გადაწყვეტილება №27130/2/2026
📄 სრული ტექსტი
№27130/2/2026
18 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:----------ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ის 12.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27130/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №001-294 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6126 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 15 457,76 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 10 263,37
ჯარიმა - 2 850,94
საურავი - 2 343,45
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი/იჯარით აღებული შენობანაგებობების (სასტუმროს) მართვა და საცხოვრებელი ბინის იჯარით გადაცემა. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2014 წლის 25 თებერვალს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობს 2024 წლის მაისიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №001-294 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6126 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ მომჩივანი გარკვეული პერიოდით მართავდა ი.მ ,,-------საგან" (ს/ნ -------) იჯარით აღებულ საოჯახო სასტუმროს. სასტუმრო მდებარეობს ----ში, ----ს ქ. №--ში, საკადასტრო კოდით ----, მიწის ფართი -კვ.მ. შენობანაგებობის საერთო ფართი-კვ.მ. 2022 წლიდან სასტუმრო ასევე რეგისტრირებულია https://www.booking.com/ გაქირავების ელექტრონულ გვერდზე და ოპერირებს -- სახელით. ფართში განთავსებულია 25 სტუმარზე გათვლილი 11 ნომერი.
შემოწმებით განხორციელდა საკონტროლო სალარო აპარატის და ბანკის მეშვეობით მიღებული შემოსავლების ანალიზი. ასევე, მეიჯარე ი.მ ,,-----------ის" (ს/ნ -------) საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, გამოვლინდა რომ -----ი, მიუხედავად სასტუმროს იჯარით გადაცემისა, ,,booking.com“-ის ვირტუალური ანგარიშის მეშვეობით კვლავ აგრძელებდა მის სახელზე რეგისტრირებული მომხმარებლით შემოსავლების მიღებას, რაც აიხსნება შემდეგი გარემოებით: ,,booking.com“ ახლად რეგისტრირებულ სასტუმრო ოპერატორებს, კლიენტების უფლებების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ აძლევს სასტუმროს სტუმრების პირად ანგარიშებსა და მონაცემებზე წვდომის საშუალებას. მხოლოდ გარკვეული პერიოდით ოპერირებისა და გადამოწმების შემდეგ სასტუმროს უხსნის ე.წ. ვირტუალურ ანგარიშს. ვირტუალური ანგარიშის მეშვეობით სასტუმროს ეძლევა შესაძლებლობა სტუმრის საბანკო ბარათიდან ავტომატურად ჩამოჭრას ნომრის ღირებულების შესაბამისი თანხა. ,,booking.com“-ის ვირტუალური ანგარიშიდან შემოსული თანხები მიმღებთან აისახება როგორც პოს ტერმინალზე მიღებული შემოსავლები. ი/მ -----ს ,,booking.com“-ის მიერ ჩარიცხული შემოსავლები გამოაქვს საბანკო ანგარიშიდან, იტოვებს იჯარის ღირებულების შესაბამის თანხას და დანარჩენ ნაწილს გადასცემს მოიჯარე -------ს, როგორც მის კუთვნილ შემოსავლებს. თანხის (ნაღდი ფულის) გადაცემაზე ი/მ ------სა და მოიჯარე ი.მ ,,-------ს” (ს/ნ --------) შორის თანხების მიღება-გადაცემაზე გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ი.მ ,,-------ის” (ს/ნ --------) მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა 2024 წლის 28 ივლისის თარიღისათვის აჭარბებს 100 000 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 165-ე, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პერიოდიდან დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი გარკვეული პერიოდის ვადით მართავდა სასტუმროს, მათ შორის, იღებდა თანხას „booking.com“-ის ვირტუალური ანგარიშიდან შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატისა და ბანკის მეშვეობით მიღებული შემოსავლების ანალიზის შედეგად დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის, აწ გარდაცვლილი, დედამთილის პირადი შემოსავალი ირიცხებოდა მის საბანკო ანგარიშზე და ეხმარებოდა მას მის განაღდებაში, თანხა მას ეკუთვნოდა და მის ეკ. საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული. აგრეთვე დაბეგვრაში მოხვდა მისი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და ნათესავების პირადი ჩარიცხვებიც. შემმოწმებლებმა ხსენებული თანხები დღგ-ით დასაბეგრ შემოსავალში ჩართეს. შესამოწმებელ პერიოდში ხსენებული თანხა შეადგენს სულ 18 165 ლარს.