ბრძანება N 3588
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3588
24.02.2023
შპს „------------“ (ს/ნ ------------)
(მის.: ქ. ----------------------------)
2023 წლის 12 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ---------------) №4319/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 11 იანვრის №EL196954 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ --------, როგორც შპს „------------“ წარმომადგენელმა, კუთვნილი ტვირთი განაბაჟა და წაიღო. აღმოჩნდა, რომ სხვისი კუთვნილი ერთი პალეტი ტვირთიც აქვს წაღებული, რომელიც იმავე დღეს დააბრუნა უკან.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 8 იანვარს საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (სახ. ნომრით ---------------), რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების საქონელი (12 სატრანსპორტო ზედდებული (CMR) - საერთო წონით 11850 კგ). ზოგადი დეკლარირების განხორციელების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შევსებულ იქნა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა №D------------ (08/01/2023) და შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „------------“ დანიშნულებით. 2023 წლის 10 იანვარს, ზემოხსენებული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების შემდგომ, შპს „----------“ (ს/ნ ------------) მიერ განახროციელდა მისი კუთვნილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირება №C---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“ და საქონელი გაშვებულ იქნა დათვალიერების გარეშე. იმავე დღეს, დეკლარანტის წარმომადგენლის მოთხოვნითა და თანდასწრებით განხორციელდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (სახ. ნომრით ------) და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა.
მოგვიანებით, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული საბაჟო ფორმალობებისას გამოირკვა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეულ საქონელთან ერთად, დასახელებულ სატრანსპორტო საშუალებაში ასევე ჩატვირთულ იქნა და საბაჟო კონტროლის ზონიდან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გატანილ იქნა ასევე საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) კუთვნილი საქონლის ნაწილი, რომელიც საბაჟო ორგანოს მოთხოვნით შპს „------“ მიერ 2023 წლის 11 იანვარს დაბრუნებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----------------“ საბაჟო კონტროლის ზონაში.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----------“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2023 წლის 11 იანვარს შედგენილ იქნა №EL196954 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია და არც მომჩივანი უარყოფს, რომ მომჩივანმა საბაჟო კონტროლის ზონიდან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გატანილ იქნა ასევე საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული შპს „------------“-ის (ს/ნ ------------) კუთვნილი საქონლის ნაწილი. არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე, დაკისრებული სანქციის საპატიოდ ჩათვლასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“ (ს/ნ-------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.