გადაწყვეტილება №21547/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.04.2024
№ დოკუმენტი 21547/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21547/2/2023

15 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 9.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21547/2/2023).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა;

2. სალაროს განკარგვადი თანხის გაანგარიშება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №002-162 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28588 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 312 268 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 170 099

დღგ - 109 312

მოგების გადასახადი - 47 367

საშემოსავლო გადასახადი - 13 420

ჯარიმა - 85 050

საურავი - 57 119

 

პროცედურული გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა სასმელი და საკვები პროდუქტების საბითუმო რეალიზაციას (დისტრიბუცია).

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №17450 ბრძანება და №002-162 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28588 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საქონლის ტრანსპორტირებაზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28588 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული პირველი სადავო საკითხის ნაწილში, 9.12.2023 წელს წარმოდგენილი საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

მომჩივანმა 2024 წლის 7 მარტს წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, რომლითაც მანამდე წარმოდგენილ საჩივარზე დამატებით 21.11.2023 წლის №28588 ბრძანებას ასაჩივრებს მე-2 სადავო, კერძოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ, საქონლის შესყიდვა, შესამოწმებელ პერიოდში, ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე, დეკლარირებული შემოსავალი ფიქსირდება 2 416 662 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 2 350 539 ლარს (დღგ-ის გარეშე). გადასახადის გადამხდელს არ აქვს საბუღალტრო აღრიცხვა, არ ხდება კონტროლი სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობაზე, ფულადი სახსრების მოძრაობაზე, დეკლარირებული ფასნამატი სრულ საანგარიშო პერიოდზე საშუალოდ 2-3%-ია. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გაკეთდა ანალიზი სარეალიზაციო საქონლის ფასნამატის შესახებ მისი სახეობრივი კატეგორიების ჭრილში. კერძოდ, დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი მაქსიმალურად დაკავშირდა ასევე დოკუმენტურად შეძენილ საქონელთან, უახლოესი შეძენის თარიღით დაფიქსირებული ფასების დადგენის მიზნით. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა გაშიფრულად საქონლის მოძრაობის ამსახველი ცხრილები რამდენიმე თვეზე. შეჯერებული ანალიზით საბოლოოდ დადგინდა თითოეულ კატეგორიაში შემავალი საქონლის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებისა და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიხედვით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება როგორც დოკუმენტურად, ისე საცალოდ. საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი თითოეული კატეგორიის ჭრილში. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, დეკლარირებულსა და ფაქტობრივად გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, არ ახდენდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლს, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის გავრცელება შესაბამისი კატეგორიების ჭრილში.

ამასთან, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №28588 ბრძანებით არ იქნა დაკმაყოფილებული ფასნამატის საკითხი. აუდიტორის მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, რომლის განსაზღვრისთვის როგორც შემოწმების აქტშია აღნიშნული „გაკეთდა ანალიზი სარეალიზაციო საქონლის ფასნამატის შესახებ მისი სახეობრივი კატეგორიების ჭრილში, კერძოდ, დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი მაქსიმალურად დაკავშირდა ასევე, დოკუმენტურად შეძენილ საქონელთან უახლოესი შეძენის თარიღით დაფიქსირებული ფასების დადგენის მიზნით. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა გაშიფრულად საქონლის მოძრაობის ამსახველი ცხრილები რამდენიმე თვეზე, შეჯერებული ანალიზით საბოლოოდ დადგინდა თითოეულ კატეგორიაში შემავალი საქონლის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი.“

აღნიშნული საკითხის განხილვისას შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №28588 ბრძანებაში დაფიქსირებულ შემოსავლების სამსახურის პოზიციას და განმარტებას, რომ „ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, არ ახდენდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლს, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის გავრცელება შესაბამისი კატეგორიების ჭრილში“ არ ეთანხმება.

აუდიტორის მიერ დადგენილი იქნა 28%-იანი ფასნამატი, მაშინ როდესაც კომპანიის რეალური ფასნამატი წლების მიხედვით სავარაუდოდ შეადგენს 20-23%-ს.

ასევე, შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს“.