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შემცირდეს დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა და შესაბამისად სანქციებიც.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ შემოწმებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატის და ბანკის მეშვეობით მიღებული შემოსავლების ანალიზი. ასევე, მეიჯარე ი/მ ,,-------ის" (ს/ნ --------) საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, გამოვლინდა რომ ი.მ ,,-------ი" (ს/ნ ---------) მიუხედავად სასტუმროს იჯარით გადაცემისა, ,,booking.com“-ის ვირტუალური ანგარიშის მეშვეობით კვლავ აგრძელებდა მის სახელზე რეგისტრირებული მომხმარებლით შემოსავლების მიღებას, რაც აიხსნება შემდეგი გარემოებით: ,,booking.com“ ახლად რეგისტრირებულ სასტუმრო ოპერატორებს, კლიენტების უფლებების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ აძლევს სასტუმროს სტუმრების პირად ანგარიშებსა და მონაცემებზე წვდომის საშუალებას. მხოლოდ გარკვეული პერიოდით ოპერირებისა და გადამოწმების შემდეგ სასტუმროს უხსნის ე.წ. ვირტუალურ ანგარიშს. ვირტუალური ანგარიშის მეშვეობით სასტუმროს ეძლევა შესაძლებლობა სტუმრის საბანკო ბარათიდან ავტომატურად ჩამოჭრას ნომრის ღირებულების შესაბამისი თანხა. ,,booking.com“-ის ვირტუალური ანგარიშიდან შემოსული თანხები მიმღებთან აისახება როგორც პოს ტერმინალზე მიღებული შემოსავლები. ი/მ ------ს ,,booking.com“-ის მიერ ჩარიცხული შემოსავლები გამოაქვს საბანკო ანგარიშიდან, იტოვებს იჯარის ღირებულების შესაბამის თანხას და დანარჩენ ნაწილს გადასცემს მოიჯარე ----------ს, როგორც მის კუთვნილ შემოსავლებს.თანხის (ნაღდი ფულის) გადაცემაზე ი/მ ----------სა და მოიჯარე ი/მ ,,--------ს” (ს/ნ --------) შორის თანხების მიღება-გადაცემაზე გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა 2024 წლის 28 ივლისის თარიღისათვის აჭარბებს 100 000 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 165-ე, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პერიოდიდან დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ აწ გარდაცვლილი, დედამთილის პირადი შემოსავალი ირიცხებოდა მის საბანკო ანგარიშზე და ეხმარებოდა მას მის განაღდებაში, თანხა მას ეკუთვნოდა და მის ეკ. საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული. აგრეთვე დაბეგვრაში მოხვდა მისი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და ნათესავების პირადი ჩარიცხვებიც. შემმოწმებლებმა ხსენებული თანხები დღგ-ით დასაბეგრ შემოსავალში ჩართეს. შესამოწმებელ პერიოდში ხსენებული თანხა შეადგენს სულ 18 165 ლარს. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის არგუმენტაციის და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 19.12.2025 წლის №001-294 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა ჯარიმა 2 850,94 ლარი და საურავი 2 343,45 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 282-ე პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ჰქონია მიზნად გადასახადების დამალვა და წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს მრავალი წლის განმავლობაში. მის ქმედებებში არ შეინიშნება კრიმინალის ელემენტები და ბოროტი განზრახვა, რაც ნაკარნახევია მისი აქტიური და წარმატებული ეკონომიკური საქმიანობით. ითხოვს, აღნიშნული დარიცხვა, რომელიც გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით, შეცდომით/არცოდნით, ჩაეთვალოს საპატიოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით და მოხსნილ იქნას დამატებით დარიცხული ჯარიმები და საურავები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6126 ბრძანება;
3. პირველ დავის საგანთან დაკავშირებით, მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის არგუმენტაციის და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №001-294 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №6126 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის არგუმენტაციის და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან,განსახილველ შემთხვევაში დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“) ; 163(1.2 ); 164(1); 165(1); 269(7); 282(1);