გადაწყვეტილება №25113/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25113/2/2025
09 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ,,-----" (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 23.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25113/2/2025).
დავის საგანი:
საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საქონლის სეს ესნ კოდის და საბაჟო ღირებულების ცვლილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 თებერვლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 აპრილის N 7228 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
94 498,98 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 75 089,86;
დღგ - 15 830,86;
იმპორტის გადასახადი - 59 259;
საურავი - 19 409,12;
ფაქტების აღწერა:
საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 6 თებერვლის N 1776 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის მიერN 11117/----- 19.07.2023, №11117/----- 11.08.2023, №11117/----- 18.09.2023, N 11117/----- 20.09.2023, N 11117/----- 30.09.2023, N 11117/----- 04.10.2023, N 11117/----- 09.10.2023 და N 11117/------ 16.10.2023 საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მითითებული დეკლარაციებით მომჩივნის სახელზე გაფორმებულია საქონელი „ბრტყელი ნაგლინი/ლითონის ფურცლები (სეს 72082700000) და „ლითონის პროფილი/შველერი“ (სეს 72163190000), რომელიც იმპორტირებულია ----- რესპუბლიკიდან, ექსპორტიორი კომპანია ----- (-----)-დან.
2025 წლის 3 თებერვალს, N 21-10/6019, წერილით მომჩივნისგან გამოთხოვილი იქნა კომპანია ----- (-----)- თან განხორციელებული ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ, ექსპორტიორთან ხელშეკრულება, ექსპორტის საბაჟო დეკლარაციები, აგრეთვე ზემოხსენებულ ექსპორტიორთან ანგარიშსწორების ამსახველი საბანკო ანგარიშის ამონაწერი ან/და ანგარიშსწორების სხვა ამსახველი დოკუმენტაცია.
პასუხად 2025 წლის 12 თებერვალს შემმოწმებლის სამსახურებრივ მეილზე და საფოსტო გზავნილით 2025 წლის 11 თებერვალს (შტრიხკოდი ----- /1) გაიგზავნა მხოლოდ სალაროს გასავლის ორდერები.
შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების ანალიზით, მათ შორის მიწოდების სხვადასხვა რგოლიდან, გამოიკვეთა შესამოწმებელი დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის დასახელება და დანიშნულება, კერძოდ გაფორმების შემდგომ იმპორტირებული საქონელი იმავე სახით, მდგომარეობით და სატრანსპორტო საშუალებებით მიწოდებულია სხვადასხვა კომპანიებზე, ხოლო სასაქონლო ზედნადებებში საქონლის დასახელების ველში მითითებულია „2 ტალღიანი ზღუდარების დაფა“ და "ლითონის პროფილი/საგზაო ზღუდარების ფეხი", რომელიც წარმოადგენს ლითონ-კონსტრუქციას დაშლილ მდგომარეობაში (რკინის ზღუდარი გზებისათვის).
აქედან გამომდინარე, საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ იმპორტირებული საქონელი წარმოადგენს საავტომობილო გზის ლითონის ზღუდარს დაშლილ მდგომარეობაში, კერძოდ ზღუდარის ორ ტალღოვან დაფას და დაფის ფეხებს და კლასიფიცირდება სეს ესნ 7308909800 (მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები, ფურცლები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან, ლითონკონსტრუქციებში გამოსაყენებელი, მომზადებული მხოლოდ ან ძირითადად ფურცლოვანი მასალისაგან) კოდით, რომლის იმპორტი იბეგრება იმპორტის გადასახადით (12%).
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 თებერვლის N 081-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დამატებით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი სულ 75 089.86 ლარი (იმპორტის გადასახადი 59 259 ლარი, დღგ – 15 830.86 ლარი), ასევე საურავი 19 409.12 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტთან ერთად გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.04.2025 წლის N 7228 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებზე, საბაჟო კოდექსის 31-ე მუხლზე, 35-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე საკანონმდებლო აქტის მე-40 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 272-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შესაბამისად არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
უსაფუძვლოდ მოხდა N 11117/----- 19.07.2023 და N 11117/----- 11.08.2023, საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა 28 690,15 ლარით. როგორც ყველა სხვა შემთხვევაში საქონელზე არსებობდა შესაბამისი ინვოისები და მასში მითითებული ფასები შესაბამის მომწოდებელთან გადამოწმების გარეშე შეიცვალა, რაც არასწორია. არ მომხდარა ინფორმაციის გამოთხოვა. საქონლის საბაჟო ღირებულების ცვლილება მექანიკურად/უსაფუძვლოდ მოხდა და არა იმიტომ რომ საქონლის საინვოისო ღირებულება გადამხდელს შემცირებული ჰქონდა.
