სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის დაბეგვრა N 2432

2432 სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის დაბეგვრა 12.01.2023
№ დოკუმენტი 2432
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის დაბეგვრა N 2432

ფაქტობრივი გარემოებები

· სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობებში მონაწილე ფიზიკურმა პირმა მოიგო ჯეკპოტი 100 000 ლარი. ამასთან, მას რეიტინგში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის ("ლიდერბორდის" შემთხვევაში) გადაეცა ფულადი პრიზი 20 000 ლარის ოდენობით, ასევე ჯეკპოტ ბონუსი ჯეკპოტის ორმაგი ოდენობით. ჯეკპოტ ბონუსი და "ლიდერბორდი" მოთამაშეს გადაეცა თამაშობის მომწყობი პირის (ორგანიზატორის) მიერ საჯაროდ გაცხადებული აქციის ფარგლებში.

· როგორც მოგებული ჯეკპოტი, ასევე ჯეკპოტ ბონუსის თანხა და ლიდერბორდიდან მიღებული თანხები ჩაირიცხა ფიზიკური პირის სისტემურელექტრონულ სათამაშო ანგარიშზე

· თამაშობების მომწყობმა პირმა მოთამაშეზე სისტემურელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გაცემული ჯეკპოტის, ჯეკპოტ ბონუსის თანხა და ლიდერბორდიდან მიღებული ფულადი პრიზი დაბეგრა გადახდის წყაროსთან 2%-იანი განაკვეთით.

შეფასება

· სსკ-ის:

- მე-80 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა;

- 81-ე მუხლის 32 ნაწილის თანახმად, პირის მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა იბეგრება 2%-ით.

- 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1 “ და "მ" ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება:

- აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მომწყობ პირს, რომელიც მოთამაშეზე სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გასცემს თანხას;

- პირს, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა.

· შესაბამისი თამაშობის წესების დაცვით მოთამაშის მიერ შესრულებულ პირობებზე/მიღწეულ შედეგზე ჯეკპოტის სახით მიღებული შემოსავალი განიხილება შესაბამისი თამაშობიდან მიღებულ მოგებად. შესაბამისად, აღნიშნული თანხა სათამაშო ანგარიშიდან გატანის შემთხვევაში დაიბეგრება გადახდის წყაროსთან 2%-იანი განაკვეთით. რაც შეეხება აქციის ფარგლებში მოთამაშისათვის პრიზების (ჯეკპოტ ბონუსი, ასევე რეიტინგში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის ფულადი პრიზი) გადაცემას, აღნიშნული წარმოადგენს ჯილდოს, რომელსაც მიმღებისთვის აქვს უსასყიდლო ხასიათი. შესაბამისად, ასეთი პრიზების გადაცემა ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან, სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 20%-იანი განაკვეთით. ამასთან, აღნიშნული თანხების სათამაშო ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში მონაწილის მიერ მისი გატანა ასევე დაექვემდებარება გადახდის წყაროსთან 2%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.

ღონისძიებები

· პირს დაერიცხება კუთვნილი გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.