საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/379-22
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N 3/379-22
6 სექტემბერი, 2022 წელი, ქუთაისი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - ელისო ჟორჟოლიანი
მოსარჩელე - შპს „-------” (ს/ნ -------);
დირექტორი - -------;
წარმომადგენელი - -------;
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - -------;
მესამე პირი - შპს „-------“ ს/კ -------.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ESTAD
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მპს „-------“-ს ს/კ ------- საგადასახდო დავალინების გამო, შპს „-------“ (ს/ნ -------) ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
დავის არსი
2017 წლის 11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულსაქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა - შპს „-------“-ს წარმომადგენელმა -------, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის, მესამე პირის შპს „-------“-ს მიმართ შემდეგი მოთხოვნით: საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღისაგან გათავისუფლდეს და სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის N1 აქტიდან ამოირიცხოს შპს „-------“ კუთვნილი შემდეგი ქონება:
1. ავტომობილი LAND ROVER DISCOVERY სახ.No -------;
2. სატვირთველი LIEBHERR L-551, სახ. No -------;
3. ქვის სამსხვრევი დანა No109;
4. ქვის გამომტანი დანადგარი 20 მეტრიანი (ტრანსპორტიორი);
5. ქვის გამომტანი დანადგარი 16 მეტრიანი (ტრანსპორტიორი);
6. ქვის გამომტანი დანადგარი 13 მეტრიანი (ტრანსპორტიორი);
7. საცხოვრებელი ჯიხური;
8. საცერი ცხავი სადგარით;
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2013 წლის 25 იანვარს, შპს „-------" და შპს „-------" შორის გაფორმდა ხელშეკრულება შპს „-------" კუთვნილი ქონების შპს „-------“ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის შესასაბამისად, შპს „-------" საკუთრებაში გადაეცა შპს „-------" კუთვნილი შემდეგი ქონება: 1) ავტომობილი LAND ROVER DISCOVERY სახ.ნომრით -------; 2) სატვირთველი LIEBHERR L-551, სახ.ნომრით -------; 3) ქვის სამსხვრევი დანა N109; 4) ქვის გამომტანი დანადგარი 20 მეტრიანი (ტრანსპორტიორი); 5) ქვის გამომტანი დანადგარი 16 მეტრიანი (ტრანსპორტიორი); 6) ქვის გამომტანი დანადგარი 13 მეტრიანი (ტრანსპორტიორი); 7) საცხოვრებელი ჯიხური; 8) საცერი ცხავი სადგარით; 9) სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზია N-------;
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის სექტემბრის თვეში, შპს „-------” ცნობილი გახდა იმ გარემოების შესახებ, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა დააყადაღამისი კუთვნილი ქონება, კერძოდ, გაირკვა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 11 დეკემბრის N006-3032 ბრძანებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოვალის შპს „-------" ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს). აღნიშნული ბრძანების საფუძველზე კი სსიპ ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ შედგა N1აქტი, შპს „-------" ქონებაზე შემოსავლების სამსახურის ყადაღის დადების შესახებ.
მითითებულ ყადაღის აქტში აღნუსხულ იქნა შპს „-------" კუთვნილი მოძრავი ქონება, რომელიც შპს „-------” იყო შეძენილი 2013 წლის 25 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე. მითითებულ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დასტურდება როგორც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ასევე საქონლის მიწოდებისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით და საგადასახადო ანგარიშფაქტურით. გარდა აღნიშნულისა, შპს „-------" ზემოაღნიშნული ქონების შეძენის პერიოდიდან, ყოველწლიურად ახორციელებს ქონების საგადასახადო დეკლარაციაში ასახვას და მისი ღირებულებიდან იხდის ქონების გადასახადს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შპს „-------“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „-------”.
მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ კეთილსინდისიერი შემძენისათვის უცნობი იყო შპს „-------” მიმართ დაწყებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაწყების და მისი მთელი ქონების საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთვის შესახებ, შემოსავლების სამსახურმა ვერ უზრუნველყო ადმინისტრირება იმისა, რომ შპს „-------“-ს მხრიდან არ მომხდარიყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
2. მოპასუხების პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, საქმის წარმოება შეწყდა.
