გადაწყვეტილება №21758/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.04.2024
№ დოკუმენტი 21758/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21758/2/2023

25 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 29.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21758/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისას დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2023 წლის №007-257 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31093 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 67 846,47 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 44 581

ჯარიმა - 12 384

საურავი - 10 881,47

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოება და რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ:

მომჩივანი მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 14.04.2010 წელს. საგადასახადო შემოწმების პროცესში განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების, ახსნა-განმარტებისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე 14.04.2021 წელს მეწარმეს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პირობა. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის და 282-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ 44 581 ლარი და ჯარიმა 12 384 ლარი საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2023 წლის №007-257 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31093 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გასაშიფრად გაეგზავნა იმ პირთა სია, რომელთა მხრიდან ფიქსირდებოდა საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვები, თუმცა შემოწმებისთვის გაურკვეველი იყო მათი დანიშნულება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ი/მ „----------“ აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდა ელექტრონული ცხრილი და ახსნა-განმარტება, სადაც განმარტა, რომ გაწეულ მომსახურებაზე თანხის ჩარიცხვა ხდებოდა საბანკო გადარიცხვის გზით, ხშირ შემთხვევაში მყიდველზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადების მიხედვით ჩასარიცხი თანხა გადახდილია სხვა ფიზიკური პირის მიერ, ცხრილში კი ნაწილი ჩარიცხვა გაშიფრულია როგორც - „სხვის მაგივრად გადახდილი“, ნაწილი კი - „პირადი ჩარიცხვა“. შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია პირად ჩარიცხვებთან დაკავშირებით (იდენტიფიცირებულ პირებთან მოხდა დაკავშირება და ფიზიკურმა პირებმა დაადასტურეს პირადი ჩარიცხვების ნამდვილობა, ხოლო ერთმა ფიზიკურმა პირმა დაადასტურა, რომ მიიღო მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადებისა და მონტაჟის მომსახურება, აღნიშნული ოპერაცია შემოწმებამ დაბეგრა დღგ-ით), ხოლო „სხვის მაგივრად გადახდილ“ თანხებთან დაკავშირებით გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით მოეთხოვა იდენტიფიცირება პიროვნებების მიხედვით, გადამხდელმა კი შემოწმებას განუმარტა, რომ შეუძლებელია ჩარიცხული თანხები მიაკუთვნოს გამოწერილ ზედნადებს, რადგან ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა. შემოწმების მიერ ასევე მოხდა იმ შემსყიდველ პირებთან დაკავშირება, ვისი იდენტიფიცირებაც განხორციელდა საბანკო ამონაწერით.

ზოგიერთმა მათგანმა დაადასტურა, რომ სხვის მაგივრად ჩარიცხა თანხა და შესაბამისად, არ ჩაითვალა დამატებით მიღებულ შემოსავლად და არ დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო იმ ნაწილზე, რომელიც თავად გადამხდელმა ვერ გაშიფრა და ფიზიკური პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა შემოწმების მიერ აღნიშნული ფიზიკური პირებისგან ჩარიცხული თანხები ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მოთხოვნილი იყო დარიცხული ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლება, ვინაიდან დღგ-ის გადაუხდელობა განპირობებული იყო არა გადასახადის დამალვის ინტერესით ან/და გადასახდელის თავის არიდებით არამედ, შეცდომით და აღნიშნული ვალდებულების არცოდნით.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შინაარსი, რომლითაც უარია ნათქვამი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ძირითადად შედგება საგადასახადო კოდექსის მუხლებისგან, თუ რომელი მუხლები ითვალისწინებს ჯარიმის და საურავის დარიცხვას. გაუგებარია რა საჭირო იყო საგადასახადო კოდექსიდან ამ მუხლების დაკოპირება და ბრძანებაში უცვლელად გადმოტანა, როდესაც ისედაც არ არის სადავო აღნიშნული დარღვევა, აბსოლუტურად გასაგებია და სადავო არ არის, რომ შეცდომისა და უცოდინარობის გამო მოხდა აღნიშნული დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას და საურავს.

მსჯელობა უნდა მომხდარიყო მითითებულ გარემოებაზე, კერძოდ იმ საკითხზე, რომ დღგ-ის გადაუხდელობა განპირობებული იყო არა გადასახადის დამალვის ინტერესით ან/და გადასახდელის თავის არიდებით, არამედ აღნიშნული ვალდებულების არცოდნით.

