გადაწყვეტილება №20677/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.12.2023
№ დოკუმენტი 20677/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20677/2/2023

06 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 26.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20677/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დარიცხული დღგ;

2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

3. მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

4. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №007-403 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19521 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 967 236 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 193 196

დღგ - 8 394

მოგების გადასახადი - 183 445

საშემოსავლო გადასახადი - 1 357

ჯარიმა - 182 040

საურავი - 82 778

ქონების გადასახადი (27.01.2023 წლის სავადო თარიღით) - 509 222

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9684 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33738 ბრძანება და №007-403 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 458 014 ლარი. ასევე, 2023 წლის 27 იანვრის სავადო თარიღით განესაზღვრა ქონების გადასახადი - 509 222 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 8 აგვისტოს №19521 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19521 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დარიცხული დღგ

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დეკლარირებული გადასახდელი დღგ-ის თანხები განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისგან. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ინფორმაციისა და პირველადი დოკუმენტების შესწავლის/ანალიზის მიხედვით გაანგარიშებული დღგით დასაბეგრი ბრუნვა რიგ შემთხვევებში აღემატებოდა დეკლარირებულ ბრუნვას, ხოლო რიგ შემთხვევაში ნაკლები იყო დეკლარირებულ ბრუნვაზე. შემოწმების შედეგად, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე, 160-ე, 1601 მუხლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა და გადასახდელი დღგ-ის თანხები. მომჩივანს სალდირებულად დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის თანხები განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისგან. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ინფორმაციისა და პირველადი დოკუმენტების შესწავლის/ანალიზის მიხედვით გაანგარიშებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა რიგ შემთხვევებში აღემატებოდა დეკლარირებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვას, ხოლო რიგ შემთხვევაში ნაკლები იყო დეკლარირებულ დღგ-ის 18%-იან დასაბეგრ ბრუნვაზე. შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრას, ვინაიდან საწარმოს გააჩნია სრული, გამართული და მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა, რომლის ანალიზი იძლევა სრულ შესაძლებლობას შემმოწმებლებმა განსაზღვრონ ოპერაციის შინაარსი, მისი დაწყების, დასრულებისა და მიმდინარეობის კონტროლი. ამასთან, შემოწმების შედეგად არ აღმოჩენილა კიდეც რაიმე ისეთი გარემოება, ოპერაცია, გარიგება ან/და მოქმედება, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა გამხდარიყო საეჭვო ან/და მისი ანალიზი შეუძლებელი იქნებოდა.

დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში, საწარმოს მიერ განხორციელებულია და დაბეგრილია ყველა შესაბამისი ოპერაცია დღგ-ში, რაც ედრება ბუღალტრულ გატარებებს. ამასთან, შემმოწმებლების მიერ არ განხორციელებულა კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მიცემდა საშუალებას შემმოწმებლებისთვის წარედგინა არგუმენტები ან/და მოსაზრებები. მეტიც, მის მიერ განსაზღვრული დამატებით ბრუნვის ოდენობაც არ ედრება აქტში ასახულ ციფრებს. მითუფრო, იმ პერიოდში გადასახადის გადამხდელს პირად ბარათზე გააჩნდა ზედმეტად გადახდილი თანხების ოდენობა. ანალოგიური სიტუაცია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვაში. შესაბამისად, ითხოვს მიეცეს საშუალება, განახორციელონ სადავო საკითხების ხელახალი გადამოწმება შემმოწმებლებთან ერთად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ-ის თანხები განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან. კერძოდ, მომჩივნის სააღრიცხვო ინფორმაციისა და პირველადი დოკუმენტების შესწავლის/ანალიზის მიხედვით გაანგარიშებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა რიგ შემთხვევებში აღემატებოდა დეკლარირებულ მონაცემებს, ხოლო რიგ შემთხვევაში ნაკლები იყო დეკლარირებულ დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაზე. შესაბამისად, კორექტირებას დაექვემდებარა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის არგუმენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არ არის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა დავების განხილვის საბჭოს სხდომას და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა მომჩივანმა არ მიიღო მონაწილეობა საჩივრის განხილვის პროცესში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ინფორმაციისა და საბანკო ამონაწერების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილი განაცემები განსხვავდებოდა მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილისგან. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაკორექტირდა დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ინფორმაციისა და საბანკო ამონაწერების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილი განაცემები განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულისგან.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სააღრიცხვო ინფორმაციის და საბანკო ამონაწერების შესწავლის/ანალიზის საფუძველზე დადგენილი განაცემები განსხვავდებოდა მომჩივნის მიერ დეკლარირებული მონაცემებისგან. შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

3. მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უფიქსირდებოდა უცხოელ მომწოდებელზე, ურთიერთდამოკიდებულ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსების საწყისი ნაშთი 919 439 აშშ დოლარი. 2019 წლის თებერვალში ასევე ავანსის სახით გადარიცხული იყო 330 000 აშშ დოლარი და 2019 წლის დეკემბერში უკან დაბრუნებული - 300 000 აშშ დოლარი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, უცხოელ მომწოდებელზე გადახდილი ავანსის საბოლოო ნაშთი შეადგენდა 949 438 აშშ დოლარს. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, აღნიშნული მომწოდებლისგან საქონელი გადასახადის გადამხდელს არ მიუღია.