იმასთან დაკავშირებით, რომ „დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს,“ არასწორია, ვინაიდან სწორედ დაზუსტებული საჩივრით იქნა წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები შესამოწმებელ პერიოდებზე, რითაც დგინდება კომპანიის მიერ აღიარებული ფასნამატი, მაგრამ შემოსავლების სამსახურის მიერ ფასნამატის საკითხი არ იქნა დაკმაყოფილებული, რასაც ასაჩივრებს ამ ეტაპზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარმოდგენილი ფასნამატის ცხრილების შესწავლა და დადგენილი ფასნამატით დარიცხული თანხების კორექტირება /შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, არ ხდებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი, ამდენად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი მაქსიმალურად დაკავშირდა დოკუმენტურად შეძენილ საქონელთან უახლოესი შეძენის თარიღით, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საქონლის მოძრაობის ამსახველი ცხრილები რამდენიმე თვეზე და შეჯერებული ანალიზით, საბოლოოდ დადგინდა თითოეულ კატეგორიაში შემავალი საქონლის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებისა და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიხედვით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, როგორც დოკუმენტურად, ისე საცალოდ. საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი თითოეული კატეგორიის ჭრილში.

ზემოაღნიშნულად გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა დადგენილი წესით, არ ხდებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი, საკმარისი საფუძველი არსებობდა, გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი.

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატის ოდენობას (28%), აღნიშნავს, რომ კომპანიის რეალური ფასნამატი წლების მიხედვით სავარაუდოდ შეადგენს 20-23%-ს, ასევე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებულ პოზიცია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები არასწორად მიაჩნია, აღნიშნავს, რომ დაზუსტებული საჩივრით იქნა წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები შესამოწმებელ პერიოდებზე და რომ აღნიშნული ცხრილებით დგინდება კომპანიის მიერ აღიარებული ფასნამატი. ითხოვს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარმოდგენილი ფასნამატის ცხრილების შესწავლის აუდიტის დეპარტამენტისათვის დავალებას და დადგენილი ფასნამატით დარიცხული თანხების კორექტირებას/შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტი 2.02.2024 წლის №------ წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნავს, რომ საქონლის ფასნამატის დადგენისთვის დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქცია მაქსიმალურად დაკავშირდა იგივე დასახელებით შეძენილ პროდუქციასთან უახლოესი შეძენის თარიღების მიხედვით, საქონელი დაიყო შესაბამის კატეგორიებად და მისი სარეალიზაციო და შესყიდვის ფასების შეპირისპირებით დადგინდა თითოეულ კატეგორიაში შემავალი პროდუქციის ფასნამატი. ამასთან, კომპანიის ბუღალტერმა ნიმუშად წარადგინა რამდენიმე ცხრილი თვის ჭრილში საქონლის მოძრაობის შესახებ, საიდანაც პროდუქციის კატეგორიების ფასნამატები იდენტური აღმოჩნდა შემოწმების მიერ განსაზღვრული ფასნამატებისა. დოკუმენტური რეალიზაციისას დადგენილი ფასნამატი (ჯამურად 28%) გავრცელდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და გაანგარიშდა, მთელს შესამოწმებელ პერიოდში, საქონლის რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი დღგით დასაბეგრი ოპერაციების ღირებულება. ამასთან, საქონლის მომწოდებელს, მიმღებსა და ქსელურ მარკეტებს შორის დადებული სამმხრივი ხელშეკრულებით, ამ შეთანხმების ფარგლებში დგინდება შემდეგი გარემოება: მომწოდებელი შპს„-------“ საქონელს აწვდის მომჩივანს , რომელიც თავის მხრივ რეალიზაციას ახდენს როგორც ქსელურ მარკეტებზე, ასევე სხვადასხვა მეწარმე პირებზე, ნაწილს დოკუმენტურად, ნაწილს დოკუმენტის გარეშე. ქსელური მარკეტები მომჩივანისგან შეძენილი პროდუქციის ღირებულებიდან, შეთანხმებული ფასდაკლებით, 8%-ით ნაკლებს ურიცხავენ მომწოდებელ კომპანია შპს „-------“-ს , რის შემდეგაც ხდება გაქვითვა მომჩივანს კრედიტორული დავალიანებისა შპს „-------“. ვინაიდან, მომჩივანი დღგ-ს ადეკლარირებს ქსელურ მარკეტებზე გაწერილი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით (ფასდაკლების გარეშე) და მისაღები თანხიდან, 8%-ით ნაკლებით, უმცირდება კრედიტორული დავალიანება, შპს „-------“ პერიოდულად მომჩივანს უწერს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას მარკეტინგული მომსახურებისთვის, რათა მომჩივანმა მიიღოს კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა. აღსანიშნავია, რომ მომჩივანს მიერ გამოწერილ საგადასახადო დოკუმენტებში სარეალიზაციო ფასები არ განსხვავდება ქსელურ მარკეტებზე და სხვა ობიექტებზე მიწოდებისას. ანუ, სარეალიზაციო საქონლის ფასი, რასაც აცხადებს მომჩივანი, ყველა მყიდველისთვის იდენტურია, რაც გამორიცხავს გადასახადის გადამხდელის მტკიცებას, რომ დოკუმენტების მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატი საცალო რეალიზაციისთვის უნდა იყოს ნაკლები.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სალაროს განკარგვადი ნაშთის გაანგარიშება

