ბრძანება N 26456-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.09.2020
№ დოკუმენტი 26456-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 26456

07/09/2020

სს -----

(მის: ქ. ------- №142)

სადავო საკითხთან დააკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა სს ----- ს 2020 წლის 19 მარტის №50182/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 06 მარტის №0 05-38 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.

სადავო საკითხი :

სამედიცინო დაწესებულების მიერ კლინიკური კვლევის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების დღგ-თ დაბეგვრა

ფაქტობრივი გარემოებები :

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს №22932 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 ივლისამდე. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 28 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2020 წლის 6 მარტს გამოსცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №6608 ბრძანება და ამავე თარიღის №005-38 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება შემცირებას დაექვემდებარა სულ 170641 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 170841 ლარი, ჯარიმა დაერიცხა 200 ლარი, საურავი 0 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის და დავის წარმოების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება , რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ატარებს რეზიდენტი დამკვეთებისათვის პროდუქტის ("საკვლევი წამალის") კლინიკურ კვლევას. 2017-2018 წელს გადამხდელს შესრულებული აქვს კლინიკური კვლევა და გაწეული მომსახურება დაბეგრილი აქვს დღგ-ით (და ითხოვს მის შემცირებას). რეზიდენტი პირისათვის გაწეული ფარმაკოლოგიური საშუალებების კლინიკური კვლევის მომსახურეობა არ განეკუთნება საქართველოს საგადასახადო კოდექსისი 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადიდან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებულ სამედიცინო მომსახურეობას, ვინაიდან საწარმო წარმოადგენს ფარმაკოლოგიური საშუალებების კლინიკური კვლევის განმახორციელებელ პირს და მოცემულ შემთხვევაში მის მიერ ხორციელდება დამკვეთისათვის კლინუკური კველვის მომსახურების გაწევა რომელიც ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია სამედიცინო მოსახურების გაწევა.

"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ჩ1” ქვეპუნქტის თანახმად, სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროთეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით

ფარმაცევტული პროდუქტის კლინიკური კვლევა (გამოცდა, გამოკვლევა) წარმოადგეს ფარმაცევტული პროდუქტის შექმნის ერთ-ერთ ეტაპს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონის 11 მუხლის 45-ე პუნქტის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის კლინიკური კვლევა განსაზღვრულია, როგორც ფარმაკოლოგიური საშუალების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესწავლა არასასურველი რეაქციების დადგენის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების ხარისხის შეფასების მიზნით.

ზემოაღნიშნულ ნორმათა გათვალისწინებით, კლინიკური კვლევის მომსახურება თავის შინაარსიდან გამომდინარე არ წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამედიცინო დაწესებულება არის საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილში განსაზღვრულია სამედიცინო დაწესებულების ფუნქციები, რომელიც მოიცავს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრას, დაავადებათა პროფილაქტიკა ან/და მკურნალობა ან/და პაციენტების რეაბილიტაცია ან/და პალიატიური მზრუნველობას, ფარმაცევტული საქმიანობას და სხვა.

“წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის 41-ე პუნქტის შესაბამისად ფარმაცევტულ საქმიანობად ითვლება ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში დაკავებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობა.

,,ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 44-ე ნაწილის მიხედვით, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევა განეკუთვნება ნებართვით რეგულირებულ საქმიანობას.

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჟ’’ პუნქტით, ნებართვის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება, ან სხვა ნებართვის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს სანებართვო ქმედების განხორციელების უფლება.

ანალოგიურ საკითხებთან მიმართებაში, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოდან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, სადაც დაფიქსირებულია დარგობრივი სამინისტროს პოზიცია (17.04.2018 წ. N01/21844), რომ ცნებების: სამედიცინო საქმიანობა(მომსახურება), იმავე სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის (მომსახურების)თანმხლები მომსახურების განმარტების მიზნით უნდა ვიხელმძღვანელოთ ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ჩ1” ქვეპუნქტით. ასევე, 02/10/2018 წ. N01/6562; 10.05.2018წ. N01/27298; 08.02.2019წ. 01/2126 წერილებში განმარტებულია, რომ სამედიცინო მომსახურებას განეკუთვნება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ჩ1” პუნქტის თანახმად გათვალისწინებული საქმიანობები.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სს ----- წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებას და იგი არ არის ჩართული ფარმაკოლოგიური საშუალებების წარმოებაში და აღნიშნავს, რომ ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევა წარმოადგენს მხოლოდ სპონსორის (დამკვეთის) და კლინიკური კვლევის ორგანიზაციის მიზანს, ხოლო სამედიცინო დაწესებულება არ ცდება მისი ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს და "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ჩ1”-ს ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამედიცინო საქმიანობას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ განსახილველი კლინიკური კვლევის მომსახურება არ მიეკუთვნება სამედიცინო მომსახურებას, ვინაიდან წამლის კლინიკური კვლევის მიზანს წარმოადგენს ფარმაკოლოგიური საშუალებების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესწავლა, მისი ეფექტურობის და უსაფრთხოების დადგენის მიზნით და იგი არ ემსახურება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებასა და აღდგენას, მიუხედავად იმისა, რომ კვლევის განმავლობაში ხორციელდება კვლევაში მონაწილე პაციენტისათვის ფარმაკოლოგიური საშუალებების მიცემა და ადამიანზე მისი ზემოქმედების შესწავლა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სამართლებრივ ნორმებთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება სამედიცინო დაწესებულების მიერ კლინიკური კვლევის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების დღგ-თ დაბეგვრას

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ატარებს რეზიდენტი დამკვეთებისათვის პროდუქტის (საკვლევი წამალის) კლინიკურ კვლევას. საწარმოს მომსახურება დაბეგრილი აქვს დღგ-ით და ითხოვს მის შემცირებას. ვინაიდან საწარმოს მიერ ხორციელდება დამკვეთისათვის კლინუკური კველვის მომსახურების გაწევა სსკ-ს 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად რეზიდენტი პირისათვის გაწეული ფარმაკოლოგიური საშუალებების კლინიკური კვლევის მომსახურეობა არ განეკუთნება დამატებული ღირებულების გადასახადიდან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებულ სამედიცინო მომსახურეობას და ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ კლინიკური კვლევის მომსახურება არ მიეკუთვნება სამედიცინო მომსახურებას და შემოწმების მიერ აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1); 168(2,,ე“);

"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი