გადაწყვეტილება №20184/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20184/2/2023
26 .10. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------ი“ (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------ი“ს 5.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20184/2/2023).
დავის საგანი:
1. საშემოსავლო გადასახადში გამოვლენილი სხვაობები;
2. მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №001-273 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12110 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 594 643 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 295 706
მოგების გადასახადი - 43 746
საშემოსავლო გადასახადი - 251 960
ჯარიმა - 147 853
საურავი - 151 084
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ---ის ნაწილების იმპორტი და -----ის ექსპორტი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33674 ბრძანება და №001-273 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12110 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საშემოსავლო გადასახადში გამოვლენილი სხვაობები
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- 2019 წლის მარტის, მაისისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდის საბანკო ამონაწერებიდან დადასტურდა, რომ კომპანიას გადახდილი ჰქონდა ხელფასები. ამასთან, შემმოწმებლისათვის წარდგენილი იყო შპს ----------ის მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომ 2019 წლის იანვრიდან საჭიროა გარკვეული სახის ფინანსური მომსახურება, კერძოდ, შპს ---------ი კომპანიის ნაცვლად თანხების გადარიცხვა თანამშრომლებზე და სხვა პირებზე. შემოწმების პროცესში, შპს -------ის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების შესწავლის შედეგად სრულად არ დადასტურდა ფიზიკურ პირებზე განხორციელებული გადახდების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის მარტის, მაისისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებში ფიზიკურ პირებზე განხორციელებული გადახდები, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;
- შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიას საბანკო ამონაწერებით უფიქსირდება თანხების გაცემა დირექტორსა და სხვა პირებზე. გადასახადის გადამხდელის მიერ, აღნიშნული თანხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებამ გამოითხოვა ინფორმაცია ადგილობრივი მომწოდებლებისგან და მათთან არსებული დავალიანებისა და საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული გადახდების გათვალისწინებით, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები ჩათვალა ფიზიკურ პირებზე გაცემულად და დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
- გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება რეალიზაცია შპს ----------ზე, რომლის შესაბამისი ანაზღაურება საბანკო ამონაწერებით არ დადასტურდა. შემოწმების მიერ, აღნიშნული რეალიზაციის ღირებულება ჩაითვალა მიღებულად და კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის სრულად არ წარუდგენია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო ამონაწერებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, საგადასახადო ორგანომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. აგრეთვე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციების წარუდგენლობასთან დაკავშირებით კომპანია ორჯერ დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შპს --------ის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, რისი მიხედვითაც სრულად არ დადასტურდა გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირებზე განხორციელებული გადახდების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ფაქტი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის საბანკო ამონაწერებით ფიქსირდებოდა თანხების გაცემა დირექტორსა და სხვა პირებზე, თუმცა აღნიშნული თანხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით არ იყო წარდგენილი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.ასევე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა რეალიზაცია შპს -------ზე, რომლის შესაბამისი ანაზღაურება საბანკო ამონაწერებით არ დადასტურდა. შემოწმების მიერ, აღნიშნული რეალიზაციის ღირებულება ჩაითვალა მიღებულად და კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კატეგორიულად არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის/შეფასების გარეშე, სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით და წარმოადგენს არგუმენტებს დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.
როგორც საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება, შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა იმ საფუძვლით, რომ კომპანიას შპს --------თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აღებული ფინანსური ვალდებულების ფარგლებში, გაცემული აქვს ხელფასი შპს ------ის თანამშრომლებისთვის. შემმოწმებლის მიერ, კომპანიის მიერ შპს ------ი კომპანიასთან აღებული ფინანსური ვალდებულების ფარგლებში, გაცემული თანხები მიჩნეულ იქნა კომპანიის მიერ გადახდის წყაროსთან დასაბეგრ განაცემად.