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლებისა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერების დამუშავებით დადგინდა სალაროს არაგონივრული უძრავი ფულადი ნაშთები. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვას, არ ჰქონდა აღებული/გაცემული სესხი კერძო/იურიდიული პირებიდან, არ აფიქსირებდა კაპიტალში შენატანს. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, გარკვეული თანხები ჩაითვალა კომპანიის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და მოგების გადასახადში, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე12 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვას და შემოწმებით დადგინდა სალაროს არაგონივრული უძრავი ფულადი ნაშთები, რომელიც ჩაითვალა კომპანიის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ პოზიციაზე, რომ კომპანიას გააჩნდა შპს„-------“-სგან შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების ხარჯი და თითოეული რეისის ღირებულება შეადგენდა 1 500 ლარს, სულ თანხობრივად ჯამში 207 000 ლარს. აგრეთვე, აღნიშნავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა ქსელურ სუპერმარკეტებში კომპანიის მიერ შეტანილ პროდუქციაზე ფასდაკლების თანხა 8%, სულ 56 800 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომჩივნის განმარტებაზე, რომ საჩივრის დანართად წარდგენილი აქვს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ქსელში რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 8% განიხილება, როგორც მომჩივანს დავალიანება „მწარმოებლის“ მიმართ.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული), ასევე, საქონლის ტრანსპორტირებაზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დაზუსტებული საჩივარი - 7.03.2024 წელი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №28588 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული კერძოდ:

„ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქონლის ტრანსპორტირებაზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

არ ეთანხმება აღნიშნული ბრძანების მე-2 „გ“ ქვეპუნქტს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სალაროს განკარგვადი თანხების გაანგარიშებას, შპს „-------“-სგან შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების ხარჯთან დაკავშირებით, თანხით 207 000 ლარი, რომელიც აუდიტორის მიერ ჩათვლილი იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად. აქედან გამომდინარე, ითხოვს ტრანსპორტირების ხარჯის სრულად გამოქვითვას, რაზედაც მტკიცებულების სახით წარმოადგენს ი/მ „-------“-ის მიერ, 2023 წლის აგვისტოს თვიდან დაწყებული 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე, გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, სადაც ერთი რეისის ღირებულების ფასი განსაზღვრულია 1 600 ლარის ოდენობით (წარმოადგენს დანართის სახით).

ასევე, წარმოადგენს შპს„-------“-სგან შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების დამადასტურებელ სასაქონლო ზედნადებებს გაწერილს ინდივიდუალურ მეწარმეებზე (დანართის სახით), რომლებსაც შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვთ 138 რეისი (ერთი რეისის ტვირთის წონა შეადგენს 25 ტონას, ხოლო ღირებულება 1 500 ლარს), რაც სულ ჯამში შეადგენს 207 000 ლარს. ამასთან, ყველა დაქირავებული მძღოლი წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს, რომლებიც საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვალდებულნი იყვნენ თვითონ გადაეხადათ ბიუჯეტში კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.

აქედან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ტრანსპორტირების ხარჯის 207 000 ლარის გამოქვითვა სრულად.

