გადაწყვეტილება №19405/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი 19405/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19405/2/2023

11.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 12.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19405/2/2023).

 

დავის საგანი:

1. უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2022 წლის №007-302 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5290 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 432 468,01 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 263 513

ჯარიმა - 73 198

საურავი - 95 757,01

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2022 წლის №007-302 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5290 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებულია 21 უძრავი ქონება (----------ში მდებარე 17 ბინა, ---------- 2 საცხოვრებელი ბინა. ---------- 1 საცხოვრებელი ბინა და ---------- 1 საცხოვრებელი სახლი), რომლის ნასყიდობის საერთო თანხამ შეადგინა 1 727 509 ლარი. შესაბამისად, გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულებები თითოეულ უძრავ ნივთზე. გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციები დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობად.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. ამასთან, უძრავი ქონების მიწოდების შედეგად გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 20.03.2019 წელს. საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად ჩაითვალა 20.03.2019 წლიდან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე2 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 157-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გასხვისებულია 21 უძრავი ქონება (აუდიტის დეპარტამენტის ზეპირსიტყვიერი განმარტების თანახმად 2021 წლამდე რეალიზებულია 19 უძრავი ქონება, ხოლო 2021 წელს - 2 უძრავი ქონება), რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 1 727 509 ლარი. ამასთან, უძრავი ქონების მიწოდების შედეგად გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 20.03.2019 წელს, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, გადამხდელი არ ყოფილა დარეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და არ აქვს შესრულებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება.

ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 21 საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას და ვინაიდან აღნიშნული საქმიანობით მიღებული შემოსავალი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში აჭარბებს 100 000 ლარს, გადასახადი გადამხდელი ვალდებული იყო ბინების რეალიზაცია განეხილა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტით არასწორად იქნა გაანგარიშებული დღგ უძრავი ქონების გადაცემაზე, ვინაიდან მომჩივანმა ზოგიერთ შემთხვევაში მოახდინა უძრავი ქონების გადაცემა პირადი საკუთრებიდან და არა როგორც ინდ. მეწარმემ, აღნიშნული გადაცემა აუდიტის მიერ არასწორად იქნა გაგებული რეალიზაციად. აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს პირადი ქონების (საცხოვრებელი სახლი, რომელსაც იყენებდა გადამხდელი საცხოვრებლად) რეალიზაციის დასაბეგრი ბაზიდან ამოღება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებულია 21 უძრავი ქონება (----------ში მდებარე 17 ბინა, ----------ში - 2 საცხოვრებელი ბინა. ----------ში - 1 საცხოვრებელი ბინა და ----------ში - 1 საცხოვრებელი სახლი), რომლის ნასყიდობის საერთო თანხამ შეადგინა 1 727 509 ლარი.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციების ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლის მიღებას გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეღო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა იმ საწარმოდან, რომელმაც მოაწოდა უძრავი ქონება და შესაბამისად დღგ-ის გაანგარიშება მოხდებოდა ჩასათვლელი დღგ-ის ანგარიშფაქტურის გათვალისწინებით და გადამხდელს დაერიცხებოდა სხვაობის თანხა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა დღგ-ის ძირითად თანხას.

დღგ-ის გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნას მომწოდებლის მიერ გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისი ჩასათვლელი დღგ-ის თანხით შემცირდეს დამატებით დარიცხული გადასახადი, სანქცია-საურავთან ერთად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5290 ბრძანებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5290 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1) საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებულია 21 უძრავი ქონება რომლის ნასყიდობის საერთო თანხამ შეადგინა 1 727 509 ლარი.

2) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადვო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციების ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მე-2 ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა“); 163(1); 164(1); 175(1„ა“); 282.

(2021 წლამდე მოქმედი): 157(1) 160(„ა“); 161(1„ა“)