გადაწყვეტილება №22954/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22954/2/2024
30 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 24.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22954/2/2024).
დავის საგანი:
შემოწმებულ პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარის თქმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №25667 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აპრილის №7783 ბრძანება.
სადავო თანხა: 18 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ნოემბრის №28752 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №7825 ბრძანება და №071-6 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 78 977 ლარი.
2023 წლის 15 სექტემბერს გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2022 წლის იანვრის და სექტემბრის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (პირველადი) (დეკ: №-------; -------) დეკლარაციები. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №25667 ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა შემოწმებით მოცულ პერიოდზე დამატებით წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №25667 ბრძანება 2023 წლის 27 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 8 აპრილის №7783 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 69-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 178-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ნოემბრის №28752 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ ------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ბრძანებით შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 15 სექტემბერს წარდგენილ იქნა 2022 წლის იანვრის და სექტემბრის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (პირველადი) (დეკ: №-------; -------) დეკლარაციები, თუმცა დეკლარაციების გადამხდელის პირად ბარათზე ასახვა არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელს წარდგენილ დაზუსტებულ დეკლარაციებში დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გარდა მითითებული აქვს შეცდომით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვაც, რაც წარმოადგენს შემოწმებით დადგენილ ბრუნვებს და ამით ორმაგად ერიცხება გადასახადის თანხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2022 წლის იანვრის და სექტემბრის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური (პირველადი) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი მართლზომიერია, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია დღგ-ის ჩათვლის უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში წარდგენილ პირველად ან შესწორებულ (დაზუსტებულ) დეკლარაციასთან ერთად, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ის ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც ახორციელებს დღგ-ის თანხების ჩათვლას. საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2022 წლის სექტემბრისა და იანვრის საანგარიშო პერიოდებში განხორციელებულ ოპერაციებზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხების ჩათვლას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამავე პირის კამერალური საგადასახადო შემოწმება ჩატარდა 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდებზე. შესაბამისად, მოცემულ ოპერაციებზე დღგ-ის თანხების ჩათვლის უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდი (დეკემბრის თვე) არ ექცევა ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების ფარგლებში და არ ზღუდავს პირის შესაძლებლობას ამავე პერიოდზე წარმოადგინოს დაზუსტებული ან პირველადი დეკლარაცია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე შესაძლებელია განახორციელოს დეკლარაციის წარდგენა, რომელსაც დღგის თანხებზე ჩათვლის მიღების მიზნით დაურთავს ამავე წლის იანვრისა და სექტემბრის თვეების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს.
ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების 2022 წლის იანვრისა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილ დღგ-ის (დახარვეზებული) დეკლარაციებიდან ჩამოხსნის მიზნით, გადასახადის გადამხდელს აქვს შესაძლებლობა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით წარადგინოს განცხადება „დღგ-ის დეკლარაციის დანართებში ცვლილებების შესახებ“, რომლის შედეგად, განხორციელდება მოცემული ანგარიშ-ფაქტურების დახარვეზებული დეკლარაციებიდან ჩახსნა და გადამხდელს მიეცემა შესაძლებლობა მოახდინოს მათი მიბმა 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის 15 სექტემბერს შემოსავლების სამსახურში გადაგზავნილი იქნა 2022 წლის იანვრის და სექტემბრის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები. აღნიშნული პერიოდი შემოწმებულია აუდიტის დეპარტემენტის მიერ. დეკლარაციების დაზუსტება გამოწვეული არის იმ გარემოების გამო, რომ ------- (ს/კ -------) 2022 წლის 10 იანვარს შეიძინა ხე-ტყის მასალა, იმავე დღეს გამოუწერეს ელექტრონული ზედნადები №-------, ხოლო დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა №ეა------- გამოწერილი იქნა 2023 წლის 15 სექტემბერს, სადაც დაფიქსირა, რომ დაბეგვრის პერიოდი არის 2022 წლის იანვრის თვე, 2022 წლის 9 სექტემბერს შეიძინა ხე-ტყე, იმავე დღეს გამოწერილია ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №-------, ხოლო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა გამოუწერეს 2023 წლის 15 სექტემბერს და დაბეგვრის პერიოდი დააფიქსირეს 2022 წლის სექტემბრის თვე, ასევე 2022 წლის 30 სექტემბერს შეძენილი იქნა ხე-ტყე, რაზეც იმავე დღეს გამოწერილია ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №-------, ხოლო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი იქნა 2023 წლის 15 სექტემბერს და დაბეგვრის პერიოდი მიუთითეს 2022 წლის სექტემბრის თვე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ შევსებული იქნა 2022 წლის იანვრის და სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციები და აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები დააფიქსირა ჩასათვლელ თანხებში, ხოლო რეალიზაცია განსაზღვრა შემოწმების აქტის მიხედვით და დაზუსტებული დეკლარაციები გადააგზავნა შემოსავლების სამსახურში. აუდიტის დეპარტემენტის 2023 წლის 21 სექტემბრის დასკვნით და 2023 წლის 17 ოქტომბრის №25667 ბრძანებით უარი ეთქვა დაზუსტებული დეკლარაციის დაზუსტებაზე, ხოლო უარის მიზეზად დააფიქსირეს, რომ „საკითხის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადამხდელს სურს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ საქონელზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, რომელებიც გამოწერილია შესამოწმებელ პერიოდის შემდგომ, დღგ-ის თანხის ჩათვლა, მაგრამ შეცდომით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში მითითებული აქვს შემოწმებით დადგენილი ბრუნვები და ამით აორმაგებს კუთვნილ გადასახადს.“ რამოდენიმეჯერ ცადა RS.GE პორტალიდან ხელმეორედ დაეზუსტებინა 2022 წლის იანვრის და სექტემბრის დღგ-ის დეკლარაციები და დაეფიქსირებინა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლები, მაგრამ დეკლარაციის გადაგზავნა ჩაკეტილია და უწერს „ხარვეზს“ და აღარ აგზავნინებს სწორ დეკლარაციას.