ასევე, აუდიტორის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ქსელურ სუპერმარკეტებში კომპანიის მიერ შეტანილ პროდუქციაზე თანამონაწილეობის თანხა (ფასდაკლება) 8%, სულ 56 800 ლარი, რომელიც წარმოადგენს, როგორც „დისტრიბუტორის“ ამ შემთხვევაში მომჩივანის დავალიანებას „მწარმოებლის“ მიმართ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სრულად მოახდინოს ტრანსპორტირების ხარჯის 207 000 ლარის გამოქვითვა და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვას, შემოწმებით დადგინდა სალაროს არაგონივრული უძრავი ფულადი ნაშთები, რომელიც ჩაითვალა კომპანიის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად, დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას, საქონლის ტრანსპორტირებაზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრის ნაწილში და აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება შპს „-------“-სგან შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის, 207 000 ლარის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლას, ითხოვს სრულად გამოქვითვას, რაზედაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულების სახით წარმოადგენს ი/მ„-------“-ის მიერ, 2023 წლის აგვისტოს თვიდან დაწყებული 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე, გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს, ასევე, შპს „-------“-სგან შეძენილი საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების დამადასტურებელ სასაქონლო ზედნადებებს გაწერილს ინდივიდუალურ მეწარმეებზე, რაც სულ ჯამში შეადგენს 207 000 ლარს. აღნიშნავს, რომ ყველა დაქირავებული მძღოლი წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს, რომლებიც საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვალდებულნი იყვნენ თვითონ გადაეხადათ ბიუჯეტში კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, აუდიტორის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ქსელურ სუპერმარკეტებში კომპანიის მიერ შეტანილ პროდუქციაზე თანამონაწილეობის თანხა (ფასდაკლება) 8%, სულ 56 800 ლარი, რომელიც წარმოადგენს, როგორც „დისტრიბუტორის“, ამ შემთხვევაში კომპანიის დავალიანებას „მწარმოებლის“ მიმართ.

ამგვარად, მომჩივანი წარმოადგენს არგუმენტებს, რომელიც შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების ანალოგიურია, ამასთან დანართის სახით წარმოადგენს სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩამონათვალს ცხრილის სახით.

აუდიტის დეპარტამენტი 2.02.2024 წლის №------ წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში სადავო საკითხის ნაწილში აღნიშნავს, რომ შემოწმებისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის გათვალისწინებით, დადგენილი იქნა განკარგვადი თანხები წლის ჭრილში, რამაც გამოიწვია მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ქუთაისი-თელავის მიმართულებით განხორციელებულ გადაზიდვებზე გაწეული ხარჯის გათვალისწინებას, ვინაიდან თანხებს უხდიდა ნაღდი ანგარიშსწორებით მეწარმე ფიზიკურ პირებს და აქვე აცხადებს, რომ სამმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კიდევ ეკუთვნის ფინანსური ხარჯის გათვალისწინება ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებაში. სატრანსპორტო გადაზიდვებზე გაწეული ხარჯი, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით გაანგარიშებულ უნდა იქნეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით. რაც შეეხება სამმხრივი ხელშეკრულების პირობიდან დამატებით გამოსაქვით ხარჯს, ამ შემთხვევაშიც გადასახადის გადამხდელის მტკიცება არამართლზომიერია, იმ მიზეზის გამო, რომ ფულადი სახსრების მოძრაობაში მომჩივანს კრედიტორული დავალიანება შპს „-------“ გაანგარიშებულია შეძენილ პროდუქციაზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით და კრედიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთის შემადგენლობით.

ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივარზე თანდართულის) შესწავლა, ასევე, საქონლის ტრანსპორტირებაზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით, წარმოდგენილი ფასნამატის ცხრილების შესწავლა და დადგენილი ფასნამატით დარიცხული თანხების კორექტირება /შემცირება.

2.მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სრულად მოახდინოს ტრანსპორტირების ხარჯის გამოქვითვა და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შეჯერებული ანალიზით საბოლოოდ დადგინდა თითოეულ კატეგორიაში შემავალი საქონლის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი. გადამხდელის მიერ მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებისა და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიხედვით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება როგორც დოკუმენტურად, ისე საცალოდ. საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი თითოეული კატეგორიის ჭრილში.შედეგად, დეკლარირებულსა და ფაქტობრივად გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

2.დადგინდა სალაროს არაგონივრული უძრავი ფულადი ნაშთები. გადამხდელი არ აწარმოებდა ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვას, არ ჰქონდა აღებული/გაცემული სესხი კერძო/იურიდიული პირებიდან, არ აფიქსირებდა კაპიტალში შენატანს.გარკვეული თანხები ჩაითვალა კომპანიის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად.გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და მოგების გადასახადში, ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),130,154,158,159,163,164.