მომჩივანი განმარტავს, რომ არ ჰყავს არც ბუღალტერი და არც ფინანსისტი, მხოლოდ თვითცოდნის და მსგავსი საქმიანობით დასაქმებული სუბიექტების რჩევებით ხელმძღვანელობდა, რომელთაგან არასწორად იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ დღგ-ის გადახდის ვალდებულება დადგებოდა არა 100 000 ლარისთვის გადაჭარბების არამედ 500 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან. ინდივიდუალური მეწარმე - შეცდომით ჰქონდა გაიგივებული მცირე მეწარმესთან და არასწორად მიაჩნდა, რომ ვინაიდან 12 თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრი საქონლის ჯამური თანხა ჯერ არ შეადგენდა 500 000 ლარს (რაც ეკუთვნის მცირე მეწარმეს), შესაბამისად დღგ-ის გადახდის ვალდებულებაც ჯერ არ დადგებოდა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით: მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მიუღებელია ბრძანების აღნიშნული ნაწილი, რადგან გაუგებარია სხვა რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მითითებას ითხოვს შემოსავლების სამსახური, როცა აცხადებს, რომ ინდივიდუალური მეწარმე - შეცდომით ჰქონდა გაიგივებული მცირე მეწარმესთან და შესაბამისად არასწორად მიაჩნდა, რომ ვინაიდან 12 თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრი საქონლის ჯამური თანხა ჯერ არ შეადგენდა 500 000 ლარს (რაც ევალებოდა მცირე მეწარმეს) დღგ-ის გადახდის ვალდებულება ჯერ არ დამდგარა.

საჩივარშივე მითითებული იყო, რომ ინტერესი არ ყოფილა გადასახადისგან თავის არიდება ან და შემოსავლის დამალვა. გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტები, რომ გაყიდულ პროდუქციაზე/მომსახურებაზე წერდა სასაქონლო ზედნადებებს და ანგარიშ-ფაქტურებს, ასევე იხდიდა ყოველწლიურ საშემოსავლო გადასახადს, რაც ადასტურებს, რომ არ უფიქრია შემოსავლის დაფარვაზე.

მიზანი არ ყოფილა პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, მსგავსი ინტერესი, რომ ჰქონოდა არ გამოწერდა სასაქონლო ზედნადებებს/ანგარიშ-ფაქტურებს და არ აჩვენებდა შემოსავლებს.

სასაქონლო ზედნადებების შევსება/გამოწერა და ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადის გადახდა, ნათელს ხდიდა იმ ფაქტს, რომ არ ჰქონია მიზნად ეკონომიკური საქმიანობის ბრუნვის და შესაბამისად შემოსავლის დამალვა. არის კეთილსინდისიერი გადამხდელი. ხოლო შემმოწმებლის მიერ აქტში დაფიქსირებული დარღვევა განაპირობა, შეცდომამ და არცოდნამ.

შემოსავლების სამსახურს უნდა გაეთვალისწინებინა და ემსჯელა საჩივარში მითითებულ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე, რაზეც მას საერთოდ არ უმსჯელია. უნდა გამოერკვია ჰქონდა კი გონივრული მიზეზი და რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებდა სამართალდარღვევის ჩადენისას, ანუ ინტერესი, რომ ყოფილიყო დღგ-ის არ გადახდა, რატომ გამოწერდა სასაქონლო ზედნადებებს და აჩვენებდა ყოველწლიურ შემოსავალს იმდენს, რასაც აუცილებლად მოყვებოდა დღგ-ის გადახდის ვალდებულება?!

ის, რაც ერთი გადამხდელისთვის შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად, მეორე გადამხდელისთვის შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ, ფაქტების შესაბამის გამოკვლევის გათვალისწინებით.

შემოსავლების სამსახურმა, სათანადო გამოკვლევის და გარემოებათა შეფასების გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად კი:

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ნაწილობრივ მიუღებელი იყო შემოწმებით დარიცხულ დღგ-ის ოდენობა. რადგან ის თანხები, რომელთა იდენტიფიცირებაც შემოწმებამ ვერ მოახერხა, არასწორად და უსაფუძვლოდ ჩათვალა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად. ნახსენები თანხები კი წარმოადგენდა პირად შემოსავალს და არა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულს.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნულ საკითხზეც უარი თქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგი მიზეზით: გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნულ ნაწილშიც მიუღებელია შემოსავლების სამსახურის ბრძანება. როგორც საჩივარშია აღნიშნული და ზემოთ მოთხოვნაშიც დაფიქსირებული, შემოსავლების სამსახურმა დღგ-ის დარიცხვის ნაწილში ყველა ის თანხა, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ მოახერხა ჩათვალა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად. მაშინ როცა ნახსენები თანხები წარმოადგენდა პირად შემოსავალს და არა ეკონომიური საქმიანობიდან მიღებულს.