საჩივარი გადაგზავნილი იქნა შემოსავლების სამსახურში, მაგრამ განიხილეს გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად და 2024 წლის 8 აპრილის №7783 ბრძანებით უარი ეთქვა კანონმდებლობის შესაბამისად გამოწერილ და მომჩივნის მიერ ჩასათვლელ თანხებში აღრიცხულ დღგ-ის ჩათვლებზე. შემოსავლების სამსახური არ (ვერ) მიუთითებს საგადასახადო კოდექსის შესაბამის მუხლს რატომ და რის საფუძველზე არ აქვს უფლება ზემოთ დასახელებული დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებით მიიღოს ჩათვლები. აქედან გამომდინარე, მომჩივნის მოთხოვნაა საჩივარში დაფიქსირებული დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებით განახორციელოს ჩათვლები, რის უფლებაც, როგორც გადასახადის გადამხდელს, აძლევს საგადასახადო კოდექსი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ნოემბრის №28752 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №7825 ბრძანება და №071-6 საგადასახადო მოთხოვნა. 2023 წლის 15 სექტემბერს გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2022 წლის იანვრის და სექტემბრის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (პირველადი) (დეკ: №-------; -------) დეკლარაციები. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სურს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ საქონელზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, რომლებიც გამოწერილია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, დღგ-ის თანხის ჩათვლა, მაგრამ შეცდომით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში მითითებული აქვს შემოწმებით დადგენილი ბრუნვები და ამით აორმაგებს კუთვნილ გადასახადს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ წარდგენილი 2022 წლის იანვრის და სექტემბრის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (პირველადი) (დეკ: № -------; -------) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა არ განხორციელდა.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე ითხოვა წარდგენილი დეკლარაციებიდან გათვალისწინებულ იქნას მხოლოდ დღგ-ის ჩათვლის ნაწილი და არ იქნას გათვალისწინებული დარიცხვის ნაწილი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მომჩივანს ეკუთვნის დღგ-ის ჩათვლა, თუმცა დეკლარაციების ნაწილობრივ ასახვა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ტექნიკურად შეუძლებელია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის რეალური, გამოწერილია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, დაბეგრილია და მომჩივანს ეკუთვნის დღგ-ის ჩათვლა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საფუძვლიანია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციებიდან პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახოს მხოლოდ დღგ-ის ჩათვლის ნაწილი და არ გაითვალისწინოს დარიცხვის ნაწილში მითითებული თანხები.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აპრილის №7783 ბრძანება;
3. გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №25667 ბრძანება;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციებიდან პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახოს მხოლოდ დღგ-ის ჩათვლის ნაწილი და არ გაითვალისწინოს დარიცხვის ნაწილში მითითებული თანხები;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოწმებულ პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარის თქმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
2023 წლის 15 სექტემბერს გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2022 წლის იანვრის და სექტემბრის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (პირველადი) დეკლარაციები. აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა შემოწმებით მოცულ პერიოდზე დამატებით წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება 2023 წლის 27 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 2024 წლის 8 აპრილის №7783 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციებიდან პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახოს მხოლოდ დღგ-ის ჩათვლის ნაწილი და არ გაითვალისწინოს დარიცხვის ნაწილში მითითებული თანხები.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69(3)