანება და ამავე თარიღის №002-369 საგადასახადო მოთხოვნა
აღნიშნული აქტები 27.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.07.2022 წლის №19077 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ხელფასის სახით გაცემული დასაბეგრი ბაზის გაზრდა ფაქტების
აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა 250 ლარის ოდენობით.
შემოწმებით შესწავლილია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარდგენილი ცნობები, საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამის მონაცემები და ხელფასის სახით გაცემული დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა 691 751 ლარის ოდენობით (აღნიშნული თანხა დამატებით არ არის აგროსილი).
საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა შემოწმებით დადგენილი სხვაობის თანხით. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციაზე, რომ აღნიშნული თანხა გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა, ხოლო შემოწმების დაწყებამდე დააზუსტა დეკლარაციები და დარიცხული თანხები გაინულა. ასევე, კომპანიის დავალიანების გამო შემოსავლების სამსახურმა 25.05.2021 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა შუამდგომლობით შპს ------ის ცრუმაგიერ პირებად ---------ის (პ/ნ ---------) და ---------ის (პ/ნ ---------) ცნობის თაობაზე. ამასთან, მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელს არ აქვს წარდგენილი არანაირი ცხრილი, აქედან გამომდინარე გაუგებარია, თუ საიდან დაადგინა შემმოწმებელმა, რომ საწარმოს ხელფასის სახით აქვს გაცემული 691 751 ლარი. რომელიც კიდევ აიგროსა, რაც ასევე არასწორია. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა და სხვაობა შემოწმების შედეგად დადგენილ და დეკლარირებულ თანხებს შორის საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდეს დირექტორზე გაცემულად პროცენტიან სესხად (წლიური 20%).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივნისთვის გაუგებარია, თუ საიდან დაადგინა შემმოწმებელმა ხელფასის სახით გაცემული თანხის ოდენობა, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა და სხვაობა შემოწმების შედეგად დადგენილ და დეკლარირებულ თანხებს შორის საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდეს დირექტორზე გაცემულად პროცენტიან სესხად (წლიური 20%).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციაზე, რომ აღნიშნული თანხა გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა, ხოლო შემოწმების დაწყებამდე დააზუსტა დეკლარაციები და დარიცხული თანხები გაინულა. ასევე, კომპანიის დავალიანების გამო შემოსავლების სამსახურმა 25.05.2021 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა შუამდგომლობით შპს ---------ს ცრუმაგიერ პირებად ---------ის (პ/ნ ---------) და ---------ის (პ/ნ ---------) ცნობის თაობაზე.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს 2019 წლის მარტში სალაროდან ჩამოწერილი აქვს თანხები, რომლის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა. სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა 84 349 ლარი, რაც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2019 წლის მარტში სალაროდან ჩამოწერილი აქვს თანხები, რომლის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა. ამასთან, მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია რა თანხების ჩამოწერაზე საუბრობს აუდიტორი, თანხის ჩამოწერაზე არსებობს პირველადი დოკუმენტი, შესაბამისად ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა და სხვაობა შემოწმების შედეგად დადგენილ და დეკლარირებულ თანხებს შორის საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდეს დირექტორზე გაცემულად პროცენტიან სესხად (წლიური 20%).
ასევე, არ ეთანხმება თანხების აგროსვას და ვირტუალური თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი განმარტავს, რომ თანხის ჩამოწერაზე არსებობს პირველადი დოკუმენტი. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა და სხვაობა შემოწმების შედეგად დადგენილ და დეკლარირებულ თანხებს შორის საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდეს დირექტორზე გაცემულად პროცენტიან სესხად (წლიური 20%).
შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2019 წლის მარტში სალაროდან ჩამოწერილი აქვს თანხები, რომლის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმების პროცესში გადამხდელმა ვერ წარადგინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილი თანხის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. უცხოელი კრედიტორებისათვის საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადახდილი თანხის 75%-ის ჩათვლა ანაზღაურებულად და სხვაობის თანხის დაკვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ სესხად
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელმა შემოწმების დაწყებამდე დააზუსტა საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციები და გაანულა მანამდე დეკლარირებული მონაცემები.
შემოწმებით შესწავლილია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, წარდგენილი პროგრამული მონაცემები და დადგინდა, რომ საწარმოს ჩამოწერილი აქვს მოთხოვნა ანგარიშვალდებული პირების მიმართ საქვეანგარიშოდ გატანილ თანხებზე. გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით თანხები გახარჯულია საზღვარგარეთ საქონლის შეძენისას თუმცა, მომწოდებლებთან თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა სრულად შემოწმების პროცესში წარდგენილი. ვინაიდან სახეზეა მხოლოდ ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ამასთანავე, გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და მისთვის დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის, უცხოელი კრედიტორებისთვის ანაზღაურებულად ჩაითვალა საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. სხვაობის თანხა 51 994 ლარი მიჩნეულია დირექტორზე გაცემულ სესხად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ასევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების გათვალისწინებით, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. კომპანიას დაერიცხა მოგების, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
უცხოეთში შეძენილ საქონელზე არსებობს პირველადი დოკუმენტაცია, აღნიშნულს ადასტურებს შემმოწმებელიც, აქედან გამომდინარე გაუგებარია რა დაბეგრა შემმოწმებელმა საშემოსავლო გადასახადით, მით უფრო იმ პირობებში, როცა შემმოწმებელი არ დავობს საქონლის ფასზე და ადასტურებს, რომ საქონლის უსასყიდლო მიწოდებას ადგილი არ ჰქონია.
