გადაწყვეტილება №21267/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21267/2/2023
03 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 8.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21267/2/2023).
დავის საგანი:
1. დამფუძნებელზე გადაცემული ქონების, საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან გატანის თარიღისათვის არსებული ღირებულებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობა;
2. საწარმოს საწესდებო კაპიტალში შენატანის უკან დაბრუნების მომენტსა და შენატანის განხორციელების მომენტისათვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 1.08.2023 წლის №18841 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №081-154 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25161 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 230 309.66 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 155 131
დღგ - 122 949
მოგების გადასახადი - 25 077
საშემოსავლო გადასახადი - 7 105
ჯარიმა - 50 244
საურავი - 24 934.66
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთრებაში არსებული ფართის იჯარით გაცემა.
იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 28.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა 1.08.2023 წლის №18841 ბრძანება და 2.08.2023 წლის №081-154 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 4.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.10.2023 წლის №25161 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დამფუძნებელზე გადაცემული ქონების, საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან გატანის თარიღისათვის არსებული ღირებულებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის დამფუძნებელმა და 100% წილის მესაკუთრემ 2019 წლის ოქტომბრის თვეში გაზარდა კომპანიის კაპიტალი კომერციული ფართის კაპიტალში შეტანის გზით, კერძოდ, შეტანილი იყო უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ---------- (ს.კ. ----------). აღნიშნული ფართი 2022 წლის აგვისტოს თვეში გამოტანილი იქნა საწესდებო კაპიტალიდან და დარეგისტრირდა ისევ, კომპანიის დამფუძნებელსა და 100% წილის მესაკუთრის სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით.
შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმების პროცესში ჩატარდა ქონების შეფასება. შესაბამისი დასკვნით კაპიტალიდან გატანის თარიღისათვის ქონების ღირებულება შეადგენდა 806 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).
საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის აგვისტოში დამფუძნებელზე გადაცემული ქონების ღირებულებით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ვინაიდან არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში მითითებული საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, თავისი ციტირებით ეკუთვნის 2021 წლის იანვრამდე მოქმედ დღგ-ის რეგულაციებს, სადაო დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია კი განხორციელებულია 2022 წლის აგვისტოში და ამ ოპერაციაზე უნდა ვრცელდებოდეს 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ მოქმედი საგადასახადო წესები, კერძოდ:
- კომპანიის კაპიტალიდან დამფუძნებლის მიერ ქონების გამოტანა ეს არის უსასყიდლო მიწოდება და საქონლის უსასყიდლო მიწოდება კომპანიისათვის არ ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, ვინაიდან მას ამ საქონლის მიღებისას თავის დროზე ჩათვლა არც სრულად და არც ნაწილობრივ არ მიუღია;
- საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებად განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი ან ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი;
- ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დღგ-ის ახალი რეგულაციებით, ქონების საბაზრო ფასი აღარ არის აქტუალური. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ის ნაწილში განხორციელებული დარიცხვა საკანონმდებლო საფუძველს არის მოკლებული და სრულიად გასაუქმებელია.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში ეყრდნობა საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად თურმე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.
გაუგებარია, გასაჩივრებულ ოპერაციაში 100%-იანი წილის მქონე პარტნიორს, რომელსაც გამოაქვს მის მიერვე შეტანილი ქონება კაპიტალიდან, კაპიტალის შემცირების გზით ისე, რომ მისი წილი კომპანიაში არ იცვლება და ისევ 100% რჩება, რის სანაცვლოდ შეიძლება გაეტანა ქონება? აღნიშნული საკითხის დავების სამსახურში ასეთი არასწორი ინტერპრეტაციის გამო, გასაჩივრების პროცედურებთან პარალელურ რეჟიმში კომპანიამ წერილობით მიმართა შემოსავლების სამსახურს: „დამფუძნებელმა კაპიტალში შეიტანა 200 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება 2019 წელს. საგადასახადო კოდექსის თანახმად აღნიშნული ოპერაცია გადამხდელმა განიხილა კაპიტალში უძრავი ქონების შეტანად და არ დაბეგრა დღგ-ით. 2022 წელს განახორციელა იგივე ქონების კაპიტალიდან გატანა (სასყიდლის გარეშე და ქონების ღირებულება შეადგენდა ისევ 200 000 ლარს). აღნიშნული ოპერაცია დღგ-ის მიზნებისთვის როგორ განიხილება, სასყიდლიან თუ უსასყიდლო მიწოდებად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ქონებაზე დღგ-ის ჩათვლა არც ფიზიკურ პირს და არც იურიდიულ პირს არ განუხორციელებიათ. კომპანიის აზრია, რომ ვინაიდან კაპიტალიდან გამოტანა ხდება უსასყიდლოდ და დღგ-ის ჩათვლა მიღებისას არ განხორციელებულა, 2021 წლის შემდგომი რეგულაციებით დღგ-ის მიზნებისთვის უნდა ითვლებოდეს უსასყიდლოდ მიწოდებად და არ უნდა გადიოდეს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ქონების კაპიტალში შეტანა და კაპიტალიდან გატანა განხორციელდა ერთი და იგივე ფიზიკური პირის მიერ და ქონების თავდაპირველი მფლობელი, ასევე კომპანიის თავდაპირველი მფლობელი არ შეცვლილა“.
შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული პასუხით იკითხება, რომ ვინაიდან ქონების კაპიტალში შეტანა განხორციელდა 2019 წელს, 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რეგულაციებით, მას უნდა მიეღო ჩათვლა და წერილის ავტორმა ჩათვალა, რომ ვინაიდან აქტივის მიმღებს ჰქონდა ჩათვლის მიღების უფლება, 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ მიწოდებისას ასეთი მიწოდება უნდა დაიბეგროს დღგ-ით.
ამასთან, სამწუხაროდ აღნიშნული წერილის ავტორიც მიიჩნევს, რომ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ განხორციელებული ოპერაცია (კაპიტალიდან ქონების გამოტანა, კაპიტალის შემცირების გზით), თურმე განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ ქონების მიწოდებად. კიდევ ერთხელ აღსანიშნია, რომ არანაირი ანაზღაურების სანაცვლოდ არ ხდება ქონების მიწოდება, 100% იანი წილის მქონე პარტნიორი, რომელსაც გამოაქვს მის მიერვე შეტანილი ქონება კაპიტალიდან, კაპიტალის შემცირების გზით ისე, რომ მისი წილი კომპანიაში არ იცვლება და ისევ 100% რჩება, არ წარმოადგენს წილის სანაცვლოდ ქონების მიწოდებას.
წერილის ავტორი ამასთანავე აპელირებს იმაზე, რომ აქტივის მიმღებს უნდა მიეღო ჩათვლა 2019 წელს, მაშინ თუ შემოწმებაც ამაზე აპელირებდა და ამიტომ დაარიცხა დღგ სრულ საბაზრო ღირებულებაზე, შემოწმებას ადვილად შეეძლო ენახა, რომ კაპიტალში შეტანისას კომპანიას ჩათვლა არ მიუღია და თუ კომპანიას ჩათვლა არ მიუღია, მაშინ კაპიტალიდან გატანისას ეს ოპერაცია ამ კომპანიას მიწოდებად არ უნდა ჩაეთვალოს. ამასთან, კომპანია არ ყოფილა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული და მხოლოდ 24.08.2022 წლიდან დაარეგისტრირა შემოსავლების სამსახურმა დღგ-ის გადამხდელად შემოწმების შედეგად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის პოზიცია არის საკანონმდებლო საფუძველს მოკლებული და საბჭო მიიღებს სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების აქტში მითითებული საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, თავისი ციტირებით ეკუთვნის 2021 წლის იანვრამდე მოქმედ დღგ-ის რეგულაციებს, სადავო დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია კი განხორციელებულია 2022 წლის აგვისტოში და ამ ოპერაციაზე უნდა ვრცელდებოდეს 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ მოქმედი საგადასახადო წესები. კომპანიის კაპიტალიდან დამფუძნებლის მიერ ქონების გამოტანა ეს არის უსასყიდლო მიწოდება და საქონლის უსასყიდლო მიწოდება კომპანიისათვის არ ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში ეყრდნობა საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს, აღსანიშნია, რომ არანაირი ანაზღაურების სანაცვლოდ არ ხდება ქონების მიწოდება, 100% იანი წილის მქონე პარტნიორი, რომელსაც გამოაქვს მის მიერვე შეტანილი ქონება კაპიტალიდან, კაპიტალის შემცირების გზით ისე, რომ მისი წილი კომპანიაში არ იცვლება და ისევ 100% რჩება, არ წარმოადგენს წილის სანაცვლოდ ქონების მიწოდებას.
შემოწმებით დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს, რომ კომპანიის დამფუძნებელმა და 100% წილის მესაკუთრემ 2019 წლის ოქტომბრის თვეში გაზარდა კომპანიის კაპიტალი კომერციული ფართის კაპიტალში შეტანის გზით, ხოლო აღნიშნული ფართი 2022 წლის აგვისტოს თვეში გატანილია საწესდებო კაპიტალიდან და დარეგისტრირდა ისევ კომპანიის დამფუძნებელსა და 100% წილის მესაკუთრის სახელზე.
აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით მართებულად განხორციელდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა 2022 წლის აგვისტოში დამფუძნებელზე გადაცემული ქონების ღირებულებით. ამდენად, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საწარმოს საწესდებო კაპიტალში შენატანის უკან დაბრუნების მომენტსა და შენატანის განხორციელების მომენტისათვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, შემოწმების პროცესში ჩატარდა ქონების შეფასება. შესაბამისი დასკვნით ქონების კაპიტალში შეტანის თარიღისთვის ღირებულება შეადგენდა 671 000 ლარს, ხოლო კაპიტალიდან გატანის მომენტში 806 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის, 96-ე, 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. მომჩივანს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადაწყვეტილების შინაარს მოიცავს პირველი დავის საგანი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა ქონების შეფასება 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით და 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით და გამოყვანილი სხვაობა შეადგენს 130 000 ლარს. საბაზრო ფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ამავე მუხლით გათვალისწინებული ქონების საბაზრო ფასით შეფასების შემთხვევაში, პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. შესაბამისად არასწორი იყო და ვერ დაეთანხმება შემმოწმებლის ქმედებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეფასებული ქონება 2022 წლის აგვისტოში კვლავ ააფასა.
მეორეც, დამფუძნებელმა მითითებულ პერიოდში კაპიტალიდან გამოიტანა ზუსტად იგივე ქონება, რაც შეტანილი ქონდა და ამ ქონებას თავად, როგორც ფიზიკური პირი ისე იყენებს ეკონომიკური საქმიანობისათვის (გასცემს იჯარით). ეს არის თავის დროზე გაწეული „განაცემი“ საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით და არა „გადახდა“, და ეს განაცემი ზუსტად იგივეა რაც შემდგომ მან გაიტანა კაპიტალიდან. აღნიშნული მუხლის ჩანაწერებით, აღნიშნულ ოპერაციაში არ არსებობს ფასთა შორის სხვაობა და შესაბამისად გადამხდელს არ უნდა დარიცხვოდა არც მოგების გადასახადი და არც დივიდენდის 5%.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: განაწილებული მოგება
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველის ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
მომჩივანი განმარტავს, რომ საბაზრო ფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ამავე მუხლით გათვალისწინებული ქონების საბაზრო ფასით შეფასების შემთხვევაში, პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. შესაბამისად, არასწორია შემმოწმებლის ქმედება იმასთან დაკავშირებით, რომ მან 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეფასებული ქონება 2022 წლის აგვისტოში კვლავ ააფასა. მეორეც, ეს არის თავის დროზე გაწეული „განაცემი“ საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით და არა „გადახდა“, და ეს განაცემი ზუსტად იგივეა რაც შემდგომ მან გაიტანა კაპიტალიდან. აღნიშნული მუხლის ჩანაწერებით, აღნიშნულ ოპერაციაში არ არსებობს ფასთა შორის სხვაობა და შესაბამისად გადამხდელს არ უნდა დარიცხვოდა არც მოგების გადასახადი და არც დივიდენდის 5%.
აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობის დაბეგვრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დამფუძნებელზე გადაცემული ქონების, საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან გატანის თარიღისათვის არსებული ღირებულებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობა;
2. საწარმოს საწესდებო კაპიტალში შენატანის უკან დაბრუნების მომენტსა და შენატანის განხორციელების მომენტისათვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული ფართის იჯარით გაცემა. კომპანიის დამფუძნებელმა 2019 წლის ოქტომბრის თვეში გაზარდა კომპანიის კაპიტალი კომერციული ფართის კაპიტალში შეტანის გზით, რომელიც 2022 წლის აგვისტოს თვეში უკან იქნა გამოტანილი იმავე პირის მიერ. შემოწმების პროცესში ჩატარდა ქონების შეფასება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. შესაბამისი დასკვნით ქონების კაპიტალში შეტანის თარიღისთვის ღირებულება შეადგენდა 671 000 ლარს, ხოლო კაპიტალიდან გამოტანის მომენტში - 806 000 ლარს. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის აგვისტოში დამფუძნებელზე გადაცემული ფართის ღირებულებით. ამასთან, შენატანის კაპიტალიდან უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(1); 130(1); 154(1„ზ“); 160(3„ვ“); 163(1); 282(1).