საბაჟო დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციების მიხედვით საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენა იმ შემთხვევაში ხდება, როცა არ არის წარმოდგენილი უცხოეთში საქონლის შეძენის დოკუმენტი ან კიდევ წარმოდგენილი ინვოისი არის ყალბი. საბაჟო ღირებულების განსაზღვრა უნდა მომხდარიყო იმპორტიორის მიერ საბაჟო დეპარტამენტისთვის წარდგენილი ინვოისების და არა საბაჟო დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით.
ამ მიდგომით გამოდის, რომ საქონელი შემდგომში უარყოფითი ფასნამატით გაყიდა კომპანიამ და საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილშიც არასწორია. ეს ასე არ არის. იმპორტირების შემდგომ საქონლის სარეალიზაციო ფასის მთავარი განმსაზღვრელია მისი საინვოისო ღირებულება და სწორედ ინვოისში დაფიქსირებულ ფასთან მიმართებაში ხდება ფასნამატის დადგენა და არა საბაჟო სამსახურის მიერ საქონლის იმპორტირებიდან ერთი წლის შემდეგ ხელოვნურად შეცვლილი ფასით. ამ ნაწილში საბაჟო სამსახურის მიდგომა საქმის მასალებთან შეუსაბამოა. ამ შემთხვევაშიც სადავო აქტების შედგენამდე უნდა გამოეთხოვა შემოწმებას გადამხდელისგან სადავო დოკუმენტებში მითითებული საქონლის რეალიზაციის დოკუმენტები - საქონლის სარეალიზაციო ფასების გასარკვევად და მისი გათვალისწინებით უნდა ემოქმედა, რაც არ იქნა დაცული მოცემულ შემთხვევაში.
შემმოწმებელი თვითნებურად, იმპორტირებული საქონლის კოდს და დასახელებას ადარებს ქვეყნის შიგნით მიწოდებული საქონლის დასახელებას/კოდს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში საქონლის კოდი არის სხვა და არა ის, რაც საქონლის იმპორტირებისას იყო მითითებული და თვლის რომ ამ შემთხვევაში თუ იმპორტზე შემოტანისას საქონელი იმ დასახელებით და კოდით შემოვიდოდა საბაჟოზე, იგი დაიბეგრებოდა იმპორტის და შესაბამისად დღგ-ის გადასახადით. აღნიშნულზე მითითებით თვლის, რომ გადამხდელმა თავი აარიდა გადასახადებს და სადავო აქტებით დამატებით დარიცხული იქნა თანხები.
ამ „აღმოჩენებს“ საბაჟო სამსახური აკეთებს წელიწადნახევრის შემდეგ, როცა საქონელი რეალიზებულია და დღეს ამ კუთხით რეალიზებული საქონლის ფასი არ შეიცვლება, საქონელი იმპორტირებულია და მომწოდებელზე გადახდილია თანხები, ინვოისში საქონლის დასახელება მითითებულია მომწოდებლის მიერ და აქ მომჩივანი არაფერ შუაში არ არის. თუ ინვოისში არასწორი მონაცემები იყო შეტანილი - ასე ფიქრობს საბაჟო, მაშინ თავის დროზე ეს საკითხი ინფორმაციის გამოთხოვის გზით უნდა გაერკვია საქონლის მომწოდებელთან, ეს პრობლემა რატომ დარჩა სათანადო რეაგირების გარეშე თავის დროზე? საქონელი საბაჟოზე წითელში ხდებოდა და ხდებოდა საქონლის დათვალიერება საბაჟო სამსახურის პასუხისმგებელ მუშაკებთან ერთად, იმ დროს პრობლემა არ ყოფილა და ჩვეულებრივად გრძელდებოდა საქონლის იმპორტი, თუ ამ მიდგომით უნდა ეხელმძღვანელა საბაჟო სამსახურს, თავიდანვე ჩამოყალიბდებოდა გადამხდელი - გაგრძელდებოდა თუ არა ამ სახის საქმიანობა, რადგან საქონელზე ფასის ზრდას იწვევდა ასეთი გაანგარიშებები და საქონლის რეალიზაცია გაზრდილ ფასში მოხდებოდა თუ არა - საკითხის გარკვევამდე გაჩერდებოდა და არც ამ გაუგებრობას ადგილი არ ექნებოდა. ასევე საყურადღებოა სადავო საკითხზე არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და ამ გზით არ გარკვეულა ინვოისში მითითებული საქონელის დასახელება და საქონლის კოდი იყო თუ არა სწორი. საბაჟო სამსახურს ამ საკითხზე არ გამოუთხოვია ინფორმაცია საქონლის