შესაბამისად, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა და სხვაობა შემოწმების შედეგად დადგენილ და დეკლარირებულ თანხებს შორის საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდეს დირექტორზე გაცემულად პროცენტიან სესხად (წლიური 20%).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ უცხოეთში შეძენილ საქონელზე არსებობს პირველადი დოკუმენტაცია, აღნიშნულს ადასტურებს შემმოწმებელიც, აქედან გამომდინარე გაუგებარია რა დაბეგრა შემმოწმებელმა საშემოსავლო გადასახადით, მით უფრო იმ პირობებში, როცა შემმოწმებელი არ დავობს საქონლის ფასზე და ადასტურებს, რომ საქონლის უსასყიდლო მიწოდებას ადგილი არ ჰქონია. ამ ნაწილშიც საკითხის დამატებით შესწავლას და სხვაობის დაკვალიფიცირებას დირექტორზე გაცემულად პროცენტიან სესხად (წლიური 20%).
დადგენილია, რომ კომპანიას ჩამოწერილი აქვს მოთხოვნა ანგარიშვალდებული პირების მიმართ საქვეანგარიშოდ გატანილ თანხებზე. გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით თანხები გახარჯულია საზღვარგარეთ საქონლის შეძენისას თუმცა, მომწოდებლებთან თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა სრულად წარდგენილი. შესაბამისი საქონლის შეძენაიმპორტი დასტურდება მხოლოდ ინვოისით და საბაჟო დეკლარაციით, გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და მისთვის დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, უცხოელი კრედიტორებისთვის ანაზღაურებულად ჩაითვალა საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%, ხოლო სხვაობის თანხა მიჩნეულია დირექტორზე გაცემულ სესხად.
საბჭოს მიაჩნია, რომ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე მართებულია საგადასახადო ორგანოს ქმედება და საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. დებიტორული დავალიანების თანხის მიღებულად მიჩნევა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელს 2019 წლის მარტის თვის შემდეგ დაფიქსირებული აქვს დებიტორული დავალიანება რამდენიმე პირის მიმართ 120 316 ლარის ოდენობით. შემოწმებით მოთხოვნილია შესაბამის ორგანიზაციებთან დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც საწარმოს მიერ არ იქნა შემოწმების პროცესში წარდგენილი.
შემოწმებით, დებიტორული დავალიანების თანხები მიჩნეულია მიღებულად და დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაქირავებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ლოგიკას არის მოკლებული შემმოწმებლის პოზიცია, რომ ვინაიდან დებიტორები არ ადასტურებენ ვალს, აქედან გამომდინარე ვალი არ არსებობს. პირველადი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მომსახურება გაწეულია, ხოლო მიღებული მომსახურების სანაცვლოდ მომსახურების ღირებულება დებიტორებს რომ სრულად აქვთ გადახდილი, აღნიშნული მტკიცებულება დებიტორებს არ აქვთ წარმოდგენილი (რაც დასტურდება შემოწმების აქტითაც) და მხოლოდ შემმოწმებლის პოზიცია ვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებით ბუნებრივია არ არის საკმარისი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შესაბამის ორგანიზაციებთან დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტები.
მომჩივანი განმარტავს, რომ პირველადი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მომსახურება გაწეულია, ხოლო მიღებული მომსახურების სანაცვლოდ მომსახურების ღირებულება სრულად არის გადახდილი აღნიშნულის მტკიცებულება არ არსებობს და მხოლოდ შემმოწმებლის პოზიცია ვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებით არ არის საკმარისი.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა 1 500 838 ლარის ოდენობით, შემოწმებით დამუშავდა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბუღალტრო პროგრამის მონაცემები, საბანკო ამონაწერები და დღგ-ის ბრუნვამ შეადგინა 1 522 141 ლარი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა 21 303 ლარის ოდენობით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელს არ აქვს წარდგენილი არანაირი ცხრილი, აქედან გამომდინარე გაუგებარია, თუ საიდან დაადგინა შემმოწმებელმა, სხვაობა დეკლარირებულსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციას შორის. შესაბამისად, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებითი შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების, საბუღალტრო პროგრამის მონაცემების, საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაზე მეტი, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს სადავო საკითხის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.