გადაწყვეტილება №20150/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.10.2023
№ დოკუმენტი 20150/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20150/2/2023

12 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20150/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ფიზიკურ პირებთან ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული შემოსავლების დაბეგვრა;

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №002-41 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13350 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 69 387,53 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 45 249

ქონების გადასახადი - 1 077

საშემოსავლო გადასახადი - 44 172

ჯარიმა - 14 619

საურავი - 9 519,53

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 23 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილს №7412 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №002-41 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13350 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფიზიკურ პირებთან ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული შემოსავლების დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით, კერძოდ, 2020 წლიდან გაფორმებული აქვს 11 ნასყიდობის ხელშეკრულება, ჯამურად 1 704 270 ლარის ღირებულებით. აღნიშნული ბინებიდან 8 ბინა არის გამოსყიდული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები პირს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში.

გადასახადის გადამხდელის მიერ გამოსყიდვის უფლებით დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხა ჩაითვალა სესხად გაცემულ თანხად, რომელიც ამავდროულად მოიცავს შესაბამის საპროცენტო სარგებელს, თვიური 2 პროცენტის სახით. გამყიდველის მიერ გამოსყიდვის უფლების განხორციელების შემთხვევაში კი ჩაითვალა, რომ მან სრულად დააბრუნა ნასესხები თანხა და შესაბამისად, გადაიხადა საპროცენტო სარგებელი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის და მე-80 მუხლის მიხედვით, განისაზღვრა მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი და დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს კერძო ბინების მშენებლობას -------- ტერიტორიაზე, შემდგომი გაქირავების მიზნით. ასევე მშენებლობასთან დაკავშირებულ ხარჯებზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით უძრავი ქონების სააგენტოსთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც უძრავი ქონების სააგენტომ უნდა მოიძიოს პოტენციური დამქირავებლები, შენობების სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ. საგადასახადო ორგანოს მიერ დათვალიერდა აღნიშნული ფართები და დადგინდა, რომ ტერიტორიაზე ნამდვილად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. შემოწმების აქტში ასევე მითითებულია რომ, გარდა აღნიშნულისა უფიქსირდება ბინების შესყიდვა გამოსყიდვის უფლებით. აცხადებს რომ, ნამდვილად არის დაკავებული საცხოვრებელი სახლების მშენებლობით, მათი შემდგომი გაქირავების მიზნით. ასევე დაინტერესებული არის შეიძინო სხვა უძრავი ქონება, შემდგომში საცხოვრებელი სახლების აშენების თუ უკვე აშენებული ბინების გაქირავების მიზნით. ასევე აქვს აღნიშნული ქონებების შესაძენად საჭირო შესაბამისი საკმარისი დაგროვილი ქონება, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია წარმოადგინოს.

მისთვის ცნობილია, რომ უძრავი ქონების სასურველ ფასში შეძენის მიზნით ძალიან კარგი საშუალებაა ქონების შეძენა გამოსყიდვის უფლებით, ვინაიდან ამ დროს მესაკუთრეები ქონებას ყიდიან გაცილებით უფრო იაფად, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში ეღირებოდა, ვინაიდან ყოფილ მესაკუთრეს უფლება აქვს, გარკვეულ ვადაში გამოისყიდოს ქონება. არის შემთხვევები, როდესაც ყოფილი მესაკუთრე ვერ გამოისყიდის ქონებას და იგი რჩება შემძენს. სწორედ იმ მიზნით რომ, საბაზროზე შედარებით უფრო ნაკლებ ფასად შემეძინა უძრავი ქონება და შემდგომში გაექირავებინა, გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით შემდეგ პირებთან: ------------, ------------, ------------, ------------ ------------, ------------, ------------, ------------ და ------------.

ორ შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ კერძოდ ------------ და ------------ ვერ გამოისყიდეს ქონება და საკუთრების სრული უფლება გადმოვიდა მასზე, ხოლო 8 შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრეებმა გამოისყიდეს თავიანთი ქონება.

შემოწმების აქტში წერია, რომ თითქოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ასახული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მისი საქმიანობის სფეროა საპროცენტო შემოსავლის მიღების მიზანი, თუმცა მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ამის დამადასტურებელი რა სახის დოკუმენტი ანდა მტკიცებულება ნახა შემმოწმებელმა მითითებულ ვებგვერდზე. კატეგორიულად აცხადებს, რომ მისი მიზანი არ ყოფილა თანხის გაპროცენტება და ამ მხრივ სარგებლის მიღება და ეს არც გაუკეთებია. აქვს მხოლოდ ერთადერთი სურვილი, შეიძინოს უძრავი ქონება, გააქირავოს, გაქირავების მიზნით ააშენოს სახლები და ამ მხრივ მიიღოს შემოსავალი, რაც სრულად დაშვებულია და არაა აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. ის, რომ მას არ მიუღია საპროცენტო შემოსავალი აღნიშნული გარიგებების შედეგად დასტურდება ასევე ხელშეკრულებების მეორე მხარეების მიერ შედგენილი და ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი განცხადებებით, რასაც ურთავ საჩივარს. აღნიშნულ დოკუმენტებში ხელშეკრულების მეორე მხარე ყველა შემთხვევაში კატეგორიულად გამორიცხავს მისთვის რაიმე საპროცენტო სარგებლის გადახდის ფაქტს.

