ბრძანება N 11295

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.05.2023
№ დოკუმენტი 11295
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11295

22.05.2023

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 17 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მაისის სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 13 ოქტომბრის №16863/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) №66663/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 15 დეკემბრის №002-365 საგადასახადო მოთხოვნასთან და ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2021 წლის 16 დეკემბრის №002-24347 შეტყობინებასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელში დარიცხულ თანხებს. მიუთითებს, რომ 2018 წლის 12 ივნისს აღებული ჰქონდა მიწისქვეშა მტკნარი წყლის (ჩამოსხმის მიზნით) მოპოვების ლიცენზია, რომელიც 2019 წლის 20 ივლისს საკუთრებაში გადასცა „----------“ 2043 წლის 9 თებერვლამდე მოპოვების უფლებით. აცხადებს, რომ ლიცენზიის ფლობის პერიოდში არ მოუპოვებია ბუნებრივი რესურსები, ასევე არ ჰქონდა დამტკიცებული ათვისების გეგმა, შესაბამისად არ ჰქონდა უფლება დაეწყო მტკნარი წყლის მოპოვებითი სამუშაოები. ასევე, დამტკიცებული ლიცენზიის სავალდებულო პირობების თანახმად, წყლის მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე განსაზღვრული იყო სანიტარული ზონების და აღრიცხვის კვანძების მოწყობა, სალიცენზიო ობიექტის დასუფთავების და შემოღობვის ვალდებულება. შესაბამისად, თვლის, რომ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ვალდებულება წარმოეშობოდა ტექნიკური და ადმინისტრაციული პროცედურების დასრულების შემდეგ. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვლის, რომ სადავო გადაწყვეტილებები არის უკანონო, რადგან ისინი მიღებულია საქმის არსებითი გამოკვლევის გარეშე და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება.

2. არ ეთანხმება გირავნობა-იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 9 ნოემბრის N34972 ბრძანების საფუძველზე ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება 2018 წლის 4 ივლისიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 8 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2021 წლის 14 დეკემბერს გამოსცა №38712 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 15 დეკემბრის №002-365 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 432 102 ლარის ოდენობით, მათ შორის მოსაკრებელი 216 668 ლარი, ჯარიმა 108 334 ლარი და საურავი 107 100 ლარი. აღნიშნული დავალიანების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 16 დეკემბრის №002- 24347 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და 2022 წლის 10 მაისის №11747 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №11747 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2022 წლის 13 ოქტომბრის №16863/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 13 ოქტომბრის №16863/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია:

„შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს წარდგენილი აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ნულოვანი დეკლარაციები. საგადასახადო ორგანოს მიერ მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა განისაზღვრა ლიცენზიით დადგენილი მიწისქვეშა მტკნარი წყლის (ჩამოსხმის მიზნით) მოსაპოვებელი ყოველწლიური ჯამური მონაცემიდან გამომდინარე. შესაბამისად, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ ათვსიების გეგმის დამტკიცებამდე მოხდა ლიცენზიის განკარგვა. შესაბამისად, ყოველგვარი ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე გამოირიცხა.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ბიზნესომბუდსმენის 6.07.2022 წლის №00000336 წერილი, რომელშიც მითითებულია პოზიცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, არ არის შეფასებული ბიზნესომბუდსმენის პოზიცია. შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.’’

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ „----------“ 2018 წლის 12 ივნისს საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოს ეროვნული სააგენტოდან აღებული აქვს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N----------, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს მოსაპოვებელი რესურსის სახეობა და მოცულობა განესაზღვრა შემდეგნაირად: მიწისქვეშა მტკნარი წყლის (ჩამოსხმის მიზნით) მოპოვება - წელიწადში 50 000 კუბური მეტრი. ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2018 წლის 12 ივნისიდან 2043 წლის 9 თებერვლამდე, თუმცა 2019 წლის 20 ივლისს ი/მ „----------“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N---------- ლიცენზია მთლიანად გადაეცა საკუთრებაში ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 2043 წლის 9 თებერვლამდე მოპოვების უფლებით. ამდენად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, კერძოდ, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებაზე მოსაკრებლის ოდენობაა 1მ3 -ზე 4 ლარი

ამავე კანონის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: "სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში - არა უგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, - ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარადგენს ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ნულოვანი დეკლარაციები. შემოწმების მიერ მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა განისაზღვრა ლიცენზიით დადგენილი მიწისქვეშა მტკნარი წყლის (ჩამოსხმის მიზნით) მოსაპოვებელი ყოველწლიური ჯამური მონაცემიდან გამომდინარე, რომელიც ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაექვემდებარა მოსაკრებლის დარიცხვას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 13 ოქტომბრის №16863/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელდა საქმის ყოველმხრივ გამოკვლევა/შესწავლა, მათ შორის ბიზნესომბუდსმენის პოზიციის შეფასება და არ გამოვლინდა განსახვავებული გარემოებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული ვალდებულებების შემცირების საფუძველი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით), აღნიშნული დებულება არ ითვალისწინებს პირის შეზღუდვას სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის გარეშე განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ლიცენზიით განსაზღვრულია ყოველწლიურად მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის დარიცხვა ლიცენზიით განსაზღვრული ყოველწლიური მოცულობის შესაბამისად მართლოზომიერია.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 16 დეკემბრის №002-24347 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელში დარიცხულ თანხებს.

2. არ ეთანხმება გირავნობა-იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივანს წარდგენილი აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ნულოვანი დეკლარაციები. საგადასახადო ორგანოს მიერ მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა განისაზღვრა ლიცენზიით დადგენილი მიწისქვეშა მტკნარი წყლის (ჩამოსხმის მიზნით) მოსაპოვებელი ყოველწლიური ჯამური მონაცემიდან გამომდინარე. შესაბამისად, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ათვსიების გეგმის დამტკიცებამდე მოხდა ლიცენზიის განკარგვა. შესაბამისად, ყოველგვარი ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე გამოირიცხა. განხორციელდა საქმის ყოველმხრივ გამოკვლევა/შესწავლა, მათ შორის ბიზნესომბუდსმენის პოზიციის შეფასება და არ გამოვლინდა განსახვავებული გარემოებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული ვალდებულებების შემცირების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 16 დეკემბრის №002-24347 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(1„ა“); 239(1); 275.