შემმოწმებლის მიერ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის და შეფასების გარეშე იქნა სადავო საკითხის ირგვლივ გადაწყვეტილება მიღებული და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. შემმოწმებლის მიერ ვალდებულებები რეალურად განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველზე, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტი არათუ არ შეიცავს აღნიშნული ნორმის გამოყენების თაობაზე დასაბუთებას, არამედ შემოწმების აქტში არ არის მითითებული შესაბამისი ნორმაც კი. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის (საქმე Nბს-854-846(კ-16)) გადაწყვეტილებით მიღებულ განმარტებაზე, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსის და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დგინდება. მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში. ფორმა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი მხარეთა რეალურ ნებას. ამასთან, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით უნდა იკვეთებოდეს/დასტურდებოდეს ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც მიუთითებს ნების გამოვლენის ნაკლზე, ეკონომიკური რეალობის, შინაარსის და სამართლებრივი ფორმის შეუსაბამობაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტით, შემოწმების მასალებით და დავის წარმოებისას წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არაერთგზის იქნა განმარტებული როგორც შემოწმების, ასევე საგადასახადო დავის წარმოების პროცესშიც საჩივარში მითითებული, რომ აღნიშნული განაცემები განხორციელებულია შპს ------თან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმების შესრულების მიზნით და თანხები სწორედ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესრულების მიზნით გაიცემოდა ვაგონმშენებელი კომპანიის თანამშრომლებზე, შემმოწმებელმა და შემოსავლების სამსახურმა უგულებელყვეს წარდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები. შემოწმების ფარგლებში წარდგენილია, როგორც ზემოაღნიშნული ხელშეკრულება, ასევე შემმოწმებელთან ერთად იქნა შესწავლილი აღებული ფინანსური ვალდებულების ფარგლებში გაცემული ხელფასებთან დაკავშირებით ვაგონმშენებელი კომპანიის მიერ გადახდის წყაროსთან დასაკავებელი ვალდებულებების სისწორე. შედეგად, სხვაობა გამოვლენილი იყო მხოლოდ 2019 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე, თუმცა შემმოწმებელმა გაურკვეველი მიზეზით უგულებელყო აღნიშნული და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა სრულ განაცემებთან მიმართებაში, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება. გარდა ზემოაღნიშნულისა, შემმოწმებელმა ასევე უგულებელყო საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები. განმარტავს, რომ ფიზიკურ პირებზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები პირების მიერ შეტანილი იქნა პარტნიორ კომპანიასთან ხელშეკრულებით დადასტურებული ვალდებულების ფარგლებში. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში, თუმცა შემმოწმებელმა უგულებელყო აღნიშნული, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით და ასევე, არამართლზომიერად იქნა გამოცემული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე, რის გამოც კომპანიას არ მიეცა შესაძლებლობა მისი პოზიციის დაცვის, რაც ასევე არამართლზომიერია.
მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებისა და საგადასახადო შემოწმების შედეგების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
დადგენილია, რომ შპს -----ი კომპანიის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების შესწავლით, სრულად არ დადასტურდა გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირებზე განხორციელებული გადახდების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის საბანკო ამონაწერებით ფიქსირდებოდა თანხების გაცემა დირექტორსა და სხვა პირებზე, თუმცა აღნიშნული თანხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს მიერ შპს --------ზე რეალიზაცია, რომლის შესაბამისი ანაზღაურება საბანკო ამონაწერებით არ დადასტურდა.
საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის სრულად არ წარუდგენია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და რომ საბანკო ამონაწერებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, საგადასახადო ორგანომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. აგრეთვე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციების წარუდგენლობასთან დაკავშირებით, კომპანია ორჯერ დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად.
