ბრძანება N 15080
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15080
28 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 24 იანვრის და 14 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 მაისს (ოქმი №57) და 01 ივნისს (ოქმი №59) გამართულ სხდომებზე განიხილა სს „-------“ (ს/ნ -------) №78440/1/2023 და №26841/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №081-314 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულ დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთზე შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე განსაზღვრულ ქონების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ნოემბრის №29647 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს „-------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის (მათ შორის მიწა) საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32941 ბრძანება და №081-314 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 311 556 ლარი, მათ შორის გადასახადი 181 395 ლარი, ჯარიმა 69 103 ლარი და საურავი 61 058 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა ჰესების მშენებლობა ------- რაიონში. ბუღალტრული პროგრამისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საზოგადოება ფლობს დაახლოებით 174 საკადასტრო კოდზე არსებულ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც შეძენილი აქვს უმეტესად 2012-2013 წლებში ფიზიკური პირებისგან. ამასთან, ბალანსზე უფიქსირდება დაუმთავრებელი წარმოების ნაშთი ღირებულებით 4 319 123 ლარი (------- 2 442 267 ლარი, ------- 1 876 856 ლარი). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ადეკლარირებს ქონების გადასახადს, გარდა 2021 წლის ქონების გადასახადისა, რომლის დეკლარაცია წარმოდგენილი აქვს 2022 წლის 31 მარტს და გადასახადი შეადგენს 1 080 ლარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე - 205-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშდა ქონების გადასახადი დაუმთავრებელ მშენებლობაზე და მიწის გადასახადი შესაბამისი განაკვეთების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულ დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთზე შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს და აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არგუმენტირებულ დასაბუთებას ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე. კომპანიას საკუთრებაში არ გააჩნია არანაირი აქტივი, ძირითადი საშუალება ან რაიმე ტიპის დაუმთავრებელი მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ქონების გადასახადი განსაზღვრულია მხოლოდ ბუღალტრულად ასახულ დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთზე ისე, რომ არ განხორციელებულა აღნიშნული დაუმთავრებელი მშენებლობის არსებობის ფაქტის შესწავლა და დადასტურება. საკუთარი არგუმენტაციის დადასტურების მიზნით ითხოვს მიეცეს კომპანიის ფინანსური ანგარიშგების ან/და ექსპერტის დასკვნის წარდგენის შესაძლებლობა.
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ აღრიცხვაში ბალანსზე დაფიქსირებული დაუმთავრებელი წარმოების ნაშთის ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადი განსაზღვრულია მიწის შესყიდვის ღირებულებაზე კოეფიციენტის მიყენებით. მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება განხორციელებულია არსებითი ხასიათის შეცდომებით და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) ბუღალტრულ აღრიცხვაში ბალანსზე დაფიქსირებული დაუმთავრებელი წარმოების ნაშთის ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულ დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთზე შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე განსაზღვრულ ქონების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულ დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთზე შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს და აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არგუმენტირებულ დასაბუთებას ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე. კომპანიას საკუთრებაში არ გააჩნია არანაირი აქტივი, ძირითადი საშუალება ან რაიმე ტიპის დაუმთავრებელი მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ქონების გადასახადი განსაზღვრულია მხოლოდ ბუღალტრულად ასახულ დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთზე ისე, რომ არ განხორციელებულა აღნიშნული დაუმთავრებელი მშენებლობის არსებობის ფაქტის შესწავლა და დადასტურება.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადი განსაზღვრულია მიწის შესყიდვის ღირებულებაზე კოეფიციენტის მიყენებით. მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება განხორციელებულია არსებითი ხასიათის შეცდომებით და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
გადაწყვეტილება
საკანონმდებლო ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ აღრიცხვაში ბალანსზე დაფიქსირებული დაუმთავრებელი წარმოების ნაშთის ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202; 203; 204; 205