გადაწყვეტილება №20790/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20790/2/2023
09 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -----------ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 8.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20790/2/2023).
დავის საგანი:
1. დამფუძნებელზე რეალიზებულ საცხოვრებელი ბინების კვადრატული მეტრის ფასზე საბაზრო ფასის გავრცელება და დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-633 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20672 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 403 306 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 206 789
დღგ - 183 954
მოგების გადასახადი - 21 225
საშემოსავლო გადასახადი - 1 610
ჯარიმა - 104 259
საურავი - 92 258
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32875 ბრძანება და №006-633 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20672 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დამფუძნებელზე რეალიზებულ საცხოვრებელი ბინების კვადრატული მეტრის ფასზე საბაზრო ფასის გავრცელება და დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა მომჩივანს 2020 წლის 26 მარტს დამფუძნებელ პირზე რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ფართები, ამავე პერიოდში არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ საცხოვრებელ ფართებზე დაბალ ფასად. საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით ------ძე შპს „--------ის“ ურთიერთდამოკიდებული პირია. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.
შემოწმებით მიწოდებული საცხოვრებელი და კომერციული ბინების ღირებულების დასათვლელად გამოყენებულია საბაზრო ფასი. შედეგად, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე3 ნაწილებით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, და 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების შედეგების საფუძველზე მიღებული შემოსავლები და მის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. საგადასახადო შემოწმების აქტით დადგინდა, რომ შემოწმებას გათვალისწინებული აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები 2020 წელს 15 506 ლარის ოდენობით, 2021 წელს 27 957 ლარი, ხოლო 2022 წელს 76 671 ლარის ოდენობით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ფართები გეგმარების თვალსაზრისით განსხვავებულია, განსხვავდება, სართულები, ხედები, განათება, აივნის ფართი, შიდა გეგმარება ყველა ბინას იდენტური ფასი ვერ ექნება. ფასზე ზეგავლენას ახდენს ყველა ზემოთაღნიშნული ფაქტორი. -------სთვის საკუთრებაში გადაცემული ბინებიდან ბინა №1 (ს/კ ---------) და ბინა №2 ( ს/კ ---------) რეალიზებულ იქნა 1 კვ.მ. 150 აშშ დოლარად. აღნიშნული დაბალ საბაზრო ღირებულებად შეფასებულ იქნა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორივე ფართს ჰქონდა სხვა ფართებთან შედარებით დიდი მოცულობის საზაფხულო ფართები, რომელიც ვერ იქნებოდა გამოყენებული საცხოვრებელი დანიშნულებით. კერძოდ ბინა №1-ს 94.6 კვ.მ ფართიდან აქვს 32.4 კვ. საზაფხულო ფართი, ხოლო ბინა №2 -ს 82.6 კვ.მ. ფართიდან აქვს 28.4 კვ. საზაფხულო ფართი, როდესაც სხვა ბინებს აღნიშნულ პროექტში ჰქონდა მაქსიმუმ 7 კვ.-მდე საზაფხულო ფართები. (დანართად წარმოადგენს განშლის ოქმს, მოთხოვნის შემთხვევაში შეუძლია წარმოადგინოს საჯარო რეესტრის ბეჭდით დამოწმებული იდენტური ასლი).
ბინა №8-ის რეალიზაცია (ს/კ -----) განხორციელდა 1 კვ.მ. 200 აშშ დოლარად, რაც გამოწვეულ იქნა ბინის ცუდი გეგმარებიდან გამომდინარე, ხოლო ბინა №30 (ს/კ -------) რეალიზებულ იქნა 1 კვ.მ. 298 აშშ დოლარად, რაც შესაბამისობაში აღნიშნულ პროექტში არსებულ საბაზრო ღირებულებასთან. იმის დასტურად, რომ ბინა №30-ის საბაზრო ფასი რეალურად იქნა გაანგარიშებული განმარტავს, რომ წარმოადგენს 2021 წლის 24 ივნისს მომზადებულ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის დასკვნითი ნაწილის თანახმად ბინა №30 2021 წლის 21 ივნისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეფასდა 312 აშშ დოლარად. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შეფასება განხორციელდა რეალიზაციიდან 1 წლის შემდგომ, ანუ იმ დროისთვის, როდესაც ქონების მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო. ვინაიდან ფართის რეალიზაციისას სამშენებლო სამუშაოები არ იყო დასრულებული, 1 წლის შემდგომ კი ლოგიკურია საბაზრო ფასი გაიზრდებოდა. რეალიზაციასა და 1 წლის შემდგომ გაკეთებულ შეფასებას შორის სხვაობა 14 აშშ დოლარია, რაც ფაქტია დიდ სხვაობას არ აძლევს.
ზემოაღნიშნული ფართები საგადასახადომ შეაფასა 1 კვ.მ. 340 აშშ დოლარად, რამაც გამოიწვია დამატებითი დარიცხვები, როგორც დღგ-ის ნაწილში, ასევე, მოგების გადასახადის ნაწილში, ითხოვს გათვალისწინდეს აღწერილი გარემოება და მოეხსნას, როგორც დღგ, ასევე, მოგების გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული;
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე;
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. რომლის დროსაც: ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე: ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება; ბ) ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში; დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ მომჩივანს 2020 წლის 26 მარტს დამფუძნებელ პირზე რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ფართები, ამავე პერიოდში არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ საცხოვრებელ ფართებზე დაბალ ფასად. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები,რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, -------ძე შპს „------ის“ ურთიერთდამოკიდებული პირია. შემოწმებით მიწოდებული საცხოვრებელი და კომერციული ბინების ღირებულების დასათვლელად გამოყენებული იქნა საბაზრო ფასი. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
მომჩივანი არ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საწარმოს დამფუძნებელზე (ურთიერთდამოკიდებულ პირზე) მიწოდებულ უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასის გავრცელება და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-633 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 104 259 ლარი და საურავი - 92 258 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 270-ე მუხლის პირველის ნაწილით, 275-ე მუხლით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ დღგ-ის ნაწილში, სამართალდარღვევა გამოწვეულ იქნა ტექნიკური ხარვეზის გამო შეცდომითა და არცოდნით, ამასთანავე არ ჰქონია გადასახადისგან თავის არიდების განზრახვა და აღიარებს აღმოჩენილ სამართალდარღვევას ამ ნაწილში. ამასთანავე, აღნიშნულ სამართალდარღვევამდე კეთილსინდისიერად ასრულებდა სხვა საგადასახადო ვალდებულებებს, რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების დაწყებიდან, ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოჩენამდე და მას შემდგომ აქტიურად თანამშრომლობს საგადასახადო ორგანოსთან. ასევე, მიმდინარე პერიოდში კომპანია არ არის მოქმედი, არ ახორციელებს არანაირ საქმიანობას და არ გააჩნია არანაირი აქტივი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.დამფუძნებელზე რეალიზებულ საცხოვრებელი ბინების კვადრატული მეტრის ფასზე საბაზრო ფასის გავრცელება და დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №32875 ბრძანება და №006-633 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20672 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საწარმოს დამფუძნებელზე (ურთიერთდამოკიდებულ პირზე) მიწოდებულ უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასის გავრცელება და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
ასევე,საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(1, 2 ,3) ; 19 (1, 2 „ბ“ „გ“ ,5,11 „ა“); 981 (1,4 „ა.ა“); 269(7);
(2021 წლამდე მოქმედი) 160(„ა“); 161(1„ა“,2)