ამასთან, პირს შესამოწმებელ პერიოდში, ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე უფიქსირდებოდა ფულადი სახსრების სესხის სახით გაცემა, რაზეც დარიცხული და მიღებული ჰქონდა საპროცენტო განაკვეთით (წლიური 10%) საპროცენტო შემოსავალი. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადების დაბეგვრის მიზნებისთვის, განხორციელდა აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის ანალიზი და შეფასება/კვალიფიცირება მისი შინაარსის (ნამდვილი მიზნის) მიხედვით და არა გაცხადებული ფორმის შესაბამისად. შედეგად, ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ფულადი სახსრები მიჩნეული იქნა გაცემულ სესხად და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი. შემოწმებით, ზემოაღნიშნულ გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებულ ფულად სახსრებზე, წლიური 10%-იანი განაკვეთის გათვალისწინებით, გაანგარიშებული იქნა საპროცენტო შემოსავალი. ვინაიდან აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებულ გარიგებად, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავალი ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაერიცხა მოგების გადასახადი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2019 წლის თებერვალში, გადარიცხული თანხა - 330 000 აშშ დოლარი, დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით, ხოლო 2019 წლის დეკემბერში დაბრუნებულ თანხაზე (300 000 აშშ დოლარი) შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით განხორციელდა, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ადრე დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 96-ე, 97-ე, 981, 982, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდებოდა უცხოელ ურთიერთდამოკიდებულ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსების საწყისი ნაშთი, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში, აღნიშნული მომწოდებლისგან საქონელი გადასახადის გადამხდელს არ მიუღია. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ავანსის სახით თანხების გადარიცხვა და ნაწილი თანხების უკან დაბრუნება. ამასთან, პირს შესამოწმებელ პერიოდში, ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე უფიქსირდებოდა ფულადი სახსრების სესხის სახით გაცემა, რაზედაც დარიცხული და მიღებული ჰქონდა საპროცენტო შემოსავალი. შემოწმების შედეგად, ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ფულადი სახსრები ჩაითვალა სესხის გაცემად და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი. ზემოაღნიშნულ გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებულ ფულად სახსრებზე გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავალი შემოწმების მიერ ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში, პირის მიერ გადარიცხული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო დაბრუნებული თანხაზე გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით განხორციელდა ადრე დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს მიერ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისამდე განხორციელებული იქნა ავანსის სახით, შემდგომი საქონლის შეძენის მიზნით, თანხების გადარიცხვა. ვინაიდან აღნიშნული საქონლის მოწოდების ვადები დაემთხვა 2020-2021 წლების პერიოდს და ვერ ხერხდებოდა პანდემიის გამო მისი განხორციელება, შესაბამისად, უკვე 2022 წლის განმავლობაში (შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ) სრულად დაბრუნდა კომპანიის მიერ გადარიცხული ავანსები. აღნიშნულის გათვალისწინებით გამოდის, რომ საწარმოს შემმოწმებლების მიერ დამატებით დარიცხული მოგების გადასახადის ნაწილში მისაღები აქვს ჩათვლები, რაც თავისთავად მოიცავს ძირითადი გადასახადის განულებას, ხოლო დარიცხული ჯარიმა-საურავები კი კომპანიას არასწორად რჩება ასახული.

საწარმოს შემოწმების მიმდინარეობისას ასევე შემოწმდა მისი ერთ-ერთი დებიტორი, რომლის შემოწმების შედეგად (შპს „-------“ (ს/ნ -------)) შემმოწმებლებმა ხარჯების ნაწილში არ გაუთვალისწინეს შპს „-------“ აღებული ფულადი სესხის პროცენტი და ნაცვლად 10%-სა გაითვალისწინეს საბაზრო პროცენტი - 7%. ასეთ შემთხვევაში შპს „-------“ შემოწმებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული აღნიშნული და შესაბამისად, მასაც შეუმცირდეს აღნიშნული ოპერაციით მიღებული შემოსავლის ოდენობა, მით უფრო იმ დროს, როდესაც ამ ორ სუბიექტს შორის არ დგას ურთიერთდამოკიდებულების საკითხი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება, საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდებოდა უცხოელ ურთიერთდამოკიდებულ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსების საწყისი ნაშთი, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული მომწოდებლისგან საქონელი კომპანიას არ მიუღია. ასევე, მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ავანსის სახით თანხების გადარიცხვა და ნაწილი თანხების უკან დაბრუნება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე უფიქსირდებოდა ფულადი სახსრების სესხის სახით გაცემა, რაზეც დარიცხული და მიღებული ჰქონდა საპროცენტო შემოსავალი. შემოწმების შედეგად, ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ფულადი სახსრები ჩაითვალა სესხის გაცემად და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი. აღნიშნულ გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებულ ფულად სახსრებზე გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავალი საგადასახადო ორგანოს მიერ ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ გადარიცხული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო დაბრუნებული თანხაზე გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით განხორციელდა ადრე დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

4. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაანგარიშებული ჰქონდა ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებით, რომელთა მიმართაც არ ახდენდა ბასს-ით გათვალისწინებულ გადაფასებას. ამასთან, საწარმოს არ გააჩნდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული შენობა-ნაგებობის რეალური (საბაზრო) ღირებულების შეფასების დასკვნა. შესაბამისად, შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ ჩატარდა ქონების შეფასების ექსპერტიზა და შედგა 2022 წლის 23 დეკემბრის დასკვნა №56635/12/22. აღნიშნულ დასკვნაში ასახული ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საბალანსო ღირებულებისაგან. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 202-ე, 204-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30- ე დღიდან, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 205-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის ნაწილში. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასები არსებითად აღემატება ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებას. გადასახადის გადამხდელმა დავის წარმოების პროცესში წარადგინა შპს „-------“ საკუთრებაში არსებული ნაწილი ქონების (შენობა-ნაგებობების) საბაზრო ღირებულებების განსაზღვრის შესახებ კომპეტენტური პირის მიერ გაცემული დასკვნები, რომლითაც დადგენილი ქონების საბაზრო ღირებულებები მკვეთრად განსხვავდება შემოწმების მიერ დადგენილისგან. ასევე, მომჩივანი დამატებით აღნიშნავს, რომ წარადგენს დარჩენილი ქონების შეფასებებსაც სრულად და ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას მის მიერ წარდგენილი დასკვნები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიწის გადასახადის განსაზღვრა განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის (56635/12/22) საფუძველზე, რომლითაც განსაზღვრულია ქონების არარეალური საბაზრო ფასები, იმდენად რომ მისი გამოყენება ყოვლად დაუშვებელია, რაზეც მომჩივნის მიერ წარმოდგენილი იქნება ალტერნატიული, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია:

ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:

ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

შემოწმებით დადგენილი გარემოებების საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა ქონების გადასახადი.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მისცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ამასთან, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №007-403 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 458 014 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 193 196 ლარი, ჯარიმა - 182 040 ლარი და საურავი - 82 778 ლარი. ასევე, 2023 წლის 27 იანვრის სავადო თარიღით განესაზღვრა ქონების გადასახადი 509 222 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს შემოწმების შედეგად უფიქსირდება ავანსად გადარიცხული თანხები, როგორც სესხის სახით გაცემული და უკვე ეს თანხები სრულად არის დაბრუნებული, რომელიც ექვემდებარება ჩათვლის უფლებას, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის დანაწესი და კომპანია გაათავისუფლოს დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დარიცხული დღგ;

2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

3. მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

4. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დეკლარირებული გადასახდელი დღგ-ის თანხები განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისგან. შემოწმების შედეგად, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა და გადასახდელი დღგ-ის თანხები. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ინფორმაციისა და საბანკო ამონაწერების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილი განაცემები განსხვავდებოდა მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილისგან. შემოწმებით, დაკორექტირდა დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდებოდა უცხოელ ურთიერთდამოკიდებულ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსების საწყისი ნაშთი, შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით თანხების გადარიცხვა და ნაწილი თანხების უკან დაბრუნება. თუმცა შესამოწმებელ პერიოდში, აღნიშნული მომწოდებლისგან საქონელი გადასახადის გადამხდელს არ მიუღია. პირის მიერ გადარიცხული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო დაბრუნებული თანხაზე გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით განხორციელდა ადრე დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა. ამასთან, პირს შესამოწმებელ პერიოდში, საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე უფიქსირდებოდა ფულადი სახსრების სესხის სახით გაცემა, რაზედაც დარიცხული და მიღებული ჰქონდა საპროცენტო შემოსავალი. რაც ჩაითვალა სესხის გაცემად და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი. ზემოაღნიშნულ გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებულ ფულად სახსრებზე გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავალი შემოწმების მიერ ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ მოხდა ქონების ღირებულების შეფასება, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საბალანსო ღირებულებისაგან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი. აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ჯარიმა არ დაეკისრა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 981(4): 982(3-ზ) 101; 154;159; 160; 1601; 201; 202; 204; 269(7); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;