შემოსავლების სამსახურმა №31093 ბრძანებაში ფაქტიურად აღიარა კიდეც ზემოაღნიშნული გარემოება, კერძოდ ბრძანებაში აღწერს შემდეგს: გადასახადის გადამხდელს გასაშიფრად გაეგზავნა იმ პირთა სია, რომელთა მხრიდან ფიქსირდებოდა საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვები, თუმცა შემოწმებისთვის გაურკვეველი იყო მათი დანიშნულება. შემმოწმებლის მიერ მოხდა იმ შემსყიდველ პირებთან დაკავშირება, ვისი იდენტიფიცირებაც განხორციელდა საბანკო ამონაწერით. ზოგიერთმა მათგანმა დაადასტურა, რომ სხვის მაგივრად ჩარიცხა თანხა და შესაბამისად, არ ჩაითვალა დამატებით მიღებულ შემოსავლად და არ დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო იმ ნაწილზე, რომელიც თავად გადამხდელმა ვერ გაშიფრა და ფიზიკური პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა შემოწმების მიერ აღნიშნული ფიზიკური პირებისგან ჩარიცხული თანხები ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად (შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მე-3 გვერდი, მე-2 აბზაცი).

ამ ჩანაწერის მიხედვით იმ გასაშიფრი სიიდან რომლებზეც დასტურდებოდა, რომ პირადი შემოსავლები იყო და არა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული, ვისთანაც მოხერხდა დაკავშირება, მათგან დადასტურდა სიმართლე და ის ფაქტი, რომ არ იყო ეკონომიკური საქმიანობისთვის ჩარიცხული მათ მიერ ეს თანხები, მაგრამ იმ ნაწილზე ვისი იდენტიფიცირებაც ვერ მოახერხა შემმოწმებელმა ავტომატურად ჩათვალა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულად, რა ლოგიკით ან/და რის საფუძველზე ჩათვალა ეს ფაქტი დადასტურებულად ან შემმოწმებელმა ან/და შემოსავლების სამსახურმა გაურკვეველი და დაუსაბუთებელია.

აღნიშნულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური თვითონვე ეწინააღმდეგება თავისივე ბრძანებაში მითითებულ ფაქტებს, შემმოწმებლის მიერ არასწორად იქნა საქმის გარემოებები გამოკვლეული და შეფასებული, რის გამოც მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება, შესაბამისად დღგ და მისგან გამომდინარე საურავიც დაკისრებულია არასწორი ოდენობით და მიუღებელია.

ამასთანავე, მომჩივანი გამოთქვამს თანხმობას გადაიხადოს დღგ, მაგრამ სადავოდ ხდის და ნაწილობრივ არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ დადგენილი დღგ-ის ოდენობას, კერძოდ არასწორად მიაჩნია დღგ-ის ნაწილში 44 584 ლარის დაანგარიშების საკითხი.

შემმოწმებლის მიერ არასწორად იქნა საქმის გარემოებები გამოკვლეული და შეფასებული, რის გამოც მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება, შესაბამისად დღგ და მისგან გამომდინარე საურავიც დაკისრებულია არასწორი ოდენობით და მიუღებელია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

შემოწმების შედეგად საბანკო ანგარიშების ამონაწერების, მეწარმის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტებისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა, რომ 14.04.2021 წელს მეწარმეს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.

აუდიტის დეპარტამენტის 15.01.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელს გასაშიფრად გაეგზავნა იმ პირთა სია (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, ბანკებში ჩარიცხული თანხა), რომელთა მხრიდან ფიქსირდებოდა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვები, თუმცა შემოწმებისთვის გაურკვეველი იყო მათი დანიშნულება. ამასთან დაკავშირებით ი/მ „----------“ გამოაგზავნა ელექტრონული ცხრილი და ახსნა-განმარტება, სადაც განმარტა, რომ გაწეულ მომსახურებაზე თანხის ჩარიცხვა ხდებოდა საბანკო გადარიცხვის გზით, ხშირ შემთხვევაში მყიდველზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადების მიხედვით ჩასარიცხი თანხა გადახდილია სხვა ფიზიკური პირის მიერ, ცხრილში კი ნაწილი ჩარიცხვა გაშიფრულია როგორც „სხვის მაგივრად გადახდილი“, ნაწილი კი - „პირადი ჩარიცხვა“. შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია პირად ჩარიცხვებთან დაკავშირებით (იდენტიფიცირებულ პირებთან მოხდა დაკავშირება და ფიზიკურმა პირებმა დაადასტურეს პირადი ჩარიცხვების ნამდვილობა, ხოლო ერთმა პირმა დაადასტურა, რომ მიიღო მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადებისა და მონტაჟის მომსახურება, აღნიშნული ოპერაცია შემოწმებამ შესაბამისად დაბეგრა დღგ-ით), ხოლო „სხვის მაგივრად გადახდილ“ თანხებთან დაკავშირებით დამატებით მოთხოვნილი იქნა იდენტიფიცირება პირების მიხედვით, გადამხდელმა კი შემოწმებას განუმარტა, რომ შეუძლებელია ჩარიცხული თანხები მიაკუთვნოს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებს, რადგან არ ახსოვს ეს ინფორმაცია, ხოლო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა. შემოწმების მიერ ასევე მოხდა იმ შემსყიდველ პირებთან დაკავშირება, ვისი პირადი ნომრებიც ხელმისაწვდომი იყო საბანკო ამონაწერში, ზოგიერთმა მათგანმა დაადასტურა, რომ სხვის მაგივრად ჩარიცხა თანხა და შესაბამისად, არ ჩაითვალა დამატებით მიღებულ შემოსავლად და არ დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო იმ ნაწილზე, რომელიც გადასახადის გადამხდელმა ვერ გაშიფრა და ფიზიკური პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა შემოწმების მიერ აღნიშნული პირებისგან ჩარიცხული თანხები ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად. ასევე, ი/მ „----------“ 21.10.2023 წელს, 27.10.2023 წელს და 1.11.2023 წელს წარმოადგინა 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის დეკემბრის და 2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები, სადაც მიუთითა 14.04.2021 წლიდან (საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრული დღგ-ის რეგისტრაციის თარიღი) 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით მიღებული ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან საბანკო ანგარიშების ამონაწერების, მეწარმის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე განსაზღვრულმა მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობით მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ზღვარს, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად.