შემოწმების აქტში ასევე მითითებულია, რომ მის მიერ გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხა ჩაითვალა სესხად გაცემულ თანხად, და თან ჩაითვალა, რომ აღნიშნული მოიცავს საპროცენტო სარგებელსაც თვიური 2 პროცენტის სახით. წარმოუდგენელია, საიდან მივიდა შემმოწმებელი იმ დასკვნამდე რომ ჯერ სესხი გასცა და თან პროცენტიანი და თან თვეში ორპროცენტიანი განაკვეთით. შემმოწმებელმა ასევე ჩათვალა, რომ 2021 წელს მისმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 150 865 ლარი და შესაბამისად ჩათვალა, რომ გადასახდელი აქვს ქონების გადასახადი 1 077 ლარის ოდენობით, რაც ბუნებრივია ასევე არასწორია, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში არ მიუღია იმ რაოდენობის შემოსავალი, რის გამოც ვალდებული იქნებოდა შეევსო ქონების გადასახადის დეკლარაცია და გადაეხადა ქონების გადასახადი. გარდა იმისა, რომ შემმოწმებელს არ აქვს არანაირი მტკიცებულება (და ვერც ექნება, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს) იმის დასადასტურებლად, რომ მე ვინმეზე გავეცი სესხი თან საპროცენტო შემოსავლის მიღების მიზნით და შესაბამისად უკანონო და დაუსაბუთებელია ყოველგვარი დარიცხვა.

შემოწმების აქტში ასევე არაერთი ხარვეზია, კერძოდ აუდიტორის მიერ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი ექსელის ფაილით, რასაც დაურთავს საჩივარს, ირკვევა რომ:

1. ------------ შემთხვევაში აუდიტორს ხელშეკრულების საწყის პერიოდად მითითებული აქვს 15.02.2020 წელი და შესაბამისი დარიცხვებიც გაკეთებული აქვს 15 თებერვლიდან, ნაცვლად 25 თებერვლისა, ასევე ხელშეკრულების გაუქმების ვადად მითითებულია 25.08.2020 წელი, მაგრამ შემმოწმებელს დარიცხვა გათვალისწინებული აქვს 06.03.2021 წლის ჩათვლით.

2. ------------ ხელშეკრულება გააფორმა 09.09.2021 წელს, მან ვერ გადაიხადა გამოსასყიდი თანხა დადგენილ დროში და ქონება დღესდღეობით მას ეკუთვნის. ------------ არანაირი თანხა მისთვის გადახდილი არ აქვს საპროცენტო განაკვეთზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. თუმცა ამ შემთხვევაშიც აუდიტორმა საპროცენტო განაკვეთი დათვალა 09.09.2021 წლიდან 23.06.2022 წლამდე.

3. ------------ ხელშეკრულება გააფორმა 11.02.2021 წელს, ხოლო ვინაიდან ოლღა მუჯირმა 25.03.2021 წელს დაუბრუნა გადახდილი თანხა და გამოისყიდა ქონება, იმავე დღეს შეწყდა ვალდებულება და უკან დაუბრუნა ქონება, თუმცა შემმოწმებელმა ჩათვალა, რომ ხელშეკრულება დღემდე არაა გაუქმებული და 11.02.2021 წლიდან დღემდე დააკისრა არარსებული და არ მიღებული საპროცენტო სარგებლის საშემოსავლო გადასახადის გადახდა. აუდიტორის აბსოლუტურად არასწორი ვარაუდებით განხორციელებული დარიცხვის შემთხვევაშიც კი, რასაც ბუნებრივია არ ეთანხმება, მარტო ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში დარიცხული ძირი თანხა შემცირდებოდა 6 170 ლარით და ნაცვლად 6 610 ლარისა იქნებოდა 440,7 ლარი.

4. ------------ (რომელიც სამწუხაროდ დღეისთვის გარდაცვლილია) ხელშეკრულება გაფორმებულია 05.08.2021 წელს, ხოლო გამოსასყიდი თანხის უკან დაბრუნების გამო ქონება უკან დაუბრუნა 08.11.2021 წელს. თუმცა გამომძიებელმა საპროცენტო სარგებლის მიღება ჩაუთვალა 18.11.2021 წლის ჩათვლით. ბუნებრივია, აქაც როგორც ყველა შემთხვევაში არ მიუღია საპროცენტო შემოსავალი არცერთი დღისთვის. მითუმეტეს გაუგებარია რატომ დაერიცხა გადასახადი 18 ნოემბრის ჩათვლით, როდესაც ხელშეკრულება შეწყდა 08 ნოემბერს.