2.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განჩინებით, სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით - განსახილველ შემთხვევაში მესამე პირი (მოსარჩელე) ქონების დაყადაღების პროცესში არ მონაწილეობდა და მას ამ პროცესში საკუთარი პრეტენზია არ განუცხადებია, შესაბამისად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ასეთი უფლებამოსილების მინიჭება, არ შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება მესამე პირისათვის, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება - სასარჩელო წესით სასამართლოში გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს (შემოსავლების სამსახურის) ქმედება (ქონების აღწერა/დაყადაღება) და მოითხოვოს თავისი საკუთრების (ქონების) გათავისუფლება სხვა პირის (გადასახდის გადამხდელის) საბიუჯეტო ვალდებულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ყადაღისაგან
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის მასალებით - 2013 წლის 25 იანვარს, შპს „-------“-ს და შპს „-------“-ს შორის გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება შპს „-------“ კუთვნილი ქონების შპს „-------“-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. კერძოდ; ხელშეკრულების 1.2. პუნქტის შესასაბამისად, შპს „-------“-ის საკუთრებაში გადაცემულ იქნა შპს „-------“ კუთვნილი შემდეგი ქონება:
1. ავტომობილი LAND ROVER DISCOVERY სახ. # -------
2. სატვირთველი LIEBHERR L-551, სახ. # EE -------
3. ქვის სამსხვრევი დანა #109
4. ქვის გამომტანი დანადგარი 20 მეტრიანი (ტრანსპორტიორი)
5. ქვის გამომტანი დანადგარი 16 მეტრიანი (ტრანსპორტიორი)
6. ქვის გამომტანი დანადგარი 13 მეტრიანი (ტრანსპორტიორი)
7. საცხოვრებელი ჯიხური
8. საცერი ცხავი სადგარით.
9. სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზია #-------;
მტკიცებულება: 2013 წლის 25 იანვრის ხელშეკრულება;
სასაქონლო ზედნადები No-------; საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
3.1.2. 2017 წლის სექტემბრის თვეში, შპს „-------“–ისათვის ცნობილი გახდა, იმ გარემოების შესახებ, რომ მის საკუთრებაში რიცხულ მოძრავ ქონებაზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დადებულ იქნა რამდენადაც მითითებული ინფორმაციის გადამოწმების დროს მოძიებული ყადაღა, კერძოდ; დოკუმენტაციით გაირკვა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის დეკემბრის No006-3032 ბრძანებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოვალის - შპს „-------“ ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის აქტივებს) აღნიშნული ბრძანების მიერ შედგენილ იქნა აქტი No1, შპს „-------“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მითითებულ ყადაღის აქტში აღნუსხულ იქნა შპს „-------“–ის კუთვნილი მოძრავი ქონება, რომელიც შპს „-------“-გან შეძენილ იქნა, მხარეთა შორის, 2013 წლის 25 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მტკიცებულება:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 11 დეკემბრის No006-3032 ბრძანება;
-სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის აქტი No1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
3.1.3. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ, 2014 წლის დეკემბრის თვეში შედგენილ ყადაღის დადების აქტში აღნუსხული ქონება, შპს „-------“-ს შეძენილი აქვს 2013 წლის 25 იანვარს. მითითებულ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დასტურდება როგორც მხარეთა შორის გაფორმებულთა ხელშეკრულებით, ასევე საქონლის მიწოდებისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით და საგადასახადო ანგარიშფაქტურით. გარდა აღნიშნულისა, შპს „-------“-ი, მითითებული ქონების შეძენის პერიოდიდან, ყოველწლიურად ახორციელებს ქონების საგადასახადო დეკლარაციაში ასახვას და მისი ღირებულებიდან იხდის ქონების გადასახადს.
მტკიცებულება:
-ხელშეკრულება, გაფორმებული 2013 წლის 25 იანვარს
-სასაქონლო ზედნადები # -------
-საგადასახადო ანგარიშფაქტურა
-ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები
3.1.4. საქმის მასალებით - 2010 წლის 22 ივნისს შპს ------- ს/ნ ------- მთელ ქონებაზე გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა.
შეტყობინება N 0052990.
აღნიშნულ შეტყობინებას ელექტრონულად გაეცნო შპს ------- 2010 წლის 22 ივნისს.
მტკიცებულება: ამონაწერი ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალიდან; შეტყობინება # 0052990; გადამხდელის ფაილი. (ტ.1. ს/ფ. 196-197).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოა - უნდა გავრცელდეს თუ არა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა, მესამე პირის (მოსარჩელის) შპს „-------“-ის (ს/კ -------) ქონებაზე.
მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წინამდებარე სარჩელი აღძრულია ქმედების განხორციელების მოთხოვნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე შესაბამისად „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო მუხლის პირველი ნაწილის დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადოს პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას.
მოცემულ შემთხვევაში, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში აღწერილ/აღნუსხულ იქნა არა მოვალის - შპს „------“–ის, არამედ მესამე პირის შპს „------“–ის კუთვნილი ქონება, რაც ეწინააღმდეგება როგორც კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ ნორმებს, ასევე თავად სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 11 დეკემბრის No006-3032 ბრძანებას, რომლის შესაბამისად ყადაღის დადება უნდა მომხდარიყო მოვალის - შპს „-------“ ქონებაზე (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებზე).
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად: მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება სხვა პირთა უფლებები.
