ბრძანება N 15464

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.07.2025
№ დოკუმენტი 15464
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15464

09 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.:---) 2025 წლის 9 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ივნისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ---) №96122/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 10 მაისის №EL284586, №EL284589, №EL284593 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL69050/1371 (№094-1371), №EL69050/1373 (№094-1373) საგადასახადო მოთხოვნებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებები რომელთა განკარგვისთვისაც დაჯარიმდა, საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსდა 2022 წლის 11 მარტს და 17 ოქტომბერს. სატრანსპორტო საშუალების შემყვან პირებს მას შემდეგ არ გამოუხატავთ ინტერესი აღნიშნული ავტომობილების მიმართ. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ ერთი სატრანსპორტო საშუალების გაქურდვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა მისი გაქურდვა და განკარგვა არ არის დადასტურებული. ორივე სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე და ვერ ხერხდება მათი ტერიტორიიდან გატანა ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში აღრიცხვა, რადგან კომპანია ავტომობილის მფლობელის გარეშე ვერ განახორციელებს ვერანაირ საბაჟო პროცედურას. მომჩივანს მიაჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემულია სათანადო შესწავლის და გამოკვლევის გარეშე და სატრანსპორტო საშუალებების განკარგვას ან საბაჟო საწყობის სანებართვო პირობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 20 სექტემბრის №156731/21 განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს მიმართა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა – შპს „---მ“ და აცნობა, რომ ვერ ახორციელებს მის ტერიტორიაზე განთავსებული, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროის სხვადასხვა პერიოდში (2016 – 2024 წლები) შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების (52 ერთეული) მფლობელებთან დაკავშირებას. ამასთანავე, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სატრანსპორტო საშუალებებზე ამოწურულია დროებით შენახვის/დეკლარირების ვადები და არ სრულდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმალობები. აღნიშნული განცხადებით მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის რუსთავის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის წარმომადგენელთან ერთად, დათვალიერდა შპს „---ს“ საბაჟო საწყობში განთავსებული სატრანსპორტო საშუალებები და დადგინდა (2025 წლის 4 აპრილის დათვალიერების აქტი), რომ:

– შპს „---ს“ განცხადებაში მითითებული 52 სატრანსპორტო საშუალებიდან 5 ავტომობილი გაყვანილი იყო საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან. – 5 სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ: -----) იყო გაძარცვული, ხოლო 1 სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ----) – დამწვარი.

ვინაიდან დადგინდა, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი იყო საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, 2025 წლის 10 მაისს საბაჟო დეპარტამენტის რუსთავის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ/გამოცემულ იქნა: – №EL284586 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „---ს“ საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

– №EL284589 და №EL284593 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „---ს“ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი 2 სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----) უკანონო განკარგვის, დაკარგვის ან განადგურებისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და, -----ის ცენტრის საქართველოში წარმომადგენლობის – შპს „---ს“ №561268 (08/04/2025) განცხადებითა და ----ის ცენტრის საქართველოში წარმომადგენლობის – შპს ,,---ის“ №561053 (04/04/2025) განცხადებით მოწოდებული სატრანსპორტო საშუალებების მონაცემების გათვალისწინებით, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა იდენტურ/მსგავს სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით (№EL284589 ოქმით – 5 462.50 ლარი, №EL284593 ოქმით – 5 722.78 ლარი). – №EL69050/1371 და №EL69050/1373 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც შპს „---ს“ უკანონოდ განკარგულ, დაკარგულ, განადგურებულ 2 სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი (№EL69050/1371 მოთხოვნით – 5 997.82 ლარი (აქციზი – 5 250 ლარი, იმპორტის გადასახადი – 212.5 ლარი, საურავი – 535.32 ლარი), №EL69050/1373 მოთხოვნით – 7 251.71 ლარი (აქციზი – 5 510.4 ლარი, იმპორტის გადასახადი – 212.38 ლარი, საურავი – 1 528.93 ლარი). დათვალიერების აქტში გაძარცვულ/დამწვარ მდგომარეობაში მყოფი 4 სატრანსპორტო საშუალებაზე კი მიმდინარეობს მონაცემების დადგენა და სანქციის/იმპორტის გადასახდელის გამოანგარიშებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანებართვო პირობებს წარმოადგენს კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია „გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

ამავე მუხლის „უ“ ქვეპუნქტით ასევე დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია „იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები. ამავე საკანონმდებლო აქტის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად:

ა) უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;

) უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით კი დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული პირის არის:

„ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას. მის მიერ ასევე ადგილი აქვს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას ან სხვა ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული კი წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამდენად, სადავო ოქმებით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

მომჩივნის არგუმენტზე სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებები რომელთა განკარგვისთვისაც დაჯარიმდა, საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსდა 2022 წლის 11 მარტს და 17 ოქტომბერს. აღნშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგინდა, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი იყო საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, საბაჟო დეპარტამენტის რუსთავის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ/გამოცემულ იქნა: საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც პირს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც პირს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი 2 სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვის, დაკარგვის ან განადგურებისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და, ---ის ცენტრის საქართველოში წარმომადგენლობის – და ---ის ცენტრის საქართველოში წარმომადგენლობის – განცხადებით მოწოდებული სატრანსპორტო საშუალებების მონაცემების გათვალისწინებით, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა იდენტურ/მსგავს სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. დათვალიერების აქტში გაძარცვულ/დამწვარ მდგომარეობაში მყოფი 4 სატრანსპორტო საშუალებაზე კი მიმდინარეობს მონაცემების დადგენა და სანქციის/იმპორტის გადასახდელის გამოანგარიშებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176 (1); 172.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272.