5. ---------- ხელშეკრულება გააფორმა 22.02.2022 წელს, მან ვერ გადაიხადა გამოსასყიდი თანხა დადგენილ დროში და ქონება დღესდღეობით ეკუთვნის მას. ------------ არანაირი თანხა მისთვის გადახდილი არ აქვს საპროცენტო განაკვეთზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. თუმცა ამ შემთხვევაშიც აუდიტორმა საპროცენტო განაკვეთი დათვალა. ასევე ორ შემთხვევაში აუდიტორმა საშემოსავლო გადასახადი დააკისრა 2019 წლის ეპიზოდზე, რაც ხანდაზმულია. კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უძრავი ქონებების შეძენის დროს არანაირი საპროცენტო სარგებლის მიღება განზრახული არც ჰქონია და არც მიუღია და არცერთ ნაწილში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსურ მომსახურებად/ოპერაციად განიხილება კრედიტის (სესხის) აღება/გაცემა/გადაცემა, სინდიცირება, სტრუქტურირება, მართვა და განკარგვა, მათ შორის, კრედიტის (სესხის) უზრუნველსაყოფად განხორციელებული ქმედებები (ქონების/აქტივის დაგირავება, საკრედიტო რისკის მესამე პირზე ნაწილობრივ ან მთლიანად გადაყიდვა, გარანტიების ან ანალოგიური შინაარსის ფინანსური ინსტრუმენტების გაცემა/დამოწმება/მართვა/განკარგვა ან ასეთი ინსტრუმენტის შეძენა/მის ბენეფიციარად ყოფნა), კრედიტის (სესხის) მომსახურება (საპროცენტო სარგებლისა და ძირის გადახდა) და კრედიტზე (სესხზე) საპროცენტო სარგებლისა და კრედიტის (ძირის) დაფარვის მიღება, აგრეთვე ფაქტორინგი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილების თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №-------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში დამუშავდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა საქმიანობად რომელიც გამიზნული იყო საპროცენტო სარგებლის მისაღებად. შესაბამისად მომჩივანს გაცემულ თანხებზე მიღებულად ჩაეთვალა საპროცენტო სარგებელი, ხელშეკრულების დასრულების მომენტში და დაერიცხა კუთვნილი გადასახადები შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში აღნიშნულია შემდეგი: „აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შემოწმების პროცესში შემმოწმებლის მიერ გამოყენებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ხელახალი გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ --------- მიმართებაში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი და პირს ზედმეტად დაერიცხა გადასახადი 10 დღეზე, ხოლო რაც შეეხება ------------, საპროცენტო სარგებლის მიღებად ითვლება ხელშეკრულების გაუქმების თარიღი, შესაბამისად, ვინაიდან აუდიტორის მიერ ვერ მოხერხდა აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების დოკუმენტის მოძიება, აღნიშნული ხელშეკრულება ჩაითვალა მიმდინარედ, შესაბამისად ამ ხელშეკრულებაზე არ მომხდარა საპროცენტო სარგებლის დარიცხვა“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13350 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხთან დაკავშირებით შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს 2021 წელს ერთობლივი შემოსავლის სახით მიღებული აქვს 150 865 ლარი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ასახული და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა მომჩივნის საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონება, რომელიც პირს არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით.

საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები აღნიშნულ დავის საგანთან დაკავშირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია, ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

დადგენილია, რომ 2021 წელს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მიღება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ასახული და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა მომჩივნის საკუთრებაში არსებული ქონების გადასახადით დასაბეგრი უძრავ/მოძრავი ქონების ნუსხა.

ვინაიდან, მომჩივანს გააჩნია დასაბეგრი ქონება და ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი გადამხდელის შემოსავალი აღემატება საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზღვარს, საბჭოს მიაჩნია, რომ ქონების გადასახადში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ფიზიკურ პირებთან ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული შემოსავლების დაბეგვრა;

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით, კერძოდ, 2020 წლიდან გაფორმებული აქვს 11 ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ბინებიდან 8 ბინა არის გამოსყიდული. დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები პირს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოსყიდვის უფლებით დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხა ჩაითვალა სესხად გაცემულ თანხად, რომელიც ამავდროულად მოიცავს შესაბამის საპროცენტო სარგებელს, თვიური 2 პროცენტის სახით. გამყიდველის მიერ გამოსყიდვის უფლების განხორციელების შემთხვევაში კი ჩაითვალა, რომ მან სრულად დააბრუნა ნასესხები თანხა და შესაბამისად, გადაიხადა საპროცენტო სარგებელი.

2.გადასახადის გადამხდელს 2021 წელს ერთობლივი შემოსავლის სახით მიღებული აქვს 150 865 ლარი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ასახული და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა მომჩივნის საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონება, რომელიც პირს არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;201(1გ,ა);202(5);205(1);