ბრძანება N 9258-2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9258
26/03/2020
შპს -----
(მის.: ქ.------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილეაზე უარის თქმის თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 20 დეკემბრის №265695/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №094-218 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გაწეული გადაზიდვის მომსახურების შესახებ საწარმოს არ ჰქონდა ინფორმაცია, რადგან არ გააჩნია წვდომა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის კონფიდენციალურ მონაცემებზე. გადამხდელი აღნიშნავს, რომ არასწორია დარიცხვა ისეთ ოპერაციებზე, სადაც საწარმო არც მომსახურების გამწევად და არც შემოსავლის მიმღებად არ ფიქსირდება;
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილების და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 02 აგვისტოს №26847 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 20 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2019 წლის 22 ნოემბრის №40629 ბრძანება და 25 ნოემბრის №094-218 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 319 963,55 ლარი, მათ შორის, გადასახადი 196 190 ლარი, ჯარიმა 93 733 ლარი, საურავი 30 040,55 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან მიმართებაში დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
„სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად,საწარმოს უფიქსირდება საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნომრებით სასაქონლო ზედნადებების ჭრილში ისეთი სატრანსპორტო მომსახურება (გადაზიდვა), სადაც შპს ----- არცერთ მხარეს არ წარმოადგენს. ამასთან,გადამხდელს აღნიშნულ უსასყიდლო
მომსახურებაზე საგადასახადო ვალდებულებები დეკლარირებული არ აქვს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების მიხედვით, საწარმოს 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა მოგების გადასახადი და დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტის, 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საწარმოს 2017-2019 წლების საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა მოგების გადასახადი და დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.“
სადავო საკითხის განხილვის შედეგად შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ ახსნა-განმარტებაში განმარტავს, რომ ოპერაციები არ განხორციელებულა შეგნებულად და არ ჰქონია გადასახადებისგან თავის არიდების მიზანი, ის გამოწვეულია მძღოლების გაუაზრებელი მოქმედებით.
საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, ზეპირი მოსმენისას გამოთქმული მოსაზრებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით დადგენილია შპს ----- ს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ისეთ სატრანსპორტო (გადაზიდვის) მომსახურებაში გამოყენების ფაქტი, სადაც არცერთ მხარეს არ წარმოადგენს მომჩივანი, აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ოპერაციების დაბეგვრა მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადით განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ----- ს 2019 წლის 20 დეკემბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, არ ეთანხმება დარიცხვას ისეთ ოპერაციებზე, სადაც საწარმო არც მომსახურების გამწევად და არც შემოსავლის მიმღებად არ ფიქსირდება;
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით საწარმოს უფიქსირდება საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სასაქონლო ზედნადებებით ისეთი სატრანსპორტო მომსახურება (გადაზიდვა), სადაც არცერთ მხარეს არ წარმოადგენს. ამასთან, გადამხდელს აღნიშნულ უსასყიდლო მომსახურებაზე საგადასახადო ვალდებულებები დეკლარირებული არ აქვს. საწარმოს 2016 წელზე სსკ-ს 100 და 102 მუხლების შესაბამისად, ხოლო 2017-2019 საანგარიშო პერიოდზე სსკ-ს 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტის, 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დაერიცხა მოგების გადასახადი და სსკ-ს 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.“
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან დადგენილია გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ისეთ სატრანსპორტო (გადაზიდვის) მომსახურებაში გამოყენების ფაქტი, სადაც არცერთ მხარეს არ წარმოადგენს მომჩივანი, აღნიშნული ოპერაციების დაბეგვრა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1,,გ“); 97(7); 983(3,,ბ“); 100; 102; 275
01.01.2021 წლამდე მოქმედი 161