ამდენად, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში არასწორად იქნა აღნუსხული ის მოძრავი ნივთები, რომლებიც წარმოადგენენ მოსარჩელის შპს „-------“-ის საკუთრებას, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე - შპს „-------“ არ წარმოადგენს იმ გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელ პირს, რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც იქნა გამოცემული ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, მისი კუთვნილი ქონების, სხვა პირის ვალდებულების გამო დაყადაღება, წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფას.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, შპს „-------“-ს საგადასახდო ვალდებულების გამო, მესამე პირის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა- იპოთეკის გავრცელების მართლზომიერების შეფასება, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „-------“–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N994.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, ,,სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას" ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ,,სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს".
წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს, ამასთან, მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, კერძოდ, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No994 ბრძანების 39-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელის ქონება დატვირთონ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შპს „-------“-ს დავალიანების გამო, უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შემდეგ მესამე პირის, შპს „-------“–ის (მოსარჩელის) მიერ შეძენილ საქონელზე საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის გავრცელების მართლზომიერების შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიზნად ისახავს პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში არასასურველი შედეგების თავიდან აცილებას ან შემცირებას. საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება ვრცელდება: (1) გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე; (2) გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე და (3) საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ ქონებაზე. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ ერთი გამონაკლისი შემთხვევა, კერძოდ, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება არ ვრცელდება გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ლიზინგით მიღებულ ქონებაზე.
ცნობილია, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გამოიყენება მხოლოდ საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში, თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისი, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დროს საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, საგადასახადო დავალიანების არარსებობის შემთხვევაშიც, მაგრამ თუ გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას არ დადგინდა საგადასახადო დავალიანების ფაქტი, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება უქმდება.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს წარმოადგენს შემდეგი: საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 22 ივნისს N 0052990 შეტყობინების საფუძველზე - შპს „-------“-ს ს/ნ ------- მთელ ქონებაზე გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა. შეტყობინება N 0052990. აღნიშნულ შეტყობინებას ელექტრონულად გაეცნო შპს „-------“ 2010 წლის 22 ივნისს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 11 დეკემბრის No006-3032 ბრძანებით, შპს „-------“ ს/ნ ------- საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოვალის შპს „-------“ ქონებას (მატერიალურ ან და არამატერიალურ აქტივებს) აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა აქტი No1, შპს „-------“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მითითებულ ყადაღის აქტში აღნუსხულ იქნა შპს „-------“–ის კუთვნილი მოძრავი ქონება, რომელიც შპს „-------“-გან შეძენილ იქნა, მხარეთა შორის, 2013 წლის 25 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის და დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ასევე, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს „-------“ კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო მის მთელ ქონებაზე დარეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის ვალდებულების შესახებ.
სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მართალია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელების შემდეგ არ ერთმევა უფლება ფლობდეს ვალდებულებით დატვირთულ ქონებას. მას ასევე, შეუძლია ამ ქონებისა ან მისი ნაწილის რეალიზება, თუმცა ამისათვის სავალდებულოა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალიზებისა შედეგად ამოღებული თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის. სხვა სახით რეალიზების შემთხვევაში კი, საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმები ადგენენ, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების ან მისი ნაწილის რეალიზების შემთხვევაში, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება კვლავ ვრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის/მესაკუთრის მიმართაც, რა დროსაც კოდექსი ასევე ადგენს აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადებას მისი შემდგომი რეალიზების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ყურადღებას ამახვილებს და სამართლებრივ შეფასებას აძლევს მის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას, კერძოდ, 1. გამყიდველის მიერ გირავნობის საგანი გასხვისებულია ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში და, იმის გამო, რომ მყიდველისათვის ცნობილი არ იყო და არც შეეძლო სცოდნოდა გამყიდველის საგადასახადო ვალდებულების გამო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე (სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 274-ე მუხლებზე მითითებით), ნივთის შეძენის შემდეგ შპს „-------“ უნდა გადაეცეს უფლებრივად დაუტვირთავი საკუთრება. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემძენის კეთილსინდისირების ფაქტი.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლითაც რეგულირებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად. ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის - თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი. შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
საქართველოსა საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სამართლებრივი რეალობის წინაშე აყენებს ახალ მესაკუთრეს (მფლობელს, შემძენს), რომ 1. იცოდა თუ არა ახალმა მესაკუთრემ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის არსებობის ანუ, უფლებრივი შეზღუდვის შესახებ, 2. უნდა სცოდნოდა თუ არა აღნიშნული გარემოებების თაობაზე, 3. რა წყაროებიდან და რა ფარგლებში ავალდებულებს კანონი ახალ მესაკუთრეს ფლობდეს და მოიპოვებდეს ინფორმაციას შეძენილი ნივთის უფლებრივი შეზღუდვის არსებობა/არარსებობის თაობაზე.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმადაც, შპს „-------“ მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია - საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და აღნიშნული შეზღუდვა გავრცელებულია და რეგისტრირებულია დროში უფრო ადრე (2010 წლის 22 ივნისი), ვიდრე შპს „-------“ შეიძენდა ქონებას შპს „-------“ (2013 წლის 25 იანვარი).
