გადაწყვეტილება №27289/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27289/2/2026
10 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 4.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27289/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21185 ბრძანების აღსრულების შედეგები/დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის №021-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7786 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 288 000,42 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 154 465,10
დღგ - (-14 800)
საშემოსავლო გადასახადი - 169 265,10
ჯარიმა - 85 777,20
საურავი - 47 758,12
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 18.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საშემოსავლო გადასახადის (გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების) დეკლარაციის თანახმად, ხელფასის გაცემა ხორციელდებოდა ორ დაქირავებულ პირზე, დირექტორ,„-------“-ზე და „-------“-ზე. ამავე დეკლარაციების თანახმად, სულ გაცემული დარიცხული ხელფასი შეადგენდა 23 250 ლარს. საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხელფასის სახით გაცემული იყო გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე იყო დეკლარირებული. ასევე, ბანკის ამონაწერებით თანხები გადარიცხული იყო გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირებზე ან ისეთ ფიზიკურ პირებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდებოდა. სულ ზემოთ აღნიშნულ დაქირავებულ პირზე გაცემული დარიცხული ხელფასი შეადგენდა 190 363 ლარს, დეკლარირებულზე 167 113 ლარით მეტს (190 363 - 23 250). ხოლო არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხა შეადგენდა 519 825 ლარს, საიდანაც საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა შეადგენდა 649 781 ლარს (519825/0.8). შედეგად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მიხედვით.
გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა საბუღალტრო დოკუმენტაცია. წარადგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერები, სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები. საგადასახადო შემოწმებით შესწავლილ იქნა მისი საბანკო ამონაწერები, განხორციელებული შეძენები და ხარჯები. საბანკო ამონაწერის თანახმად, საწარმოს კუთვნილი საბანკო პლასტიკური ბარათით ხორციელდებოდა ტერმინალიდან თანხის გატანა ან პოსტერმინალებით თანხის გადახდა, ამასთან ფიქსირდებოდა ისეთი კონტრაგენტები, რომელთაგან საწარმოს შეძენის დოკუმენტი არ გააჩნდა, სულ ასეთი თანხების ჯამი იყო 21 946 ლარი. საზოგადოებიდან გატანილი იყო ნაღდი ფული 191 210 ლარი. გაწეული ხარჯების (საწარმოს კრედიტორების გათვალისწინებით) და დეკლარირებული დივიდენდის გათვალისწინებით - 83 273 ლარი აღმოჩნდა გაუხარჯავი. წარდგენილი ახსნა-განმარტების და ჩატარებული ფულის ინვენტარიზაციის თანახმად, საზოგადოებას ფულის ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზეც 26.06.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13673 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №021-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. წარდგენილი საჩივრით, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ითხოვდა საწვავის ხარჯის ჩათვლას, რადგან მასალების შეძენის დროს ტრანსპორტირებას ახდენდა საკუთარი ავტომობილით. აგრეთვე ითხოვდა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21185 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და თუ დადასტურდებოდა ფიზიკური პირების ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ფაქტი, გადახდის წყაროსთან დაბეგრილი თანხების შემცირება.
ბ) მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწვავის ხარჯები განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მასალების შეძენის დროს ტრანსპორტირებაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების გათვალისწინებით და აღნიშნულის შედეგად განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21185 ბრძანების აღსრულების შედეგად, 29.01.2026 წელს შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებზე, გადახდილი მომსახურების თანხები არ იქნა განხილული გადახდის წყაროსთან დასაბეგრ თანხებად, ამასთან, ვინაიდან მასალების შეძენის დროს ტრანსპორტირებაზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ნამდვილად ფიქსირდებოდა საწარმოს დირექტორის კუთვნილი ავტომობილი, საწვავზე გადახდილი თანხა, 15 260 ლარი, ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად, რის საფუძველზეც შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2.02.2026 წლის №021-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, მომჩივანი ითხოვდა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7786 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ინფორმაცია ფიზიკური პირების შესახებ, რომლებმაც კომპანიას გაუწიეს მომსახურება და თავად წარმოადგენდნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებს, შესაბამისად, მათზე გადახდილი მომსახურების თანხები არ დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, რის საფუძველზეც გადაანგარიშების ეტაპზე შემცირდა დარიცხული გადასახადი. ამასთან, ვინაიდან მასალების შეძენის დროს ტრანსპორტირებაზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ნამდვილად ფიქსირდება საწარმოს დირექტორის კუთვნილი ავტომობილი, შემოწმების მიერ საწვავზე გადახდილი თანხა, 15 260 ლარი, ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად, რის საფუძველზეც შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს მისი შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შემდეგ დარჩენილი სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებას, რადგან სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი უცოდინრობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21185 ბრძანებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა ფიზიკური პირების ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ფაქტი, აღნიშნული პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები შეემცირებინა.
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწვავის ხარჯები განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მასალების შეძენის დროს ტრანსპორტირებაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების გათვალისწინებით და აღნიშნულის შედეგად განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21185 ბრძანების აღსრულების მიზნით 29.01.2026 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის თანახმადაც:
გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებლებს წარუდგინა ინფორმაცია ფიზიკური პირების შესახებ, რომლებმაც კომპანიას გაუწიეს მომსახურება და თავად წარმოადგენდნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებს, შესაბამისად, მათთვის გადახდილი მომსახურების თანხები არ იქნა განხილული გადახდის წყაროსთან დასაბეგრ თანხებად, რის საფუძველზეც გადაანგარიშების ეტაპზე შემცირდა დარიცხული გადასახადი. ამასთან, ვინაიდან მასალების შეძენის დროს ტრანსპორტირებაზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ნამდვილად ფიქსირდებოდა საწარმოს დირექტორის კუთვნილი ავტომობილი, შემმოწმებელთა მიერ საწვავზე გადახდილი თანხა, 15 260 ლარი, ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად, რის საფუძველზეც შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21185 ბრძანება, ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21185 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლებას, საბჭო განმარტავს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21185 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს მისი შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შემდეგ დარჩენილი სანქციებისგან, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებას, რადგან სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი უცოდინრობით.
ფაქტობრივი გარემოებები
საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის თანახმად, ხელფასის გაცემა ხორციელდებოდა ორ დაქირავებულ პირზე.
ამავე დეკლარაციების თანახმად, სულ გაცემული დარიცხული ხელფასი შეადგენდა 23 250 ლარს. საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხელფასის სახით გაცემული იყო გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე იყო დეკლარირებული. ასევე, ბანკის ამონაწერებით თანხები გადარიცხული იყო გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირებზე ან ისეთ ფიზიკურ პირებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდებოდა. შედეგად, გადამხდელს სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმებით შესწავლილ იქნა მისი საბანკო ამონაწერები, განხორციელებული შეძენები და ხარჯები. საბანკო ამონაწერის თანახმად, საწარმოს კუთვნილი საბანკო პლასტიკური ბარათით ხორციელდებოდა ტერმინალიდან თანხის გატანა ან პოსტერმინალებით თანხის გადახდა, ამასთან ფიქსირდებოდა ისეთი კონტრაგენტები, რომელთაგან საწარმოს შეძენის დოკუმენტი არ გააჩნდa.საზოგადოებიდან გატანილი იყო ნაღდი ფული.გაწეული ხარჯების და დეკლარირებული დივიდენდის გათვალისწინებით - 83 273 ლარი აღმოჩნდა გაუხარჯავი.საზოგადოებას ფულის ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო განმარტავს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21185 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
101,154,275.