ბრძანება N 5388
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5388
12 მარტი 2024
ბრძანება
შპს „------ -ის “ (ს/ნ "------")
(მის.: "-------")
2024 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") 2024 წლის 23 იანვრის №10009/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №025-19 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება საწესდებო კაპიტალსა და კაპიტალიდან გატანილი ქონების საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაბეგვრას. განმარტავს, რომ 2020 წლის 16 ივლისს განხორციელდა არა იურიდიული პირის მეწილისთვის მოგების სახით დივიდენდის გაცემა, არამედ იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე საკუთრების რეგისტრაცია. მოცემულ შემთხვევაში საწესედებო კაპიტალში შეტანილი ქონება არ გაზრდილა. ამდენად, შპს „------ - ს " არ მიუღია მოგება. შესამამისად არ წარმოშობილა მეწილეზე დივიდენდის გაცემის წინაპირობა. შესაბამისად, შემოწმების შედეგად გადასახადის დარიცხვა არის უსაფუძვლო და უკანონო, ხოლო შპს „------ -ის “ ქმედებაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით განსაზღვრული სამართალდარღვევა არ იკვეთება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14097 ბრძანების საფუძველზე შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33225 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №025-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 44 355 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 21 693 ლარი, ჯარიმა 10 847 ლარი და საურავი 11 815 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „------- -ის “ საწესდებო კაპიტალი 2020 წლის 16 ივლისს შეადგენდა 6 000 ლარს, აღნიშნულ თარიღში 100%-იანი წილის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა კომპანიის კაპიტალიდან გაიტანა 4 ჰა მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობით, გადამხდელს აღნიშნული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ დაუფიქსირებია. გადამხდელს ჩაუტარდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების შეფასება, რაზეც გამოიცა 2023 წლის 7 დეკემბრის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №58553/10/23 დასკვნა, რის მიხედვითაც კაპიტალიდან აქტივის გატანის მომენტში ქონების საბაზრო ფასი შეფასდა 97 000 ლარად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, 98-ე მუხლების და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შპს „------ -ის “ საწესდებო კაპიტალსა და კაპიტალიდან გატანილი ქონების საბაზრო ფასს შორის სხვაობა 91 000 ლარი დაკვალიფიცირდა განაწილებულ მოგებად და შემოწმების შედეგად დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. კომპანია ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:
ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება;
ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველის ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, 2020 წლის 16 ივლისის მდგომარეობით საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 6 000 ლარს. აღნიშნულ თარიღში 100%-იანი წილის მფლობელმა კომპანიის კაპიტალიდან გაიტანა 4 ჰა მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობით, რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 97 000 ლარი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამხაური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საწესდებო კაპიტალსა და კაპიტალიდან გატანილი ქონების საბაზრო ფასს შორის სხვაობის განაწილებულ მოგებად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საწესდებო კაპიტალსა და კაპიტალიდან გატანილი ქონების საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საწესდებო კაპიტალი 2020 წლის 16 ივლისს შეადგენდა 6 000 ლარს, აღნიშნულ თარიღში 100%-იანი წილის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა კომპანიის კაპიტალიდან გაიტანა 4 ჰა მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობით, გადამხდელს აღნიშნული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ დაუფიქსირებია.გადამხდელს ჩაუტარდა უძრავი ქონების შეფასება,რის მიხედვითაც კაპიტალიდან აქტივის გატანის მომენტში ქონების საბაზრო ფასი შეფასდა 97 000 ლარად. საწესდებო კაპიტალსა და კაპიტალიდან გატანილი ქონების საბაზრო ფასს შორის სხვაობა 91 000 ლარი დაკვალიფიცირდა განაწილებულ მოგებად და შემოწმების შედეგად დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, კომპანია დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და ასევე დაჯარიმდა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),97,981,130,154.