გარდა ამისა უდავოა, რომ შპს „-------“ 45 % წილის მფლობელი პარტნიორი -------, შპს „-------“-ს დირექტორის ------- ახლო ნათესავია.
სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 19 მუხლით დარეგულირებული, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, თავისი სამართლებრივი ბუნებით შეეხება ქონების განკარგვის შეზღუდვა/აკრძალვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მაშინ, როდესაც საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ უზღუდავს ნივთის მესაკუთრეს ქონების განკარგვას, მხოლოდ მიუთითებს ასეთი გასხვისების შემთხვევაში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გადაყოლის იმპერატიულ დათქმას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას და პოზიციას, რომ შემძენზე უფლებრივად დაუტვირთავი ქონება უნდა გადავიდეს და პირველ რიგში აღნიშნავს, რომ შპს „-------“-ს და შპს „-------“ ურთიერთობა დამყარებულია სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპზე, სადაც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გირავნობის ნორმები ვრცელდება ორი კერძო სუბიექტის მიერ სამოქალაქო ბრუნვის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების პირობებისა და შესასრულებელი ვალდებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად, სადაც მხარეები თავისი სურვილით და ნამდვილი ნების გათვალისწინებით შედიან სამართლებრივ ურთიერთობაში. რაც შეეხება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას, აღნიშნული ინსტიტუტი ვრცელდება და მოქმედებას იწყებს არა ორ თანაბარ სუბიექტს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულების უზრუნველყოფას წარმოადგენს. შესაბამისად, იგი რომელიმე მხარის ნებაზე არ არის დამოკიდებული და საჯარო კანონმდებლობის ნორმებს და მოთხოვნებს ეფუძნება.
სამოქალაქო სამართალურთიერთობის სივრცეში მხარეები თავად განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობის მიზნებს, მოთხოვნებს და რისკებს, რომელზედაც თავად არიან პასუხისმგებლობის მატარებელნი. ამგვარი დასკვნა, პირველ რიგში, გამომდინარეობს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელიც, თავის მხრივ, სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. იმის გამო, რომ სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა მატარებელი სუბიექტები თავისუფალნი არიან სამოქალაქო ურთიერთობებში, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი თუ სამეწარმეო საქმიანობისთვის დამახასიათებელი წინდახედულობა და მათთვის სასურველი თუ საჭირო ინფორმაცია/მტკიცებულება, თავად მოიპოვონ. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა გამოეჩინა მეწარმისათვის დამახასიათებელი გულისხმიერება, რომელიც მოითხოვს მომეტებულ სიფრთხილეს გარიგებების დადებისას. მხოლოდ ის არგუმენტაცია, რომ არ იცოდა და არ უნდა სცოდნოდა, შპს „-------“ საგადასახადო ვალდებულების არსებობის შესახებ და ამას არც კანონი არ ავალდებულებს, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ წარმოდგენს.
(იხილეთ ანალოგიურ საქმეზე ბს ------- 28 მაისი, 2021 წელი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ სრულად და ყოველმხრივ იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ხოლო, მოსარჩელეს არ წარუდგენია ადმინისტრაციული წარმოებისას რაიმე ისეთი მტკიცებულება, რაც მის მიმართ განსხვავებული შედეგის დადგომის საფუძველი გახდებოდა.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად,,სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „სარჩელი დასაშვებია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე თუ მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერუფლებას ან ინტერესს".
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „-------“-ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ იკვეთება მოსარჩელის უფლების დარღვევის ფაქტი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე
მალხაზ ჩუბინიძე
სადავო საკითხები:
ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2013 წლის 25 იანვარს, შპს-ს და მომჩივანს შორის გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
2017 წლის სექტემბრის თვეში, მომჩივანისათვის ცნობილი გახდა, იმ გარემოების შესახებ, რომ ყადაღა დაედო მის საკუთრებაში რიცხულ მოძრავ ქონებას წინა მფლობელის საგადასახადო დავალიანების გამო, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის დეკემბრის ბრძანებით. ყადაღის აქტში აღნუსხული იქნა მისი კუთვნილი მოძრავი ქონება, რომელიც შეძენილ იქნა, მხარეთა შორის, 2013 წლის 25 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მომჩივანის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დასაბუთება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1; 2; 12; 22; 32;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8; 55; 243; 244; 248; 249; 250; 257; 364; 369 მუხლებით
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241