ბრძანება N 42212

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.12.2021
№ დოკუმენტი 42212
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 42212

30/12/2021

ფ/პ -------

(მის.: ---------

2021 წლის 2 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ------- №248545/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ ქონების გადასახადსა და საურავს. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №118).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიიღო მემკვიდრეობით. ინვესტორის შეთავაზებით, ახალი კორპუსის ასაშენებლად დაანგრიეს საცხოვრებელი სახლი, თუმცა კორპუსი ვერ აშენდა და დარჩა უსახლკაროდ.

2021 წლის 15 ნოემბერს მობილურ ტელეფონზე გადამხდელს მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლითაც ეცნობა საგადასახადო ვალდებულებების შესახებ. გადამხდელი განმარტავს, რომ არის მარტოხელა, პენსიონერი, ზრდის ორ სტუდენტ შვილს და ცხოვრობს ქირით, ბიუჯეტის მიმართ დავალიანება დაუგროვდა ისე, რომ მას არანაირი შეტყობინება არ მისვლია აღნიშნულის თაობაზე და მისი მწირი შემოსავლიდან მხოლოდ 40 ლარის გადახდა შეუძლია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დარიცხული დავალიანების გაუქმებას, ხოლო შემდგომი წლების გადასახადს გადაიხდის პირნათლად.

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2020 წლის 10 ივლისს ფ/პ ------- პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულია 2017-2018 წლების ქონების გადასახადი 200 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (საკადასტრო კოდი ---------) მდებარე ქ. თბილისში, ----------- 2020 წლის 23 ივნისს დარიცხულია 2019 წლის ქონების გადასახადი. 2017-2019 წლის გადასახადი დარიცხულია საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წლიურად 72 ლარის ოდენობით. 2020-2021 წწ. გადასახადი დარიცხულია ავტომატური რეჟიმით (STS პაკეტით) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ასევე წლიურად 72 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით 2017-2018 წლის მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვაზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები №011-8557 და №011-8559 გადამხდელს გაეგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ ვებგვერდზე 2020 წლის 16 სექტემბერს, 2019 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო მოთხოვნა №011-3986 - 2020 წლის 26 ივნისს, 2020 წლის საგადასახადო მოთხოვნა №011- 45711 - 2021 წლის 4 თებერვალს, 2021 წლის საგადასახადო მოთხოვნა №011-31090 - 2021 წლის 8 ნოემბერს. მათი გაცნობა/ჩაბარება არ ფიქსირდება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამის (NAPRWEB3.5) მონაცემებით ქ. თბილისში, -------ში მდებარე 200 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: -------------), რომელზეც არ ფიქსირდება შენობა-ნაგებობები, ფ/პ ------- საკუთრებაში ფლობს 24.11.2012 წლის 24 ნოემბრის N121260935 შეთანხმების საფუძველზე. ხელშეკრულების მიხედვით შპს „-------“ ვალდებულებას იღებს 27.11.2010 წლის N------- იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცეს მიწის ნაკვეთები, თავის მხრივ ფ/პ ------- უარს აცხადებს 2010 წლის 27 ნოემბრის N------- იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნის უფლებაზე, მათ შორის ყოველგვარ ქონებრივ და სამართლებრივ პრეტენზიაზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2021 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით ფ/პ ------- ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 360 ლარი და საურავი - 72.72 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა მიწაზე ქონების გადასახადში დარიცხული დავალიანების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ)მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ხოლო ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

ამავე კოდექსის 205-ე მუხლის 13 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:

ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა.

ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირს საგადასახადო მოთხოვნა ჩაჰბარდა გადასახადის გადახდის ვადის დადგომის შემდეგ, საურავის დარიცხვა განხორციელდება საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა.

ზემოაღნიშული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ ------- ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შეისწავლოს პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი თხოვს მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე დარიცხული დავალიანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული პროგრამის მონაცემებით მიწის ნაკვეთს რომელზეც არ ფიქსირდება შენობა-ნაგებობები, ფ/პ საკუთრებაში ფლობს შეთანხმების საფუძველზე. ხელშეკრულების მიხედვით შპს ვალდებულებას იღებს იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცეს მიწის ნაკვეთები, თავის მხრივ ფიზიკური პირი უარს აცხადებს იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნის უფლებაზე, მათ შორის ყოველგვარ ქონებრივ და სამართლებრივ პრეტენზიაზე.

საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულია ქონების გადასახადი 200 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ფიზიკურ პირს ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის ბარათზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთნ მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა სსკ-ს 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(2,,ე“); 203; 205(1); 205(131); 272(6)