ბრძანება N 20348
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 20348
21/07/2020
შპს ----- ს
მის: -------
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 04 თებერვლის N23595/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის N081-459 საგადასახადო მოთხოვნას. საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 11 ივნისის სხდომაზე (ოქმი N38).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გადამხდელის სტაციონალურ ობიექტზე მოსარგებლედ რეგისტრაციის უსასყიდლო მომსახურებად განხილვასა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას. საჩივრის ავტორის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმების გზით გადამხდელის პროგრამულ ბაზაში ხდება ხელშემკვრელი მხარის შვიდნიშნა კოდის მოსარგებლედ აღრიცხვა, რის შემდეგაც ხორციელდება საწვავის შენახვა-შეფუთვაზე მომსახურების გაწევა, აქტისა და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მომსახურების შესაბამისი ღირებულება ყოველთვიურად აღიარდება შემოსავალში. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე არ განათავსებს გადამხდელის კუთვნილ ობიექტში საწვავს, არ ხორციელდება მომსახურება და შესაბამისად, დარიცხვა. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგად დაბეგვრას დაექვემდებარა მოსარგებლისათვის კოდის მინიჭების ოპერაცია, რომელიც არ გულისხმობს მომსახურების გაწევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადში შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 10 ივნისის N18636 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება,ბიუჯეტთან ანგარიშწორების კუთხით, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 მაისამდე საანგარიშო პერიოდი.შემოწმების შედეგების გათვალისწინებით 2019 წლის 30 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა ამავე თარიღის N47534 ბრძანება და N081-459 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახადელად განესაზღვრა სულ 30 384.97 ლარი; მათ შორის: გადასახადი 16 083 ლარი, ჯარიმა 8 635 ლარი და საურავი - 5 666.97 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს ნავთობპროდუქტების შენახვის მომსახურების გაწევა და საქმიანობას ახორციელებს ----- ში მდებარე კუთვნილი ნავთობტერმინალის მეშვეობით. შპს ----- 2007 წლის 01 აპრილიდან რეგისტრირებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს ----- ს საკუთრებაში არსებულ ნავთობტერმინალში (სტაციონალური ობიექტის კოდები - -----) მოსარგებლედ რეგისტრირებულ პირებს წარმოადგენენ რეზიდენტი იურიდიული პირები, რომლებსაც გადასახადის გადამხდელის საბაჟო ტერმინალში საქონლის ფაქტობრივი დასაწყობება არ განუხორციელებიათ და აღნიშნულ სარეგისტრაციო კოდს იყენებენ საქონლის იმპორტის დეკლარაციის შევსებისას. გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოება, რიგ შემთხვევებში, საკუთრებაში არსებულ სტაციონალური ობიექტზე მოსარგებლედ რეგისტრაციის უფლების გადაცემის სანაცვლოდ იღებდა საკომპენსაციო თანხას. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე შპს ----- ს სტაციონალურ ობიექტზე მოსარგებლედ რეგისტრაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე განხილულ იქნა საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა დაბეგვრას. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგდასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლის თანახმად რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება, იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა:
ა) საწარმომ;
ბ) მეწარმე ფიზიკურმა პირმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ ხელშეკრულებებზე, რომლის საფუძველზეც შპს ----- მომსახურებას უწევდა ხელშემკვრელ მხარეებს. ხსენებული ხელშეკრულებების თანახმად, ნავთობბაზის მოსარგებლედ რეგისტრაცია წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის ისეთ ვალდებულებას, რომლისთვისაც რიგ შემთხვევებში დაწესებულია საფასური. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ შპს ----- ს სტაციონალურ ობიექტზე მოსარგებლედ რეგისტრაცია დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას და ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა სრულად შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. რაც შეეხება მოგების გადასახადის ნაწილში დამატებით დარიცხულ თანხებს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული უსასყიდლოდ მიწოდებული მომსახურების მოგების გადასახადით დაბეგვრა უსაფუძვლოა და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ სტაციონალურ ობიექტზე რეზიდენტი იურიდიული პირების მოსარგებლედ რეგისტრაცია არ განიხილოს მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად და აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ სტაციონალურ ობიექტზე რეზიდენტი იურიდიული პირების მოსარგებლედ რეგისტრაცია (უსასყიდლოდ მიწოდებული მომსახურება) არ განიხილოს მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად და აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება სტაციონალურ ობიექტზე მოსარგებლედ რეგისტრაციის უსასყიდლო მომსახურებად განხილვას და სსკ-ს 98-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას. გადამხდელი ითხოვს მოგებისა და დღგ-ში შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დგინდება, რომ: გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების შენახვის მომსახურების გაწევა კუთვნილი ნავთობტერმინალის მეშვეობით. ნავთობტერმინალში მოსარგებლედ რეგისტრირებულ პირებს წარმოადგენენ რეზიდენტი იურიდიული პირები. საზოგადოება, რიგ შემთხვევებში, აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ იღებდა საკომპენსაციო თანხას. შემოწმებით მომჩივანის სტაციონალურ ობიექტზე მოსარგებლედ რეგისტრაცია სსკ-ს 73-ე მუხლის საფუძველზე განხილულ იქნა საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად და სსკ-ს 98-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა დაბეგვრას. ამასთან, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საწარმოს სტაციონალურ ობიექტზე მოსარგებლედ რეგისტრაცია დღგ-ის მიზნებისათვის წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას და ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ხოლო მოგების გადასახადის ნაწილში უსასყიდლოდ მიწოდებული მომსახურების მოგების გადასახადით დაბეგვრა უსაფუძვლოა და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 9; 73(9,,ბ“); 97; 98; 100
01.01.2021 წლამდე მოქმედი: 160,,ა“; 161(1,,ა“); 161(2,,დ“)