გადაწყვეტილება №18282/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 18282/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18282/2/2022

2.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -------------- (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------ს 22.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18282/2/2022).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი და მიღებული შემოსავლის განხილვა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №033-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27699 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 369 676 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 231 367

დღგ - 44 098

საშემოსავლო გადასახადი - 187 269

ჯარიმა - 109 729

საურავი - 28 580

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 14.--.2019 წლიდან 1.--.2022 წლამდე პერიოდის (გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2019 წლის №8762 ბრძანებით მოცული საკითხებისა) კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 29.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობითი დადგენილი წესით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში არ გააჩნია რეალიზაციის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა. არ წარუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. გადამხდელი ასევე დაჯარიმებულია ნაღდი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის (5.06.2019 წლის №CB995683 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი) და სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის (11.02.2020 წლის №CB1073471 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი). საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ვინაიდან დოკუმენტით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ყოველ წელს მთლიანი შეძენების 5%-ზე მეტია დღგ-ის ბრუნვის განსაზღვრის მიზნით გამოყენებულია გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. საწარმოს დოკუმენტებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია 1 800 საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი (აღნიშნულმა მოიცვა მთლიანი შეძენების 85%), დარჩენილი საქონელი დაიყო ჯგუფებად და იდენტიფიცირებულია ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატი. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 10%, ხოლო შემოწმების შედეგად ფასნამატების საშუალო შეწონილი დადგინდა 13%. შესაბამისი ფასნამატები გავრცელებულია შესაბამის დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე, შემოწმების პროცესში არ არის წარდგენილი ინფორმაცია შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ. გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია და ხარჯის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაშთი არ ფიქსირდება, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები, გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №18296 ბრძანება და 12.07.2022 წლის №033-1 საგადასახადო მოთხოვა, რაც 18.07.2022 და 31.08.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.11.2022 წლის №27699 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობითი დადგენილი წესით, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში არ გააჩნდა საქონლის რეალიზაციის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა. გადამხდელი ასევე დაჯარიმებულია ნაღდი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის და საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის. ასევე, შემოწმების პროცესში არ არის წარდგენილი ინფორმაცია შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ. გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ასევე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ დამფუძნებლისგან აღებული სესხი გავლენას არ ახდენს ფულის მოძრაობაზე, რადგან შესამოწმებელ პერიოდშია შემოტანილი და გატანილი, შესაბამისად გათვალისწინებულია როგორც ფულის შემოსვლაში, ისე გასვლაში. რაც შეეხება ბიუჯეტში გადახდილ თანხებს, ისინი გათვალისწინებულია შემოწმების მიერ. ამასთან, მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო შესყიდვა ჩატარებულია, როგორც 2019 წელს, ასევე 2020 და 2021 წლებში. პირველ შემთხვევაში კომპანიას მიეცა გაფრთხილება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. ასევე ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით კომპანიას მიეცა გაფრთხილება, ვინაიდან აღნიშნული გამოწვეული იყო სატრანსპორტო საშუალების დაზიანების გამო სხვა სატრანსპორტო საშუალებით შეცვლით. შემოწმების მიერ დაფიქსირებული ფასნამატი, რომელიც შეადგენს 13,8% არ შეესაბამება რეალურ სამუშაო ფასნამატს, ვინაიდან აღნიშნული მარჟის შემთხვევაში კომპანია ვერ გაუწევდა კონკურენციას ქსელურ მარკეტებს, რომლებიც ძირითად რგოლს წარმოადგენენ აღნიშნულ ბიზნესში. ამასთან, მაღაზიის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ ახალციხის რაიონის მოსახლეობა, რომელთათვის უპირატესია შედარებით დაბალ მარჟიანი და ხელმისაწვდომფასიანი პროდუქცია. წარმოადგენს ფასნამატის ცხრილს, რომლის მიხედვითაც დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 9%. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაცია აღემატება შესამოწმებელი პერიოდის სარეალიზაციო ბრუნვების 6%.

მეორე საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთი მიზანშეწონილად მიაჩნია შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად განხილულ იქნას ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგროს მოგების გადასახადით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი 4 მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. მომჩივანი არ ეთანხმება აღნიშნულს და განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად დაფიქსირებული ფასნამატით კომპანია ვერ გაუწევდა კონკურენციას ქსელურ მარკეტებს. ამასთან, მაღაზიის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ ------- რაიონის მოსახლეობა, რომელთათვის უპირატესია შედარებით დაბალ მარჟიანი და ხელმისაწვდომფასიანი პროდუქცია. საჩივარს ერთვის ფასნამატის შესახებ ცხრილი, რომლის მიხედვითაც დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 9%. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაცია 5 აღემატება შესამოწმებელი პერიოდის სარეალიზაციო ბრუნვების 6%. მეორე საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთი მიზანშეწონილად მიაჩნია შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად განხილულ იქნას ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგროს მოგების გადასახადით.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ საგადასახადო ორგანომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა არა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მომჩივანი შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებული იყო ორჯერ არამედ, გარდა აღნიშნულის მას არ გააჩნდა აღრიცხვა, არც რაოდენობრივი, სახეობრივი და თანხობრივი გაშიფვრა საქონლის შეძენა/რეალიზაციის. რაც შეეხება მის მიერ წარმოდგენილ ცხრილს ფასნამატთან დაკავშირებით აღსანიშნია, რომ არ არის დაჯგუფებული საქონელი სახეობების მიხედვით, რაც გაიშიფრა მიწერილია ფასნამატი, შემოწმებით კი სრულყოფილადაა დათვლილი ფასნამატი, საქონლის 85% ინდივიდუალურად გაიშიფრა, ხოლო დანარჩენზე ჯგუფის ფასნამატი იქნა გამოყენებული (აღნიშნული ცხრილი გაგზავნილია გადამხდელისთვის, რასთან დაკავშირებითაც პოზიცია არ წარმოუდგენია). ამასთან, მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ცხრილში მითითებულია (გაშიფრულია) ორჯერ ნაკლები საქონლის სახეობა ვიდრე ეს შემმოწმებლებს აქვთ გაკეთებული. ამდენად, საქონლის სახეობებიდან გამომდინარე შემმოწმებლის მიერ გამოყენებული ცხრილი მეტად ზუსტია და არ არსებობს მომჩივნის ცხრილის გათვალისწინების საფუძველი, მით უფრო გაანგარიშებული აქვს საშუალო ფასნამატი და არა საშუალო შეწონილი ფასნამატი. რაც შეეხება, საშემოსავლო გადასახადის ნაწილს შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი ზოგადად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას არ ეთანხმებოდა და ამ ნაწილში არ წარმოუდგენია პოზიცია. რაც შეეხება დამფუძნებლისგან მიღებულ სესხს, ფულის მოძრაობაში არ აქვს გავლენა აღნიშნულ სესხს ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდშია შეტანილი და გატანილი, მოხვედრილია როგორც ფულის შემოსვლაში ასევე გასვლაში. ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხები რა თქმა უნდა გათვალისწინებულია შემოწმების მიერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის მიმართ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება მართებულია. რაც შეეხება, მომჩივნის მოთხოვნას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით“ მეთოდური მითითების გათვალისწინებას, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნულთან დაკავშირებით წარუდგინოს პოზიცია, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი პოზიციის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1.საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27699 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით“ მეთოდური მითითების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს პოზიცია;

4.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მიერ ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში წარდგენილი პოზიციის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.