ამასთან, ვინაიდან მომჩივნის მიერ წარდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისას დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად საბანკო ანგარიშების ამონაწერების, მეწარმის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტებისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა, რომ 14.04.2021 წელს მეწარმეს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.

აუდიტის დეპარტამენტის 15.01.2024 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელს გასაშიფრად გაეგზავნა იმ პირთა სია (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, ბანკებში ჩარიცხული თანხა), რომელთა მხრიდან ფიქსირდებოდა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვები, თუმცა შემოწმებისთვის გაურკვეველი იყო მათი დანიშნულება. ამასთან დაკავშირებით მომჩივანმა გამოაგზავნა ელექტრონული ცხრილი და ახსნა-განმარტება, სადაც განმარტა, რომ გაწეულ მომსახურებაზე თანხის ჩარიცხვა ხდებოდა საბანკო გადარიცხვის გზით, ხშირ შემთხვევაში მყიდველზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადების მიხედვით ჩასარიცხი თანხა გადახდილია სხვა ფიზიკური პირის მიერ, ცხრილში კი ნაწილი ჩარიცხვა გაშიფრულია როგორც „სხვის მაგივრად გადახდილი“, ნაწილი კი - „პირადი ჩარიცხვა“. შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია პირად ჩარიცხვებთან დაკავშირებით (იდენტიფიცირებულ პირებთან მოხდა დაკავშირება და ფიზიკურმა პირებმა დაადასტურეს პირადი ჩარიცხვების ნამდვილობა, ხოლო ერთმა პირმა დაადასტურა, რომ მიიღო მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადებისა და მონტაჟის მომსახურება, აღნიშნული ოპერაცია შემოწმებამ შესაბამისად დაბეგრა დღგ-ით), ხოლო „სხვის მაგივრად გადახდილ“ თანხებთან დაკავშირებით დამატებით მოთხოვნილი იქნა იდენტიფიცირება პირების მიხედვით, გადამხდელმა კი შემოწმებას განუმარტა, რომ შეუძლებელია ჩარიცხული თანხები მიაკუთვნოს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებს, რადგან არ ახსოვს ეს ინფორმაცია, ხოლო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა. შემოწმების მიერ ასევე მოხდა იმ შემსყიდველ პირებთან დაკავშირება, ვისი პირადი ნომრებიც ხელმისაწვდომი იყო საბანკო ამონაწერში, ზოგიერთმა მათგანმა დაადასტურა, რომ სხვის მაგივრად ჩარიცხა თანხა და შესაბამისად, არ ჩაითვალა დამატებით მიღებულ შემოსავლად და არ დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო იმ ნაწილზე, რომელიც გადასახადის გადამხდელმა ვერ გაშიფრა და ფიზიკური პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა შემოწმების მიერ აღნიშნული პირებისგან ჩარიცხული თანხები ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად. ასევე, ი/მ მომჩივანმა 21.10.2023 წელს, 27.10.2023 წელს და 1.11.2023 წელს წარმოადგინა 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის დეკემბრის და 2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები, სადაც მიუთითა 14.04.2021 წლიდან (საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრული დღგ-ის რეგისტრაციის თარიღი) 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით მიღებული ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა,ბ“); 165; 282.