მომჩივანი არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის/შეფასების გარეშე და სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით, შემმოწმებელს წარედგინა როგორც ხელშეკრულება, ასევე შემმოწმებელთან ერთად იქნა შესწავლილი აღებული ფინანსური ვალდებულების ფარგლებში გაცემულ ხელფასებთან დაკავშირებით ვაგონმშენებელი კომპანიის მიერ გადახდის წყაროსთან დასაკავებელი ვალდებულებების სისწორე, სხვაობა გამოვლენილი იყო მხოლოდ 2019 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე, თუმცა საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა სრულ განაცემებთან მიმართებაში. ასევე, ფიზიკურ პირებზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები პირების მიერ შეტანილ იქნა პარტნიორ კომპანიასთან ხელშეკრულებით დადასტურებული ვალდებულების ფარგლებში. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში, თუმცა შემმოწმებელმა უგულებელყო აღნიშნული.
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ დავის ეტაპზე არ ყოფილა წარდგენილი და მომჩივანი არც ამჟამად არ წამოადგენს მტკიცებულებებს, რაც მის არგუმენტებს გაამყარებდა, შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები სადავო საკითხის ნაწილში, განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ამონაწერებით ფიქსირდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემული თანხები, რასაც არ უკავშირდებოდა შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. გადასახადის გადამხდელთან გავლილი იქნა აღნიშნული საკითხი და დაიდენტიფიცირდა განხორციელებული გადახდების ნაწილი შესაბამის დოკუმენტებთან, მათ შორის, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ განხორციელებულ შეძენებთან. მიუხედავად ამისა, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული გადახდების ნაწილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. საგადასახადო კოდექსის 97- ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად გაუქმებას.
კატეგორიულად არ ეთანხმება შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებას, რომ შემოწმების შედეგად ვერ დაიდენტიფიცირდა გადახდილი თანხების კავშირი ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებთან.
გაურკვეველია რა საფუძვლით განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები, რომელი გადახდების კავშირი ვერ განხორციელდა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებთან, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს კონკრეტული არგუმენტაცია და მტკიცებულებები, თუმცა განმარტავს, რომ კომპანიას არ გააჩნია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნული ფაქტის არსებობა. მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არამართლზომიერად და ადმინისტრაციული ორგანოებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების უგულვებელყოფით, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება და ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საბანკო ამონაწერებით ფიქსირდება თანხების გაცემა, რასაც არ უკავშირდებოდა შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და შესაბამისად, განხორციელებული გადახდების ნაწილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
მომჩივნისთვის გაურკვეველია რომელი გადახდების კავშირი ვერ განხორციელდა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებთან, აღნიშნული ფაქტის არსებობა მიაჩნია შეუძლებლად, ვინაიდან კომპანიას არ გააჩნია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო საკითხი გავლილი იქნა გადასახადის გადამხდელთან ერთად და ამასთან, დაფიქსირებულია განხორციელებული გადახდების ის ნაწილიც, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა.
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები სადავო საკითხის ნაწილში, განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 147 853 ლარი და განესაზღვრა საურავი 151 083.73 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებების გათვალიწინებით, მიაჩნია საკითხების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით, კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და ითხოვს, კომპანიის მიმართ საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე მსჯელობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საშემოსავლო გადასახადში გამოვლენილი სხვაობები;
2. მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33674 ბრძანება და №001-273 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12110 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის საბანკო ამონაწერებით ფიქსირდებოდა თანხების გაცემა დირექტორსა და სხვა პირებზე, თუმცა აღნიშნული თანხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით არ იყო წარდგენილი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა რეალიზაციაც, რომლის შესაბამისი ანაზღაურება საბანკო ამონაწერებით არ დადასტურდა. შემოწმების მიერ, აღნიშნული რეალიზაციის ღირებულება ჩაითვალა მიღებულად და საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აგრეთვე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციების წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით კომპანია ორჯერ დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ამონაწერებით ფიქსირდებოდა პირის მიერ გაცემული თანხები, რასაც არ უკავშირდებოდა შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და გადახდების ნაწილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები სადავო საკითხის ნაწილში, განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები სადავო საკითხის ნაწილში, განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,,ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73( 4 ,9 „ბ“); 97(1 „ბ“); 982(1); 101(1); 136(3); 154(1 „ა“, 2 „ა“ და „ბ“); 269(7); 275; 279;