გადაწყვეტილება №18329/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.02.2023
№ დოკუმენტი 18329/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18329/2/2022

03.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ --------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 3.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------" 30.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18329/2/2022).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 19 სექტემბრის №024009 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №28312 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 280 636 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 19 სექტემბრის №024009 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისთვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 280 636 ლარით.

აღნიშნული ოქმი 2022 წლის 11 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 10 ნოემბრის №28312 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 49-ე, 70-ე, მე-8, 269-ე, 270-ე და 286-ე მუხლებზე.

საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა და კონკურენციიდან გამომდინარე საშუალო ფასნამატი არ აღემატება 20%-ს, რაც გაცილებით დაბალია ვიდრე საგადასახადო ორგანოს მიერ გამოთვლილი 42,2%.

ამასთან, მეწარმე სრულფასოვნად ვერ ფლობს ქართულ ენას და არ მიეცა საშუალება დეტალურად გაცნობოდა შემოწმებისა და ინვენტარიზაციის მასალებს.

მომჩივანი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს სადავო ოქმი და სრულად გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28312 ბრძანება. დარიცხული 42,2%-იანი ფასნამატი შეიცვალოს 20%-ით და ნაცვლად 280 636 ლარისა დაერიცხოს 236 900 ლარი, რითაც საერთო ჯამში ბიუჯეტში გადასახდელი თანხა შეუმცირდება 43 737 ლარით და მიეცემა საშუალება ისარგებლოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-9 ნაწილით, რათა სრულად უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულების შესრულება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლოსალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №17969 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებამდე გადასახადის გადამხდელის მინდობილ პირს ჩაბარდა ბრძანება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. ინვენტარიზაციის დაწყებისას მეწარმეს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტაცია ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული სმფ-ები აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ასევე, გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ მას არ ჩაუტარებია სმფ-ბათა ინვენტარიზაცია, შესაბამისად არ აქვს ინფორმაცია ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ, რომელსაც ასახავდა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწვდიდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. ამასთან, მომჩივანს დაევალა ხელწერილის დაწერა არადეკლარირებულ საანგარიშო პერიოდში (1.06.2022-11.07.2022 წ.წ.) მიწოდებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით, სადაც დააფიქსირა, რომ აღნიშნული შეადგენდა 58 060 ლარს. მეწარმის ობიექტში 2022 წლის 11 ივლისის მდგომარეობით აღმოჩნდა 1 370 860 ლარის პირვანდელი ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2022 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე. 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 3 079 308 ლარი. საბაჟო დეკლარაციების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 439 782 ლარი. 2022 წლის 1-6 თვეების განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ-ის შესაბამისი თვეების დეკლარაციებში მითითებული დასაბეგრი ბრუნვები დღგ-ის ჩათვლით, რომელმაც შეადგინა 189 370 ლარი. 2022 წლის 1 ივნისიდან - 11 ივლისის განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა, საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, რამაც ჯამურად შეადგინა 58 060 ლარი. ფასნამატმა შეადგინა 20.47%. ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის (2022 წლის 11 ივლისი) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ბუღალტრულმა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 3 345 026 ლარი. 2022 წლის 19 სექტემბერს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს ჩაბარდა შეტყობინება გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგების გადაწყვეტილების პროექტზე 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი პოზიციის წარსადგენად, რასაც მომჩივანი სრულად დაეთანხმა და თავისი პოზიცია დააფიქსირა წარდგენილ შეტყობინებაზე ხელმოწერით. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 1 974 166 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის ჩათვლით და 20.47% ფასნამატის გათვალისწინებით) - 2 806 368 ლარი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლი მე-9 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი მართლზომიერად დაჯარიმდა 280 636 ლარით.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ კონკურენციიდან გამომდინარე საშუალო ფასნამატი არ აღემატება 20%-ს, რაც გაცილებით დაბალია ვიდრე საგადასახადო ორგანოს მიერ გამოთვლილი 42.2%.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის მასალების თანახმად, მეწარმის მიმართ გამოყენებულმა ფასნამატმა შეადგინა 20.47% და არა 42.2%, როგორც ამას მომჩივანი მიუთითებს წარმოდგენილ საჩივარში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.