მომწოდებლისგან. ის რომ შიდა ბაზარზე საქონლის მიწოდების დროს საქონელს დასახელება შეიძლება შეეცვალა, ეს არ ნიშნავს რომ ინვოისში არასწორი მონაცემები იქნა შეტანილი თავის დროზე - საქონლის კოდი ან კიდევ საქონლის დასახელება შესაბამისი რეგულაციებით რეგულირდება და იგი ცალკეულ გადამხდელთა შეხედულებებზე/ნება - სურვილზე არ არის დამოკიდებული. თუ იმპორტირებული საქონელი ქვეყნის შიდა ბაზარზე იგივე დასახელებით მიეწოდებოდა მყიდველს, გამოდის, რომ პრობლემა არ დადგებოდა და შესაბამისად შიდა მიწოდების დროს საქონლის დასახელების ცვლილება, წარმოშვა გაუგებრობა, რაც არასწორია. საქონლის იმპორტის დროს ხდება საქონლის კოდის შემოწმება და საბაჟო გადასახადებსაც შესაბამისად უნდა იხდიდეს გადამხდელი და არ ხდება ისე, რომ იმპორტირებული საქონლის რეალიზაციას დაელოდება საბაჟო სამსახური და მას შემდეგ მოახდენს საბაჟო გადასახადების გაანგარიშებას - როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.
შესაბამისად ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების დოკუმენტებში არსებული ჩანაწერები არ შეიძლება გახდეს საქონლის საბაჟო დოკუმენტებში დასახელების, საქონლის კოდის ცვლილების საფუძველი და არ შეიძლება მის საფუძველზე მოხდეს სადავო თანხების დარიცხვა გასაჩივრებული აქტებით.
თავის დროზე საქონელზე იმპორტის და დღგ-ის თანხების გადაუხდელობით/შეღავათით ისარგებლა გადამხდელმა და ამ თანხებით კიდევ უფრო გაზრდილი იქნა მისი მოგება, ეს ასე არ ყოფილა. შემოწმებას უნდა გამოეთხოვა გადამხდელისგან სადავო შემთხვევებში იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის დოკუმენტი მისი ფასის დადგენის მიზნით, ხომ არ ხდებოდა საქონლის ფასის გაზრდა შეღავათებით სარგებლობიდან გამომდინარე. არსებითად მნიშვნელობის მქონე საკითხის გარკვევის გარეშე მოხდა სადავო აქტების მიღება, რის გამოც მიაჩნია, რომ ისინი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
განსახილველი შემთხვევის მიმართ სახეზეა გადამხდელის კეთილსინდისიერება. საქონელი შემოტანილია საბაჟოზე მომწოდებლის მიერ შედგენილი დოკუმენტების და იგი წარდგენილია საბაჟო სამსახურისთვის, საქონელი საბაჟოზე წითელში მოხდა, დათვალიერებულ იქნა საქონელი და თავიდანვე საქმის კურსში იყო საბაჟო სამსახური თუ რის შემოტანაც ხდებოდა, საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდა საქონლის გაშვება საბაჟო კონტროლის ზონიდან.
მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.
საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა; დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.
საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით; საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი; საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
საბაჟო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების გარიგების ფასის მეთოდით ან იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდით განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებულ იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც შესაფასებელი საქონლის ექსპორტი განხორციელდა.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ მომჩივნის სახელზე გაფორმებულია საქონელი სახელწოდებით „ბრტყელი ნაგლინი/ლითონის ფურცლები“ და ლითონის პროფილი/შველერი, რომელიც იმპორტირებულია ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, ექსპორტიორი კომპანია ----- ( ----- ) - დან.
შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების ანალიზით, მათ შორის მიწოდების სხვადასხვა რგოლიდან, გამოიკვეთა შესამოწმებელი დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის დასახელება და დანიშნულება, კერძოდ გაფორმების შემდგომ იმპორტირებული საქონელი იმავე სახით, მდგომარეობით და სატრანსპორტო საშუალებებით მიწოდებულია სხვადასხვა კომპანიებზე, ხოლო სასაქონლო ზედნადებებში საქონლის დასახელების ველში მითითებულია „2 ტალღიანი ზღუდარების დაფა“ და "ლითონის პროფილი/საგზაო ზღუდარების ფეხი", რომელიც წარმოადგენს ლითონ - კონსტრუქციას დაშლილ მდგომარეობაში (რკინის ზღუდარი გზებისთვის). შესაბამისად, იმპორტირებული საქონელი წარმოადგენდა საავტომობილო გზის ლითონის ზღუდარს დაშლილ მდგომარეობაში, კერძოდ ზღუდარის ორ ტალღოვან დაფას და დაფის ფეხებს და კლასიფიცირდება სეს ესნ 7308909800 კოდით, რომლის იმპორტიც იბეგრება იმპორტის გადასახადით (12%).
2025 წლის 3 თებერვალს N 21-10/----- წერილით მომჩივნისგან გამოთხოვილი იქნა კომპანია ------ (-----)-თან განხორციელებული ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ, ექსპორტიორთან ხელშეკრულება, ექსპორტის საბაჟო დეკლარაციები, აგრეთვე ზემოხსენებულ ექსპორტიორთან ანგარიშსწორების ამსახველი საბანკო ანგარიშის ამონაწერი ან/და ანგარიშსწორების სხვა ამსახველი დოკუმენტაცია. პასუხად 2025 წლის 12 თებერვალს შემმოწმებლის სამსახურებრივ მეილზე და საფოსტო გზავნილით 2025 წლის 11 თებერვალს (შტრიხკოდი ----- /1) გამოგზავნილია მხოლოდ ე.წ. სალაროს გასავლის ორდერები. აღსანიშნავია, რომ დეკლარირებისთვის სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია (ინვოისები, CMR და სხვა) წინასწარი დეკლარირების წესებიდან გამომდინარე ინახება შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში.
საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მომჩივნის ზემოხსენებული საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება ჩატარებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე და 31-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად (მათ შორის ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით).
აღსანიშნავია, რომ N 11117/----- 19.07.2023 და N 11117/----- 11.08.2023 საბაჟო დეკლარაციებით იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდით ექსპორტის თარიღსა და ერთზე მეტი გარიგების ფასის გამოვლენისას, უმცირესი ფასის გათვალისწინებით, კერძოდ: გამოყენებული იქნა მომჩივნის მიერ 2023 წლის 12 ივნისს N 69400/C ----- და N 69400/C ----- საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საქონლის ფასი. აღნიშნული დეკლარაციებით იმავე მომწოდებლისგან (-----) მომჩივნის მიერ იმპორტირებული იყო „დაპროფილებული ლითონ - კონსტრუქცია“ და „დამცავი ჯებირი ლითონ - კონსტრუქცია მაკომპლექტებელი ნაწილებთან ერთად“ (სენ 7308909800), რომლების რეალიზაცია გაფორმებულია როგორც „საგზაო ზღუდარის 2 ტალღიანი დაფა“ და „საგზაო ზღუდარის ფეხი“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება დაკისრებულ საურავს, საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საქონლის სეს ესნ კოდის და საბაჟო ღირებულების ცვლილება. მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ იმპორტირებულია მომჩივნის სახელზე გაფორმებული საქონელი სახელწოდებით „ბრტყელი ნაგლინი/ლითონის ფურცლები“ და ლითონის პროფილი/შველერი. საბაჟო დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის მიერ საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მომჩივანს დამატებით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და ასევე საურავი. საგადასახადო მოთხოვნა, გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტთან ერთად გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება დაკისრებულ საურავს, საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი: 40; 31; 30;.